კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

შიშით განლეულნი

(ოთარ ჩხეიძე, „უხსენებელი“; გი დე მოპასანი,შიში“)

შიშის ფენომენი მერყეობიდან სიმტკიცეში, ინსტინქტის მონობიდან შვება-გააზრება-თავისუფლებაში გადადინებ-გადმოდინებაა. მოკლედ ამას სიცოცხლე ჰქვია, რომელიც სავსეა გაცნობიერებული (შიში, რომელიც გიბიძგებს ზნეობრივი წესრიგისაკენ – „შიში შეიქმს სიყვარულსა“ ანუ ღვთის შიში) და გაუცნობიერებელი (ინსტინქტური, წამლეკავი, სხეულებრივი) შიშებით.

სიმამაცე არ ნიშნავს შიშისგან დაცლას, ის მისი დაძლევაა, დავიწყება. რწმენაც ამარცხებს ყველანაირ შიშს (რომელთა სათავე სიკვდილის შიშია) – „შიშმა დააკაკუნა კარზე, რწმენამ გააღო… და კარში არავინ დახვდა“.

„ეგზისტენციალურ შიშს“ ხანდახან არქმევენ მღელვარებას, შფოთვას და ტანჯვასაც კი. ამ ტერმინს ბევრი მოაზროვნე იზიარებს. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის უსიამოვნო გრძნობა, რომელიც ადამიანს ეუფლება თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მიმართ. ამ გრძნობის ამსახველ ერთგვარ არქეტიპულ მაგალითს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც კლდის პირას დგას და ეშინია არა მარტო იმისა, რომ ჩავარდეს, არამედ იმისაც, რომ შეიძლება, საკუთარი ნებით გადახტეს კლდიდან. ამ დროს იგი გრძნობს, რომ  არაფერი იჭერს და დაბნეულია – ვერ ხვდება, გადახტეს თუ ადგილზე დარჩეს. ამგვარად ის აცნობიერებს საკუთარ თავისუფლებასაც.

ტერმინი „შიში“ პირველად გამოიყენა სიორენ კირკეგორმა თავის ნაშრომში „შიშის ცნება“. ცხოველები ინსტინქტით მოქმედებენ, ადამიანები კი თავისუფალ ნებას გამოხატავენ, რაც, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, შიშს იწვევს მათში. კირკეგორის შიშის ცნება გაიზიარეს სხვა ფილოსოფოსებმაც: ფრიდრიხ ნიცშემ, სარტრმა, ჰაიდეგერმა. თითოეულმა მათგანმა შიშის იდეა საკუთარი ინტერპრეტაციით განავრცო. კირკეგორი შიშს უკავშირებდა პიროვნული, რელიგიური, მრწამსის წინაშე მდგომი ადამიანის მორალურ თავისუფლებას, რომელიც ფილოსოფოსმა აბრაამის მაგალითზე განიხილა. სარტრი თავის წიგნში „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“ კირკეგორის „აბრაამის შიშს“ ეგზისტენციალური კრიზისის დასახასიათებლად იყენებს: „შიში მაინც არის, მაშინაც კი, როცა მას მალავენ. ეს ის შიშია, რომელსაც კირკეგორი უწოდებდა აბრაამის შიშს. თქვენ იცით ეს ისტორია. ანგელოზმა უბრძანა აბრაამს, მსხვერპლად შეეწირა თავისი ვაჟი. კარგია, თუ ის ნამდვილად იყო ანგელოზი, რომელიც მოვიდა და თქვა: შენ აბრაამი ხარ და შენ მსხვერპლად შესწირავ შენს ვაჟს. მაგრამ ყველას აქვს უფლება იკითხოს: ნამდვილად არის ის ანგელოზი და ნამდვილად ვარ მე აბრაამი? სად არის ამის დადასტურება?“

ეს ტიპური ფილოსოფიური „ეჭვიანობაა“ და ჩხრეკა იმისიც კი, რისი ახსნაც ადამიანურ გონებას არ ხელეწიფება. გვიანდელი ეგზისტენციალისტები შიშს უკავშირებდნენ პიროვნულ პრინციპებს, კულტურულ ნორმებს და ეგზისტენციალურ სასოწარკვეთას.
კირკეგორს მიაჩნია, რომ შიში დადებითი მოვლენაა, რადგან ამ დროს ადამიანი შინაგან წიაღსვლებშია და სიცარიელეს გრძნობს. ეს შეიძლება სულიერი მოტივატორი იყოს პიროვნებისთვის, რათა მან საკუთარ არსებობას გარკვეული დანიშნულება, მეტი საზრისი მიანიჭოს და უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს. თავის ნაშრომში „შიში და ძრწოლა“ კირკეგორი წერს: „მე შემიძლია, მთელი ჩემი ძალისხმევით უარვყო ყველაფერი და ვიპოვო სიმშვიდე ტკივილში. მე შემიძლია, დავძლიო ყველაფერი – თუნდაც საშინელი დემონი, უფრო საზარელი, ვიდრე ჩონჩხი, რომელიც მაძრწუნებს მე. თუკი სიგიჟე გამომეცხადება მასხარას კოსტუმში და მანიშნებს, რომ მე უნდა ჩავიცვა ის, მე მაინც საკუთარ სულს გადავარჩენ, რადგან ჩემთვის ღმერთი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამქვეყნიური ბედნიერება”.

ეგზისტენციალური შიში არის მღელვარება, რომელსაც ადამიანი განიცდის არაფრის წინაშე. ეს განსხვავდება შიშისგან, რომელიც ადამიანს რაიმე კონკრეტული ობიექტის წინაშე უჩნდება. როდესაც კაცს აქვს შიში კონკრეტულის მიმართ, არსებობს გზებიც ამ შიშისგან ხსნისა, „ეგზისტენციალური შიშისგან“ თავის დახსნა კი შეუძლებელია. სიტყვა „არაფერი“ ამ შემთხვევაში გულისხმობს საკუთარი ქმედების არაპროგნოზირებადი შედეგებისა და თავისუფლების შიშსაც, როცა ადამიანი აანალიზებს, რომ ის პასუხისმგებელია შედეგებზე. „უპირველეს ყოვლისა, რა იგულისხმება შიშში? ეგზისტენციალისტი სიამოვნებით განაცხადებს, რომ ადამიანი – ეს შიშია. ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც რაღაცას გადაწყვეტს და შეიმეცნებს, ირჩევს არა მარტო თავის საკუთარ ყოფნას, არამედ იგი არის, აგრეთვე, კანონმდებელიც, რომელიც ირჩევს თავის თავს და მთელ კაცობრიობას. მას არ შეუძლია, გაექცეს პასუხისმგებლობის სრულ და ღრმა გრძნობას“, – წერს სარტრი. არაფერია ამქვეყნად  ისეთი (თუნდაც გენეტიკა), რაც პიროვნების მაგივრად მოქმედებს და რომლისთვისაც შეუძლია მას არასასურველი შედეგების გადაბრალება. თუმცა ყველა ქმედება ხომ არ სრულდება სავალალო შედეგით. ადამიანის ყველა არჩევანი რომ შიშს აღძრავდეს, მისი ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ  ჩვენი ყოველი ქმედება განაპირობებულია თავისუფალი ნებით. გაუადვილდება შემდგომად ჩემსა გზა მოძმესა ჩემსა? – თუ ადამიანი, ბარათაშვილის მსგავსად, ამ კითხვას არ უსვამს თავის თავს, ის „მას“ უმალავს შიშს.

მოკლედ ასე შეიძლება კლასიფიცირდეს: შიში როგორც ზნეობრივი წესრიგისადმი მორჩილება და შიში როგორც ინსტინქტი, გაუაზრებელი, დამთრგუნველი, შინაგანად დამანგრეველი, ანუ შიში გაცნობიერებული და გაუცნობიერებელი, თუმცა ორივე შემთხვევაში ის შეუცნობლისგან მომდინარეობს; შიში კონკრეტულისადმი და შიში ეგზისტენციალური ანუ თავისუფლების, პასუხისმგებლობის შიში, რაც ძნელი გასარკვევია, თავისუფლების სურვილია თუ მისგან დაცლისკენ ეშმაკეული, ამპარტავნული ლტოლვა – ანუ მინდა მეტი თავისუფლება, რადგან მეშინია მისი და ამით მასაც ვკარგავ.

მოდი, ზემოთქმულს ორი ცნობილი მწერლის მიერ „შიშის“ ლიტერატურული გააზრება-მოდელ-კონცეფციებიც დავამატოთ. ოთარ ჩხეიძის „უხსენებელში“ შიში გადმოცემულია როგორც არქაული ინსტინქტი ადამიანისა და ეს ნათლად ჩანს მთავარი პერსონაჟის ცნობიერების ნაკადში („უხსენებელი თვითშიშია, წყეული, თავსმოხვეული შიში, ტერორი“). ეს ინსტინქტიცაა და ეგზისტენციაც ანუ შენი უდროო წიაღიდან წამოსული, კონკრეტულის მიმართ შიშიცა და ამ კონკრეტულის ზოგადობაც. რისიც გეშინია კაცს, ცდილობ, გაანეიტრალო – „ეს კანონია ცხოვრებისა, ბუნების კანონი“ (173). გველი ბრძენია, ჩხრიალა, ჭრელი, ავისმომასწავებელი; გველი ბიბლიურია, იქნებ დაფარული სამყაროც, რომლის ხელის ხლება ან იგივე ხსენებაც (უხსენებელი) აკრძალულია? ის შურისმაძიებელიცაა. ყოველ შემთხვევაში, ადამიანს ჰგონია ასე, რომ საკუთარი სისასტიკე (გველისაზე არანაკლები) გაამართლოს („უნდა ჩასცხოს, უნდა გაჭყლიტოს“). შიშს საკუთარი უსუსურობის შეგრძნებაც ამძაფრებს: „ეცი, სადაც გენებოს. ვითომ მოასწარ. ის ერთს მოგასწრებს, ერთს გიხელთებს და, – ჰა, ჰა, ჰა!“ (177). რომ დაფიქრდეს კაცი, განა „ტკბილი ფუტკარიც“ საშიში არ არის, თუ ხელს აუქნევ? („ნურც ისე დადგები, მტერი რომ ეგონო. ტყუილად დაჰღუპავ. ისე ნუ დადგები“ (177).

მოთხრობაში გველის მაგიაა, რომელშიც მთავარი გმირი საბედისწეროდ გაბმულა, არაამქვეყნიურად, და ვერც დაღლარა და მისი ორნახადი არაყი ამხნევებს, უმაგრებს გულს. ხან ჰგონია, რომ ეჩვენება გველი, ხან ცხადად შეიგრძნობს მას. თლის ახალ-ახალ ჯოხებს, რადგან უკვე ნასროლს ის აღარ ეკარება. აკეთებს ზღარბის მუყაოს ფიგურებსაც, გოგირდსაც მოატარებს, აახრჩოლებს და ყველგან ისე გაჯდება გოგირდის სუნი, რომ თითქოს ქალაქის ქუჩებშიც, თეატრშიც, გამოფენებზეც, ინსტიტუტშიც, სტადიონზეც მიჰყვება. მახსენდება ბავშვობაში წაკითხული ერთი ქართული ნაწარმოების გმირი, რომელიც ცუდი ფიქრების დროს სულ გრძნობს დამწვრის სუნს. იქნებ ეს პანიკა კაცთა შორის წყეულთა და სულით ქვემძრომთა შიშიცაა? განა ისინი, არამიწიერნი, ყოველ ჩვენგანში არ ბუდობენ? შიშიც სწორედ მათგანაა ხოლმე ხშირად…

დამაფიქრებელია ბუნების, სამყაროს გადანაწილებისა თუ ერთიანობის, ერთკონტექსტურობის მწერლისეული კონცეფცია („და მე კი ყველას მონა ვარ“) – „ჩიტსაც თავისი მიწის ნაგლეჯი აქვს. ჭიაღუასაცა. ქვემძრომსაც თავისი. თუ არ უნდა, არც არავის გადაატარებს. ნადირთაც თავაანთი. ტყეს რო შეჰფარებიან. ჯიხვთაც თავაანთი, თავაანთი ფრიალები, გაყოფილი არვეარვეთა“ (181).

მერე ბოძზე შემოხვეულს ნახავს და გაუყრიან ერთმანეთს თვალს თვალში კაცი და გველი, თითქოს როგორც მაშინ, სამოთხეში. ნაბიჯსაც ვერ წადგამს წინ, სანამ გველი არ წავა. ვითომ საზავოდ შეთანხმებულებიც დაშორდებიან… გარეთ აღარ გამოდის კაცი, ისეა შიშით მოცული, მოჯადოებულივით. ჰგონია, ყველგან ი ს შეხვდება, ალყაში მოაქცევს, ისიც იცის, რომ „ზავი“ მალე დაირღვევა.

ბოლოს დაღლარა წინ დაუგდებს ბარით თავგაჭყლეტილს. მაგრამ ძველი შიში ბადებს ახალს, ჩეკს მორიგ უნდობლობას სიმშვიდისადმი: „ – სადაც ერთი იყო, მეორეც იქნებოდა იქავე. წყეული ერთი არ იქნებოდა. არც იქნებოდა წყეული ერთი. არც არაფერი იქნება ერთი. არც არის. არც იქნება. ყველაფერი წყვილია. წყვილ-წყვილადაა. რაც არის, წყვილია. თუ არის, წყვილია. რაც ერთია, აღარ იქნება. არა. წყეული არ იქნება ერთი“ (183). შიშიც დაწყვილდა და კაციც: შიშთან მებრძოლიც და უიმედო მონაც შიშისა, რომელიც ჩვენს სხეულში ჩაბუდებული სიკვდილის მეტასტაზია. შიში ყოველთვის „გადაგყლაპავს“, თუ სწორი გზა არ აირჩიე მასთან ბრძოლისა. რწმენაში კი ასეა – უშიში არავინაა, მაგრამ გულადი ისაა, ვინც ადამიანური ბუნება დაძლია, ეშმაკის შიში ღვთის სიყვარულით დაამარცხა და ასე შეაბიჯა თავისუფლებაში.

შიშის საინტერესო ეტიმოლოგიას გვთავაზობს გი დე მოპასანიც (ნოველა „შიში“): „ნება გვიბოძეთ, აგიხსნათ! შიში (მეტად გულად კაცებსაც ექნებათ შიში) რაღაც საზარელი რამ არის, გულისგამხეთქი გრძნობაა, ერთგვარი გახრწნაა სულისა, ერთგვარი მწვავე კრუნჩხვაა აზროვნებისა და გულისა, რომლის მარტოოდენ მოგონება ადამიანში წუხილსა და ძრწოლას იწვევს ხოლმე. მაგრამ თუ კაცი გულადია, ასეთ შიშს ადგილი არ აქვს არც მაშინ, როცა მტერი დაგეცემა თავზე, არც მაშინ, როცა უეჭველ სიკვდილს თვალს ვუსწორებთ ხოლმე, არც ათასნაირი ხიფათის დროს. შიში გვებადება ზოგიერთ ანომალურ გარემოებაში, ზოგიერთ იდუმალებით სავსე მოვლენათა დროს, ზოგიერთ საიდუმლო გავლენით გამოწვეულ ბუნდ საშიშროების წინაშე, ნამდვილი შიში ერთგვარი მოგონებაა წარსულის უცნაურ საშინელებათა. კაცი, ვისაც სჯერა მოჩვენებათა და ჰგონია, რომ ღამით ელანდება რამე, ალბათ განიცდის შიშს მთელის მისის განსაკუთრებულის, უსაზღვრო შემზარაობით“ (25). ასეთი შიში გაუცნობერებელია და სრულიად შუცნობელი, როგორც დიუნებში შემზარავი დაფდაფების ხმა, ძალიან ახლობლის სიკვდილს რომ გამცნობს წინასწარმეტყველურად – ერთგვარი მირაჟი ხმაურისა და არა რეალობა; ან ყრუ ტყის სიღრმეში მიკარგულ ქოხში, საზარელ ამინდში, ერთ დროს მოკლული ადამიანის სულის გამოჩენის მოლოდინი ყოველ წელს, მისივე მკვლელობის დღეს. ეს ინსტინქტი სიკვდილის პირისპირ დგომაზე უარესია. ეს უფრო ღამის მიერ მოგვრილი შიშია და ეს სიტყვა (ღამე) ბრჭყალებშიც შეიძლება ჩავსვათ, რადგან ასეთ შიშს „მზე“ (ფიზიკური თუ ტრანცენდენტული) ნისლივით ფანტავსო, დიდმა მოპასანმა.

„შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო“, დიდმა თქვა ესეც. ცოდოა ადამიანი საკუთარ შიშსა და სისუსტეში, წუთისოფლის ბრჭყალებში, მაგრამ ძლიერიცაა, როგორც მძლეველი მათი მაგიისა, როგორც წვიმის კრიალა წვეთი, თავსხმისა და დელგმის შემდეგ გამონათებისას ასე უნაკლოდ რომ აირეკლა სამყარო.

 

ციტატები წიგნებიდან:

  1. მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია, 2007, გია ქარჩხაძის გამომცემლობა
  2. გი დე მოპასანი „ნოველები“, „საბჭოთა საქართველო“, 1962

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი