შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

საახალწლო…თუ არასაახალწლო ფილოსოფია?

ახალი წელი ახლოვდება, დრო იცვლება, ჩვენი გარემო ნაკლებად…ღამე ყინვაა, ქუჩაში უპატრონო ადამიანები, ცხოველები. უამრავი სასოწარკვეთილია, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული, უილაჯო…წუთისოფლის ამ ,,უცხოთა” წინაშე ყველანი უდანაშაულო დამნაშავეები ვართ…გროშები, რომლებსაც ვუწილადებთ, დიდი ვერაფერი დახმარებაა. უფრო ქმედითია, ალბათ, გვქონდეს საკუთარი ცოდვების შეგრძნება ხანდახან მაინც, ფიქრი, რომ არაფრით განვსხვავდებით და ვჯობივართ მათ, რადგან ყველანი ვიმსახურებთ სითბოს, ბედნიერებას, მომავალს…ასე ნაკლები იქნება აგრესია, მეტი ცრემლი გაქვავებული, გაამპარტავნებული, დახშული გულების გასალღობად, ჩვენიც და სხვისიც, ასე რომ სწყურიათ დაკარგული ღმერთის პოვნა და თავშესაფარი…

 

*       *       *

 

რა უნდა ინატრო? როცა ცხოვრება ჩავლილია და დაღლილობის სიმძიმე უკვე აღარ გაძლევს თავისუფალი ფიქრის საშუალებას, როცა ყველაზე ნეტარი სიმშვიდეა და უკვე ჩვეულია გარდასახვის უცნაური სურვილი, როცა წუთისოფლის განუმეორებელ სიტკბოს წუთებად, საგზლად მიითვლი, სამყაროს საიდუმლოს ტკბილ-მწარედ ნაზიარები, როგორც მარადი მოგზაური არსებობის ლაბირინთებში…

 

*       *       *

 

-რად მოგიწყენია, თოჯინავ, შენ ხომ ადამიანი უნდა გაართო და გაამხიარულო?

– ახლა ვისვენებ აქ, ოთახის ბნელ კუნჭულში და ,,ვფიქრობ”…

– რაზე? –

-კაცად ყოფნაზე.

– რატომ? ადამიანები ხომ ყველაზე დარდიანები არიან ამქვეყნად, შენ ბევრად უზრუნველი ხარ, იდუმალი. თან ისედაც ჰგავხართ ერთმანეთს, ისიც ,,თოჯინაა”…

-კი, მაგრამ მომბეზრდა ვიყო ხის იმიტაცია. მინდა ნამდვილი სევდა, ოცნება, მინდა, ჩემს თვალებში არა ანარეკლი, ცის სიღრმე და სიფაქიზე…ტკივილი, სიკვდილიც მინდა!…

 

*       *       *

არა მხოლოდ გარდაცვლილი სულიერი, უბედურებაც ტოვებს შინაგან, მჭრელ სიცარიელეს. აქ მოხვედრილს საოცრად ნატურალურად, საშიშად შემოგცქერიან ქვადქცეული განცდები, რომლებიც აღარასდროს გაცოცხლდებიან. გაირბენ ამ სიცარიელეს და ბრუნდები სიცოცხლეში სიკვდილგამოვლილი. რამდენჯერ უნდა განვიცადოთ კვდომა, რომ უკვე ნამდვილმა არ დაგვაჩაჩანაკოს და შეგვაშინოს? ასეთ დროს რაც არ არის, იმას ვიგონებთ ადამიანები, ზოგჯერ ყოვლისშემძლეები. მაგრამ სიყვარულის აბების გამოგონება შეუძლებელია. ის მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ნამდვილია. რა ეშველებათ განცდათა გვალვით გადამწვარ, ცრემლით მორწყულ, გრძნობაცარიელ ველებს ადამიანის სულში?! როგორ არ მოვწყდეთ იმ უცხო წიაღს, სულთა გამაერთიანებელს, რომლიდანაც იები უნდა ამოიზარდოს? ალბათ იმ რწმენით, რომ მკვდარი ველების სიღრმიდანაც შეიძლება სიცოცხლის დაბადება, როგორც დედამიწიდან, რომელიც სამარეცაა და მშობელიც.

 

*       *       *

ადამიანი – იდეის ანარეკლი, ჩვენი წარმოდგენები თუ ილუზიები – ჩვენი ანარეკლები. რეალობის ზუსტი შეგრძნება სჯობს თუ ილუზორულობა? ვისთვის როგორ…წარმოდგენა საპნის ბუშტს ჰგავს, ხელის შეხებით ქრება. ილუზიაც ასეა – რეალობა კლავს. თუმცა ისინი ხშირად გადარჩენაა. ამიტომ სანამ გაქრება (იქნებოდა, სულ იარსებოს?!), თავი შეაფარე ანარეკლის ანარეკლს, როგორც ლამაზ სათამაშო სფეროს, რომელშიც ყვავილის ფანტელები ცვივა და ყურში ჩაგესმის წყნარ მელოდიად: ,,სინამდვილეს არ ვემდური, არ ყოფილა თითქმის…ითქმის…ის…..”

 

*       *       *

სამყარო, ხილული თუ უხილავი, ერთი მფეთქავი ორგანიზმია. ამქვეყნად ჩვენი სხეულები მძაფრი განცდების სისხლძარღვებითაა მასზე მიერთებული. ამ მტკივნეულ კავშირს სიკვდილი წყვეტს. რა ხდება შემდეგ, როცა დიადის ნაწილი ხდები? როცა სიმშვიდეა და არა ტკივილი, სრულყოფილება და არა ნაკლულოვნება? რისკენ ისწრაფვი, მიზანია თუ უმიზნობა? შ ე ნ ხარ თუ, უბრალოდ, ერთიანობა? რა ქმნის მთელს, როცა აღარაა ურთიერთგანმსაზღვრავი ორსახოვნება? როგორ გიყვარს და გიხარია? ხარ კი თავისუფალი უკვე პირობითობაში? რა ქმნის ფორმასა და შინაარს? რაშია სიღრმე და აზრი არსობისა? რამდენად დასაზღვრულია ჩვენი სული და მრავალფეროვანი სანახები? ჰარმონია სევდისმომგვრელი ხომ არაა თუ სევდაც არასრულყოფილია? ან კითხვები ჩნდება ,,იქ” საერთოდ?……..

 

*       *       *

წუთისოფლის ლაბირინთში ,,მოხეტიალეებზე” – არსებობს სიცოცხლის ვნება, რაც მეტ-ნაკლებად ყოველ ჩვენგანშია. თუმცა არიან მისით შეპყრობილებიც. (წიგნში – ვაჟას ალუდა, მიტია კარამაზოვი, ნატაშა როსტოვა,,ომი და მშვიდობაში” ან ბაიარდ სარტორისი ,,დროშები მტვერში”, ცხოვრებაში – ვან გოგი, ბარათაშვილი, ორივე გურამი: რჩეულიშვილი და თიკანაძე…) ასეთები ვერაფრით ეგუებიან ცხოვრების მიერ შემოთავაზებულ მოჩვენებით მოწესრიგებულობას და საშიში ჟინით ებმებიან მასთან ბრძოლაში (თუ ნამდვილ ომს გადაურჩნენ). ეს ბრძოლა უთანასწოროა და, ძირითადად, ფატალურად მთავრდება, რადგან სამყარო, როგორც წესი, არავის აპატიებს მასთან ამხედრებას. თუმცა ამ ადამიანებისნაირად ვერავინ გრძნობს არსებობის სიტკბოსა და სიმძაფრეს. მათი ცხოვრებაც ნაღველშეპარული, მაგრამ ძალიან ომახიანი სიმღერაა სიცოცხლისა და ვინც ამ ჰანგებს ვერ ცნობს, მას არც უცხოვრია…

 

*       *       *

 

იყო კიდეც და არც იყო. ეზოში, ქვიშაში ძველი, გატეხილი თოჯინა ეგდო. აწვიმდა მის უხელო ტანს, უთვალებო, ერთ დროს ულამაზეს თავს. იწვა მორჩილად, ბედს მინებებული. წვიმის წვეთები უფერულ ლოყებზე ეღვრებოდა და თითქოს ტიროდა თავის წარსულს: უღრუბლოს, ბავშვებით მხიარულს…

ეს არ იყო ტკივილი, მხოლოდ პირზე შერჩენილი მქრქალი, ნიღბად ქცეული ღიმილი და თოჯინას სევდა, რომელიც აუცილებლად ტრანსფორმირდებოდა ნაკადულების, ახალგამოღვიძებული ჩიტუნიების ხმად, დილის სიოს მილამუნებად, ციცინათელების მოულოდნელად გამომკრთალ, იდუმალ, ბურუსიან ნათებად და ასე განიბნეოდა სამყაროში……….

 

*       *       *

 

ნათელი და ბნელი, ორი ურთიერთგანმსაზღვრავი მოცემულობა, რომელიც წუთისოფელში ,,სუფთა“ სახით არ არსებობს, სულ ნარევია. ეს ნარევი განსაზღვრავს სამყაროს, ადამიანთა ბედს…

თუ ბედისწერა წინასწარგანზრახულობაა, მაშინ ბედისწერა იყო იუდას ღალატიც, პეტრეს მამლის ყივილამდე სამგზის ღვთის უარყოფაც და თვით იესოს მოვლინებაც. ამაზე მეტყველებს ბიბლიურ თუ ამსოფლიურ წინასწარმეტყველთა არსებობა, რომლებიც დროს უსწრებდნენ და კაცობრიობას ამცნობდნენ სხვადასხვა კატაკლიზმებს.

მაგრამ ამ წინასწარგანზრახულობებში არის საბედისწერო შემთხვევითობებიც, რომლებიც ადამიანს შეუძლია შეცვალოს. სწორედ ესაა ადამიანის ნება.

ხოლო ღვთის ნებაა, რომ დროში მოჩვენებითად მზარდი და ,,გამარჯვებული”ბოროტების წყვდიადი საბოლოოდ მაინც მარცხდება ნათლის, კეთილის მიერ.

დიდი იშვიათობა, მარად მოუწესრიგებელი ცხოვრების ჰარმონიაა სინერგია – ღვთისა და კაცის ნების შერწყმა.

 

 

*       *       *

ჩემო დონ კიხოტ ლამანჩელო! გვასწავლე, როგორ გვიყვარდეს, დავძლიოთ სილაჩრე და არ შეგვეშინდეს სასაცილოობის! როგორ გავიმარჯვოთ სულისშემხუთველ პრაგმატიზმზე და ვებრძოლოთ ქარის წისქვილებს სულის თუ გარესამყაროში…მიგვაწვდინე და ხელშეუხებიც დატოვე შენი – ოცნების – რეალობა, გაგვახსენე, როგორ ვიცოდით იდეისთვის სიკვდილი და გვიხსენი სულის ჩამოხურდავებისგან…ყოფის მარწუხებისგან თავისუფლებისკენ მიმავალი გზით გაგვიძეხი, ისევ რომანტიკოსებად გვაქციე, რომ მიწის წებოვანი ტალახიდან წამოვდგეთ და ცრემლის გორგლებმა ცა არ დაგვიბინდოს, დონ კიხოტ, დაღლილო, ზნეფაქიზო რაინდო!…

 

*       *       *

იყო ერთი ჩიტუნია. ტყეში ცხოვრობდა, დიდრონ ხეზე. წვიმასთან მეგობრობდა და მზესთან, კიდევ ტყის სულებთან. ხანდახან ქალაქშიც გაფრინდებოდა და ერთი მარტოსული ადამიანის ფანჯარას სტუმრობდა. მისი გალობა იმ ადამიანს სიხარულსა და იმედს ანიჭებდა, ეგონა, ეს კარგი ამბის მაუწყებელი იყო.

ერთხელ ჩიტუნიას უცნაურად შესცივდა, უცნაურად მოიბუზა, ერთი ამოიოხრა, თავი ვეღარ შეიმაგრა და ჩამოვარდა ხიდან…

მისი არყოფნა არც მზეს შესტყობია, თითქოს, არც წვიმას, არც ტყეს, რადგან ყველაფერი ძველებურად გრძელდებოდა. მხოლოდ ის მარტოსული ადამიანი ელოდა მას ამაოდ, როგორც მოსალოდნელი სიახლის სიხარულს. მხოლოდ მის ფიქრში განაგრძობდა სიცოცხლეს პატარა ჩიტი, რომლის უსუსური სხეული შეუმჩნევლად შერეოდა ხეებქვეშ იდუმალად მოფენილ ფოთლებს, რომ მერე ნეშომპალად ქცეულიყო და დედა-მიწის, ცხოვრების ვალი ასე გადაეხადა….

______________

ასე რომ, ვინც ან რაც აღარაა, ჩვენში განაგრძობს სიცოცხლეს და ფიქრის, განცდის რეალობა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ღირებული, მარადიული, ფერადია ამ რუხ წუთისოფელში.

იყო და არა იყო რა…….

 

*       *      *

მოდით, რა, გავხდები ლოკოკინა! სადაც წავალ, სახლს ვატარებ ზურგით და არც აქაური თუ იქაური ქუდის დაფარება დამჭირდება. თუ ვინმე დაჩაგვრას შეეცდება ან უცხო გარემო არ მომიხდება, სახლს შევეფარები, ჩემს ნავსაყუდელს. ბევრს ვიმოგზაურებ, ყველგან შინ ვიქნები და სულიერ წონასწორობას არ დავკარგავ. მბზინავ, იდუმალ ვერცხლისფერ კვალს დავტოვებ და ჩემი მოგნება არ გაუჭირდებათ კეთილისმსურველებს, დროზეც გავიმარჯვებ. დღესაც ორი დღის უძლური და ნაწოლი, წვიმაში წავედი პარკში ლოკოკინასავით, თანამოძმე ლოკოკინებთან…

მაგრამ, ვაიმე, ეს რა არის?! რაღაც მძიმე და ბნელი მოემართება ჩემკენ. მეშინია! მე…

ტკაც…და აღარაა პატარა ლოკოკინა.

გამოვერკვიე: მეგონა, მარტო ადამიანების სულიერ კომფორტსა და ბედნიერებას ემტერებოდნენ.

მოვიკიდო ახლა უკვე ჩემი მძიმე ჯვარი და შევუდგე ისევ წუთისოფლის ბურუსიან ბილიკებს, ჩემს ,,გოლგოთას“. შეჩვეული ჭირი სჯობსო, როგორც იტყვიან _ ისევ ადამიანი ვიქნები, რომელიც ლოკოკინად თუ წვიმად ყოფნაზე ოცნებობს. ასეთ ოცნებას ვერც წამართმევენ………..

 

*       *       *

 

ი ს ი ნ ი ბუნებასთან უფრო ჰარმონიულნი არიან და პირველსაწყისთანაც, რადგან მათ არ „იციან“, რა არის ამპარტავნება, ანგარება, მზაკვრობა, პირმოთნეობა, ღალატი, სიძულვილი…ეს ყოველივე ადამიანისთვისაა დამახასიათებელი, რომლის ბოროტებაც გაცნობიერებულია, შესაბამისად, ცოდვისთვის სასჯელის მატარებელიც საკუთარ მოცემულობაში.

ცხოველებისგან უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა სიყვარული, ერთგულება, თავგანწირვაც კარგად იციან. მათი სამშვინველი სუფთაა და უზაკველი, თვალები _ სულის სარკეები…ხოდა, ჩავხედოთ მათ ამ თვალებში, სიკეთის წმინდა ტბებში და ვისწავლოთ, როგორ არ გვეზიზღებოდეს ერთმანეთი!

მათი ნ დ ო ბ ა საჩუქარია. ეს თავად ბუნებისგან გამოწვდილი ხელია.

უდიდესი ჭეშმარიტებაა ბუნებასთან თანაზიარობის ფლობა _ ეს მარტო ცხოველთა სიყვარულს როდი ნიშნავს, ადამიანისა და სამყაროსიც…

 

 

*       *       *

ჩვენი სხეულის ჭურჭელში ჩაკირული ჩვენი სულები. ბევრი სიხარულისა თუ ტანჯვის, ბევრი მადლისა თუ ცოდვის, სიმდაბლისა თუ აღმაფრენის ერთად გადამტანები, მატარებელნი წლების მანძილზე.

დაბადების, ნაკლულოვან წუთისოფელში დროის ათვლის დაწყების, თვალსა და ხელს შუა გამქრალი ახალგაზრდობის, მერე სიბერის მოლოდინის ჩვეული განცდებით. ეს ყველაფერი, ცხოვრება ჯერ სხვისი გამოცდილებით გვეძლევა, თუნდაც წიგნებით თუ მოგონებებით, მერე თავადაც შევიგრძნობთ. სიკვდილიც ასე არაა? აკვირდები, ისმენ, კითხულობ მის შესახებ, სანამ კარს არ მოგიკაკუნებს.

მერე?!…

მერე ჩვენი ადამიანური არსის გამოცალკევება _ „ჭურჭელი“, რომელსაც ჩვენი სახელი ერქვა, თავის მშობლიურ, მიწის წიაღს უბრუნდება. ჩვენ კი, სულიერი ავტონომიები, უკვე უწონადობაში მივილტვით მარადისობის ძველი და ნაცნობი ნისლეულებისკენ…

ისევ ერთადაც და ცალ-ცალკეც…

ისევ ყოფიერებაში სახეტიალოდ…

ისევ ერთმანეთისთვის სიკეთისა და სიყვარულის სათხოვნელად…

ისევ ოდესღაც დაკარგული ღმერთის საპოვნელად…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი