ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

დინამიტის მეფე

„მე, ქვემორე ხელის მომწერი, ვარ საღ აზრზე და ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ვადგენ ანდერძს, რომლის თანახმადაც, ჩემი სიკვდილის შემდეგ, მთელი ჩემი უძრავი და მოძრავი ქონება უნდა გაიყიდოს და ფული ჩაიდოს ფასიან ქაღალდებში. ეს ობლიგაციები გადაცემული იქნეს საიმედო ბანკში და მიღებული პროცენტებით გაიხსნას სამეცნიერო ფონდი. მიღებული პროცენტებით ყოველწლიურად  გაიცეს ჩემი სახელობის პრემია. გაიყოს ხუთ თანაბარ ნაწილად და ერთი ნაწილი გადაეცეს ქიმიაში გაკეთებული აღმოჩენებისთვის, მეორე ფიზიკის აღმოჩენებისთვის, მესამე-მედიცინის ან ფიზიოლოგიის მიღწევებისთვის, მეოთხე ლიტერატურული ნაწარმოებისთვის და ბოლო, მეხუთე-მსოფლიოში მშვიდობისა და სიმშვიდის დამყარებისთვის  “.

ანდერძს 1895 წ 27 ნოემბერს პარიზში ხელი მოეწერა ალფრედ ბერჰარტ ნობელის მიერ.

ნობელი შვედეთის და ნორვეგიის გაერთიანებულ სამეფოში დაიბადა. ეს  ქვეყანა  ახლა აღარ არსებობს. 1814 დან 1905 წლამდე  ორი ქვეყანა ერთ სამეფოს შეადგენდა.დედაქალაქი სტოკჰოლმი იყო და ნობელიც იქ დაიბადა.  ემანუელ ნობელის ოთხი ვაჟიდან მესამე გახლდათ. ბიჭებს მამის მსგავსად  საინჟინრო საქმე და გამომგონებლობა ეხერხებოდათ.  თუმცა, ოჯახის საქმე ცუდად წავიდა, მამა ნობელს რაღაც საქმეებში არ გაუმართლა და ოჯახმა ყველაფერი დაკარგა.  თავშესაფარი რუსეთში მონახეს, მეფის, ნიკოლოზ პირველის  კარზე, სადაც ემანუელ ნობელმა ასევე საინჟინრო გამომგონებლობა განაგრძო. ალფრედ ნობელიც იქ გაიზარდა. როგორც, მისი ცხოვრების ქრონიკებში წერია, მისი ქიმიის მასწავლებელი თვით ზინინი ყოფილა. მოგვიანებით, 17 წლის ნობელი ჯერ  ამერიკაში, შემდეგ პარიზში  გაემგზავრა. იქ შეხვდა ასკანიო სობრეროს, იტალიელ ქიმიკოსს. ასკანიომ ამ შეხვედრამდე ორი წლით ადრე ნიტროგლიცერინი გამოიგონა.  ნიტროგლიცერინმა იმხანად დენთი შეცვალა, რათა ასაფეთქებელი სამუშაოები ჩაეტარებინათ.

ნიტროგლიცერინი საკმაოდ საშიში ნივთიერება გახლდათ. მუდმივად ფეთქდებოდა, გაცხელებით, შენჯღრევით, გაციებით. თან ეს აფეთქება დენთზე გაცილებით ძლიერი იყო. ამიტომ იყო, რომ მისი გამომგონებელი ხიფათზე ყველას აფრთხილებდა და მოუწოდებდა, არ გამოეყენებინათ.

მაგრამ… რკინიგზის გასაყვანად, ოქროს მოსაპოვებლად და ათასი სხვა რამის გასაკეთებლად მთების აფეთქება იყო საჭირო. ჰოდა, მთელი მსოფლიოდან თავზე ხელაღებული ადამიანები გლიცერინს აზოტმჟავასა და გოგირდმჟავას ურევდნენ და თავადაც ფეთქდებოდნენ.  ნიტროგლიცერინი ფეთქდებოდა დამზადებისა და ტრანსპორტირებისას, რაც მას მართლაც საშიშს ხდიდა. დაისვა საკითხი, მოეძებნათ ნიტროგლიცერინის უსაფრთხო  ალტერნატივა.

ნობელი ჯერ კიდევ ზინინის გაკვეთილების დროიდან იყო ასაფეთქებელი ნივთიერებებით დაინტერესებული. ჰოდა, ნიტროგლიცერინის   ალტერნატივის შექმნა პირად გამოწვევად მიიღო.

ნობელების ოჯახს რუსეთში სამხედრო ქარხანა უკვე ჰქონდათ გახსნილი და საკმაოდ წარმატებითაც ამუშავებდნენ. თუმცა, ყირიმის ომის შემდეგ ქარხნის პროფილის შეცვლა იოლი არ აღმოჩნდა. ამიტომ, ოჯახი კვლავ  გაკოტრდა და ნობელის მამამ უკვე მეორედ გამოაცხადა თავი ბანკროტად. ასეა, როდესაც შენს კეთილდღეობას ომზე და სხვის ცრემლებზე აგებ.

მამა ნობელმა რუსეთის ქარხანა უფროს ბიჭებს დაუტოვა, თავად სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ალფრედთან ერთად ასაფეთქებელი ნივთიერებების შესწავლა დაიწო. კერძოდ, კი ნიტროგლიცერინის.  მამაც და შვილიც თვლიდნენ, რომ ნიტროგლიცერინს სამშენებლო და სამთო საქმეში უზარმაზარი პოტენციალი ჰქონდა. მთავარი იყო, მასთან მოპყრობა ესწავლათ. თავის ნებაზე ფეთქდებოდა და როდესაც მართლა აფეთქება იყო საჭირო, ჯიუტობდა და აფეთქებას აგვიანებდა.  ასაფეთქებლად, კარგად უნდა შეგენჯღრია, მაგრამ ვინ შეანჯღრევდა? მაგ. ჟიულ ვერნის „საიდუმლოებათა კუნძულზე“ ყოვლის მცოდნე ინჟინერი საირუს სმიტდი ნიტროგლიცერინთან ერთად ორმოში მძიმე ქვას აგდებს.  მეთოდი ეფექტურია, მაგრამ სახიფათო.  წიგნის დაბეჭდვის შემდეგ ვიღაცებმა სცადეს კიდეც ეს მეთოდი და უმეტესობამ თავიც აიფეთქა.

ალფრედ ნობელმა კი დეტონატორი გამოიგონა. ეს პაწაწუნა ბომბი იყო, რომელიც დიდი ბომბის შიგნით ფეთქდებოდა და  დიდ აფეთქებას აძლევდა ბიძგს. პირველი დეტონატორი იყო პატარა ცილინდრი, რომელიც დენთით იყო სავსე და ჰქონდა გრძელი ფიტილი. ფიტილს უკიდებდნენ ცეცხლს და საპირისპირო მიმართულებით გარბოდნენ. დენთი ფეთქდებოდა და ნიტროგლიცერინს საკმარისად შეანჯღრევდა, რომ ისიც აფეთქებულიყო. ეს მართლაც კარგი გამოგონება იყო, თუმცა, ნიტროგლიცერინი  მისაღებად, ტრანსპორტირებისთვის და ზოგადად შესანახად კვლავ სახიფათოდ რჩებოდა.

1864 წლის 3 სექტემბერს ნობელის შვედეთის ქარხანაში ნიტროგლიცერინი აფეთქდა. დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის მისი უმცროსი ძმა ემილი. ამ ინციდენტის შემდეგ, ალფრედ ნობელმა მუშაობა გააორმაგა და ასეთი იდეა მოუვიდა. თუ ნიტროგლიცერინს რომელიმე ქიმიურად პასიურ,  ნეიტრალურ  აბსორბენტს შევურევთ, მაშინ შესაძლოა ნიტროგლიცერინიც „დაჭკვიანდეს“. დაიწყო აბსორბენტების შესწავლა, ქაღალდი, ბამბა, ნახშირი, ნახერხი, თაბაშირი, აგურის ფხვნილი. წლის ბოლოს დაასკვნა, რომ ყველაზე კარგი შედეგი კიზელგურის გამოყენებისას ჰქონდა. ეს სპეციფიკური წარმოშობის თიხის მსგავსი ნივთიერება გახლდათ, რომელშიც წყალმცენარეების ნაშთებიც შედიოდა. აღმოჩნდა, რომ ამ ნივთიერებასთან შერევისას ნიტროგლიცერინი თითქოს „იძინებდა“ და მისი შენახვა/ ტრანსპორტირება აღარ ხდებოდა საშიში. თუმცა, როდესაც საჭირო იყო მისი აფეთქება, კვლავ მშვენივრად ფეთქდებოდა. ანუ, გახდა მართული. სწორედ ნიტროგლიცერინის და კიზელგურის შერევით მიღებული პასტებით ავსებდნენ სპეციალურ ცილინდრებს, რომლებსაც შემდეგ ათავსებდნენ ასაფეთქებელი სამთო ქანების ჭრილში, ფიტილს უკიდებდნენ და აფეთქებდნენ. ამ პასტას ნობელმა დინამიტი უწოდა, ბერძნული ენიდან „დინამის“, ანუ ძალა.  დინამიტმა მართლაც საგრძნობლად გააიოლა სამშენებლო და სამთო საქმე. ნობელი ბედნიერი იყო, რადგან მისი დინამიტი აფეთქებით ახალ მშენებლობას ემსახურებოდა და არა ომს. თავად ნობელი კი „დინამიტის მეფედ“ გახდა წოდებული.

ალფრედ ნობელი ძალიან გამდიდრდა. მისი ქარხნები კი მთელს მსოფლიოში იყო განლაგებული. დიახ, დინამიტი ყველას უნდოდა, რადგან საოცრად სწრაფად აგვარებდა ახალი გზების, გვირაბების და სხვა მშენებლობებისთვის გზის განთავისუფლების საქმეს. გარდა ამისა, ნობელი კარგი ბიზნესმენიც აღმოჩნდა და ფულის ჭკვიანურად დაბანდებით ძველ ფულს ახალი ემატებოდა. სხვათა შორის, მისმა რუსეთში დარჩენილმა ძმებმა ბაქოში განაგრძეს ნავთობის საქმე და არა ნაკლები სიმდიდრე დააგროვეს

„დინამიტის მეფე“ თავად ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა და საკუთარ თავზე მინიმალურს ხარჯავდა. ცოლი ასეც არ შეირთო, თუმცა სიყვარულით ორჯერ უყვარდაო, წერენ.

ერთ დღეს კი ნობელის უფროსი ძმა, ასევე მდიდარი და ნავთობის მაგნატი გარდაიცვალა. პრესას შეეშალა და  თავად ნობელის გარდაცვალება დაასკვნა. ასე, რომ ალფრედმა თავისი ნეკროლოგი წაიკითხა გაზეთებში და შეძრწუნდა.

-Le Marchant de la mort est mort-სიკვდილით მოვაჭრე გარდაიცვალა-იყო სათაურად გამოტანილი. შემდეგ წერდნენ,  გუშინ გარდაიცვალა ალფრედ ნობელი, რომელიც გამდიდრდა სხვების აფეთქების მეთოდების მოფიქრებით.

ასეთმა ნეკროლოგმა ალფრედი გააოგნა. მთელი ცხოვრება ფიქრობდა, რომ პაციფისტი იყო და ნიტროგლიცერინიც იმიტომ მოარჯულა, რათა მშენებლობის საქმე ეკეთებინა…ხალხმა კი სხვანაირად გაიგო.

ამიტომ, ადგა და ანდერძი ისე გადააკეთა, როგორც ეს სტატიის დასაწყისშია მოყვანილი. დააარსა პრემია, რომელიც  მისი ძირითადი მემკვიდრეობა გახდა.

1896 წლის 10 დეკემბერს ინსულტით გარდაიცვალა. თუმცა, პრემიის გაცემა მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ დაიწყეს. დიახ, სწორედ ხუთი წელი დასჭირდა ყველანაირი ბიუროკრატული პრობლემის მოგვარებას. პირველი პრემიის გადაცემა სწორედ 1901 წლის  10 დეკემბერს დაამთხვიეს, მისი გარდაცვალების დღეს.

ფიზიკაში პირველი ლაურეატი გახდა ვილჰელმ რენტგენი რენტგენის სხივების აღმოჩენისთვის. ქიმიაში-იაკობ ვანტ-ჰოფი, ქიმიური კინეტიკის სფეროში აღმოჩენებისთვის,  მედიცინაში ემილ-ფონ ბერინგი, ანტი დიფტერიული შრატის გამოგონებისთვის. მშვიდობის პრემიის ლაურეატები გახდნენ ჟან ანრი დიუნანი, საერთაშორისო წითელი ჯვრის შექმნის იდეის ავტორი და ფრედერიკ პასი  მშვიდობის საერთაშორისო ლიგის დამაარსებელი.  ლიტერატურაში პირველი პრემია მიენიჭა რენე ფრანსუა არმან პრიუდომუსს. ამ უკანასკნელს უკავშირდება პირველი სკანდალიც. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს პრემია ტოლსტოის  ან ჰენრიხ იბსენს ეკუთვნოდა და არა ამ  „ვიღაცას“. თუმცა, ნობელმა ანდერძში გასაგებად დაწერა: „იდეალისტური ნაწარმოების დაწერისთვისო“. ამიტომ, რეალისტი მწერლები პრემიას კარგა ხანს ახლოსაც ვერ ეკარებოდნენ. მოგვიანებით ეს წესი შეიცვალა.

წელს 10 დეკემბერს კვლავ გაიცა  ნობელის პრემია შემდეგ აღმოჩენებში:

ფიზიკა-Exploring the world of electrons;  https://www.youtube.com/watch?v=hhsYO8we_8U

ქიმია-Quantum dots  https://www.youtube.com/watch?v=aQQJQLeMxHg&t=19s

ფიზიოლოგია და მედიცინა- Making mRNA vaccines possible

ლიტერატურა-The works of Jon Fosse  https://www.youtube.com/watch?v=D8O9m6tz3xg

მშვიდობის პრემია-Narges Mohammadi, ირანში იცავს ადამიანის უფლებებს.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“