სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

კობოლდების კობალტი

ბავშვობაში ზაფხულის არდადეგების ნაწილს ბებიასთან, სოფელში ვატარებდი. ბებიას ძალიან ვუყვარდი, ალბათ იმიტომაც, რომ უმცროსი შვილიშვილი ვიყავი, თანაც – მისი სეხნია. მეც ჯიუტად ვიმეორებდი ერთი საბავშვო ლექსის სტრიქონებს: „როცა დიდი გავხდები, ქეთო ბებო ვიქნები-მეთქი” და ამის გამო უფრო მეტად ვუყვარდებოდი, თუმცა აქა-იქ წაიწუწუნებდა კიდეც, ძნელია, „ანაბარა” როცა გყავს, რამხელა პასუხისმგებლობააო.

საღამოობით უბნის წამოღერებული გოგო-ბიჭები ფილმის სანახავად სოფლის კლუბში მიდიოდნენ. მათთან ერთად წასვლა მეც მინდოდა, მაგრამ ვინ წამიყვანდა, ან ვინ გამიშვებდა. პატარა ბავშვის თან წაყვანა არაფერში სჭირდებოდა – მთელი ფილმის განმავლობაში ათას კითხვას ერთად დავსვამდი და ყველას ხელს შევუშლიდი. ბებია კი მით უმეტეს არ გამიშვებდა. ჰოდა, რომ არ მეწუწუნა, გვერდით მომისვამდა და მეტყოდა, იმათ ფილმს უყურონ, მე კიდევ კობოლდებზე მოგიყვებიო.

კობოლდები შვედები იყვნენ. უფრო სწორად, მათი ორი შტო არსებობდა. ერთი შვედობდა, მეორე კი გერმანელობდა. ამ პატარა ცისფერ კაცუნებს საოცარი ღონე ჰქონდათ. კეთილშობილებით არ გამოირჩეოდნენ, პატარ-პატარა სისაძაგლეებსაც სჩადიოდნენ, მაგრამ მხიბლავდნენ რატომღაც. ბებიას მათ მიმართ ჩემი ნაზი გრძნობები სულაც არ მოსწონდა, მაგრამ ამას სათავისოდ იყენებდა და კობოლდებს ოსტატურად მოიშველიებდა ხოლმე ჩემს გასაჩუმებლად.

კობოლდები ტყეებში, მაღაროებსა და მინერალ კობოლდში ბინადრობდნენ. მე კიდევ იმედი მქონდა, ერთხელ ჩვენს ეზოშიც შემოივლიდნენ. მით უმეტეს, ზოგიერთი მათგანი, როცა კარგ გუნებზე იყო, ადამიანებს ეხმარებოდა კიდეც. აი, თუ უგუნებოდ იყვნენ, მაშინ სხვასაც უფუჭებდნენ განწყობას. ტყეში დაკარგულებს ისინი ცისფერ მინერალ კობოლდს უყრიდნენ წინ, განწყობისამებრ – ან გზას აუბნევდნენ, ან, პირიქით, სწორ გზაზე დააყენებდნენ და ტყიდან გასასვლელს აჩვენებდნენ… მე რატომღაც მჯეროდა, რომ ყველანაირ კობოლდთან გამოვნახავდი საერთო ენას.

ალბათ შეგიმჩნევიათ – ზოგჯერ ორი სრულიად უცნობი ადამიანი, რომლებსაც ერთმანეთისგან დიდი მანძილი და, შესაძლოა, დროც აშორებთ, ერთი კვერცხუჯრედის ტყუპივით ჰგავს ერთმანეთს, ზოგი – გარეგნულად, ზოგიერთი კი აზრებითა და ხასიათით. როგორც ჩანს, ასე დაგვემართა მე და შვედ ქიმიკოს ჰენრიხ ბრანდსაც. ბავშვობაში ორივეს კობოლდები მოგვწონდა. ბრანდმა, ცხადია, არაფერი იცოდა ჩემ შესახებ, მე-18 საუკუნეში მოღვაწეობდა და თანამედროვეც რომ ყოფილიყო, ვეჭვობ, ჩემი პიროვნებით დაინტერესებულიყო. მეც, რომ გითხრათ, იმხანად ბრანდის შესახებ რამე ვიცოდი-მეთქი, ნუ დამიჯერებთ. მოკლედ, ბავშვობაში ბრანდსაც, ჩემსავით, კობოლდებთან შეხვედრაზე უოცნებია, ამიტომ მოგვიანებით მინერალ კობოლდის შესწავლა დაიწყო.

