ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

პოეტი-მედიუმი (გივი გეგეჭკორის პოეზია)

გივი გეგეჭკორის პოეზია ძიების სულისკვეთებითაა გამსჭვალული. ეს ძიება, უპირველესად, გულისხმობს გამოთქმის ხელოვნების გამრავალფეროვნებას, საკუთარი ხმის, ფორმის, რიტმის, ინტონაციის გამოკვეთას მდიდარ ქართულ პოეტურ სივრცეში. მის ლექსებში მოჩანს ტრადიციული გამოცდილებაც და ნოვატორობის ელემენტებიც. გივი გეგეჭკორი ლექსებით საკუთარ ორიგინალურ სამყაროსეულ მოდელს ქმნის, რომელშიც ადამიანი თუ რეალობა მეტამორფოზას განიცდის. პერსპექტივების ცვლა, საგანთა და მოვლენათა აღქმისა და დანახვის რაკურსების გამუდმებით მონაცვლეობა ქმნის ფანტასმაგორიულობის ეფექტს. მის ლექსებში ლირიკული გმირის სამყაროსა თუ საკუთარ თავთან შეხვედრისას აღძრული ემოციები, ფიქრები ნაირგვარ კონტექსტში წარმოჩნდება. მის პოეზიაში ირაციონალურისა და რაციონალურის, მატერიალურისა თუ მეტაფიზიკურის გზაჯვარედინები იხატება იმისათვის, რომ მკითხველი კიდევ ერთხელ დაფიქრდეს არსებობის აზრსა და მიზანზე. უჩვეულო ტროპულ სახეთა მეშვეობით, ორიგინალური პარალელებითა თუ ანალოგიებით პოეტი სამყაროს განსხვავებული რაკურსით დაგვანახვებს, აქამდე შეუმჩნეველ დეტალებზე გაგვამახვილებინებს ყურადღებას და ამგვარად აღქმის საზღვრებს აფართოებს. ამ ლექსებში ერთმანეთს ენაცვლება და მსჭვალავს მორალურ-ზნეობრივ თუ ესთეტიკურ ფასეულობათა სივრცეები.

 

მისთვის პოეტი არის მედიუმი რეალურსა და უხილავ განზომილებებს შორის, „შუა მავალია“, აკაკისეული „შუაკაცია“, სიტყვის, ლოგოსის, ღვთის მსახურია, რომელიც მკითხველს, უპირველესად, სამყაროს მშვენიერებას დაანახვებს. პოეტი, თანვე, მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალული პასუხისმგებლობიანი ადამიანია, რომლის ვალია, საზოგადოებისთვის მარადიულ ღირებულებათა შეხსენება, მანკიერებათა მხილება, დაჩაგრულის შეწევნა, სამართლიანობისთვის ბრძოლა:

 

„ლექსი ზოგისთვის არის თამაში

და ბეწვის ხიდი არის ზოგისთვის,

სადაც ვერავინ დაგეხმარება

და ხელს ვერავინ ვერ გამოგიწვდის.

წინადადებას თუ ზმნა ალაგებს,

ზმნის გარდა ვერვინ ვერ მიშველიდა,

ო, სიტყვა ისე მძიმეა, თითქოს

დაჭრილს მივათრევ ბრძოლის ველიდან.

მე მინდა მიხვდე, როგორ ვიცხოვრე,

პატიოსნების რად ვარ ქომაგი,

ჩემო ძვირფასო, ქუდი პოეტის

მძიმეა ისე, ვით მონომახის“ („პოეტის ქუდი“).

 

ამ თვალსაზრისით, ის ეხმიანება დავით გურამიშვილისეულ „მართლის თქმის პრინციპსაც“, მე-19 საუკუნის სამოციანელთა (ილიას, აკაკის, ვაჟას) ესთეტიკურ მრწამსს. იგი მკითხველს აღვიძებს, თვალს უხელს იმისთვის, რომ მან წარმავალ წუთისოფელში საყრდენები იპოვოს.

 

მისი ლირიკული მე, ალტერ ეგო თუ პოეტური ნიღაბი, სამყაროსა თუ საკუთარ თავთან გამუდმებულ დიალოგურ ურთიერთობაშია. პოეზია მისი იდენტობის მთავარი განმსაზღვრელია. მისთვისაც, როგორც თანამედროვე ესპანელი პოეტი მიგელ დორსი ამბობს, „პოეზია ეგზისტენციალური სიცარიელის ამოსავსებად იწერება“ (დორსი 2021: 241). ეჭვებით დაღლილსა და უსაზრისობით შეპყრობილი პოეტისთვის პოეზია მყუდრო, მაგრამ დროებითი თავშესაფარია, ერთგვარი სავანეა, სადაც სულს მოითქვამს, ძალას იკრებს, სასიცოცხლო ენერგიით ივსება, რათა შემდგომ სიტყვას მისცეს ქმედების ძალა. ამ შემთხვევაშიც, გვაგონებს ის მე-19 საუკუნის კლასიკოსებს, რომლებიც მწერლობას „წმინდა საქმედ“ (ვაჟა-ფშაველა), ხალხისა და ღვთის მსახურებად მიიჩნევდნენ.

 

მის არაერთ მიძღვნილ ლექსში ჩანს, რომ მისთვის პოეზიის განზომილება რეალობას აღემატება:

 

„წიგნი შენი სახლია,

შენი ტაჯ-მაჰალია

და სასახლე დოჟის.

იგი აღმართულია

რიტმისა და მუსიკის

ვიწრო ხეობაში,

მიაბიჯებ ამაყად

და თვე მოგდევს თორმეტი

ვით თორმეტი პაჟი“ („შენი სამფლობელოა“).

 

გივი გეგეჭკორისთვის პოეტი თავისუფალი, გამორჩეული ადამიანია, რომელიც თვითონვე ქმნის თავის ბედისწერას. ამიტომაც მისი ლირიკული გმირიც ხან ოდისევსს მოგვაგონებს, შინისკენ რომ მოისწრაფვის და ამ გზაზე ათას ხიფათს აწყდება, ხან გილგამეშივით გარბის სიკვდილის შიშით დათრგუნვილი, რათა უკვდავება მოიპოვოს, რომ, როგორც ოთარ ჭილაძე ამბობს: „იცხოვროს მაშინაც, როცა აღარ იქნება“ („თიხის სამი ფირფიტა“). იგი პოეზიის გზით მოიპოვებს თავისუფლებას:

 

„მე მოვდიოდი შენკენ ცახცახით, მე ვიქცეოდი და მე ვგმინავდი,

მე მოვდიოდი და ქარი მხრიდა… აქვითინებულს და გაღიმებულს,

მე შენს წიაღში გაჩენის დღიდან მინდოდა ძილი და გაღვივება,

მე ვიყავ ლტოლვა, ვიყავ სიცოცხლე, ვიყავ ძიება…

როგორც ნაფოტი, წყალს მივყვებოდი

და მე ვიცოდი ვისთან და ვისკენ მივისწრაფოდი“ („მზიანი დღე“).

 

მისი პოეზია მისივე სულიერი ცხოვრების რუკაა, როგორც გივი მარგველაშვილი წერს ლექსში „მე წიგნის გმირი ვარ“:

 

„მე წიგნის გმირი ვარ.

ჩემს წიგნში – მე მას ჩემს ბიოგრაფიულ რუკასაც ვუწოდებ –

ზუსტად მიწერია ჩემი ბედისწერა.

მატარებელივით მივიწევ იქ წინ.

ჩემი ცხოვრების ხაზი ამ წიგნის

ყველა თავში უცვლელი რჩება.

დღე, როდესაც მავანი მკითხველი

ამ მარშრუტს აირჩევს _ ჩემი დაბადების დღეა“.

 

პოეტი ხშირად ალუზიებით აფართოებს ლექსის საინტერპრეტაციო საზღვრებს:

 

„შენ გადადიხარ, როგორც ულისე,

ხან წარსულიდან მომავლისაკენ,

ხან მომავლიდან – კვლავ წარსულისკენ“ („მეორე მდინარე“).

 

გარდა ჰომეროსისეული ოდისევსისა, აქ უფრო მეტად ახალი დროის ულისე, ჯოისის ლეოპოლდ ბლუმის სახე წამოტივტივდება, ლექსშიც ქვეცნობიერის ნაკადებით ლირიკული გმირი სულიერ კრიზისს გამოხატავს.

 

პოეტი რომ მარგინალია, ერთგვარი „იეროგლიფია“ სხვებისთვის, ამას კარგად გამოხატავს ლექსი პროზაული სათაურით (ამგვარი სათაურებიც დამახასიათებელია მისთვის)(„ლექსი იმის შესახებ, თუ რა ზიანი და სიკეთე მოაქვს წიგნის კითხვას“). ლექსში ალუზიებია მწერლებისა და პერსონაჟებისა, ანდერსენის, კიპლინგის, დევიდ კოპერფილდის, მანონ ლესკოსი. ესენი ქმნიან მის ოცნებისეულ სამყაროს, ხოლო რეალობაში:

 

„შენ წინ ოვიდიუსის

ჯდება მეტამორფოზა

მაგიდასთან ხშირად,

კაცი – გადაქცეული

ქვემძრომად და პირუტყვად,

ქალი – მზესუმზირად“ .

 

პოეტისთვის მატერიალურ სამყაროს მიჯაჭვული, პრაგმატული, მხოლოდ რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი განწირულია ნაცრისფერი არსებობისათვის. „ვინ არის პოეტი?~ _ კითხვას სვამს კირკეგორი და თვითონვე ასე უპასუხებს: `სულიერად გატანჯული უბედური არსება, რომლის გმინვაცა და კვნესაც საუცხოო მუსიკად გაისმის. მისი ბედი შეიძლება შევადაროთ იმათ ხვედრს, ვისაც ცოცხლად წვავდნენ ნელ ცეცხლზე ფალარისის სპილენძის ხარში. ტირანს ვერ შეაძრწუნებდა მსხვერპლთა საშინელი მოთქმა-გოდება _ ეს ხმა ტკბილ მუსიკად ჩაესმოდა. ადამიანებიც ირევიან პოეტის გარშემო და იმეორებენ: იმღერე, კიდევ იმღერე!~ თითქოს ამბობდნენ _ დაე, სული შენი ეწამოს, ოღონდ ბაგეებიდან აღმომხდარმა გმინვამ კვლავაც აგვაღელვოს და დაგვატკბოს თავისი საუცხოო ჰარმონიით~.

 

„შენ ნებისყოფის ჯვარზე გაკრულო,

სიცოცხლე უნდა გადაარჩინო,

აი, ამქვეყნად რისთვის მოხვედი,

აქ არის მხოლოდ შენი სამოთხე,

შენი გოლგოთა და ჯოჯოხეთი!“ („ტრანზისტორი“).

 

პოეტი სარტრისეული ეგზისტენციალიზმის მთავარი პრინციპებით ცხოვრობს, რომ „ადამიანი არაფერია იმის გარდა, რადაც ის საკუთარ თავს აქცევს“ და „არსებობა წინ უსწრებს არსს“.

 

„ის, რაც სხვისთვის ფიტული

და საბავშვო თეატრის არის რეკვიზიტი,

შენთვის სულიერია, შენთვის ჯადოქრობაა

და სამოთხის ჩიტი“ ( „ანა კალანდაძეს“).

 

ესპანელი პოეტის, მიგელ დორსისთვის მისტიკა, საიდუმლოება ჩვენ გვერდითაა, მჭიდროდ ჩაქსოვილი ჩვენს ყოველდღიურობაში, „ნებისმიერი რამ შეიძლება გამოდგეს კარად“ იმასთან შესახვედრად, ვინც „დროის მიღმაა, ჰაერის უხილავ ზღურბლს მიღმა“.

 

„არ არსებობდა ჩემთვის ჯებირი,

და ვიგრძენ ლტოლვა კვლავ უძველესი,

როდესაც სივრცეს მოწყურებული,

მზერა ცხენივით გარბის ველებში.

მე ვიდექ ცხადის და სიზმრის ზღვართან,

დღე მპირდებოდა მხოლოდ სამოთხეს,

დრამა დასრულდა, დაუშვეს ფარდა.

ცხედრები უკვე ზეზე წამოდგნენ“ („მეთხუთმეტე პალატა“).

 

სოფელი და ქალაქი მის შემოქმედებაში სიმბოლურად ღვთაებრივისა და მიწიერის საწყისებს გამოხატავს. სოფელი ინახავს მის შეურყვნელ ბავშვობას (ერთ ლექსში აღწერს, როგორ გაოცებული უყურებს საკუთარ თავს ბავშვი). ქალაქი ცოდვით დაცემის სივრცეა. ამიტომაც არის ხშირად მისი გმირი გაორებული. ერთი ისწრაფვის ბუნებისაკენ, გახსნილი სივრცისკენ, ეს მე-მწყემსია, იალაღებზე მოხეტიალე, მეორე მე კი ოთახში გამოკეტილი მწიგნობარია. პირველისთვის სამყარო ფერადოვანია:

 

„ბოტიჩელის ვენერა

სიზმრად ყვითელ ნაწნავებს

აქეთ-იქით იქნევს“…

 

მეორე კი ბერს ჰგავს, შიო მღვიმის ლავრაში „სვინაქსარს წერს დაყუდებული სინგურით და მურით“ („ლექსი გაორებულ კაცზე“). მის ბედისწერაზე გავლენას ახდენს სიყვარული, როგორც გარდამქმნელი და მხსნელი ძალა, რომელიც ადამიანს ათავისუფლებს წუთისოფლის საპყრობილიდან. ქართული პოეზიაში სიყვარულზე დაწერილ ლექსებს შორის გამორჩეულია მისი „შენ სულამითი შეგიყვარდა ბოლოს, სოლომონ“, რომელშიც ექსპრესიულად წარმოჩნდება ბიბლიური სოლომონის ვნებიანი სიყვარულის ამბავი. „ქებათა-ქებისეული“ ინტონაციებით გამსჭვალული სტრიქონები მეტყველებენ ლირიკული გმირის ღრმა შინაგან ღელვაზე, რომელსაც იწვევს სულამითთან შეხვედრა:

 

„ქალწულის მზერამ გაგაღვიძა, როგორც ასკეტი,

და სიყვარული პირველი და უკანასკნელი

თითქოს ზურგიდან მოგეპარა მოულოდნელად,

თვალებზე ხელი დაგაფარა ვაზის ფოთლებად

და როცა თრთოლვით და ჩურჩულით გითხრა სალამი,

იმისი შუქი თავს დაადგა მთელ ერშალაიმს“ („შენ სულამითი შეგიყვარდა ბოლოს, სოლომონ“).

 

ქვეტექსტურად კი ხმიანდება და ღვარად მოედინება ბიბლიის სტრიქონთა სურნელი: „გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს!“ (ქებათა-ქება“, 8, 4).

 

ეთიკა და ესთეტიკა მის პოეზიაში განუყოფელია, ამიტომაც პოეტი უდიდეს ყურადღებას აქცევს გამოთქმის ხელოვნებას. ზუსტად შენიშნავს თეიმურაზ დოიაშვილი მისი პოეზიისთვის დამახასიათებელ ერთ მნიშვნელოვან პრინციპს: „მის მხატვრულ სახეებში ხშირად ისეთი ობიექტებია შედარებული, რომელთაგან ერთ-ერთი, როგორც წესი, ყოფითი სინამდვილიდან არის აღებული. სახე იმგვარად არის ორგანიზებული, რომ შესადარებელი საგნის „პოეტიზაცია“ კი არ ხდება, არამედ მისი გადანაცვლება მაღალი რეგისტრიდან ყოველდღიურობისაკენ. სახის ამგვარი არატრადიციული აგება უჩვეულობისა და მოულოდნელობის სასიამოვნო განცდას ბადებს:

„ისე შენახულია

იმის ბებრულ მზერაში

და გაბზარულ ხმაში

სული დაუჟანგავი,

ვით კარადის უჯრაში

დანა-ჩანგლის ფრაჟი“ .

 

ასეთი ორიგინალური მხატვრული სახეებით სრულიად განსაკუთრებული პოეტური ეფექტი იქმნება, რაც გივი გეგეჭკორის პოეზიას სხვათაგან განასხვავებს.

 

„ძნელი არის ცხოვრება…

შენ კი უნდა ბოლომდე მიიყვანო როლი,

სანამ უცებ გაქრები,

ისე, როგორც ენის ქვეშ ქრება ვალიდოლი“ („ნათურა დღისით“).

 

ამ მხრივ, მისი ნათესაობა შეიძლება შევნიშნოთ ნიკო სამადაშვილთან, რომელიც წერს:

„ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა

და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს („ატენის სიონი“).

 

ამ თვალსაზრისით, ის ეხმიანება ფრანგულ პოეზიასაც, რომლის არაერთი ნიმუში შესანიშნავად თარგმნა. ამაღლებულის ჩვეულებრივში გამოვლენის მაგალითია გიიომ აპოლინერის ლექსი „კელნის ქალწული ლობიოს ყვავილით ხელში“, რომელშიც არაპოეტური ლობიოს ყვავილი თითქოს უფრო ამშობლიურებს ღვთისმშობელს:

 

„ქერა ქალწული ათამაშებს ლობიოს ყვავილს

და პაწაწინა უკავია კიდევ ზვარაკი

ქერა იესო და წინდაწინ იხდის პარაკლისს

ლურჯი თვალები და თვალები უმაკო კრავის“ .

 

გივი გეგეჭკორის ყოველი ლექსი ერთი მთლიანობაა, ახალი პოეტური განზომილებაა, როგორც ელიოტი წერს: „პოეტის გონება მართლაც რომ სკივრია, რომელიც აგროვებს და ინახავს ურიცხვ გრძნობებს, ფრაზებს, ხატებს. ისინი იქ რჩებიან, ვიდრე თავს არ მოიყრის ყველა ნაწილი, – შეკავშირების უნარი რომ აქვთ, – ახალი ერთიანობის შესაქმნელად.

 

„თრთოდა საღამო, ვით მეგრული ჩონგურის სიმი,

და შემოგარენს ცისფრად ღებავდა,

და ჩვენ ვიდექით დიდხანს პირისპირ

საკუთარ ღმერთთან და ბუნებასთან.

ჩიტის გალობით მხოლოდ დროებით შეჩერდა ჟამი,

როცა შებინდდა

და რამდენ კაცსაც ჩაეხედა, იმდენი კაცი იმზირებოდა

გამჭვირვალე გუბეებიდან“ (არქაიპოლისი“).

 

თომას სტერნზ ელიოტი თავის ცნობილ ესეiში „ტრადიცია და ინდივიდუალური ნიჭიერება“ მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ნამდვილ პოეტს წარსულსა და თანადროულობასთან. მისი აზრით: „ისტორიის შეგრძნება გულისხმობს, რომ წარსული არა მარტო წარსულად აღვიქვათ, არამედ თანამედროვეობადაც, ისტორიის შეგრძნება აწერინებს კაცს არა მხოლოდ თავისი თაობის პოზიციიდან გამომდინარე, არამედ ისე, თითქოს მთელი ევროპული ლიტერატურა, ჰომეროსიდან მოკიდებული, და მასთან ერთად მისი მშობლიური ქვეყნის ლიტერატურა, ერთდროულად არსებობენ და ერთიან წესრიგს ქმნიან. ისტორიის შეგრძნება, რომელიც შეგრძნებაა დროისა და წარმავლობისა, – ორივესი ერთად, – მწერალს ტრადიციულობას ანიჭებს. აგრეთვე მძაფრად შეაგრძნობინებს ადგილს დროსა და თანადროულობაში“. ისტორიის სწორედ ამგვარი შეგრძნება და რეალობაში გაცოცხლება ახასიათებს გივი გეგეჭკორს. მის პოეზიაში წარსულის სურათები გახსენებულია თანამედროვეობის პრობლემათა გამოსახატავად. ლექსში „თევდორე“ პოეტი ხატავს თავგანწირულ ადამიანს, თანვე, ამგვარ კაცს თანამედროვეობაში მოისაკლისებს. ლექსის ექსპრესია, ლირიკული გმირის ემოციური მღელვარება მკითხველსაც გადაედება:

 

„ხალხმა არ იცის, ვერ გაუგია

საქართველოში მოსვლა სატანის

და ორღობეში ღვივის თებრონეს

აყვავებული კაბის ატამი“.

 

ამგვარად, გივი გეგეჭკორის პოეზიაში დარღვეული დრო-სივრცე მთლიანდება და მარადისობის პერსპექტივა ჩნდება. პოეტი ნათელმხილველივით ჭვრეტს არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის, არამედ კაცობრიობის წარსულის, აწმყოსა და მომავლის ფუნდამენტურ კანონზომიერებებს. ის მხატვრული სიტყვით ცდილობს და ახერხებს კიდეც მკითხველის სულში იმ ნაპერწკლის გაღვივებას, რომელსაც გაღვიძება მოჰყვება, რათა ადამიანმა წარმავალ წუთისოფელში მარადისობის ნაკვალევი შეამჩნიოს და მისდიოს მას სულის გადასარჩენად:

 

„თოკს მოვიტან.

ღამის ორმოდან ამოცოცდეს.

გაიღვიძოს! გაიღვიძოს!

ღამით მოგზაურობს სული.

გაიღვიძოს! გაიღვიძოს!

თვალები გაახილოს!

ეგ არ არის მისი თვალები.

ვისი თვალებია?

თავისი თვალები გაახილოს“ („გაიღვიძოს! გაიღვიძოს!).

 

ეს ლექსი თავისი პათოსით ეხმიანება ბესიკ ხარანაულის „ხეიბარ თოჯინას“, რომელშიც საკუთარი თვალებით „გაღვიძება“ და ყოველდღიურობის რუტინიდან ამოსვლა გადაულახავ დაბრკოლებად იქცევა.

 

ბოდლერი წერს ერთ პროზაულ ლექსში „მხატვრის აღსარება“: „მშვენიერების წვდომა უთანასწორო დუელია, სადაც მხატვარი ბედითად მოთქვამს საბოლოო დამარცხებამდე“ . გივი გეგეჭკორის, როგორც პოეტის, ბედისწერა მჟღავნდებოდა ამ იდუმალების მტანჯველ ძიებაში. ამ გზას ის ინტელექტისა და ინტუიციის საშუალებით მიიკვალავდა და მითოპოეტურ განზომილებას ქმნიდა:

 

„მე მეკუთვნოდი,

გაქრობამდე მე მეკუთვნოდი,

შენ, იდუმალთან ზიარების ძვირფასო წამო!

გაღვიძებული ანგელოსის თეთრი მუხლები

აფრიალებდა იისფერი ხავერდის სამოსს“ („შოპენი, კონცერტი, მი-მინორი“).

 

მას, როგორც ჩვეულებრივ მოკვდავს, ეშინოდა წარმავლობის, არარაობის, გაქრობის, ამიტომაც ცხოვრებას ადარებდა „მაღალი ტაძრის გუმბათში პეპლის ფარფატს“ („სიმღერა“), მაგრამ მან პოეზიით გადალახა შიშის საზღვრები და მკითხველის წარმოსახვაში ამგვარად დარჩა:

 

„მე ბედნიერი

ვარსკვლავების გასწვრივ მივქროდი,

მარადისობის ოცნებებით ნასაზრდოები“ („შოპენი, კონცერტი, მი-მინორი“).

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი