სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს საშინაო დავალების შესრულებაში

აკადემიური უნარების გაუმჯობესებასთან ერთად საშინაო დავალებას აქვს არააკადემიური სარგებელიც. მაგალითად, ის ავითარებს პასუხისმგებლობას, დროის მართვის ჩვევას, შეუპოვრობას. ამასთან ერთად, საშინაო დავალება ზრდის მშობლების ჩართულობას შვილების სწავლის პროცესში.

თუმცა მეტისმეტად ბევრმა საშინაო დავალებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს არააკადემიურ უნარებზე, ვინაიდან შეამცირებს თავისუფალი თამაშისთვის დარჩენილ დროს, თავისუფალი თამაში კი აუცილებელია ენის, კოგნიტიური, თვითრეგულირებისა და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისთვის. ბევრმა საშინაო დავალებამ შესაძლოა შეამციროს ფიზიკური აქტივობაც და ჭარბი წონის რისკი გაზარდოს. რამდენიმე კვლევის თანახმად, საშინაო დავალება შეიძლება იყოს სასარგებლო, როდესაც ის მინიმალური მოცულობისაა.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საშინაო დავალების შესრულებაში ბავშვებს არ უნდა ეხარჯებოდეთ 2.5 საათზე მეტი, ხოლო დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის საშინაო დავალება უნდა იყოს მინიმალური მოცულობის და ემსახურებოდეს თვითრეგულირებისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარების ჩამოყალიბების მიზანს.

განათლების ეროვნული ასოციაციისა და მშობელთა და მასწავლებელთა ეროვნული ასოციაციის რეკომენდაციით, პირველკლასელებს დღეში 10 წუთზე მეტი არ უნდა ეხარჯებოდეთ საშინაო დავალების შესრულებაში. მეორეკლასელებისთვის მაქსიმუმი დღეში 20 წუთია, მესამეკლასელებისთვის – 30 წუთი და ა.შ. ​

 

რამდენიმე რჩევა მშობლებს:

ფოკუსირდით ზოგად ზედამხედველობაზე, ხელმძღვანელობასა და გამხნევებაზე, მაგრამ მიეცით ბავშვებს საშუალება, რამდენადაც შესაძლებელია, დამოუკიდებლად შეასრულონ საშინაო დავალება. კვლევები მოწმობს, რომ საშინაო დავალების შესრულებისას ბავშვებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭება დადებით გავლენას ახდენს მათ აკადემიურ უნარებზე.

დაეხმარეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენი შვილი გთხოვთ და განზე გადექით, როდესაც ეს შესაძლებელია. კვლევებმა აჩვენა, რომ საშინაო დავალებაზე მუშაობისას მშობლის გადაჭარბებული ჩარევა და კონტროლი ცუდ აკადემიურ მოსწრებასთან ასოცირდება.

დაეხმარეთ ბავშვებს, შექმნან სტრუქტურა და ჩამოაყალიბეთ რუტინა, რომელიც მათ საშინაო დავალების დასრულებაში დაეხმარება. კვლევებით დადგენილია, რომ ასეთი სტრუქტურისა და პასუხისმგებლობის შეთავაზებას აკადემიური უნარების გაუმჯობესება მოჰყვება.

დაადგინეთ სპეციფიკური წესები საშინაო დავალებისთვის. კვლევებმა აჩვენა კავშირი მშობლების მიერ საშინაო დავალებასთან დაკავშირებული წესების დადგენასა და აკადემიურ მოსწრებას შორის.

დაეხმარეთ ბავშვს, შეხედოს საშინაო დავალებას როგორც შესაძლებლობას, ისწავლოს და უნარები გაიუმჯობესოს. მშობლებს, რომლებიც საშინაო დავალებას განიხილავენ როგორც სწავლის შესაძლებლობას (ე.წ. დაოსტატებაზე ორიენტირება) და არა რაღაც ისეთს, რაც უნაკლოდ უნდა შესრულდეს მაღალი ნიშნის მისაღებად (შესრულებაზე ორიენტირება), უფრო მეტი შანსი აქვთ, აღაზრდონ ასეთივე დამოკიდებულების მქონე შვილები.

წაახალისეთ და გაამხნევეთ შვილი დავალებაზე მუშაობისას, წარმოაჩინეთ რთული დავალება როგორც ზრდის შესაძლებლობა. კვლევამ აჩვენა, რომ მსგავსი დამოკიდებულება მოსწავლის წარმატების საწინდარია. კვლევა იმასაც ამბობს, რომ რაც უფრო მეტია რთული დავალება, მით უფრო დიდია აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების შანსი.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და პოზიტიური განწყობა. კვლევების თანახმად, როდესაც მშობელი საშინაო დავალების შესრულებაში დახმარებისას დადებით ემოციებს ავლენს, ბავშვის მოტივაცია იმატებს.

დააფასეთ თქვენი შვილის ძალისხმევა – ესეც გაზრდის მოტივაციას. გარდა ამისა, კვლევა გვიჩვენებს, რომ საშინაო დავალების შესრულებისას გაწეული მეტი ძალისხმევა კეთილსინდისიერების განვითარებას უწყობს ხელს.

ესაუბრეთ ბავშვს და მასწავლებელს ნებისმიერი პრობლემის შესახებ, რომელიც საშინაო დავალებაზე მუშაობისას იჩენს თავს. გაარკვიეთ მასწავლებლის საგანმანათლებლო მიზნები. კვლევა გვიჩვენებს, რომ საშინაო დავალების შესახებ ღია კომუნიკაცია აკადემიური მოსწრების ამაღლების ერთ-ერთი პირობაა.

 

წყარო: www.psychologytoday.com

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“