ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

კითხვა – უწინ და ახლა, ჩუმად და ხმამაღლა

ერთი გასართობი მაქვს – ცნებებში ღრმად ყვინთვა.

დავინტერესდი, როდის იქცა კითხვა – ეს აქტი – იმად, რაც ახლაა, რატომ და რა მიზნით კითხულობენ ადამიანები, რა იყო „კითხვა“ უწინ და რა არის ის დღეს.

კითხვა – ეგოცენტრიზმი?

როგორ გგონიათ, დიდი ხანია ვკითხულობთ ჩუმად და მარტო?

უცნაური კითხვაა, არა?

თუმცა კითხვის ისტორიას, ამ აქტის ისტორიული განვითარების ხაზს თუ დავაკვირდებით, უცნაურად აღარ მოგვეჩვენება. ამასთან, აღმოჩნდება, რომ წინა საუკუნეებში მარტო კითხვა და საკუთარი თავისთვის კითხვა მიიჩნეოდა უცნაურ, უჩვეულო ქმედებად.

ამის დასტურად ერთ ამონარიდს მოვიშველიებ ნეტარი ავგუსტინეს წიგნიდან „აღსარებანი“:

ბაჩანა ბრეგვაძის თარგმნილი „აღსარებანი“ საოცრად წარმტაცი საკითხავია თანამედროვე მკითხველისთვის. წიგნში ავგუსტინე ავრელიუსი (354-430 წლები) მოგვითხრობს თავის ცხოვრებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, გულწრფელად გვიზიარებს ფიქრებს, მოსაზრებებს, თვალთახედვას და საოცრად საინტერესოდ აღწერს თანამედროვეობის რეალიებს.

მეექვსე წიგნის მესამე თავში ავგუსტინე ახსენებს მისთვის პატივცემულ სასულიერო პირს, ამბროსის. აღწერს მის ერთ ჩვეულებას – როცა მთხოვნელები არ ჰყავდა, დროის მცირე მონაკვეთს როგორც კი იხელთებდა თავისუფალს, ხორციელ ძალას საზრდოთი ივსებდა და სულიერს – კითხვითო. საგანგებოდ ჩერდება მისთვის ჩვეული კითხვის მანერაზე, რომელიც უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებდა მნახველზე (ანუ უჩვეულოს იმ პერიოდისთვის). ავგუსტინე წერს:

კითხვისას მისი (ამბროსის) მზერა სწრაფად დასრიალებდა წიგნის ფურცლებზე, ენა კი დუმდაო.

ავგუსტინე ცდილობს ამოიცნოს, რატომ მიმართავს კითხვის ამ უჩვეულო მანერას ამბროსი და ასკვნის – ხმამაღლა კითხვას იმიტომ არიდებდა თავს, რომ მისი სმენით მოხიბლული რომელიმე მსმენელი აღარ შეაწუხებდა, არ შეაჩერებდა და რაიმეს განმარტებას არ ითხოვდაო. ამბროსის არ უნდოდა უფრო ნაკლები დრო დარჩენოდა საკითხავად, ვიდრე თავად სურდა და სულაც, ეგეც რომ არ იყოს, ჩუმად კითხვით ხმას უფრთხილდებოდა, რომელიც ხშრად ეხრინწებოდა ხოლმეო.

ასე საფუძვლიანად „ამართლებს“ ავგუსტინე ამბროსის „ეგოცენტრულ“ და სათავისო ქმედებას – კითხვას.

კითხვა – რეტროსპექტივა

 

ზოგადად, კითხვა სოციალური, საჯარო, ფუნქციური კულტურული აქტი იყო საუკუნეების განმავლობაში. სახალხო მთქმელები, შაირობები, გაბაასებები, ზღაპრებისა და თქმულებების ზეპირსიტყვიერად გადაცემის ტრადიცია – ეს ყველაფერიც „კითხვის“ წინამორბედი ფორმებია.

 

გავიხსენოთ ჰაგიოგრაფიული ჟანრის ტექსტების სპეციფიკა და დანიშნულებაც – ტექსტები იკითხებოდა ეკლესიებში, საჯაროდ, ხმამაღლა და განკუთვნილი იყო მორწმუნეებისთვის: რწმენის გასაძლიერებლად, სწორი/საჭირო მორალური ორიენტირების მოსანიშნად, ინდოქტრინაციისთვის.

 

აქვე ვახსენოთ მე-19 საუკუნის დასაწყისში აღმოცენებული კულტურული „კერები“ – სალონები. ზოგადად, უძველესი დროიდან ქართველ მეფეთა კარზე ტრადიციულად იმართებოდა ლიტერატურულ-მუსიკალური პაექრობები და თეატრალური წარმოდგენები, კითხვა და პოეტური „შერკინებები“ პოპულარული იყო ოდითგანვე და ამის დამადასტურებელი ფოლკლორული მასალები მრავლად გვაქვს. მე-19 საუკუნეში საჯარო კითხვის ტრადიციამ სალონებში გადაინაცვლა. აქ იკრიბებოდნენ საზოგადოების ნიჭიერი, მოაზროვნე წარმომადგენლები, პოეტები, მუსიკოსები, კითხულობდნენ ახალ ნაწარმოებებს, თარგმანებს, აწყობდნენ განხილვებს…

ამ საკითხების შესწავლა და ხსენება რომანტიკოსების შემოქმედების შესწავლისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეებისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა თავის დროზე „არ გვქონოდა ბარათაშვილის კრებული“. კითხვისა და წიგნების გავრცელების ისტორია ბევრ კითხვას მოფენს ნათელს.

სასკოლო სისტემური განათლების საწყის ეტაპზე ხმამაღლა კითხვა დასწავლის ერთადერთი საშუალებაც იყო, რადგან სახელმძღვანელოების საკმარისი რაოდენობით ბეჭდვა ვერ ხერხდებოდა.

წიგნი ყოველთვის ძვირი სიამოვნება გახლდათ და წიგნებით ხელში პორტრეტების გამოსახვა სოციალურ უპირატესობაზე მიუთითებდა.

 

ცოტა რამ საერო ტექსტებზეც ითქვას. საინტერესოა, რომ მხატვრულ ლიტერატურას საუკუნეთა განმავლობაში იგივე დანიშნულება ჰქონდა, რაც დღეს სერიალების ინდუსტრიას აქვს. გაიხსენეთ კლასიკური რომანების, სარაინდო და ისტორიული რომანების სტრუქტურა – თავებად დაყოფა, თავების საინტერესო ადგილებზე „შეჩერება“, რომ ინტერესი გაღვივებულიყო, სიუჟეტური სვლები და ინტრიგები, კომპოზიციური აგებულება ტექსტებისა. სერიალების შემოქმედები მეტწილად იყენებენ და აგრძელებენ ამ ტრადიციას.

 

ცნობილია ისიც, რომ მატარებელმა, როგორც პოპულარულმა სატრანსპორტო საშუალებამ, გავლენა იქონია მე-19 საუკუნეში დაწერილი ევროპული ტექსტების ჟანრსა და ფორმაზე. წიგნები იწერებოდა და იბეჭდებოდა იმ გათვლებით, რომ მატარებლების მგზავრებს შესძლებოდათ ბაქანზე შეეძინათ იაფი გამოცემები და მგზავრობის დროსვე წაეკითხათ. მოთხრობები, რასაკვირველია, ამ მიზნით ზედგამოჭრილი იყო.

 

რომანები დოზირებულად და გაგრძელებებით იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში. მკითხველი ხშირად „ზემოქმედებდა“ სიუჟეტის განვითარებაზე. საყვარელი ან საძულველი პერსონაჟების ბედსა და იღბალს მწერლები ზოგჯერ სწორედ მკითხველთა „დაკვეთით“ ცვლიდნენ (ნიმუშად შეიძლება დასახელდეს ჩარლზ დიკენსის „დიდი იმედები“, რომელშიც მთავარი გმირის, პიპის ბედი მეტად ტრაგიკული უნდა ყოფილიყო, მაგრამ მკითხველთა და ასევე გამომცემლის თხოვნით, მწერალმა „გარემოებები შეამსუბუქა“).

 

კითხვა – მნიშვნელობა

წიგნში „კითხვის ისტორია“ სტივენ როჯერ ფიშერს მოჰყავს ასეთი პარადოქსული ილუსტრაცია: ჯონსმა დაისწავლა ბერძნული ანბანი, ასო-ნიშნები, მაგრამ ბერძნული ენა – ჯერ არ იცის. ანდროპოლისი გაიზარდა ბერძნულენოვან გარემოში, საუბრობს ბერძნულად, მაგრამ ბერძნული ანბანი არ იცის, ვერ კითხულობს. ერთ დღეს ანდროპოლისმა მიიღო წერილი საბერძნეთიდან და ჯონასმა წაუკითხა მას. ჯონასს შეუძლია ასო-ნიშნების ამოკითხვა, გახმოვანება, მაგრამ არ შეუძლია ამოკითხულის გაგება. ანდროპოლისს შეუძლია ამოკითხულის გაგება, მაგრამ არ შეუძლია ასო-ნიშნების ამოკითხვა.

 

ისმის შეკითხვა – ვინ წაიკითხა? ვინ არის მკითხველი?

 

პასუხი თვალსაჩინოა (ასკვნის ფიშერი) – ორივე!

 

მაშ, რას ნიშნავს კითხვა?

 

მოსწავლეებს ხშირად ვუმეორებ – კითხვა მხოლოდ სტრიქონებისთვის თვალის გაყოლება და დაწერილის მექანიკური ამოკითხვა არაა. კითხვა ინტელექტუალური გარჯაა და აუცილებლად უნდა ტოვებდეს საფიქრალს. საზრდოს მიღებისას რომ დაკმაყოფილების განცდა გვრჩება, ამავენაირად უნდა გასდევდეს კითხვის აქტს დაკმაყოფილების შეგრძნება – რომ რაღაც შეიძინე, ახალი საფიქრალი გაჩნდა, ან – ძველი „დალაგდა“. კითხვა, ერთი შეხედვით, პასიური აქტი, სინამდვილეში შინაგანი დინამიკურობითაა გამორჩეული. საინტერესოა, რომ დასმულ კითხვაზე – რა არის კითხვა (მასალის მომზადებისას მცირე გამოკითხვა გავაკეთე) – გამოკითხულთაგან უმრავლესობამ ასოციაციურად ის სწორედ დინამიკურ პროცესს, მოგზაურობას, სხვა სამყაროში გადაბარგებას დაუკავშირა.

 

კითხვა – თერაპია, კათარსისი

 

კითხვა ბევრ სხვა სარგებელთან ერთად სიამოვნების მომნიჭებელი, თერაპიული აქტია. ზოგჯერ – განტვირთვაში გვეხმარება, დაძაბულობის მოხსნაში. ზოგჯერ – მაკურნებელი ეფექტი აქვს. მხატვრულ გამონაგონში, მხატვრულ სამყაროში გადაბარგება, იქ ყოფნის განცდა, სხვა როლის მორგება და სხვად გარდასახვის მიმზიდველი მდგომარეობა საინტერესოა. ნაბოკოვი თავის ლექციებში განასხვავებდა კითხვის ორგვარ ეფექტს – მკითხველს შეუძლია თავი ტექსტის გმირად წარმოიდგინოს და ამას ის ინფანტილურ მიდგომას უწოდებდა; მკითხველს, ამავდროულად, შეუძლია თავადაც იქცეს დემიურგად, თანაშემოქმედად და საკუთარი სამყარო შექმნას წაკითხულიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ინტიმური აქტი დაუვიწყარი, ფასდაუდებელი გამოცდილებაა და რა თქმა უნდა, საბაზისო საჭიროებად ვერ ჩაითვლება, თუმცა ხარისხიანი, სისხლსავსე ცხოვრების უცილობელ შემდგენლად – კი.

საინტერესო შემეცნებით თავგადასავლებსა და მოგზაურობას გისურვებთ კითხვის საოცარ სამყაროში, ძვირფასო მკითხველებო!

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“