სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

„ულმობელი საქმის კაცი“ და თანამედროვე მოზარდები

ანუ რატომ უნდა ვასწავლოთ სკოლაში ნიკო ნიკოლაძის შესახებ?

წერილი I

 

ნიკო ნიკოლაძესა და მის საარაკო საქმეებზე ადრეც ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ მისი სახლ- მუზეუმის ნახვის შემდეგ სრულიად შეპყრობილი გავხდი ამ ადამიანით – რაღაც დამემართა, ის, რაც ამბებად ვიცოდი, სრულიად ხელშესახები და თითქოს თანადროული გახდა. როცა მუზეუმის გიდს, კომპეტენტურ ადამიანს, ძალიან კარგ მთხრობელს, ვუსმენდი რამდენიმე მეგობართან ერთად, ძალიან დამწყდა გული, რომ იქ არ იდგნენ ჩემი მოსწავლეები. თან საშინლად შემრცხვა, რომ აქამდე არასოდეს მისაუბრია მათთან დიდ ნიკოზე. მალე სკოლაც იწყებოდა. გამალებით დავიწყე ყველაფრის კითხვა ნიკო ნიკოლაძეზე, რაც ინტერნეტში მხვდებოდა, რაც წიგნებში მომეძევებოდა და პარალელურად ფიქრი იმაზე, ბავშვებამდე რა და როგორ მიმეტანა. მერე მაქსიმალურად ვეცადე, ნიკოს ფართო დიაპაზონის ინტერესები, საქმეები, ნაფიქრალ-ნაწერი დამევიწროებინა, კონკრეტულ ჭრილში მომექცია და ისე მიმეწოდებინა ჩემი მოსწავლეებისთვის. ავირჩიე სამი საკითხი, რომლებიც, ჩემი აზრით, ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა იპოვონ პასუხები ამ თემებზე დასმულ კითხვებზე, ნიკოს კი ბევრ კითხვაზე აქვს მზა პასუხი თავისი საქმით თუ ნაწერით. ეს საკითხებია:

 

  • რატომ არის აუცილებელი და რას აძლევს პიროვნებას, ქვეყანას კარგი განათლება?
  • რატომ ევროპა და ევროპული არჩევანი?
  • რას გულისხმობს ნამდვილი პატრიოტიზმი?

 

ა) განათლების მნიშვნელოვნება

 

თანამედროვე სამყაროში, განსაკუთრებით მოზარდების სამყაროში, თითქოს კითხვითი ნიშნის ქვეშ დადგა განათლების უალტერნატივობის საკითხი. რა საჭიროა განათლება, წიგნებში გადაშვება, გამუდმებით მუშაობა საკუთარ თავზე, თუ დღეს უბრალო, ყოფით თემებზე ტიკტოკერობითაც შესაძლებელია, ფულიც იშოვო და ცნობილიც გახდე?! დაახლოებით ასეთ კითხვებს სვამენ ისინი. ამ მოცემულობაში მცხოვრები მოზარდებისთვის ნიკო ნიკოლაძის დამოკიდებულება განათლებისადმი სრულიად შოკისმომგვრელი და ცოტა დამაბნეველიც კი აღმოჩნდა. ნიკოს ცხოვრებისა და ნააზრევის გაცნობისას შეგვიძლია, ამ საკითხზე მოსწავლეები სხვადასხვა კუთხით დავაკვირვოთ.

 

პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი: რამდენად გრძელი და მრავალფეროვანი გზა გაიარა ნიკომ, რათა სრულყოფილი განათლება მიეღო მაშინ, როცა პირველი გილდიის ვაჭრის შვილი იყო და თუ მამის არჩეულ გზას გაჰყვებოდა, უსწავლელადაც სრულიად უზრუნველად გალევდა თავის სიცოცხლეს. პეტერბურგის უნივერსიტეტიდან პროტესტის გამო გარიცხული ჯერ სორბონაში სწავლობდა, მერე კი გადავიდა შვეიცარიაში, იქ ციურიხის უნივერსიტეტში დაწერა სადოქტორო ნაშრომი და მიიღო დოქტორის ხარისხი – იგი მიიჩნევა პირველ ქართველად, ვინც დოქტორის ხარისხი ევროპაში მიიღო. მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ნიკო ნიკოლაძე თავისი საკმაოდ ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში მუდმივად ახლის მაძიებელ, თვითშემმეცნებელ ადამიანად დარჩა. კონსტანტინე გამსახურდია იგონებს: „ნიკო ნიკოლაძეს მე ორჯერ შევხვდი: ერთხელ ბერლინში და მეორეჯერ პარიზში 1923 წელს. უნდა ითქვას, აღტაცებაში მომიყვანა მისმა დიდმა ერუდიციამ, განსწავლულობამ და გონებამახვილობამ. რა და რა დარგის გამო არ გაესაუბრებოდი მას – ბერგსონის „ელან ვიტალის“ მოძღვრება იქნებოდა ეს თუ ინგლისისა და ამერიკის კოლონიური პოლიტიკა, ჩინური ფილოსოფია თუ ინდური ბრაჰმანიზმი, ისლამური მისტიციზმი თუ მასონების მოძრაობა ევროპაში, იტალიური რენესანსის თუ ძველბერძნული პლასტიკის საკითხები… ეს ხანდაზმული კაცი ყოველ საკითხში ერკვეოდა, ყველგან შინ იყო. პირველხარისხოვანი ევროპელი დიდი მწერლის, ან მეცნიერის სიმაღლეზე იდგა მისი გამობრძმედილი ინტელექტი, რომელსაც სიბერე ჯერ არ გაჰკარებოდა“.

 

მეორე, ასევე უაღრესად საინტერესო მხარეა ნიკოს ცხოვრების, თუ რა სარგებლობა მოუტანა მისმა განათლებულობამ სამშობლოს. ამ უგანათლებულესი კაცის გაკეთებული საქმეების ჩამონათვალი ლამის უსასრულოა და ამ ფორმატში ნამდვილად ვერ ჩაეტევა, მაგრამ ერთს მაინც აღვნიშნავ: განათლების აუცილებლობის, პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობიანობის ძალიან კარგი მაგალითია თუნდაც ის ცნობილი ფაქტი, რომ ფოთის მშენებლობისას ნიკომ არა მხოლოდ ევროპაში იმოგზაურა 8-ჯერ, არამედ ჩრდილოეთ აფრიკის 12 სხვადასხვა საპორტო ქალაქიც მოუნახულებია, რათა თავის ქვეყანაში ერთი პატარა ქალაქისთვის ნავსადგურის სრულყოფილი პროექტი შეედგინა.

 

მესამე მიმართულებაა, თავად რას აკეთებდა ქვეყანაში განათლების დონის ამაღლებისთვის – როგორ აქცია მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად დიდი ჯიხაიშის სახლი და მამული თავისი შვილებისა და ქართველი ახალგაზრდების განათლების კერად. აქვე აღვნიშნავთ: ნიკო თვლიდა, რომ განათლების მიღება იწყება ადრეული ასაკიდანვე და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ოჯახის როლი: „თუ ყმაწვილს გონება თავის ენაზე გახსნილი არა აქვს, უცხო ენის სწავლაში მეტად ბევრს ეწვალება. მშობელი შვილებზე სკოლაში შესვლამდე უნდა ზრუნავდეს, რომ ყმაწვილს თავისი ენა კარგად ასწავლოს, გონება გაუხსნას და სკოლაში მომზადებული მისცეს. საკვირველია, რომ ეს უბრალო ჭეშმარიტება ჩვენს საზოგადოებას აქამდე ვერ შეუგნია. ერთი სიტყვით, ვისაც კი სურს, რომ ყმაწვილი გონების გახსნასა და სწავლაში სწორ გზაზე დააყენოს და განათლების მიღება გაუადვილოს, ის უთუოდ უნდა ეცადოს, სწავლა იმ საგნებიდან დააწყებინოს, რომლებიც ყმაწვილთან უფრო ახლოს არიან, მის გრძნობას იზიდავენ და ადვილად შეითვისებიან“. სკოლამდელი აღზრდის საკითხებზე ის უკვე ხანშიშესულიც მუშაობდა თავის შვილთან, რუსუდანთან ერთად, რომელმაც სწორედ მამის ხელმძღვანელობით შექმნა სკოლამდელი აღზრდის სახელმძღვანელო.

 

სოფელ დიდ ჯიხაიშში თავდაპირველად ნიკომ გახსნა სამწლიანი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ ტექნიკუმად გადაკეთდა. მოგვიანებით ოლღამ, რომელსაც ასევე ძალიან კარგი განათლება ჰქონდა მიღებული ევროპაში, აქვე დააარსა ქალთა გიმნაზია და შემოიღო პოლიტექნიკური სწავლება.

 

მეოცე საუკუნის დასაწყისში კი ნიკოს დიდი ძალისხმევითა და უშუალო ჩართულობით სოფელში გაიხსნა უმაღლესი დაწყებითი ტიპის სკოლა. სკოლას ხელმძღვანელობდნენ მისი მეუღლე და ქალიშვილი რუსუდანი, რომელმაც მენდელეევის ლაბორატორიის ნაწილიც კი ჩამოიტანა თურმე ამ სკოლისთვის.

 

ამ ძალიან მოკლედ თქმულ დიდ საქმეებთან ერთად ის მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა სახალხო სკოლების საკითხს. თვლიდა და მოითხოვდა კიდეც, რომ დაწყებითი უფასო განათლების შესაძლებლობა უკლებლივ ყველას მისცემოდა. ასევე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა უმაღლეს განათლებასაც, წერდა კავკასიის უნივერსიტეტის აუცილებლობაზე, მისი აზრით, თბილისში უნივერსიტეტის გახსნა გიმნაზიაში სწავლის მსურველებს მოტივაციას გაუჩენდა, მათ რიცხვს გაზრდიდა, რადგან კავკასიის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდებოდა უმაღლესი სასწავლებელი.

 

ამ ყველაფერს დავუმატოთ ისიც, რომ ნიკო ძალიან აფასებდა მასწავლებლის პროფესიას, თითოეული მასწავლებლის ამაგს ქვეყნის წინაშე და თვლიდა, მასწავლებელს სჭირდებოდა არა კონტროლი, არამედ თანადგომა ზემდგომთა მხრიდან და ღირსეული ანაზღაურება.

 

ბ) ევროპისა და ევროპული კურსი მნიშვნელობა ქვეყნისთვის

 

 მეორე საკითხი, რომელზეც, ჩემი აზრით, მოსწავლეების ყურადღება აუცილებლად უნდა შევაჩეროთ, არის ნიკო ნიკოლაძის დამოკიდებულება ევროპის მიმართ და ევროპაში მიღებული გამოცდილების დაკავშირება თავის სამშობლოსთან. მით უფრო, რომ ახლა ჩვენი ქვეყანა განვითარების ისეთ ეტაპზეა, რას ნიშნავს ევროპასთან სიახლოვე და ევროპული კურსი, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული. ამ გააზრებას მოზარდობის ასაკში თუ არ ჩაეყარა საფუძველი, ფაქტია, მერე ჭირს რაღაცების მკაფიოდ დანახვა.

 

არტურ ლაისტი, ცნობილი გერმანელი ქართველოლოგი და საქართველოს დიდი გულშემატკივარი, ნ. ნიკოლაძეზე წერდა: „იმ ადამიანთა შორის, რომელთა გავლენა საქართველოზე ვრცელდებოდა, ყველაზე ჭკვიანი ნიკო ნიკოლაძე გახლდათ. ეს უნიჭიერესი და სულიერად ყველაზე მაღლა მდგომი ადამიანი პირველი ქართველი ჟურნალისტია ევროპული მნიშვნელობით. მან ათეული წლით განსაზღვრა თავისი ერისათვის ყველაზე საჭირბოროტო საკითხები და ნათელი გონებით განჭვრიტა!“.

 

ნიკოს ცხოვრებისა და შემოქმედების არაერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ მას არ უცდია ველოსიპედის თავიდან გამოგონება. უბრალოდ, ცდილობდა, ევროპაში მიღებული ცოდნა- გამოცდილება თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოეყენებინა. ოღონდ მაქსიმალურად ითვალისწინებდა ეროვნულ ნიადაგს, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, ქართველი ხალხის ინტერესებსა და მზაობას. საკუთარი ხალხის, ქვეყნისადმი კრიტიკულად შეხედვაც შეეძლო და არსებული ნაკლოვანებების გამოსწორების გზებსაც დაუცხრომლად ეძებდა – მისი ცხოვრების კრედოც ეს იყო – ფეხზე დაეყენებინა ქვეყანა და გააზრებული ჰქონდა, ამაში სწორედ ევროპაში ნანახ-განცდილის გამოყენება დაეხმარებოდა:

 

„ჩვენ სრულიადაც დავრწმუნდით, რომ ევროპული წესი და ცხოვრება, ევროპული მეცნიერება ჩვენ სამაგალითოთ უნდა მიგვაჩნდეს… ჩვენთვის მეტის მეტათ შესახარბებელია სხვა ქვეყნებში გავრცელებული განათლება და კეთილდღეობა, რაკი ჩვენ ვიცით, რომ ეს განათლება და კეთილდღეობა იმათ თავიანთ აკვანში როდი უპოვიათ, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ და გამოვიკვლიოთ, თუ რანაირათ და რა გზით მიაღწიეს განათლებულმა ხალხებმა თავიანთ კეთილდღეობამდი, რა და რა წესი და განწყობილება მოუგონიათ იმათ ამ კეთილდღეობის დასაფუძნებლად და გასაძლიერებლათ”.

 

 

 

გ) ჭეშმარიტი პატრიოტიზმი – საქმითა და სიტყვით

 

ევროპისა და მისადმი ქართველების დამოკიდებულების თემას პირდაპირ უკავშირდება საკითხი, რომელიც ასევე სულ ცოცხალია, სხვადასხვა კუთხით ვატრიალებთ, ხან გაცვეთილი გვეჩვენება, ხან ყალბი, ხან დრომოჭმული, ხან გადაჭარბებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, არავინ დავობს, რომ ძალიან საჭიროა- პატრიოტიზმი – საკუთარი ქვეყნის უანგარო და ჯანსაღი სიყვარული.

 

ჩემი აზრით, ნიკო ნიკოლაძე თავისი ოჯახით სწორედ ასეთი პატრიოტიზმის თვალსაჩინო მაგალითია.

 

„მას აქეთ, რაც მე ჩემს თავს ვიცნობ, მე ერთი წადილის მეტი არ მქონია, ერთი ღმერთის გარდა სხვისთვის თაყვანი არ მიცია. მე შენ მიყვარდი, შენ მწამდი, შენ გემსახურებოდი, ავათ თუ კარგათ როგორც შემეძლო, როგორც ჭკუა მიჭრიდა. მე შენ მიყვარდი, როგორც ჩვენი ქვეყნის კაცი, ჩემი თანამემამულე და ძმა, როგორც ისეთი პირი, რომლის ბედი და უბედობა, რომლის ავი და კარგი, ჩემი პირადი ბედი და უბედობა, ჩემი საკუთარი ავი და კარგი მეგონა. მე დამივლია მთელი ევროპა და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყველგან და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა. არც საფრანგეთის ამღელვებელ და აღმტაცებელ ცხოვრებას, არც პეტერბურღის განსაცდელით მიმზიდველ საზოგადოებას, არც იტალიის მშვენიერებას, არც შვეიცარიის თავისუფლებას, არასოდეს, არც ერთი წამის განმავლობაში, არ მოუხიბლავს ჩემი გრძნობა და გული, არ შეუცდენივარ და არ მიუზიდივარ, თუმცა ახალგაზრდა კაცის გულზე გვარიანი გავლენა აქვს იქაური დიდი სახელის და დიდი გავლენის იმედს… იმის მაგიერ, რომ იქაურს ცხოვრებას მივებირე და სხვებისავით დამევიწყა ჩვენი ერთი ნამცეცა ქვეყანა, ჩვენი ყველასაგან უცნობი ხალხი, მე ნიადაგ შენზე ვფიქრობდი, რომ სადმე, როგორმე, სადაც კი ყოფილიყო შენთვის ცოტაოდენი სარგებლობა მაინც მომეტანა… სხვაგან და ჩვენში მწერალი და გაჩუმებული ნიადაგ შენი ერთგული და შენი მსახური ვიყავი“. ეს სიტყვები მხოლოდ მას შემდეგ წავუკითხე მოსწავლეებს, როცა ნიკოს საქმეებს ასე თუ ისე კარგად იცნობდნენ. ამიტომ არცერთს არ გასჩენია განცდა, რომ ამ ვრცელი ციტატის რომელიმე სიტყვა, რომელიმე ფრაზა გადაჭარბებული იყო, მით უმეტეს – ყალბი. დამაფიქრებელი აღმოჩნდა მოზარდებისთვის იმის დანახვა, როგორ დაბრუნდა საქართველოში კაცი, რომელსაც ევროპაში უკვე დამკვიდრებული ჰქონდა ადგილი, გარკვეულ წრეებში სახელიც მოიხვეჭა და სიტყვაც ეთქმოდა, მერეც არაერთხელ ჰქონია წასვლის შანსი, მიდიოდა კიდეც, მაგრამ აუცილებლად ბრუნდებოდა, რათა თავისი პატარა, დაჩაგრული, თავისუფლებაწართმეული ქვეყნისთვის ხელი წაეკრა, ფეხზე დადგომაში დახმარებოდა.

 

თანამედროვე საქართველოში ძალიან მტკივნეული პრობლემაა ემიგრაციის თემა, მტკივნეული და თან უკიდურესად სათუთი. რეალობა ასეთია: ძალიან ბევრი ბავშვი იზრდება მშობლებისგან შორს, რადგან ისინი იძულებული გახდნენ, ისევ შვილების კეთილდღეობის გამო ამდგარიყვნენ და წასულიყვნენ გაურკვეველი დროით საზღვარგარეთ სამუშაოდ – სანამ შვილებს დასჭირდებათ. შვილებს კი მუდმივად სჭირდებათ. მეორე მხრივ, ახალგაზრდების უმრავლესობას სურს და ცდილობს კიდეც საზღვარგარეთ მიიღოს განათლება. თავისთავად ეს ფაქტი ძალიან კარგია, ჩემი აზრით. ხარისხიანი განათლების მიღება აუცილებელიც კია უფრო და უფრო მზარდი კონკურენციის პირობებში. მაგრამ გულსატკენია ის, რომ თითქმის არცერთი მათგანი არ გეგმავს დაბრუნებას, ან მხოლოდ შორეულ მომავალში განიხილავს და რთულია ამ დროს შეეკამათო, რადგან ყველას აქვს უფლება, იმუშაოს ადამიანურ პირობებში და მიიღოს საკუთარი შრომით ადამიანური ცხოვრებისთვის საკმარისი ანაზღაურება. ამ რეალობაში იმის გაცნობა, თუ როგორ მოახმარა ნიკო ნიკოლაძემ თავისი ნიჭი, განათლება და გამოცდილება ქვეყანას, ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მნიშვნელოვანი იყო იმის გააზრებაც, თავისი შვილებიც როგორ გეგმაზომიერად, წინასწარი გათვლებით ჩააყენა საკუთარი ქვეყნის სამსახურში. სადაც ყველაზე მეტად უჭირდა, რომელი სფეროს განვითარებაც უკეთ დაეხმარებოდა ქვეყანას, სწორედ იმ სფეროს მიმართ გაუჩინა ინტერესი, იმათაც საზღვარგარეთ მიაღებინა უმაღლესი განათლება, მაგრამ დაბრუნდნენ და თავიანთი ცოდნა- გამოცდილება მაქსიმალურად მოახმარეს სამშობლოს. არცერთი მათგანი ვიწრო ჭრილით არ უყურებდა სამყაროს. გიორგიმ უდიდესი წვლილი შეიტანა მეტალურგიის ჩამოყალიბება- განვითარებაში, თავისი სათქმელი თქვა მათემატიკაში, ლომის წვლილი მიუძღვის და მის სახელს უკავშირდება სპორტის თითქმის ყველა სახეობის განვითარება თავისი სპორტული საზოგადოებით „შავარდენით“, ითვლება ალპინიზმის ფუძემდებლად საქართველოში.

 

ასევე, მრავალმხრივი მოღვაწეობით გამოირჩეოდა რუსუდანი. 1909 წელს პეტერბურგის ქალთა პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტი ფიზიკა-ქიმიის განხრით. იქვე განაგრძო სამეცნიერო მუშაობა. ის იყო პირველი ქალი რუსეთის იმპერიაში, რომელმაც წარმატებით ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები, აიღო დიპლომი და მოიპოვა უფლება, ეტარებინა ე.წ. „საუნივერსიტეტო ნიშანი“, რომელსაც მანამდე მხოლოდ მამაკაცები ატარებდნენ. გარდა პეტერბურგისა, მან არაერთ ევროპულ უნივერსიტეტში მოისმინა ლექციები ცნობილი მეცნიერებისაგან. იცოდა ფრანგული, გერმანული, ინგლისური, იტალიური და ჩეხური ენები. 1917 წელს დაბრუნდა საქართველოში, ჯერ დიდ ჯიხაიშში მშობლების მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო საქმეებს ხელმძღვანელობდა, უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ კი არაორგანული და ზოგადი ქიმიის კათედრას ჩაუდგა სათავეში. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სკოლამდელი აღზრდის ე.წ. შრომის სკოლებისა და ბავშვთა ბაღების განვითარებაში და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მამის ხელმძღვანელობით შექმნა სკოლამდელი აღზრდის სახელმძღვანელოც. გიორგისთან ერთად მუშაობდა სამეცნიერო-ტექნიკურ, მათემატიკურ და სპორტულ ტერმინთა ლექსიკონებზე.

 

მესამე შვილიც, თამარიც, მხარში ედგა თავის და-ძმას საქვეყნო საქმეებში, ის იყო ერთ-ერთი პირველი სპორტსმენი ქალი, პროფესიით ფიზიოლოგი.

 

პარადოქსივით გამომივა, მაგრამ სამშობლოს სიყვარულზე, მის სამსახურზე საუბარი მისალმებით უნდა დავასრულო, რომელიც ოლღა გურამიშვილმა მოიფიქრა თურმე, ასე ესალმებოდა შვილებს და მერე პირველი სპორტული საზოგადოების, „შევარდენის“, წევრების უცვლელ მისალმებადაც დამკვიდრდა:

 

  • გუშაგობ ერს?
  • მარად!

 

არ მეგულება ამაზე უფრო ბევრისმთქმელი, გულშიჩამწვდომი მისალმება. ჩემი მოსწავლეებიც დამეთანხმნენ.

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  • თხზულებანი, ნიკო ნიკოლაძე – აკაკი ბაქრაძე. I ტომი, თბილისი, 2004 წელი;

 

  • ნიკო ნიკოლაძე – ადამიანი, რომელმაც გაუსწრო დროს! რესპონდენტი – ნიკო ნიკოლაძის მკვლევარი, პროფესორი დალი ჩიკვილაძე.

https://www.marketer.ge/niko-nikoladze/.

 

 

 

  • ნიკო ნიკოლაძის ადგილისათვის ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიაში, ვაჟა შუბითიძე

https://for.ge/view/22384/niko-nikolaZis-adgilisaTvis-qarTuli-politikuri-azrovnebis-istoriaSi.html

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“