შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ოლია – გვიმრის ყვავილი

– უკაცრავად, შეიძლება წიგნი გამოვცვალო?

– რა სჭირს?

– როგორც ჩანს, ვიღაცას დიდხანს ჰქონდა ერთ გვერდზე გადაშლილი.

 

ცოტა ხნის წინ ერთი ლამაზი წიგნის პრეზენტაციაზე ასეთ საუბარს მოვკარი ყური და თავადაც 89-ე გვერდზე ცირცელის წითლად დახუნძლულ ტოტს, ზედ შემომჯდარი შავი ჩიტით, თვალს ვერ ვწყვეტდი. იქვე ამოვიკითხე, რომ ნაყოფს ყინვის მერე კრეფენ, მასზე ბევრი სიმღერაც არსებობს და ყოველდღე სამი ცალიც რომ შეჭამო, ზამთარში ვირუსი აღარ მოგეკარება.

„ჯავახეთის მლხენელები“ ილუსტრირებული წიგნია, სადაც ნინოწმინდის სოფლებში საველე კვლევის შედეგად შეკრებილი ამბებია თავმოყრილი. ეთნოგრაფებისგან, ეთნობოტანიკოსებისგან, მხატვარ-ილუსტრატორებისგან და ფოტო-ვიდეო ხელოვანებისგან შემდგარმა ექსპედიციამ 25 სამკურნალო მცენარის შესახებ არსებულ ხალხურ ცოდნას მოუყარა თავი. პროექტის ავტორის, ნინი ხუროშვილის თქმით, „აჭარელი მლხენელების“ შემდეგ ეს მათი გუნდის მიერ მომზადებული მეორე წიგნია. კრებული, ასევე, შეიცავს ექსპედიციის დღიურს, საველე კვლევის რუკასა და ისტორიულ მიმოხილვას ნინოწმინიდის ეთნიკურ-რელიგიურ მრავალფეროვნებაზე.

30-მდე დუხობორი, სომეხი, აჭარელი და მესხი მლეხნელებისგან მოსმენილ ამბებს გამოცდილებაც აერთიანებს და რწმენაც, რომ არ არსებობს დაავადება, რომელიც არ იკურნება და არც მცენარე არსებობს, რომელსაც განკურნების უნარი არ გააჩნია. საიდან იციან ეს ყველაფერი? ლეგენდის თანახმად, გვიმრა ტყის ყველაზე ჯადოსნურ ადგილას იმალება და წელიწადში ერთხელ მხოლოდ მზებუდობის ღამეს ყვავის. ვინც მას იპოვის და მოსწყვეტს, განსაკუთრებული სიბრძნით დასაჩუქრდება და მლხენელი გახდება. გორელოვკელებს ისიც სწამთ, რომ ოდესღაც ერთმა მოხუცმა მკურნალის ცოდნა სწორედ გვიმრის ყვავილის მეშვეობით შეიძინა.

წიგნიდან შეიტყობთ, რომ აბზინდას, ბალბას თუ დაფნას როგორც სამკურნალოდ, ისე  ავი სულებისგან დასაცავად იყენებენ; ასკილს მოყინვამდე აგროვებენ; უკვდავას უფესვოდ იღებენ; ბაბუაწვერას ყვავილებისგან თაფლს ამზადებენ; ბეგქონდარა ჩაის დილაობით სვამენ; გვირილას შეყვარებულის დასაბრუნებელ რიტუალებშიც მიმოაბნევენ; თავშავათი გულს,  შავბალახათი კი სულს იმშვიდებენ; თეთრი ნაღველათი კანს იბზინებენ; ლენცოფათი ტკივილს იყუჩებენ; მრავალძარღვათი და ფარსმანდუკით ჭრილობებს იშუშებენ;  პირშუშხას სახსრებზე იფენენ; ფურისულათი ხველას, ხოლო პიტნით მუცლის ტკივილს იამებენ; ჭინჭარს, მატიტელასა და ღოლოს საჭმელადაც იყენებენ; კრაზანით სამოცამდე დაავადებას მკურნალობენ; დუხობორები შავ ჩაის კი არა, ივან ჩაის (თხაწართხალა) სვამენ:

„ივან ჩაი ისე კეთდება, როგორც შავი ჩაი. ადრე ევროპაში სულ ამ ჩაის სვამდნენ, გვერდითი ეფექტი საერთოდ არ აქვს და ყველა ვიტამინს შეიცავს. კარგია იმუნიტეტისთვის, წნევის რეგულაციისთვის, აუმჯობესებს სისხლის უჯრედების შემადგენლობას, აძლიერებს თმის ფესვებს, აწესრიგებს ძილს, არ შეიცავს კოფეინს, ეხმარება მონელების სისტემას და შეიცავს B და C ვიტამინებს. შავ ჩაის ბევრი უკუჩვენება აქვს, კალციუმს გიკლებს და კბილებს აფუჭებს, ივან ჩაი კი, პირიქით, ეხმარება აღდგენაში და რეგენერაციაში. ჩემი ძმის ცოლმა, ივან ჩაით იმკურნალა ავიტამინოზი, ექვს თვეში,“ – ამბობს მხლენელი სლავა.

ყველაფერს თავისი დრო აქვს. მას შემდეგ, რაც 1895 წელს დუხობორებმა უარი თქვეს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზე და პროტესტის ნიშნად იარაღი დაწვეს, ყოველ წელს,  12 ივლისს მშვიდობის მანიფესტის ადგილას, ორლოვკასთან ახლოს, პეტრე-პავლობას აღნიშნავენ და სამლოცველოში წინაპრებს ახსენებენ. სწორედ ამის შემდეგ, ყვავილებით მოჩითული ტანსაცმლით შემოსილნი, მინდვრებს ეფინებიან და სამკურნალო მცენარეებს აგროვებენ.

***

წიგნის წაკითხვის შემდეგ, ჩვენი ოჯახის გვიმრის ყვავილსაც მივაკვლიე. ოლია ჭელიძეს, ჩემი დიდი ბაბუის დას, მცენარეებით წამლობა სცოდნია. მოხუცებულს ჩანაწერების წიგნი ორად გაუყვია და ერთი ნაწილი თავისი ძმისშვილისთვის, ჩემი ბებიისთვის გადაულოცავს. ოლიას კვალდაკვალ იულიასაც დაუწყია მლხენელობა და სიცოცხლის ბოლომდე უანგაროდ კურნავდა თანასოფლელებს. ოლიას ფურცლებს ჩემამდე არ მოუღწევია, თუმცა ჩვენი ოჯახის ჩვეულების თანახმად, ყოველი ზაფხულის ბოლოს ფარსმანდუკის ხმელი კონები ჩემს აივანსაც ამშვენებს.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი