სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

„ულმობელი საქმის კაცი“ და თანამედროვე მოზარდები – მეორე ნაწილი

 რატომ უნდა ვასწავლოთ სკოლაში ნიკო ნიკოლაძის შესახებ

„თავიდან, როცა ამ კაცის საქმეების შესახებ გავიგე, სახელიც არ ვიცოდი მისი. გაგების შემდეგ ჯერ გამიკვირდა, შემდეგ კი გავბრაზდი, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი კაცი, რომელსაც ილიაზე ნაკლები დამსახურება არა აქვს ქვეყნისთვის, სახელმძღვანელოშიც კი არ არის შეყვანილი. ახლა კი ვკითხულობ მის ციტატებს და ვხედავ, რამდენად სწორად და თანამედროვედ ფიქრობს ეს ადამიანი. ის ისეთ პრობლემებს ეხება, რომლებიც ახლაც კი მოუგვარებელია“.

 

„ნიკომ ყველაფერი გააკეთა საქართველოსთვის. უდიდესი შრომა და ღვაწლი ჩადო, რათა აქამდე მოვსულიყავით, სადაც ახლა ვართ. მისი შრომა ნამდვილად დასაფასებელია და უნდა ვაღიარო, ამიერიდან ის ჩემი ფავორიტი ადამიანია. თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს მის შესახებ“.

 

„ნიკო ნიკოლაძე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანია, ვის შესახებაც ყველა ჩემმა თანატოლმა უნდა იცოდეს“.

 

ეს ამონარიდებია მეთერთმეტეკლასელების ნაწერებიდან.

როგორც პირველ წერილში  აღვნიშნე, ნიკო ნიკოლაძით შეპყრობილს, სინდისი მქენჯნიდა, რომ ჩემს მოსწავლეებთან აქამდე არ მესაუბრა მასზე. ახლა მეთერთმეტე კლასში არიან, XIX საუკუნის ლიტერატურა უნდა შეისწავლონ სტანდარტის მიხედვით, ამიტომ ვიფიქრე, რომ ზუსტად ჩაჯდებოდა კონტექსტში ნიკო ნიკოლაძის გაცნობა.

 

აქტივობა N1 – თავდაპირველად ჯგუფური სამუშაო ჩავატარე, დავავალე, ერთად გაეხსენებინათ ყველაფერი, რაც მეცხრამეტე საუკუნის საქართველოსა და მსოფლიოზე იცოდნენ. გაკვეთილზე კარგად გამოჩნდა, რაზე უნდა გაეგოთ მეტი. მერე დაფაზე ჩამოვწერეთ სფეროები. მაგალითად: ლიტერატურა, არქიტექტურა, მოდა, ტრანსპორტი, სპორტი, მეცნიერება. მოსწავლეებმა აირჩიეს მათთვის სასურველი სფერო (ოღონდ ისე, რომ ყველა სფეროს „გამოუჩნდა პატრონი“). დავავალე, არჩეულ თემაზე საინტერესო ფაქტები მოეძებნათ, ოღონდ განსაზღვრულ – XIX საუკუნის არეალში, და პარალელი გაევლოთ მსოფლიო სიახლეებსა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შორის. თან მაინტერესებდა, დაგუგლვისას ნიკო ნიკოლაძეზე თუ წააწყდებოდნენ რიმეს. მეორე გაკვეთილი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, რადგან მოსწავლეების მიერ შეკრებილი ცნობების წყალობით სიახლეებით სავსე მეცხრამეტე საუკუნის მსოფლიოსა და საქართველოს კონტურები უფრო მკაფიოდ დავინახეთ. ნიკო ნიკოლაძე არავის უხსენებია.

 

აქტივობა N2 – გაკვეთილზე მივიტანე ფოტოებით აწყობილი პრეზენტაცია (იხ. დანართი N1) ნიკო ნიკოლაძის შესახებ. გადაწყვეტილი მქონდა, მთელი გაკვეთილი მის საქმეებზე საუბრისთვის დამეთმო. „დღეს მე უნდა გესაუბროთ ადამიანზე, რომელსაც „ულმობელი საქმის კაცი“ უწოდეს…“ დავიწყე მარტივი, მაგრამ მოზარდებისთვის ავთენტური კონტექსტებით:

ეს იყო კაცი, რომელმაც… საქართველოში პირველი „სელფი“ გადაიღო! (პირველივე ფოტომ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე. გამოცოცხლდნენ. ამას მოვაყოლე საუბარი იმაზე, როგორ იყო გატაცებული ნიკო ნიკოლაძე ფოტოგრაფიით და რამდენიმე ნიმუშიც ვაჩვენე).

ეს იყო ადამიანი, რომელმაც… 1889 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენიდან პირველი ველოსიპედი ჩამოიყვანა საქართველოში.

ეს იყო პირველი ქართველი, რომელმაც დოქტორის ხარისხი ევროპაში მიიღო – ციურიხში, 1868 წელს.

ეს იყო პიროვნება, რომლის ორგანიზატორობითა და უშუალო მონაწილეობით ქართველი ქალები პირველად გაემგზავრნენ ევროპაში სასწავლებლად.

ეს იყო პიროვნება, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში და თავად შექმნა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.

ეს იყო კაცი, რომლის ინიციატივით ამიერკავკასიაში პირველი რკინიგზა გაიყვანეს, რომელმაც ფოთის პორტი ააშენა და ა.შ.

შემდეგ დავიწყე სხვა საქმეების ჩამოთვლა, ოღონდ სახელი და გვარი არ მითქვამს. ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა პრეზენტაცია, რადგან, ჯერ ერთი, ვერ წარმოიდგინეს, რომ შესაძლებელი იყო, ამდენი რამ ერთ ადამიანს გაეკეთებინა, მეორე – ვინაობის დამალვამ და ინტრიგის შენარჩუნებამ სხვა ელფერი მისცა გაკვეთილს. ბოლოს გაიგეს, ამ კაცს ნიკო ნიკოლაძე რომ ერქვა. მერე გეგმა გავაცანი და ვუთხარი, რომ მთელ კვირას მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობას დავუთმობდით. გეგმა ასეთი იყო:

  • ნიკო ნიკოლაძის გაკეთებული საქმეების გაცნობა;
  • ნიკო ნიკოლაძის ოჯახზე საუბარი;
  • ნიკო ნიკოლაძე – განმანათლებელი;
  • ნიკო ნიკოლაძე და ქალთა უფლებები;
  • ნიკო ნიკოლაძე და ევროპა;
  • ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და ფოთის მონახულება;
  • „რა? სად? როდის?“ თამაში.

 

აქტივობა N3 – მოსწავლეებს დავავალე, მოეძებნათ საინტერესო ცნობები ნიკო ნიკოლაძის ოჯახის წევრების შესახებ. პარალელურად მეც მოვამზადე პრეზენტაცია (იხ. დანართი N2) ნიკოს მეუღლისა და შვილების საინტერესო საქმეებზე. ბევრი რამ უკვე ნანახი და დამუშავებული ჰქონდათ, მაგრამ რაღაცების დამატება მაინც დასჭირდათ, თან ფოტომასალამ უფრო გაამრავალფეროვნა გაკვეთილი.

 

აქტივობა N4 – შემდეგი აქტივობა საშინაო დავალება იყო. ნიკო ნიკოლაძის ციტატების მიხედვით უნდა დაეწერათ ესე მის შესახებ. (იხ. დანართი N3)

დავალება: ნიკო ნიკოლაძის ნააზრევის მიხედვით ესეს დაწერა, რომელიც დაახასიათებს მის პიროვნებას.

 

წაიკითხე ქვემოთ მოცემული ამონარიდები, რომლებიც სხვადასხვა თემას ეხება და მხოლოდ მათ მიხედვით დაწერე ნიკო ნიკოლაძის დახასიათება:

  • ისაუბრე, რომელ თემებს ეხება ეს ამონარიდები და ახსენი, რა დამოკიდებულებას ამჟღავნებს მოცემული საკითხების მიმართ ავტორი;
  • იმსჯელე, ნიკო ნიკოლაძის რომელი თვისებები იკვეთება ამონარიდებში. შენი თვალსაზრისი ციტატებით დაასაბუთე.
  • დაიცავი ესეს სტრუქტურა: შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა.

 

აქტივობა N5 – ამის შემდეგ მოსწავლეებს წავაკითხე გულნაზი კაკაბაძის სტატია „ნიკო ნიკოლაძე – განმანათლებელი“, ოღონდ შემოკლებული და ადაპტირებული ვერსია. სკოლაში კი ჯგუფებში უნდა ემუშავათ და მნიშვნელოვანი ინფორმაცია წინასწარ გამზადებულ სქემაში გადაეტანათ (იხ. დანართები N4, N5).

 

აქტივობა N6 – გაკვეთილზევე ერთად წავიკითხეთ გიორგი ფანცულაიას სტატია „ნიკო ნიკოლაძე და ქალთა უფლებები“ და გავმართეთ დისკუსია. ვიმსჯელეთ იმაზე, ერთი მხრივ, ჰქონდათ თუ არა სრულფასოვანი განვითარების საშუალება ნიკო ნიკოლაძის ოჯახის ქალებს, მეორე მხრივ კი რამდენად აქტუალურია XXI საუკუნეში ამ სტატიაში წამოჭრილი საკითხები, რამე თუ შეიცვალა ან გაუმჯობესდა ამ კუთხით. ამავე საკითხს დავუკავშირეთ და ვისაუბრეთ ნიკო ნიკოლაძის დამოკიდებულებაზე ევროპის მიმართ და დღევანდელი საქართველოს მნიშვნელოვან გამოწვევებზე (იხ. დანართი N6).

რა თქმა უნდა, ამ მასალების დამუშავებით არ ამოწურულა საინტერესო თემები, რომლებზე საუბარიც კარგი იქნებოდა მოსწავლეებთან, მაგრამ არც ის მინდოდა, პროექტი მეტისმეტად გაწელილიყო და მობეზრებოდათ, ამიტომ დავავალე, უკვე დამუშავებული, გააზრებული სტატიების, ამონარიდების, მოძიებული ინფორმაციის მიხედვით თითოეულს მოემზადებინა „რა? სად? როდის?“ თამაშის ტიპის 2-3 კითხვა. მსგავსი კითხვების მოფიქრება მარტივი არ არის, საკმაო გამოცდილებას მოითხოვს. მოსწავლეებმა კითხვები გამომიგზავნეს, მე კი სლაიდებზე გადავიტანე. ისე გავაკეთე, რომ პარალელურ კლასებს ერთმანეთის კითხვებზე ეთამაშათ. თან ითამაშეს, თან განვიხილეთ, რომელი კითხვები შეესაბამებოდა სრულად თამაშის ფორმატს – ეს უკვე მე-7 აქტივობა იყო და დამაგვირგვინებელი შეხვედრისთვის ვემზადებოდით. უნდა მოგვენახულებინა ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი, იქ გაგვემართა თამაში ფოთის ერთ-ერთი სკოლის გუნდთან, რომლის წევრებმაც, თავიანთი ქართულის მასწავლებლის დახმარებით, ზუსტად ის გზა გაიარეს, რომელიც ჩემმა მოსწავლეებმა. თამაშისთვის ამჯერად მე მოვამზადე კითხვები, რომლებიც მოიცავდა როგორც შესწავლილ მასალას, ისე იმ ინფორმაციასაც, რომელსაც მოზარდები სახლ-მუზეუმში მიიღებდნენ (ამის შესახებ ისინი წინასწარ გავაფრთხილე, რათა უფრო აქტიურ მსმენელებად მექცია) (იხ. დანართი N7).

სახლ-მუზეუმის დირექციის გულითადი მასპინძლობისა და დიდი ხელშეწყობის წყალობით, ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა. მოზარდებმა ძალიან ისიამოვნეს აზარტული თამაშით, მუზეუმის სტუმრების ყურადღებაც მიიპყრეს და ისედაც საინტერესო სახლ-მუზეუმი ლამის ჯადოსნურ ადგილად იქცა მათთვის.

თამაშის შემდეგ მოვინახულეთ ფოთიც. დიდი ნიკოს მიერ დაგეგმარებულმა ამ პატარა, სუფთა ქალაქმა, ნავსადგურმა, შუქურამ, ნიკო ნიკოლაძის მიერ რესტავრირებულმა კოშკმა და აშენებულმა ულამაზესმა ტაძარმა საოცარი ემოციებით აგვავსო.

სტატიას ვურთავ ნიკო ნიკოლაძის ჩეტბოტის პირველად ვერსიას. შემთხვევით აღმოვაჩინე ინტერნეტში, რომ სტუდენტების ჯგუფი მუშაობდა. შემდეგ ქალბატონმა რუსუდან უტიაშვილმა ეს ბმულიც მომაწოდა. მართალია, ჩეტბოტი ჯერ კიდევ დასახვეწია, მაგრამ მოსწავლეებისთვის მაინც საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა: https://nikonikoladze.org.ge/?fbclid=IwAR1MxmXdMul2j71R3T72LRR6cQl1tF-DokG9cbILYi9UW7TFjWBRXDlKGbo

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. აკაკი ბაქრაძე, თხზულებანი. ნიკო ნიკოლაძე. I ტომი, თბილისი, 2004 წ.
  2. „ნიკო ნიკოლაძე – ადამიანი, რომელმაც გაუსწრო დროს“. რესპონდენტი – ნიკო ნიკოლაძის მკვლევარი, პროფესორი დალი ჩიკვილაძე

https://www.marketer.ge/niko-nikoladze/

  1. გულნაზი კაკაბაძე, „ნიკო ნიკოლაძე – განმანათლებელი“

https://scroll.ge/34729/gulnaz-kakabadze-niko-nikoladze-ganmanathlebeli/?utm_source=rss&utm_medium=rss&utm_campaign=gulnaz-kakabadze-niko-nikoladze-ganmanathlebeli

  1. ანა ფიცხელაური, „ნიკო ნიკოლაძე – კაცი, რომელმაც გაუსწრო დროს“

https://www.forbeswoman.ge/post/nikoladze

  1. ვაჟა შუბითიძე, „ნიკო ნიკოლაძის ადგილისათვის ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიაში“

https://for.ge/view/22384/niko-nikolaZis-adgilisaTvis-qarTuli-politikuri-azrovnebis-istoriaSi.html

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი