შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

აკვანი დარწეულა – უნიკალური ქართული გამონათქვამი

ხშირად ვწერ იმ საკითხზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანმა, საკუთარი ენის სიღრმეების შესასწავლად და გასაცნობად, მშობლიურ ენასთან მტკიცე კავშირის დასამყარებლად, ამ ენის ფრაზეოლოგიზმები ბავშვობიდანვე ისწავლოს, ივარჯიშოს, მიეჩვიოს. გამოიყენოს. ენის სიმდიდრე და სიღრმე ხომ სწორედ ასეთ გამონათქვამებშია ჩაბუდებული.

ენასთან გაშინაურება, ენასთან დამეგობრება ოჯახის შემდეგ სკოლაში, ქართულის გაკვეთილზე ხდება. სწორედ ქართულის მასწავლებელია ის წინამძღოლი, რომელიც ამ საოცარ სამყაროში მიგვიძღვის.

გთავაზობთ სამუშაო აქტივობებს კიდევ ერთ ფრაზეოლოგიზმზე, რომელთა განხორციელებაც, დარწმუნებული ვარ ჩვენს ბავშვებს კიდევ უფრო დააახლოებს დიდებულ ქართულ ენასთან.

ბავშვებს ვაცნობთ ფრაზეოლოგიზმს: „აკვანი დარწეულა“. ისინი საკუთარ ვერსების გამოთქვამენ, მსჯელობენ, რას ნიშნავს, როგორ ესმით. მასწავლებელი ინიშნავს დაფაზე. ამის შემდეგ კი სთავაზობს მოკლე ამბავს ამ გამონათქვამის შესახებ:

გამონათქვამი „აკვნის დარწევა“ – დაბადებას, აღმოცენებას აღნიშნავს. როგორც კულტურის რომელიმე სახეობის, ცივილიზაციის, ხელოვნების დარგების, ასევე კონკრეტული ადამიანისაც. მაგალითად: აკაკი წერეთლის აკვანი სოფელ სხვიტორში დარწეულა; ოპერის აკვანი პირველად იტალიაში დარწეულა. ესე იგი აკაკი სხვიტორში დაბადებულა, ოპერა კი – იტალიაში (ვკითხულობთ ქართული იდიომების ლექსიკონში).

აკვანი ჩვილი ბავშვის ძველებური ქართული საწოლია. მეგრულად გამოითქმის როგორც – „აკავან“, სვანურად – „ჰენწ“, რაჭულ-ლეჩხუმურად – „ავაკან“.

აკვანს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრა, მასში იზრდებოდნენ ოჯახის გვარის გამგრძელებლები, ოჯახის იმედები. მას ხისგან ამზადებდნენ, რთავდნენ მზეებით, ბორჯღალებით, ჩვილის დამცავი ჯვრებით.

ქართველებს ძველად მზე ღვთაებად მიაჩნდათ, სწამდათ, რომ თუკი ჩვილის საწოლზე ღვთაების ნიშანს გამოსახავდნენ, ის დაცული იქნებოდა.

ტრადიციებიც ჰქონიათ: როდესაც ბავშვს პირველად აწვენდნენ აკვანში, ოჯახის უფროსი ქალი გულიან, ტკბილ პურებს – ქადების ცხობას იწყებდა. ახლად გამომცხვარ, სურნელოვან ტკბილ პურებს, აკვანში ბავშვის თავთან, შუაში და ფეხებთან აწყობდა, და თან ლოცავდა ჩვილს. ხოლო, როდესაც აკვანი სახლის გარეთ პირველად გაჰქონდათ, ბავშვის მშობლები, ნათესავები – ქადებსა და ნამცხვრებს გამვლელებს, შემხვედრებს ურიგებდნენ, ჩიტებს უყრიდნენ. ფიქრობდნენ, რომ თუკი ფრინველები შეჭამდნენ მათ მიერ დაცხობილ ტკბილეულს, ბავშვი ფეხს მალევე აიდგამდა, ჩიტივით იფრენდა.

საინტერესო თქმულებამაც მოაღწია ჩვენამდე, თურმე ერთი ქალი ყანაში ყოფილა სამუშაოდ, თან აკვანიც ჰქონია წაღებული, წამოსვლისას კი აკვანი ყანაში დარჩენია. უკან მიბრუნებულს დაუნახავს: აკვანი საოცარ სინათლეში ყოფილა გახვეული, ზემოდან სამი მტრედი დაფარფატებდა და ღუღუნით ტკბილ ნანას უმღეროდნენ შიგ მწოლ ჩვილს.

ლეგენდა ბაზალეთის ტბის შესახებ უფრო გავრცელებულია, ლეგენდის მიხედვით, ბაზალეთის ტბის ფსკერზე დაკარგული სამოთხეა, შუა გულში ოქროს აკვანი დგას, აკვანში კი მძინარე ყრმა წევს. როდესაც ის გაიღვიძებს, ქვეყნიერებას იხსნის ბოროტებისგან და დედამიწაზე მარადიულ გაზაფხულს მოიტანს.

რადგან აკვანი ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი, წმინდა ნივთია, იქნებ ამიტომაც დავუკავშირეთ ის დაბადებას და ახლის აღმოცენების სიმბოლოდ ვაქციეთ.

 

ლექსიკონი

აღმოცენება – ამოსვლა, აქ როგორც დაბადება, ჩასახვა.

ბორჯღალო – ძველი ქართული ორნამენტი, გამოსახავს მზეს.

ყანა – მიწა სადაც ხორბალი, სიმინდი ან სხვა მარცვლეული არის დათესილი.

 

აქტივობა 1:

დაწერე შენი ბიოგრაფია, დაბადების ნაცვლად გამოიყენე ფრაზა: „ჩემი აკვანი დარწეულა…“, დახატე ავტოპორტრეტიც.

 

აქტივობა 2:

დახატე აკვანი შენი წარმოსახვით, გააფორმე მზეებითა და ბორჯღალებით.

აქტივობა 3:

ტექსტში რამდენიმე თქმულებაა მოკლედ გადმოცემული, აირჩიე ერთ-ერთი მათგანი, განავრცე სიუჟეტი, აქციე ამბად, შექმენი პერსონაჟები, დაასათაურე და დაუხატე ილუსტრაცია.

 

აქტივობა 4:

იპოვე ტექსტში…

  1. ტექსტის რომელ ნაწილშია გადმოცემული ქართველების ტრადიციების შესახებ, რომელიც აკვნის გარეთ გატანას უკავშირდებოდა? დასაწყისში, შუა ნაწილში, ბოლოს.

 

  1. ტექსტის რომელ ნაწილშია აღწერილი აკვანი? დასაწყისში, შუა ნაწილში, ბოლოს.

 

  1. ტექსტის რომელ ნაწილშია ნახსენები ქართველი მწერალი აკაკი წერეთელი?

დასაწყისში, შუა ნაწილში, ბოლოს.

 

  1. ტექსტის რომელ ნაწილშია ჩამოთვლილი აკვნის სხვა ქართული სახელები? დასაწყისში, შუა ნაწილში, ბოლოს.

 

  1. ტექსტის რომელ ნაწილშია საუბარი ბაზალეთის ლეგენდის შესახებ? დასაწყისში, შუა ნაწილში, ბოლოს.

 

აქტივობა 5:

დაუკვირდი ასო-ბგერებს, რომლებისგანაც გამონათქვამი „აკვანი დარწეულა“ არის შედგენილი. ამ ასო-ბგერებისგან შეგიძლია სხვადასხვა სიტყვის შექმნა, თუ რომელი სიტყვების, ამას მინიშნებები მიგახვედრებენ.

გაითვალისწინე: სიტყვების შესაქმნელად მხოლოდ ის ასო-ბგერები გამოიყენე, რომლებიც კონკრეტულ სიტყვებშია.

 

 

ა კ ვ ა ნ ი

 

ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სადაც აღმოჩენილია ანტიკური ნაქალაქარი – (ვანი)

გოგონას სახელი – (ანი);

ნიჩბიანი, პატარა, სამდინარო გემი – (ნავი);

ადამიანისა და ცხოველის სხეული ზედაპირული საფარველი – (კანი);

მოკაუჭებული ჯოხი რაიმეზე გამოსადებად, კაუჭი – (კავი).

 

დ ა რ წ ე უ ლ ა

რაიმე აზრის წერილობით გამოთქმის პროცესი – (წერა);

გვიანის ანტონიმი – (ადრე);

მარტოდ – სინონიმი – (ეულად);

მცირე ზომის სარწყავი არხი – (რუ);

რაიმეს ამკრძალავი, უარყოფითი ნაწილაკი – (არ).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი