სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

წყლის ძალა და ღირებულება

წყალზე ერთხელ უკვე დავწერე. მაშინ გალაკტიონის უკვდავი სტრიქონები მოვიშველიე, ყველას გასაგონად რომ ამბობდა, სული თოვლით მევსება, დღეები კი უკანმოუხედავად რბიანო. დათოვლილი სულის ხსენება იმისთვის დამჭირდა, რომ მისგან წყალზე გადამეტანა საუბარი – თოვლი ხომ ადრე თუ გვიან დადნება და წყლად იქცევა, წყალი კი სიცოცხლის საწყისია, მის გარეშე ვერც ერთი ცოცხალი ორგანიზმი ვერ გაძლებს. ეს ბიზნესის სამყაროშიც კარგად იციან და ათასგვარ პროდუქტს ქმნიან მათთვის, ვინც უკანასკნელ ცენტებსაც არ დაიშურებს, რომ წყალი, მაგალითად, „სვაროვსკის” კრისტალებით შემკული ბოთლიდან მიირთვას. არ მოგჩვენებიათ, ასეთ ბოთლებში ჩამოსხმული წყალი მართლაც არსებობს. ის ჰოლივუდელმა მწერალმა და პროდიუსერმა კევინ ბოიდომ შექმნა და „Bling H2O” ” დაარქვა. წყალს ტენესის შტატში მოიპოვებენ და სვაროვსკის კრისტალებით მოჭედილ ატმისფერ ბოთლებში ასხამენ. ერთი 500 მლ-იანი ბოთლი 37 ამერიკული დოლარი ღირს.

თუ ამდენი ფული არ გაქვთ ან არ გემეტებათ, წყურვილს 23 დოლარადაც მოიკლავთ. ამ ფასად ლაპლანდიის წყალს იყიდით, სახელად „Veen-ს”. ის რამდენიმე პრიზის მფლობელია, მათ შორის – Pentawards-ისაც, ოღონდ… ყველა ბოთლის დიზაინისთვის აქვს მიღებული.

თუ ესეც გეძვირათ, უფრო იაფი წყალიც არსებობს – კანადური „Aquadeco”. ერთი ბოთლი სულ 12 დოლარი ღირს.
გასაგებია… 

მაშინ უფრო იაფს შემოგთავაზებთ – წყალი „Berg”, რომელსაც ნიუფაუნდლენდის სანაპიროსთან მცურავი აისბერგებიდან მოიპოვებენ, 6,19 დოლარად იყიდება. აისბერგიდან წყლის მოპოვება, ცოტა არ იყოს, სახიფათო საქმეა, ამიტომ ფასიც შესაბამისი აქვს.

6 დოლარად პატაგონიურ მინერალურ წყალს „Lauquen Artesian mineral water-ს” გაუსინჯავთ გემოს. წყალს ანდებთან, მიწის ქვეშ, 500 მეტრ სიღრმეზე მოიპოვებენ და პირდაპირ სათავიდან ისე ასხამენ ბოთლში, რომ ჰაერი არ შეეხოს.
5 დოლარად „Fine-ის” დაჭაშნიკება შეიძლება – ეს წყალი 640 მეტრ სიღრმეზე მოიპოვება მთა ფუძის ძირას.
4 დოლარად „Iskilde-ით” გაიგრილებთ გულს. მისი სახელწოდება „ცივ წყაროს” ნიშნავს. წყალს დანიაში, 55 მეტრ სიღრმეზე მოიპოვებენ. მოპოვებისას მისი ტემპერატურა 30 გრადუსია, რაც ჩვეულებრივ მიწისქვეშა წყალზე 3-4 გრადუსით ნაკლებია.

ასევე 4 დოლარი ღირს „ტასმანიის წვიმა”(„Tasmanian rain”). ბოთლში, არც მეტი, არც ნაკლები, ტასმანიის ჩრდილოეთ სანაპიროზე მოსული წვიმის წყალი ასხია. ამ ადგილებში ჰაერიც და წვიმის წყალიც განსაცვიფრებლად სუფთად მიიჩნევა.

დაბოლოს, სულ რაღაც 1 დოლარად და 88 ცენტად შეიძენთ „Equa-ს”. წყალს ამაზონის ტყეებში, განსაზღვრულ ადგილას მოიპოვებენ. აქ ნიადაგის ზედა ფენა მთლიანად ვარდისფერი კვარცისგან შედგება.

მე კი არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი მარკა არაფერში მჭირდება. მე თუ მკითხავთ, ვერაფერი შეედრება იმ წყალს, ერთხელ, რაჭიდან მომავალმა, ნიკორწმინდის მახლობლად წყაროზე რომ დავლიე.

ძველი ბერძნები ოთხი ელემენტის არსებობას აღიარებდნენ: ჰაერისა, მიწისა, ცეცხლისა და წყლისა. მათი ჰიპოთეზა სულ ნაბიჯ-ნაბიჯ დაინგრა – ქიმიაში მომხდარმა აღმოჩენებმა ცხადყო, რომ არც ერთი მათგანი ელემენტი არ იყო. წყლის ამბავი ჰენრი კავენდიშმა გაარკვია. ეს თავისდა უნებურად მოუვიდა – ადგა და თუთიის მარცვლები მარილმჟავაში ჩაყარა. მისდა გასაკვირად, გაზი გამოიყო (კარგად იცით, რომ ეს წყალბადი იყო). ჰენრიმ ცდა გაიმეორა და გამოყოფილ გაზს ცეცხლი წაუკიდა. ის განსაცვიფრებლად კაშკაშა ალით დაიწვა. კავენდიში ადგა და იგივე ცდა დახურულ ჭურჭელში ჩაატარა – ამჯერად გამოყოფილი გაზი ჭურჭლის კედლებზე კონდენსირდა და სითხის წვეთებად იქცა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს წყალი იყო – არა ელემენტი, როგორც ძველი ბერძნები გვიმტკიცებდნენ, არამედ ჟანგბადისა და წყალბადისგან შემდგარი რთული ნივთიერება.

ლავუაზიეს ეპოქაში კიდევ ერთი მცდარი თეორია ვრცელდებოდა – თუ წყალს ჩაკეტილ სისტემაში დიდხანს ადუღებთ, მიწა წარმოიქმნებაო… საინტერესოა, ხომ? ჰოდა, ლავუაზიემაც გადაწყვიტა, შეემოწმებინა და 101 დღის განმავლობაში დახურულ ჭურჭელში განუწყვეტლივ ადუღა წყალი. ჭურჭლის ძირში რაღაც მასა მართლაც წარმოიქმნა, ოღონდ ეს მიწა კი არა, მინის ჭურჭლის კედლებიდან ჩამოფცქვნილი ნაწილაკები იყო.

ძველად იმასაც ამტკიცებდნენ, წყალს ღვთაებები განაგებენო: პოსეიდონი – ზღვებს, ნაიადები – მდინარეებს, ნეტუნსი და ფონტუსი – ჭის წყლებს, ჩალჩიუტლიკე – ნაკადულებს… ლიმნადები გამომრჩა – ტბებსა და ჭაობებს განაგებდნენ თურმე. ნეტავ თუ იცოდნენ, რომ მოვიდოდა დრო და XXI საუკუნის ადამიანი დაბინძურებულ წყალს ხელოვნური ჭაობის შექმნით გაწმენდდა… წყალს, სხვა ფაქტორებთან ერთად, ადამიანის საქმიანობიც შედეგიც აბინძურებს – მუნიციპალური ჩამდინარე წყლები, სამრეწველო ჩამდინარე წყლები, ქალაქის ჩამდინარე წყლები, მეცხოველეობის ნარჩენები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ნარჩენები, მაღაროების მჟავა ნარჩენები, სეპტიკური ცისტერნებიდან ჩამდინარე წყლები და შლამი. ხელოვნური ჭაობი კი ადამიანის მიერ შექმნილი სისტემაა, რომელსაც დაბინძურების წყაროს აღკვეთა ევალება. ამისთვის იმიტირებულ ჭაობში ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების მთელი წყება მიმდინარეობს. ეს პროცესები ეფუძნება წყლის, ნიადაგის, ატმოსფეროსა და მიკროორგანიზმების ურთიერთქმედებას. ჭაობის მცენარეები, მათ შორის – ჩვეულებრივი ლერწამი (Phragmites australis) და ლაქაში (Typha latifolia, T. angustifolia), მძიმე მეტალებსა და სხვა ტოქსიკურ ნაერთებს შთანთქავენ და აუვნებლებენ.
ლიმნადები ხელოვნურ ჭაობსაც განაგებენ თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ მეცნიერები რომ ზრუნავენ ამაზე, ფაქტია. ეს პატივი მეც მხვდა წილად და რუმინელ, მოლდოველ, სომეხ, უკრაინელ, თურქ და ბერძენ კოლეგებთან ერთად პროექტ „WASTEnet-ის” ფარგლებში სწორედ ამ საკითხებზე მიწევს ფიქრი.

წყლის მოლეკულას კუთხური აღნაგობა აქვს. ასეთი აღნაგობისა და O-H ბმების პოლარობის გამო წყლის მოლეკულა დიპოლია. სწორედ წყლის დიპოლური ბუნებით აიხსნება მასში ნივთიერებათა უმრავლესობის ხსნადობა და დისოციაცია. ჩვეულებრივ მოლეკულებთან ერთად წყალი ასოცირებულსაც შეიცავს. ასოციაციის მიზეზი წყალბადური ბმებია. წყალბადურ ბმებში მონაწილე მოლეკულების ასოციაციით აიხსნება წყლის ფიზიკური თვისებების ანომალიები: მაქსიმალური სიმკვრივე 4 გრადუსზე ცელსიუსით ნულის ნაცვლად, დუღილის მაღალი ტემპერატურა, დიდი სითბოტევადობა და სხვა. ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ გამყარებისას მრავალი ნივთიერება იკუმშება, წყალი კი გაყინვისას 10%-ით ფართოვდება. ამიტომ არის, რომ ზამთარში, როცა წყალსატევს ზემოდან ყინულის ქერქი გადაეკვრება, წყალში სიცოცხლე არ წყდება. ყინული რომ წყალზე მკვრივი ყოფილიყო, ფსკერზე დაეშვებოდა, წყალსატევი მთლიანად გაიყინებოდა და წყალში მობინადრე ცოცხალი არსებები დაიხოცებოდნენ.

ჩემი მეგობრის შვილი მაშველია. საოცრად ამაყობს თავისი პროფესიით. ამბობს, შუაგულ ცეცხლში რომ შევდივარ და ადამიანი გამომყავს, ბედნიერებისგან დავფრინავო. ერთხელ თავი ვერ შევიკავე და ჩემებურად გავეხუმრე – იცი, რომ წყალი, რომლითაც ცეცხლს აქრობ, იწვის-მეთქი? კარგი, რა, თქვენ სულ მეხუმრებითო. არადა, სიმართლე ვუთხარი – ფთორის ატმოსფეროში წყალი მართლაც იწვის: 2H2O+2F2=4HF+O2.

დედამიწაზე არსებული წყლის საერთო მასა კოლოსალურია, თუმცა მისი უდიდესი ნაწილი სასმელად უვარგისია, რადგან კონცენტრირებული მარილხსნარია. მტკნარ, სუფთა წყალს გაფრთხილება სჭირდება, ჩვენ, ადამიანები, კი მას დაუნანებლად ვაბინძურებთ. ალბათ ამიტომაც, 2030 წლისთვის დედამიწის ნახევარი მოსახლეობის მთავარ პრობლემად შესაძლოა სასმელი წყლის ნაკლებობა იქცეს. გაფრთხილება ამის შესახებ წყლის რესურსების სამიტზე უკვე გაისმა. ისიც ითქვა, რომ 2030 წლისთვის წყალზე მოთხოვნა მის მარაგზე 40%-ით მეტი იქნება.

არ ვიცი, ახდება თუ არა ეს პროგნოზი. ვნახოთ. მანამდე კი კვლავ გალაკტიონის კრებულს გადავშლი, სადაც ყველას გასაგონად წერს:

„ძვირფასო, სული მევსება თოვლით,
დღეები რბიან და მე ვბერდები…”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“