1735 წელს მინერალ კობოლდიდან მან ნახევრად მეტალი კობალტი გამოყო და ეს ვრცლად აღწერა თავის დისერტაციაში. თუმცა მინერალ კობოლდს ჯერ კიდევ მე-17 საუკუნიდან იცნობდნენ და მინის ცისფრად შესაფერავად იყენებდნენ. სჯეროდათ, რომ თუ ასეთი მინა წარმოების დროს არ გასკდებოდა, განსაკუთრებით მტკიცე იქნებოდა. რატომ? თუ მინა ხარშვისა და შეფერადების დროს დაზიანდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ მინერალ კობოლდში ცუდი ზნის კობოლდი სახლობდა; თუ გადარჩებოდა, ესე იგი შიგნით კეთილი კობოლდი იყო და მინაც დიდხანს ემსახურებოდა ადამიანებს.

როგორც გითხარით, ბრანდი კობალტს ნახევრად მეტალს უწოდებდა. ასეთებად მიაჩნდა მას ის მეტალები, რომლებიც არ იჭედებოდა, მათ შორის – თუთია, სტიბიუმი, დარიშხანი, ვერცხლისწყალი და ბისმუტი (შეგახსენებთ, ეს ბრანდის ვერსიაა). 1774 წელს ბრანდმა კიდევ ერთი მინერალი აღმოაჩინა, რომელსაც კობოლდებთან, არც მეცნიერების, არც ლეგენდის და არც ზღაპრის დონეზე, საერთო არაფერი ჰქონდა. ეს იყო კობალტის სულფიდი – Co3S4. ბრანდის შემდეგ კობალტის თვისებების შესწავლა ისეთმა ქიმიკოსებმა განაგრძეს, როგორებიც იყვნენ პრუსტი, ტენარი, ბერცელიუსი, ბერგმანი. თუმცა ზოგიერთ ქიმიკოსს არ სჯეროდა ამ ელემენტის არსებობა. ერთი მათგანი იყო უნგრელი ქიმიკოსი პადაქსი, რომელსაც სწამდა, რომ კობალტი დამოუკიდებლად ვერ იარსებებდა – ის ყოველთვის დარიშხათან იყო ბმული.

სხვათა შორის, მინერალ კობოლდის თერმული დამუშავებით დარიშხანის ოქსიდი გამოიყოფოდა და თუ უსაფრთხოების ზომებს არ დაიცავდა, მეცნიერი იწამლებოდა. ამბობენ, ბრანდიც რამდენჯერმე მოწამლულა. მოგეხსენებათ, იმხანად უსაფრთხოების ზომებს სათანადოდ არ იცავდნენ. უფრო მეტიც – რასთანაც მუშაობდნენ ან რასაც მიიღებდნენ, ყველაფერს გემოს უსინჯავდნენ ან ყნოსავდნენ. მაშინდელ ქიმიკოსებს ლაბორატორიაში ყოველთვის ჰყავდათ დამხმარე, როგორიც ახლა ლაბორანტია. სხვაობა ის გახლდათ, რომ დღევანდელ ლაბორატორიებში მომუშავე ლაბორანტებს ქიმიური განათლება აქვთ, იმხანად კი ეს აუცილებლად არ მიიჩნეოდა – თანამშემწეებს უფრო შეგირდებად თვლიდნენ და მექანიკურ საქმეს ავალებდნენ. ჰოდა, ამ შეგირდებს სწამდათ, რომ თუ ქიმიკოსი კობალტის გამოყოფისას მოიწამლებოდა, „მინერალში მცხოვრები” კობოლდები გუნებაზე ვერ იყვნენ და მეცნიერს მათი სიმშვიდის დარღვევისთვის სჯიდნენ. სანამ მინერალის თერმულ დამუშავებას დაიწყებდნენ, მასში „მობინადრე” კობოლდების გულის მოსაგებად თურმე რაღაც სიმღერასაც კი მღეროდნენ.

ის კი არა, თვით კობალტიც საშიშია ადამიანის ორგანიზმისთვის. 60-იან წლებში კობალტის მარილებს ზოგიერთი ლუდსახარში კომპანია ქაფის მდგრადობისთვის იყენებდა. ვინც ყოველდღე ოთხ ლიტრზე მეტ კობალტიან ლუდს მიირთმევდა, კარდიოლოგიური კლინიკის მუდმივი პაციენტი ხდებოდა. ზოგიერთი კი სიცოცხლესაც გამოესალმა. „კობალტიანი კარდიომიოპათიის” ბუმი 1964-1966 წლებში ამერიკაში (ნებრასკასა და მინესოტაში), კანადაში (კვებეკში) და ბელგიაში იყო. მას შემდეგ ლუდსახარშებს კობალტის მარილის გამოყენება აეკრძალათ.

ამრიგად, დღეს კობალტზე ვწერ. შესაძლოა იკითხოთ, რით უნდა იყოს ის ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანიო. გიპასუხებთ: თუნდაც ციანკობალამინის გამო, რომელსაც უფრო B12 ვიტამინის სახელით იცნობენ. ის ჰიდროვიტამინია და ძალიან რთული აგებულება აქვს. შეიცავს კორინის ბირთვს (ამ უკანასკნელს აგებულებით ზოგი ჰემს ამსგავსებს, ზოგიც – პორფირინის ბირთვს), რომელთანაც კობალტის +3 დაჟანგულობის ხარისხის მქონე იონია დაკავშირებული. B12 ვიტამინი ერთადერთია, რომელიც შეიძლება ორგანიზმში დაგროვდეს. კობალამინის ნაკლებობისას შესაძლოა განვითარდეს ანემიის ავთვისებიანი ფორმა – მეგალობლასტური ანემიაა. ადამიანისთვის ამ ვიტამინის წყარო უმთავრესად ცხოველური პროდუქტებია, მათ შორის – ღვიძლი და თირკმელები. ასინთეზებენ ნაწლავის ფლორის მიკროორგანიზმებიც. მისი სადღეღამისო მოთხოვნილებაა 2-5 მკგ.

თუმცა დავუბრუნდეთ კობალტს. ის, ერთი შეხედვით, რკინასავით ბზინავს და მასავით მაგნიტური თვისებები აქვს. წყალი და ჰაერი მასზე არ მოქმედებს. განზავებულ მჟავებშიც რკინაზე ძნელად იხსნება. კობალტს უფრო მეტად შენადნობებში იყენებენ, რომლებიც თბოგამძლე მასალებში შედის. ასეთი შენადნობია, მაგალითად, ვიტალიუმი, რომელიც შეიცავს 65% კობალტს, 28% ქრომს, 3% ვანადიუმს, 4% მოლიბდენს. ვიტალიუმი კოროზიისადმი ძალზე მდგრადია. კობალტის მყარი შენადნობი სტელიტი საჭრელი დანადგარების წარმოებაში გამოიყენება. მისი შემადგენლობა ასეთია: 40-60% კობალტი, 20-35% ქრომი, 5-20% ვანადიუმი და 1-2% ნახშირბადი. როგორც უკვე ვთქვი, კობალტის ნაერთები მინას მოცისფრო-მოლურჯო შეფერილობას აძლევს, ასეთი მინის ფხვნილისგან დამზადებულ საღებავს კი ჭურჭლის გასაფერადებლად იყენებენ და მას „კობალტის ჭურჭელს” უწოდებენ. კობალტის რადიაქტიურ იზოტოპ კობალტ-60-ს მედიცინაში იყენებენ γ-გამოსხივების წყაროდ. სახელიც ორიგინალური აქვს – „კობალტის იარაღი”.

კობალტს კატალიზატორადაც იყენებენ. ლითიუმის კობალტატი ლითიუმის აკუმულატორებში დადებითი მუხტის მქონე ელექტროდად გამოიყენება.

კობალტი ორ ოქსიდს წარმოქმნის: კობალტის (II) ოქსიდ CoO-ს და კობალტის (III) ოქსიდ Co2O3-ს. ამ ოქსიდების შესაბამისი ჰიდროქსიდებია Co(OH)2 და Co(OH)3, მათ კი შესაბამისი მარილები აქვთ, თუმცა სამვალენტიანი კობალტის მარილები არამდგრადია და იოლად გარდაიქმნება ორვალენტიანი კობალტის მარილებად. ცნობილია ასევე შერეული ტიპის ოქსიდი Co3O4 (ან CoO· Co2O3).

უწყლო მდგომარეობაში კობალტის ორვალენტიანი მარილები ლურჯია, მათ წყალხსნარებსა და კრისტალჰიდრატებს კი მოვარდისფრო ფერი დაჰკრავს. აქ, არ შემიძლია, ჩემი ერთი ჯგუფელი არ გავიხსენო, რომელიც ძალიან კარგად ქსოვდა და სტუდენტობის დროს ლაბორატორიაში საათობით ტკბებოდა კობალტის მარილების ყურებით, თან ოხრავდა, სად ვიშოვო ამ ფერის ძაფიო. 

ორვალენტიანი კობალტის ნაერთები ორვალენტიანი რკინის ნაერთებთან შედარებით ძალიან ძნელად იჟანგება, თუმცა ძლიერი მჟანგავების, მაგალითად, ნატრიუმის ჰიპოქლორიტის, თანაობისას დაჟანგვა სწრაფად მიმდინარეობს და ორვალენტიანი კობალტის ჰიდროქსიდი სამვალენტიანი კობალტის ჰიდროქსიდად გარდაიქმნება.
 

სამვალენტიან კობალტს კომპლექსნაერთების წარმოქმნა ახასიათებს. ამ შემთხვევაში ნაკლებ მდგრადობას სწორედ ორვალენტიანი კობალტი იჩენს, რადგან მისი კომპლექსნაერთები ძალზე არამდგრადია. ასეთ ნაერთებში კობალტის საკოორდინაციო რიცხვი ექვსის ტოლია.

ბუნებაში კობალტი შედარებით ნაკლებადაა გავრცელებული. დედამიწის ქერქში მისი შემცველობა დაახლოებით 0,004%-ია. ძალიან ხშირად ის დარიშხანთან ერთად გვხვდება და ალბათ ამიტომ იყო, უნგრელ ქიმიკოს პადაქსს მისი არსებობა დარიშხანის გარეშე რომ ვერ წარმოედგინა.

კობალტი რკინასა და ნიკელთან ერთად მეტეორიტების შემადგენლობაშიც შედის. ხშირად გაიგონებთ, რომ დედამიწას მეტეორიტი უახლოვდება და თუ დაეჯახა, გაგვანადგურებს. მერე ისე ხდება, რომ გვერდით ჩაგვიქროლებს ხოლმე, თუმცა ზოგიერთი ჟურნალისტი და მეცნიერი იმედს არ კარგავს და „გვამშვიდებს”, ეს ახლა აგვცდა, თორემ მაგას კვალში რომ უდგას, ასე, 10-15 წლის შემდეგ აქ იქნება და მერე ნახეთო. მე ასეთ განცხადებებზე მეღიმება – დამეჯახება და მეც აქ დავხვდები, სად წავალ. თუმცა, მოდი, წერილს ასეთ მძიმე ტალღაზე ნუ დავასრულებთ, სახუმარო განწყობა შევძინოთ:

იქნებ კობოლდები კოსმოსში გადასახლდნენ და იქიდან მეტეორიტებით გვიტევენ? ცრუ განგაშის და სენსაციის მოყვარული ჟურნალისტებისთვის ურიგო თემა არ უნდა იყოს, არა?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“