ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

 ესკიზები

ჩემი აზრით, „შუშანიკის წამება“ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, რადგან პირველადვე – ლიტერატურა არის სტილი და მის მიღმა, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რა განზრახულობით იწერება იგი, ემიჯნება თუ არა გამონაგონობას და სხვა. „შუშანიკის წამების“ ლიტერატურული სტილი არის მაღალი. თუ ლიტერატურა, განსაკუთრებით პროზა, უნდა აჩენდეს კითხვებს, იძლეოდეს ინტერპრეტაციისა და დისკუსიის შესაძლებლობას – შესანიშნავი საშუალებებია ამ ტექსტში. ამ ტიპის ტექსტების სწავლება არაერთი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი: 1) ისტორიზმის პრინციპი – მოსწავლე იაზრებს იმ მთლიანობას, რა გზაც მხატვრულმა სიტყვამ გაიარა ამ ქვეყანაში; 2) უკვე ნახსენები მხატვრული მასშტაბი­ – რიგი ეპიზოდები სამივე პოპულარულ ჰაგიოგრაფიულ ტექსტში დადასტურებულად უმაღლესი პილოტაჟი გახლავთ; 3) ენის განცდა – ბუნებრივია, ამ ტიპის ტექსტის სწავლება შესაბამისი და უხვი განმარტებებით უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ თუნდაც ფრაგმენტული შეხება მეხუთე საუკუნის ქართულ ენასთან, არა მგონია, მაინცდამაინც მავნებელი, მსუბუქად რომ ვთქვათ.

 

ცხადია, წლების განმავლობაში­ ­სწა­ვლების ფორმა გაუგებარი და შესა­ცვლელი­ იყო. არამართებული იყო ზეპირობის ვალდებულებაც და მით უფრო ამის ნიშნებში ასახვა – მიუხედავად იმისა, რომ მე სუბიექტურად მომწონს დაზუთხვის ვარჯიში. ახლა ეს მიდგომები შეიცვალა, თუმცა კიდევ ბევრია სამუშაო.

 

 

გუშინ ფანჯარა გამოვაღე და უცებ, უცნაური და მოულოდნელი აწყვეტით შემოვარდა გაზაფხულის სუნი – განა ფეხაკრეფით, როგორც სხვა ახლო გაზაფხულებისას სჩვეოდა ხოლმე. გაზაფხულის სუნი – მომავლიდან გამოპარული. ასეთი დაძგერება უხსოვარ დროში მახსოვს ხოლმე, მარტის პროლოგისას, აივანზე როცა გავდიოდი, ჯერაც ზამთრის განცდით ნაკარნახევი ტანსაცმლით და უცებ რაღაც დაგაბზრიალებდა – ვწევარ ახლა და თვალდახუჭული საკუთარ ბავშვობას ვსუნთქავ.

ვხედავ ჩემი ეზოს თებერვლის შუას. იქ, სწორედ თებერვლის შუაში, დგახარ და თუ ზუსტად სუნთქავ, გაზაფხულს დაიჭერ. ნესტოების ტექნიკის ამბავია, ალქიმია არ სჭირდება. ცივ კალოშში რომ კენჭები გხვდება და გახდა და გადმოყრა გეზარება – ეგ არის თებერვლის დილა სოფელში. გააღე საქათმე, ძროხა გაუშვი და მოხურული ბუშლატაც სველია. ბუშლატას სახელოებიც აქვს, მაგრამ ჩაცმული არასდროს მინახავს. ბუშლატა უნდა მოიხურო. ეგ არის წესი. სოფლის წესი. სანამ ამ წესს ქალაქი არ აუგებს წესს. ქალაქი, გაზაფხულივით შემოპარული – ოღონდ სხვა კარიდან.

თითქოს ბანალური ამბავია, მაგრამ მენტალური ავადობებისას უზუსტესი: დრო თანაბრად არის მოკავშირეც და მტერიც – მთავარია რა განწყობით გაჰყვები მას. მავნებელია კალენდარული დათქმები – „ერთ თვეში მორჩები ან მოვრჩები“, „ექვს თვეში“, „ერთ წელიწადში“ – ეს გარდაუვალად განგაწყობს მოცემული დრო ცუდად იყო.

გამოჯანმრთელება უნდა დაიწყო დღესვე, აქ და ახლა.

 

ცხადია, ყველაზე რთული და ამავდროულად, აუცილებელი – ბრძოლის დაწყებაა. თუმცა, საიდან უნდა ავთვალოთ საწყისი წუთი, როცა საკუთარი თავი მოუხელთებელია და თითქოს დაუძლეველ ფსიქო-სომატურ წრეში გვატრიალებს? გონებას დამახსოვრებული აქვს ტანჯვა და ზეპირ რიტუალს იმეორებს. დიახ, დაზეპირებული, რადგან ადამიანი იმთავითვე არის ბაძვა.

ტვინს სხვა საზეპირო უნდა შევთავაზოთ.

აუცილებელი გზა – ფსიქიატრია, თერაპია, ძილის და კვების მოწესრიგება და სხვანი – რაღაცით უნდა დაიწყოს. რაღაც უცნაური ნაბიჯით და ეს ვერ იქნება „თავს შემოუძახე“ და „ხელში აიყვანე“ – ასე უცებ და ერთბაშად. სწორედ აქ გვჭირდება მოკავშირედ დრო და მოთმინება. ადამიანად ყოფნა ზოგადად საკუთარი თავის ყოველდღიური იძულება მგონია და ამ დროს – მით უფრო. „რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა“ – ეს არის. რუსთაველია. აიძულე საკუთარი თავი ფრთხილად, მაგრამ რუტინულად ხშირად, დაბრუნდეს იქ, რაც ოდინდელ ყოფად გახსოვს. ნაბიჯ-ნაბიჯ გამოიტყუე თუნდაც გამოგონილი წუთები და შესთავაზე ტვინს. ეს რთული, მაგრამ ერთადერთი გზაა სრულფასოვანი დაბრუნების. დიდი დაბრუნების. და აუცილებლის.

 

არიან ადამიანები, რომლებიც ქალაქს უტოლდებიან და მეტიც. ჩემთვის ხაშური ნინო დოფიძეა. ახალგაზრდა, საოცარი გოგო, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა. შეზღუდული შესაძლებლობა? საშინლად მძულს ასეთი სახელდებები. ჩვენ ყველანი შეზღუდული შესაძლებლობების ვართ და ან ვინ ყოფილა შეუზღუდავი ძალის? ცოტა და ერთი მათგან ნინო იყო: დიდი მაგალითი უამრავი ადამიანისთვის, უანგარო მონდომებით და დონკიხოტური სულით. რამდენჯერმე ვნახე ხაშურში, საკუთარ ლიტერატურულ კლუბში, რომელსაც მე ნინოს სახელს დავარქმევდი დღეიდან, თუმცა ახლო მეგობარივით მწერდა და ხშირად. მწერდა ყველაზე რთულ წუთებში – როცა ზოგი მეგობარიც მივიწყებდა. ვიცი, ბევრს გვაქვს მისი ამგვარი ვალი. როგორ გადავიხდით? ვერაფრით. ასე თუ ამოვიოხრებთ მხოლოდ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი