„აბჯარი – ესე ზოგადი სახელი არს ყოველთა საჭურველთა და უფროსად საცვამად ჯაჭვთა”, _ ასე განმარტავს სულხან-საბა იმ იარაღისა და სამოსლის საერთო სახელწოდებას, რომლის ხარისხზეც მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული მეომრის სიცოცხლე.
ფეოდალურ საქართველოში სრული საბრძოლო აღჭურვილობა ასეთი გახლდათ: ჯაჭვის პერანგი, მუზარადი, ჩაჩქანი, საფუხარი, ხელნავი, საბარკული, საწვივე.
ისტორიკოს ჯაბა სამუშიას განმარტებით, საქართველოში მეომრის შეიარაღების ძირითად სახელწოდებად უძველესი დროიდან “ჭური” იყო დამკვიდრებული. ამის დამადასტურებელია სიტყვები “ჭურვილი”, “აღჭურვა”. “ჭურიდან” მომდინარეობს ტერმინი “საჭურველიც”, რომელიც XIII საუკუნემდე მეომრის სრულ შეიარაღებას აღნიშნავდა. IX-X საუკუნეებიდან ქართულ ენაში მკვიდრდება სიტყვა “აბჯარი” _ სამხედრო აღჭურვილობის კრებითი სახელი. ერთხანს “საჭურველი” და “აბჯარი” გვერდიგვერდ იხმარებოდა, XII-XIII საუკუნეებიდან შეიარაღებას უკვე მეტწილად “აბჯარს” უწოდებდნენ, XVI-XVII საუკუნეებიდან კი მის ზოგად სახელად “იარაღი” იქცა.
მეომრის შეიარაღება მოიცავდა თავდაცვით საჭურველს, მკვეთელ, დასარტყამ, საძგერ და სასროლ იარაღებს.
თავდაცვითი საჭურველი მეომრის აღჭურვილობის ის ელემენტები იყო, რომლებიც ჯავშნის როლს ასრულებდა. არსებობდა როგორც ტანდასაცავი, ისე თავსაბურავი საჭურველი.
ტანის ჯავშანი სხვადასხვანაირი იყო. მათ შორის ყველაზე გავრცელებული გახლდათ ჯაჭვის პერანგი.
ჯაჭვის პერანგი სხვადასხვა ხარისხისა და ზომისა იქსოვებოდა. მისი წონა 7-დან 17 კილოგრამამდე მერყეობდა. ჯაჭვის პერანგის მოქსოვა ადვილი არ გახლდათ: საჭირო იყო რგოლების სათითაოდ დამზადება, შემდეგ სხვა რგოლებთან შეკავშირება და დამაგრება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯაჭვის პერანგში რგოლების რაოდენობა საშუალოდ 15 000-დან 20 000-მდე მერყეობდა, ადვილი წარმოსადგენია, რა დრო და ენერგია დასჭირდებოდა ერთი ჯაჭვის პერანგის მოქსოვას. იყო შემთხვევები, როდესაც რგოლების რიცხვი 50 000-საც კი აჭარბებდა. ამ შემთხვევაში ისინი შედარებით მცირე დიამეტრისა უნდა ყოფილიყო.
სულხან-საბას მიხედვით, ჯაჭვის პერანგი ხუთი სახეობისა ყოფილა: სამანქანი, ზეიდალი, ხოსროვანი, ქირაფქა და ჯაბალა. მათ ერთმანეთისგან განასხვავებდა ჯაჭვის ქსოვისა და რგოლების დამზადების წესი. ჯაჭვის რგოლების, “ჭიკუს”, შეკვრის წესის მიხედვით კი სამი ტიპის პერანგებს განასხვავებდნენ: ფარეშიანს, უფარეშოსა და დადუღებულს. ფარეშიანი ეწოდებოდა ჯაჭვს, რომლის რგოლები ჭანჭიკით (ფარეშით) იყო შეკრული. ფარეშიანი ჯაჭვი, თავის მხრივ, რამდენიმე ტიპისა გახლდათ: რგოლს შეიძლებოდა ჰქონოდა ერთი, ორი ან სამი ფარეში. უფარეშო ჯაჭვი რგოლების გადაგრეხით მიიღებოდა; მათი თავები დაუმაგრებელი იყო. ჯაჭვის პერანგის იმ სახეობას, რომელიც რგოლის თავების ერთმანეთთან შედუღებით მიიღებოდა, მეცნიერები “დადუღებულს” უწოდებენ.
ჯაჭვის მოქსოვა თვეობით შრომას მოითხოვდა, ამიტომ მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში ჯაჭვის პერანგი ძალზე ძვირი ღირდა. XI საუკუნეში (“ნიკორწმინდის დაწერილის” მიხედვით) ტყიანი მიწის ფასად ორ ჯაჭვს შეიძენდი. XIV-XV საუკუნეებში ერთ-ერთ მონასტერში დაქირავებული ჯაჭვისა და მუზარადის გამოსახსნელად ფეოდალს ვენახის შეწირვა მოუხდა.
ვინაიდან აბჯარი ძვირად ფასობდა, მას არასოდეს ტოვებდნენ ბრძოლის ველზე. მაგალითად, 1048 წელს ბიზანტიურ-ქართულ-სომხური კოალიციის დამარცხების შემდეგ თურქ-სელჩუკებს დავლად 19 ათასი აბჯარი წაუღიათ. ამ ფაქტს არაბი მემატიანენი საგანგებოდ აღწერდნენ.
სულხან-საბას განმარტებით, კარგი ჯაჭვის პერანგი ასეთი უნდა ყოფილიყო: „გრძელი და ფართო; ჯაჭვის თვალი _ რაზმად და რაზმად დაწყობილი, ფარეშ-შვენიერი და ძნელად გასახსნელი; ნოტიოობაში ძნელად დაგესლდეს, ყრილი არა ჰქონდეს, კალთიდამ შედევნებით უსხო და უსხოსი იყოს, მკერდთა, ბეჭთა და ღლიათა უზრქელესი და მიყრილი იყოს”.
აქვე უნდა აღინიშნოს ერთი საინტერესო ფაქტი: ქართველებს ჯაჭვის პერანგის გარეთაც სცმიათ სამოსი, რომელსაც იალმაგი (სულხან-საბა: “იალმაგი _ ესე სამოსელი საომარი გარეგან საცვამი”) ეწოდებოდა.
სხვა დამცავ აღჭურვილობასთან შედარებით ჯაჭვის პერანგს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ გაცილებით მოქნილი და მსუბუქი გახლდათ, ვიდრე მთლიანი რკინის ფირფიტებისაგან შემდგარი აბჯარი, მაგალითად, თორი.
თორი, სულხან-საბას მიხედვით, იყო “მთელი რკინა პოლოტიკი (რკინის ფიცარი) ტანს ჩასაცმელი”. იგი რკინის ნაჭრებისგან მზადდებოდა და ტანს წელამდე ფარავდა. ზოგიერთი თორი შედგებოდა რკინის ორი ნაჭრისგან, რომლებიც მხრებზე, იღლიის ქვეშ და წელზე საგანგებო ზონრებით იკვრებოდა. ასეთი ტიპის აბჯარზე ხშირად გამოსახავდნენ ცხოველებსა და სხვა სტილიზებულ ფიგურებს.
სხვათა შორის, თორი საქართველოში სხვა ტანსაცავ აბჯრებზე მეტხანს იხმარებოდა, რადგან უკეთ იცავდა მეომარს. მას ცეცხლსასროლი იარაღის შემოღების შემდეგაც კი ხმარობდნენ.
შუა საუკუნების საქართველოში ასევე გავრცელებული იყო ლითონის მოზრდილი ფირფიტებისაგან დამზადებული ჯავშანი – ბეგთარი.
მეომრის ხელებსა და ფეხებსაც საგანგებო ჯავშანი იცავდა: სამუხლე, ხელნავი, საბარკული, საბუხარი.
მეომრის თავდაცვითი თავსაბურავიც რამდენიმე სახეობისა იყო. სულხან-საბა ორბელიანი ასახელებს ჩაფხუტს, ჩაჩქანს, მუზარადს, ზუჩს, ჩაბალახს. ისინი ერთმანეთისგან მოყვანილობითა და შედგენილობით განსხვავდებოდა. მაგალითად, ჩაფხუტი სფეროსებრი მოყვანილობისა იყო და წინ გრძლად ჰქონდა ჩამოშვებული საცხვირე.
მკვეთელი იარაღიდან ყველაზე მეტად ხმალი იყო გავრცელებული, საძგერი იარაღიდან _ ოროლი, შუბი, კინენი. სასროლიდან – მშვილდ-ისარი.
როგორც ისტორიკოსი ჯაბა სამუშია აღნიშნავს, ძვირად ღირებული იარაღი და საჭურველი მხოლოდ მდიდრებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ჯარის გარკვეული კონტინგენტის (მონა-სპა, მეციხოვნეები) შეიარაღებაზე სახელმწიფო ზრუნავდა.