სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ანბანის წიგნი

     ციფრულმა ეპოქამ,  ტექნოლოგიურმა გამოგონებებმა  არსებითად შეცვალა სწავლა-სწავლების მიდგომები. დღეს მნიშვნელოვანია გაკვეთილის დაგეგმვა მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე, სადაც თითოეული მოსწავლის შესაძლებლობა და საჭიროება იქნება გათვალისწინებული.

სწავლა-სწავლების  მეთოდების ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, რა დროს და როგორ გამოვიყენებთ მას.

  „ცვლილება, რომელიც ჩვენს განათლებაში შემოდის, სიმძიმის ცენტრის გადაადგილებას ნიშნავს. ეს ცვლილება, რევოლუცია, კოპერნიკისას ჰგავს, როდესაც ასტრონომიულმა ცენტრმა დედამიწიდან მზეზე გადაინაცვლა. ამ შემთხვევაში, ბავშვი ხდება მზე, რომლის გარშემოც განათლების მექანიზმები ბრუნავს.”  (ჯონ დიუი)

იმისათვის, რომ სკოლამ  აღზარდოს თავისუფლად მოაზროვნე, კონკურენტუნარიანი, პრობლემურ სიტუაციებში ადეკვატური გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანი, საჭიროა,  სწავლების  დაწყებითი საფეხურიდანვე   მიმდინარეობდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი. ეს უნარებია:

გამომგონებლობის უნარჩვევები – შემოქმედებითობა და გამომგონებლობა, კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრაკომუნიკაცია და თანამშრომლობა;

საინფორმაციომედიაწიგნიერების და ტექნოლოგიური უნარჩვევები – საინფორმაციო წიგნიერება, მედიაწიგნიერება, ციფრული წიგნიერება;

სასიცოცხლო და კარიერული უნარჩვევები – მოქნილობა და ადაპტაცია, ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა, სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები, პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება, ლიდერობა და პასუხისმგებლობა.

სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობისა და სასურველი შედეგების მისაღებად მნიშვნელოვანია, მასწავლებელთა მიერ სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის დროს, მუდმივად იყოს გათვალისწინებული ზემოთ ჩამოთვლილი ასპექტები.

მე პირველი კლასის მასწავლებელი ვარ. ჩემს  მოსწავლეებს მოსწონთ, როდესაც სწავლება კოლაბორაციულია და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ეფუძნება.    ვცდილობ,  აქტივობებით ხელი შევუწყო მოსწავლეებში იმ უნარების განვითარებას, როგორიცაა: ლოგიკური აზროვნება, თანამშრომლობა, კრეატიულობა, გადაწყვეტილების მიღება, საკუთარი აზრის არგუმენტირება, თავდაჯერებულობა,   ერთმანეთის აზრის გათვალისწინება, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, ცნობიერების ამაღლება  და ა.შ.

ელექტრონული წიგნის შექმნა   ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც დამეხმარა ჩემი მოსწავლეებისათვის გამეადვილებინა ასო-ბგერების და წერა-კითხვის შესწავლა.

რატომ ელექტრონული წიგნი ?

ელექტრონული წიგნები აღჭურვილია  მულტიმოდალური მახასიათებლებით, როგორიცაა: ხმა, ანიმაცია, ვიდეო, ვიზუალი და ა.შ

გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი  ელ.წიგნი შექმნილიყო საანბანო ტექსტების პერსონაჟებზე,  რომლის მიხედვითაც ანბანის თითოეული ასო-ბგერა შევისწავლეთ . ერთად შევარჩიეთ ფერი, სათაური, ბავშვებმა სურვილი გამოთქვეს თავიანთი შექმნილი ნამუშევრებიც ყოფილიყო წიგნში და ერთად შევარჩიეთ ფოტოები. შემდეგ უკვე დავფიქრდით , რა უნდა ჩაგვეწერა წიგნში, ვიმსჯელეთ და   გადაწყვიტეთ მკითხველისთვის გამოცანები შეგვეთავაზებინა. ერთად ვიმუშავეთ სათაურის შექმნაზეც.  ეს მიდგომა ჩემმა მეგობარმა გულიკო მასწავლებელმა მირჩია.

ვფიქრობ, განათლების სისტემაში მნიშვნელოვანია გამოცდილებების გაზიარება. ეს გამოცანები კი საშუალებას გვაძლევს, გავიმეოროთ შესწავლილი ასო-ბგერები,  ვისწავლოთ ხარისხიანად და სახალისოდ, დავიმახსოვროთ ხანგრძლივ მეხსიერებაში .

ელ.წიგნის შექმნაში და გახმოვანებაში კლასის დამრიგებელიც გვეხმარებოდა.  გუნდური მუშაობის შემდეგ, კლასში მოვაწყვეთ პრეზენტაცია.  უნდა გენახათ ბავშვების გაბრწყინებული  თვალები:  „მას, ეს ჩვენი წიგნია?“ „ ჩვენ ავტორები გავხდით?“ , „  ვაუ, მას“….

ელ.წიგნი  იხილეთ  – https://www.storyjumper.com/book/read/152416891/641acd67c94db

რომ მკითხოთ:

– ვისია ეს წიგნი?

-სიამაყით გეტყვით,  ჩემი, ყველაზე ყოჩაღი  პირველკლასელების.

წიგნზე  მუშაობისას გავაანალიზე, რომ  მასწავლებლისთვის კიდევ ერთი გამოწვევაა ციფრული აქტივობებისას მოსწავლეთა ყურადღების გაფანტვა პლატფორმებზე. ამ დაკვირვებამ კარგად გამააზრებინა, რომ მასწავლებლის მოვალეობაა, აუხსნას მოსწავლეს ტექნოლოგიების სწორად გამოყენების მნიშვნელობა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“