შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

სკოლა მხოლოდ კედლები არ არის

„შემეცნების, მეცადინეობის, სიახლეების გაგების პროცესი მიყვარს, მაგრამ სკოლა მეზიზღება“ – რა იქნება თქვენი პასუხი, როდესაც ამ შინაარსის სიტყვებს მოისმენთ მოზარდისგან, რომელიც კარგადაც სწავლობს, კლასელები და სკოლაში სიარულიც უყვარს, მაგრამ ვატყობთ ნელ-ნელა სიტუაცია მძიმდება და გაღიზიანება მატულობს.

ამ სიტყვების მოსმენისას პირველი, რა განცდაც დაგვეუფლება, ამბივალენტური განცდაა. როგორც მშობელს, გვიხარია წინადადების პირველი სიტყვები და გვასევდიანებს ბოლო. მაგრამ, თან არაფერია გასაკვირი იმაში, რაც გვესმის, რადგან თითქოს ისეთ უცვლელ, მარადიულ ჭეშმარიტებას შევეჯახეთ, რომელიც ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს, არაერთხელ არის განცდილი აქამდეც, ყველას გამოგვიცდია სკოლაში სწავლის დროს და თითქმის ყოველთვის მოსალოდნელია. თუმცა ასევე დამაიმედებელია თვითაქტუალიზაციის ის სურვილი, რომელიც მოზარდს აქვს – საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზების მოთხოვნილება, შემეცნების პროცესის სიყვარული და ამით განცდილი სიამოვნება. მაინც ვფიქრობ, ყველაფერი კარგადაა, თუ მოსწავლემ ეს გამოცდილება მიიღო, თუ სწავლის პროცესისგან სიამოვნების მიღების სიხარული შეიგრძნო, ე.ი. ვერაფერი ვეღარ გახდება დამაბრკოლებელი და აღარაფერია საშიში.

მოსწავლეობისას საკუთარი კანით შევიგრძნობდი სკოლის ატმოსფეროს. ეს იყო ადგილი, სადაც წასვლა თან მიხაროდა, თან მეძნელებოდა. მქონდა გარკვეული მოლოდინი და გარკვეული შიშებიც, რომლებიც შემდეგ სწავლის პროცესზეც ახდენდა გავლენას. ბევრი რამ სკოლის ატმოსფეროს გამო ყოფილა დაუძლეველი, ბევრი რამ სწორად იქაური დამოკიდებულების გამო გამხდარა რთული და აუტანელი, რის დაძლევაც, შემდეგ მარტოს და დამოუკიდებლად მომიხდა. ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ ჩემი დროის სკოლაში უფრო მეტი თანასწორობა და მოსწავლის მიმღებლობა რომ ყოფილიყო, სწავლის შედეგები გაცილებით უკეთესი იქნებოდა. და ალბათ, ყველა დროის სკოლაში იქნება ბევრად უკეთესი აკადემიური შედეგების მიღების ალბათობა, სადაც მოსწავლის ემოციური უსაფრთხოება დაცულია და მათთვის საინტერესო, შემოქმედებითი და სასიამოვნო გარემო იქმნება. ასეთი გარემოს არსებობა სწავლის მოტივაციასაც აძლიერებს და შემეცნების ინტერესსაც აღვივებს. ასეთი სკოლა არ იქნება დამაზიანებელი მოსწავლისთვის, პირიქით, მისი გაძლიერებისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

საკლასო ოთახი მოსწავლეებისთვის უნდა იყოს არამარტო ფიზიკურად უსაფრთხო, არამედ ემოციურადაც უსაფრთხო ადგილი, სადაც თითოეული მოსწავლე დაფასებული, აღიარებული იქნება და იქ არ იქნება შეურაცხყოფის, დამცირების მწარე მოლოდინი და ის თანასწორ ურთიერთობაში იქნება ყველასთან. მთვლემარე შიშის თანხლებით სწავლა შემოქმედებით პროცესს ხარისხს უკარგავს და მოსაწყენ ვალდებულებად გადააქცევს. ბავშვები მოქმედებენ სამყაროს შემეცნების მზარდი სურვილით, მიიღონ კითხვებზე პასუხები, იკვლიონ გარემო და შეიმეცნონ გარემომცველი სინამდვილე.

სკოლა არ არის მხოლოდ კედლები, მხოლოდ შენობა, მხოლოდ ცოდნის გავრცელების ადგილი, საიდანაც ცოდნა უნდა წამოიღოს მოსწავლემ და დაემშვიდობოს მას. სკოლა ურთიერთობების, კეთილი დამოკიდებულებების გაცვლისა და შემეცნების ადგილია; იმ ფუნდამენტის ჩაყრის კერა, რომელზეც მოსწავლის ცხოვრება უნდა დაშენდეს და მომავალი განისაზღვროს.

რა არის სკოლის დანიშნულება? რას უნდა გრძნობდნენ იქ მოსწავლეები? როგორი გარემო უნდა იქმნებოდეს მათთვის? რას უნდა ფიქრობდნენ იქ მომუშავე პედაგოგები, სანამ საკლასო ოთახში შევლენ და გაკვეთილს დაიწყებენ? – ამაზე დაფიქრება ყველას მართებს, ვისაც მოსწავლეებთან ურთიერთობის პასუხისმგებლობა აქვს გაცნობიერებული.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი