სოციალური ქსელი ყველას გვაქვს. მე 2009 წელს გავხსენი. ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ კანადაში, ვანკუვერში მივდიოდი რომელიღაც საერთაშორისო კონფერენციაზე და საორგანიზაციო კომიტეტმა გვირჩია, ვისაც არ გაქვთ, გახსენით, შემდეგ კონფერენციის სურათების გასაზიარებლად გამოდგებაო. ჰოდა, ბეჯითად დავრეგისტრირდი. მერე, როდესაც კონფერენციაც დასრულდა, მეც უკან ჩამოვედი და სურათებიც გაგვიზიარეს, ეს ქსელი სულ გადამავიწყდა. სადღაც ერთი წლის შემდეგ გამახსენდა და მას შემდეგ დროებითაც კი არ გამიუქმებია.
მთელი ამ წლების განმავლობაში დიდი პერიპეტიების მომსწრე გავხდი და ბოლოს დავასკვენი, რომ სოციალური ქსელის გამოგონების მიზანი ის იყო, რომ უცხო ადამიანებს რაღაც წვრილმანებისთვის ერთმანეთი ელანძღათ. კიდევ მავანი აგიტაციისთვის იყენებს და იმასაც მივხვდი, რომ ჩემზე მსგავსი არაფერი მოქმედებს. ვერასდროს ვერავინ ვერანაირ სააგიტაციო კამპანიაში ვერ ამიყოლია.
სამაგიეროდ, სოცქსელში „ჩემი ხაზი“ მაქვს და ფისოების ფოტო-ვიდეოებს ვაზიარებ. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ საკუთარ თავსაც არ ვივიწყებ და ჩემს ფოტოებსაც გამოვფენ ხოლმე, თუმცა რომ შევადაროთ, ფისოები გადაწონიან.
ჰოდა, ერთ დღესაც ერთმა ქალბატონმა, რომელიც ცხოვრებაში არც კი მინახავს, მაგრამ აქ ჩემი „მეგობრების“ სიაშია, ერთ-ერთ ფისოზე მიმიწერა – ნეტა, არ მოგბეზრდა ამ არაფერში გამოსადეგი პარაზიტების სურათების დადებაო.
ჰმ, საინტერესოა, ქალბატონო, ჩემი რამდენი წარმატება თუ წარუმატებლობაც არ დავდე, ხმაც არ ამოგიღიათ, ერთი თბილი სიტყვაც არ დაგცდენიათ, არცერთ სურათზე ერთი ე.წ. მოწონებაც არ გაგიმეტებიათ და კატებით შეწუხდით?
ჯერ გული მომივიდა, ვიფიქრე ახლა დაგკბლოკავ-მეთქი. შემდეგ მერწყულულმა ბუნებამ თავისი გაიტანა და გამეცინა, ნეტავი ერთი შენ, „ქალბატონო მინადორა“, ვთქვი და ფისოს კიდევ ერთი სურათი გავაზიარე. ამჯერად, ე.წ. ჰელოუინის გოგრასთან იწონებდა თავს.
სხვათა შორის, 1915 წელს ნიკელზეც დაწერეს, არაფერში გამოსადეგი მეტალიაო. გერმანელმა ქიმიკოსებმა წითელი კოლჩედანიდან გამოყვეს. სინამდვილეში სპილენძის მიღება სურდათ, მაგრამ ეს უცნაური ნიკელი შერჩათ ხელში. ამიტომ, ყველაფერი ეშმაკს დააბრალეს, „ეშმაკისეული მეტალი“ შეარქვეს. საქსონურ ფოლკლორში ჰყვებოდნენ გნომებზე, რომლებიც მეტალურგებს გამოფიტულ მადანს აჩეჩებდნენ ხელში. სხვათა შორის, კობალტის აღმოჩენაც ბოროტ გნომებს კობოლდებს უკავშირდება.
დღეს თანამედროვე წარმოება ნიკელის გარეშე წარმოუდგენელია. თავის დროზე უილიამ გოლდუინმა ნიკელს სამი ნაშრომი მიუძღვნა, სადაც ის დეტალებში აღწერა მისი მიღება-აღმოჩენიდან, მეოცე საუკუნის 30-იან წლებამდე.
1751 წელს შვედმა ქიმიკოსმა აქსელს კრონშტედმა პირველად მიიღო ნიკელი NiAsდან.
მანამდე, ჩვ.წ. აღ.-მდე სირიაში ნაპოვნ ბრინჯაოში აღმოაჩინეს. ჩვ.წ.აღ.-მდე მეორე საუკუნის ჩინურ მონეტებშიც იპოვეს. ეს იყო სპილენძის, ნიკელის და თუთიის შენადნობი და მას ჩინურ ვერცხლსაც უწოდებდნენ. მეცხრამეტე საუკუნეში მიხვდნენ, რომ 25%-იანი ნიკელის დამატება სპილენძთან შელღობისას, ლამაზი შენადნობის მიღებას უწყობს ხელს. შვეიცარიაში, გერმანიასა და ამერიკაში სწორედ ამ შენადნობისგან დამზადებული მონეტების გამოყენება დაიწყეს. ამის შემდეგ უკვე გალვანური წარმოებები შექმნეს სპილენძის, რკინისა და სხვა მეტალების მონიკელებისთვის. შესაბამისად, წარმოიქმნა უჟანგავი მეტალი. ძალიან ბევრი ქვეყნის მონეტები მონიკელებულია.
ითვლება, რომ ნიკელი ქიმიურად ნაკლებად აქტიურია. აზოტმჟავასთან გაცხელებით შედის რეაქციაში: 3Ni+8HNO3=3Ni(NO3)2+2NO+4H2O.
გამოყოფილი აზოტის ოქსიდი მაშინვე შედის რეაქციაში ჟანგბადთან და აზოტის დიოქსიდი წარმოიქმნება:
2NO+O2=2NO2
ცივ კონცენტრირებულ გოგირდმჟავასთან ნიკელი რეაქციაში არ შედის, რადგან პასიურდება. თუ გავაცხელებთ, მაშინ რეაქცია წარიმართება და გოგირდმჟავასთან იმოქმედებს, როგორც ნიკელი, ისე მის ზედაპირზე წარმოქმნილი ოქსიდი.
Ni+H2SO4=NiSO4+SO2+2H2O
NiO+H2SO4=NiSO4+2H2O
მარილმჟავასთან ასევე გაცხელებით შედის რეაქციაში.
Ni+HCl=NiCl2+H2
გარემოში გავრცელების მიხედვით მეხუთე მეტალია და მისი აღმოჩენა ნიადაგში, წყალსა და ჰაერშია შესაძლებელი. სხვათა შორის, ყველაზე დიდი მარაგი კანადაშია. ნიკელი დედამიწაზე კოსმოსიდანაც შეიძლება მოხვდეს, ჩამოვარდნილი მეტეორიტების შემადგენლობაში.
ავიღოთ ქიმიური ჭიქა და თვალის ზომით რაიმე რაოდენობის ნიკელის ქლორიდი ჩავყაროთ. გავხსნათ წყალში. მეორე ჭიქაში ჩავასხათ ასევე გარკვეული რაოდენობის ამიაკი და წყლით განვაზავოთ. შემდეგ პასტერის პიპეტით ეს ჩვენი ამიაკის წყალხსნარი ნელ-ნელა ნიკელის წყალხსნარს დავამატოთ.
NiCl2+2NH4OH=Ni(OH)2+2NH4Cl
შედეგად ნიკელის ჰიდროქსიდი გამოილექება. თუმცა, თუ განვაგრძობთ ამიაკის წყალხნსარის დამატებას, ნალექი გაიხსნება, ხსნარი მწვანე შეფერილობიდან ლურჯ ფერს მიიღებს და ბოლოს გამჭვირვალე ლურჯი გახდება. წარმოიქმნება ნიკელის ამიაკური კომპლექს ნაერთი, რომელიც ხსნადია.
Ni(OH)2+6NH4OH=[Ni(NH3)6]2-+2OH–+6H2O
ნიკელისგან სუპერ შენადნობებსაც ამზადებენ. ზოგიერთი მათგანი საავიაციო მშენებლობასა და რეაქტიული ძრავების შექმნისას შეუცვლელია.
21-ე საუკუნის უნიკალური შენადნობი – ასე უწოდეს Ti/Ni შენადნობ ნიტინოლს, რომლისგანაც კოსმოსური ხომალდის ანტენა მზადდება. ხომალდის აწყობისას ამ შენადნობისგან დამზადებულ პატარა გორგალს კორპუსში ათავსებენ. როდესაც მზე კორპუსის ზედაპირს გაახურებს, გორგალი რამდენიმე კმ-ის სიგრძის ფარგლებში სწორდება.
ნიტინოლით დამზადებული ე.წ. კლიფსებით ხდება ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა ღრმა ქსოვილების ამოკერვა. ადამიანის სხეულის სითბოს გავლენით, სისხლძარღვში მოთავსებული ნიტინოლის მავთული დახლართული გორგალის ფორმას იღებს. შენადნობის ასეთი ფორმა ფილტრის როლს ასრულებს და იჭერს წარმოქმნილ თრომბებს.
Ti/Ni შენადნობს განსხვავებული თვისება აქვს: წვრილი მავთული ტემპერატურის გავლენით საწყის ფორმას იღებს (ანტენის შემთხვევაში სწორდება, ხოლო სისხლძარღვში გორგალის ფორმას იღებს).
ნიკელს ძალიან აქტიურად იყენებენ, როგორც კატალიზატორს, მაგ. ცხიმების ჰიდრირებისას და მარგარინის წარმოებისას.
როგორც ზემოთ დავწერე, ნიკელის მსგავსად ტყის კაცუნებთან თუ გობლინებთან კობალტსაც აიგივებდნენ. კობალტის კაცუნებს კობოლდები ერქვათ და ისინიც ფოლკლორის ნაწილია.
კობალტი რკინასავით ბზინავს და მასავით მაგნიტური თვისებები აქვს. წყალი და ჰაერი მასზე არ მოქმედებს. განზავებულ მჟავებშიც რკინაზე ძნელად იხსნება. კობალტს უფრო მეტად შენადნობებში იყენებენ, რომლებიც თბოგამძლე მასალებში შედის. ასეთი შენადნობია, მაგალითად, ვიტალიუმი, რომელიც შეიცავს 65% კობალტს, 28% ქრომს, 3% ვანადიუმს, 4% მოლიბდენს. ვიტალიუმი კოროზიისადმი ძალზე მდგრადია. კობალტის მყარი შენადნობი სტელიტი საჭრელი დანადგარების წარმოებაში გამოიყენება. მისი შემადგენლობა ასეთია: 40-60% კობალტი, 20-35% ქრომი, 5-20% ვანადიუმი და 1-2% ნახშირბადი. როგორც უკვე ვთქვი, კობალტის ნაერთები მინას მოცისფრო-მოლურჯო შეფერილობას აძლევს, ასეთი მინის ფხვნილისგან დამზადებულ საღებავს კი ჭურჭლის გასაფერადებლად იყენებენ და მას „კობალტის ჭურჭელს” უწოდებენ. კობალტის რადიაქტიურ იზოტოპ კობალტ-60-ს მედიცინაში იყენებენ γ-გამოსხივების წყაროდ. სახელიც ორიგინალური აქვს – „კობალტის იარაღი”.
კობალტს კატალიზატორადაც იყენებენ. ლითიუმის კობალტატი ლითიუმის აკუმულატორებში დადებითი მუხტის მქონე ელექტროდად გამოიყენება.
უწყლო მდგომარეობაში კობალტის ორვალენტიანი მარილები ლურჯია, მათ წყალხსნარებსა და კრისტალჰიდრატებს კი მოვარდისფრო ფერი დაჰკრავს.
ორვალენტიანი კობალტის ნაერთები ორვალენტიანი რკინის ნაერთებთან შედარებით ძალიან ძნელად იჟანგება, თუმცა ძლიერი მჟანგავების, მაგალითად, ნატრიუმის ჰიპოქლორიტის, თანაობისას დაჟანგვა სწრაფად მიმდინარეობს და ორვალენტიანი კობალტის ჰიდროქსიდი სამვალენტიანი კობალტის ჰიდროქსიდად გარდაიქმნება.
ბუნებაში კობალტი შედარებით ნაკლებადაა გავრცელებული. დედამიწის ქერქში მისი შემცველობა დაახლოებით 0,004%-ია. ძალიან ხშირად ის დარიშხანთან ერთად გვხვდება. კობალტი რკინასა და ნიკელთან ერთად მეტეორიტების შემადგენლობაშიც შედის.
წერილში ბოლო წერტილი დავსვი, როდესაც ჩემი ახალი ფისო, მორიგი სელფის გადასაღებად ჩემთან სავარძელზე ამოძვრა. დიახ, ის ძველი „კატუშა დეიდა“ აღარ მყავს და ახლა ეს არის – „ფისო პოტოპო“.
მაშ ასე, მზად ვართ? ერთი, ორი, სამი… და „ფისო პოტოპოს“ მორიგი „არაფერში გამოსადეგი“ სელფი ატვირთულია.