სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ნიჭი, როგორც მემკვიდრეობა

„ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“, ალბათ ეს ფრაზა მილიონჯერ მაინც გაგიგონიათ. მათ შორის, თქვენი მისამართითაც.

ან იქნებ პირიქით, თქვენი მისამართით ეს ფრაზა არასდროს თქმულა, მხოლოდ იმას გეუბნებოდნენ, რომ „ბეჯითი და მუყაითი“ ხართ?!

„ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“ – ეს ფრაზა მასწავლებლებს ხშირად ქება ჰგონიათ. ერთი მხრივ, თუ დავაკვირდებით, ასეცაა. თუმცა მოსწავლეზე ის არ მოქმედებს, როგორც პოზიტიური შეფასება. ეს უფრო ეგოს გაგულისებაა, იმის დაჯერება, რომ ზარმაცი ვარ, მაგრამ ნიჭიერი და ბოლოს მაინც ყველაზე უკეთ გამომდის ყველაფერი. და როცა საბოლოოდ ყველას შესრულებულ სამუშაოს ნახავენ და მიხვდებიან, რომ ჩემი ყველას სჯობს, გაუკვირდებათ – რანაირად, ეს ხომ ზარმაცია, არ სწავლობსო. მაგრამ დააყოლებენ, სამაგიეროდ ნიჭიერია და ამიტომ ყველაფერს შეძლებს, წარმოიდგინეთ, ეს რომ იმდენს მეცადინეობდეს, რამდენსაც ის, ხომ საერთოდ მთებს გადადგამდაო.

ეს ამპარტავნული და, რაც მთავარია, სიცრუით სავსე შხამი ნელ-ნელა იკიდებს ფეხს მოზარდის გონებაში და ის იწყებს დაჯერებას, რომ ყველაზე ნიჭიერია და ყველაფერი ყოველთვის სხვებზე კარგად უნდა გამოუვიდეს. ამ ყველაფერს უამრავი უარყოფითი მომენტი ახლავს თან.

ნიჭიერს, პირველ რიგში, აუცილებლად ისეთ ბავშვს ეძახიან, რომელიც, როგორც წესი, დასაწყისიდანვე აჩვენებს აკადემიურ წარმატებას; მალე სწავლობს წერას, კითხვას, ანგარიშს, გამრავლების ტაბულას და სხვა საბაზისო რამეებს. ასეთ დროს მოსწავლეები ქების ზედოზირებას იღებენ ხოლმე, რაც ნელ-ნელა არწმუნებთ იმაში, რომ გამორჩეული არიან და ყველაფერი სრულყოფილად უნდა გამოუვიდეთ. სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება, თუ ეს ნიჭი „მემკვიდრეობით აქვთ მიღებული“ და ეს გამუდმებით ჩაესმით. მაგალითად, ასეთი ბაბუის შვილიშვილია და აბა რა იქნება; ასეთი ჭკვიანი დედა ჰყავს, აბა სხვანაირად როგორ და ა.შ. მსგავს ქებას დადებითი გავლენა იშვიათად აქვს: კი, შესაძლებელია, იმ მომენტში ბავშვისთვის წამახალისებელი აღმოჩნდეს, თუმცა პარალელურად ბავშვი იწყებს იმის დაჯერებას, რომ მისი ნიჭი სრულყოფილია და ასეთი ბებიისა და დედის შვილმა შეცდომა არაფრით არ უნდა დაუშვას. გაასმაგებულად საშიშ სიტუაციაში შევალთ, თუკი მოსწავლეს მართლა აქვს ისეთი ოჯახური გარემო, რომელსაც მის მიერ დაშვებული შეცდომის, დაბალი ქულის ან რაიმე მსგავსის მიმღებლობა არ აქვს. ასეთი სიტუაციიდან ვიღებთ პერფექციონისტს, რომელიც მთელი ცხოვრება ვერ პატიობს თავს დაშვებულ შეცდომებს, ყოველთვის მკაცრად ექცევა თავს და გამუდმებით ბევრს ითხოვს მისგან, სულ მცირე დეტალსაც დიდხანს უკირკიტებს და ა.შ.

„ნიჭიერს, მაგრამ ზარმაცს“ რომ დავუბრუნდეთ, ასეთ მოსწავლეებს არ ასწავლიან ყველაზე მთავარს, რომ ნიჭი უნივერსალური არასდროსაა. შეიძლება რაღაცაში მქონდეს ნიჭი, რაღაც კი საერთოდ არ გამომდიოდეს. ვიღაც კარგად წერს, ვიღაც კიდევ უკეთ; ვიღაც უკრავს, ვიღაც ლამაზად ხატავს; ვიღაცამ კი უკვე რაღაც ააწყო ფიზიკის კაბინეტში. ჩვენ ყველა სხვადასხვა კუთხით ვვითარდებით, ჩვენი ინტერესებისა და გატაცებების მიხედვით, და ამავდროულად საკუთარ თავზე მუშაობით ნებისმიერი უნარის შეძენა და დახვეწა შეგვიძლია. როგორც ჩანს, ამ ყველაფერზე ბავშვებთან საუბარი უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ მათი ორ კატეგორიად – ნიჭიერებად და ბეჯითებად დაყოფა.

ამის გამო ე.წ. ნიჭიერები იჯერებენ, რომ ყველაზე უკეთესები არიან და ნებისმიერი რამ, რაც საპირისპიროზე მიუთითებს, მათთვის ტრაგედიად იქცევა. ყალიბდება შიში, რომ მათი გაკეთებული ნებისმიერი საქმე შეიძლება ისეთი კარგი არ იყოს, როგორც მათ ნაქებ ნიჭიერებას შეეფერება. სწორედ ასე იწყება პროკრასტინაცია. როცა ადამიანმა იცის, რომ რაღაც აქვს გასაკეთებელი, შფოთავს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქმის თავის დროზე დაწყება და შესრულება თავიდან აირიდოს. ეს ჩუმი, უმართავი შიშია იმისა, რომ მისი გაკეთებული საქმე არ ივარგებს, რომ რაღაც ისე ვერ გამოვა, რომ შეიძლება ჩაფლავდეს, ეს კი მას არ ეკადრება.

სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი პატარა ადამიანებისაკენ მიმართული ყველა სიტყვის აწონა, თუნდაც ქება გვეგონოს, მასაც თავისი საზღვრები აქვს. არ დააჯეროთ მოსწავლე, რომ ყოველმხრივ ნიჭიერია და ყოველთვის ყველაფერი გამოუვა. უთხარით მას, რაშია საუკეთესო, რაში კარგი და რას შეძლებს უკეთესად, თუ უფრო მეტს იმუშავებს. უთხარით, რომ ის კარგია, მხოლოდ იმიტომ, რომ თავის თავს ჰგავს და არა ექიმ მამას ან მათემატიკოს ბებიას. უთხარით, რომ მილიონ შეცდომას დაუშვებს და მილიონ საქმეს ჩააფლავებს, მაგრამ ეს მხოლოდ პროცესია, რადგან ორ მილიონს გააკეთებს და ორმილიონჯერ იამაყებს ამით.

რაც მთავარია, სამუდამოდ დაივიწყეთ „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“, რადგან ეს მოსწავლეს არც ქებად წაადგება და არც დამუნათებად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი