სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როგორ შეიქმნა  პროდუქციის  ხელახლა გადამუშავების  ნიშანი

სხვადასხვა პროდუქტზე  ხშირად შენიშნავთ გადამუშავების ანუ ე.წ. რეციკლირების  ნიშანს – მწვანე ისრებს, რომლებიც დახურულ წრეს ქმნიან.

გადამუშავების ნიშანი პირველად  მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში  შეიქმნა.  აღსანიშნავია, რომ ამ სიმბოლოს რამდენიმე განსხვავებული ვერსია სხვადასხვა დროს  სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ იყო შემოთავაზებული.

გადამუშავების ანუ რეციკლინგის იმ ნიშნის ვერსია, რომელსაც დღეს  ვიყენებთ, ამერიკელ გარი ანდერსონს ეკუთვნის. 1970 წელს,   სირაკიუსის (ქალაქი აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში) უნივერსიტეტის სტუდენტმა, 23 წლის ანდერსონმა,  მონაწილეობა მიიღო კონკურსში, რომელიც  პროდუქციის გადამუშავების აღმნიშვნელი ნიშნის შექმნას  ითვალისწინებდა.

კონკურსი ნიშნის შესაქმნელად ამერიკის კონტეინერების კორპორაციამ გამოაცხადა და  „დედამიწის დღის“ პირველად აღნიშვნას მიუძღვნა.  ჟიურიმ  500-მდე ნამუშევარი განიხილა, რომელთა შორის  ანდერსონის ვერსიაც იყო. მისი დიზაინის მიხედვით, კონკურსზე წარმოდგენილი ნიშანი სამი მწვანე ისრისგან შედგებოდა, რომლებიც სამკუთხედს  ქმნის და  მასალების გადამუშავების ჩაკეტილი წრის სიმბოლოს წარმოადგენს. ავტორის აზრით,  სამკუთხედის კუთხეებში გლუვი გადასვლა სამრეწველო წარმოებაზე მიანიშნებდა.

ნიშნის საფუძველს  მობიუსის ლენტი წარმოადგენდა, რომელიც გარემოსდაცვითი კეთილგანწყობისა და გარემოსადმი ზრუნვის სიმბოლოდ იქცა.

გარი ანდერსონი, გადამუშავების ნიშანი და მობიუსის ლენტი

 

ანდერსონის მიერ შექმნილმა ნიშანმა კონკურსში გაიმარჯვა და ის განვითარებულ ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის თანმხლები  ნიშანი გახდა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ნიშნის ერთ-ერთ პირველ ვერსიაში, რომელიც ანდერსონის დედისადმი მიწერილ სტუდენტობის დროინდელ წერილშია ნაპოვნი, ისრის ქვეშ  მიწერილია  სიტყვები „Recycling“.  ავტორის აზრით,  ნიშანი პროდუქტის კუთხეში უნდა ყოფილიყო დასმული, მაგრამ  საჯარო გამოყენების დაწყებისთანავე  ნიშანი 180 გრადუსით შემობრუნდა.

 

კონკურსის შემდეგ, თავად ანდერსონს, საკუთარი  ნიშანი თითქმის 10 წლის განმავლობაში არც ერთ პროდუქციაზე  უნახავს, სანამ  ერთ დღეს  ევროპაში მოგზაურობისას, მან იგი ამსტერდამში ნაგვის ურნაზე  არ დაინახა.

სხვადასხვა ქვეყანაში რეციკლინგის სიმბოლოს  სხვადასხვა   ვერსია არსებობს, თუმცა გავრცელებული ალტერნატივა ის ვერსიაა, სადაც ლენტა ორჯერ არის გადაგრეხილი. ვინაიდან გადამუშავების სიმბოლო სავაჭრო ნიშანს არ წარმოადგენს,  ამიტომ მისი  საფუძველი  მთელს მსოფლიოში მრავალი ანალოგიური სიმბოლოს საფუძვლად გამოიყენება.

მათ შორის ყველაზე საინტერესო და განსხვავებული ტაივანური ნიშანია, რომელშიც ცენტრისკენ მიმავალი ოთხი ისარი კვადრატს ქმნის, ხოლო  ნიშნის თეთრი სივრცის ელემენტები კი ცენტრიდან გამომავალ ისრებად გადაიქცევა. მეტად მოსახერხებელი და მარტივია  რეციკლინგის ნიშნების სისტემა იაპონიაში.

 

რეციკლინგის ტაივანური  და იაპონური ნიშნები

დღეს გადამუშავების ეს  ნიშანი მნიშვნელოვანი სიმბოლოა მდგრადი განვითარების სფეროში და მოუწოდებს ადამიანებს,  შეგნებულად  და პასუხისმგებლობიანად მიუდგნენ მასალების გადამუშავების პროცესს, რათა შეამცირონ ნარჩენები და დაზოგონ რესურსები. დღესდღეობით, ეს ნიშანი ყველა იმ პროდუქტზეა დატანილი,   რომლებიც შეიძლება  შემდგომი გამოყენებისთვის გადამუშავდეს.

ნიშნის გამოყენება არ საჭიროებს ლიცენზიას. საჭიროა მხოლოდ მწარმოებლის სურვილი და, ზოგიერთ შემთხვევაში, ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოების ნებართვა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“