პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
11 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

რა არის ChatGPT? – რესურსი მასწავლებლებისთვის

ხელოვნურმა ინტელექტმა უბრალოდ კი არ მოგვიკაკუნა კარზე და გვკითხა: „შეიძლება, შემოვიდე?“ არა, ფართოდ შემოაღო ჩვენი ცნობიერების კარი და ჩაგვისახლდა. თან ისე ჩაგვისახლდა, შესახლებულებს ჩვენ უფრო ვგავართ. შეზღუდული ფუნქციები არ იკმარა და ბოთლიდან გათავისუფლებული ჯინივით სულ თან დაგვყვება მომაბეზრებელი კითხვით: „ახლა რას მიბრძანებ?“ ამას კი გვეკითხება, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ თავად გვკარნახობს იმას, რაც ჩვენ უნდა ვისურვოთ.

და აი, ასპარეზზე გამოვიდა ChatGPTტექსტების შემქმნელი ხელოვნური ინტელექტის პროგრამა. პირველად ეს ამბავი მოსწავლეებმა და სტუდენტებმა გაიგეს და გავრცელდა ვიდეოები: მასწავლებლებს და პროფესორებს არ გააგებინოთ! რომც გააგებინოთ, ბევრს აზრადაც არ მოუვა, რა ფუნქციები აქვს ამ უსულო სულიერს. მოკლედ, გაილაღეს სტუდენტებმა: ამიერიდან შეუძლიათ, ნებისმიერი დავალება შეუკვეთონ ChatGPT-ს და ისიც რამდენიმე წამში დაუგენერირებს თავისი შესავლითა და დასკვნით.

არ გეგონოთ, რომ ეს მრავალთავიან-მრავალხელიან-მრავალტვინიანი „არსება“ მხოლოდ მარტივი დავალებების „წერით“ შემოიფარგლება. რაც გინდათ, ჰკითხეთ: რომელი მასწავლებელი, რომელი პროფესორი, რომელი მშობელი გაგცემთ ასეთ სრულყოფილ პასუხს? თანაც ამბობენ, რომ პლაგიატის აღმოჩენა შეუძლებელია, რადგან თუ ორი წუთის შემდეგ იმავე კითხვას დაუსვამთ, სრულიად ახლებურად აგიწყობთ კონტენტს.

ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს, ბიბლიოთეკებში წიგნების ძებნას და ბარათებზე საჭირო ინფორმაციის  ამოწერას კაცობრიობა ვეღარ დაუბრუნდება, როგორც ვერ დაუბრუნდება ლამპის შუქს და სანთლის შუქს (გარდა რომანტიკული შინაარსებისა). განათლების სისტემის სრული ტრანსფორმაციის სიო უკვე ქრის და ჩვენი განათლების მესვეურებს ნუ ეტყვით – ინერვიულებენ, წყალში ეყრებათ ამდენი რეფორმა. ამის ფონზე სხვა რამეს მინდა დაუკვირდეთ – შეფასების სისტემებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში. პლაგიატის მოსაძებნად უკვე რამდენიმე პლატფორმა არსებობს და ალბათ კიდევ მოიფიქრებენ, მაგრამ ამ ყველაფერს, იმის ფონზე, რაც ხდება, რა საერთო აქვს ნამდვილ ცოდნასთან? მანამდეც ბევრი არაფერი ჰქონია, უბრალოდ, დამახსოვრებულ ინფორმაციას ამოწმებდა, ეგ იყო და ეგ.

არ ვიცი, როდის გავიგებთ, რომ რეალობა უკვე შეცვლილია! იმიტომ არა, რომ ამას ბილ გეიტსი ამბობს… თქვენც ხომ გრძნობთ? ის ჯერ კიდევ როდის წერდა: „სახელმძღვანელოები უკვე გარდაცვალების გზას ადგანან, მათი ნეკროლოგების წერის დროა!“ ისე სწრაფად იცვლება სამყარო და ვიცვლებით ჩვენც, რომ არათუ საუკუნის წინ, გუშინ დაწერილი სახელმძღვანელოებიც კი დღეს უკვე მოძველებულია.

„ვფიქრობ, მომავალი ათი წლის განმავლობაში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფა, საბოლოო ჯამში, შეასრულებს საკუთარ დაპირებას სწავლებისა და სწავლის რევოლუციონირების მიმართულებით. ხელოვნურ ინტელექტს ეცოდინება თქვენი ინტერესები და სწავლის სტილი და მოარგებს მას პერსონალიზებულ კონტენტს, რომელიც არ მოგაწყენთ. ხელოვნური ინტელექტი გაზომავს, როგორ ითვისებთ მასალას, შეამჩნევს, კარგავთ თუ არა ინტერესს და გაარკვევს, რა გაძლევთ მოტივაციას, თან მეყსეულ უკუკავშირს მოგცემთ. არსებობს მრავალი გზა, რომლითაც ხელოვნური ინტელექტი მასწავლებლებს და ადმინისტრატორებს დაეხმარება, მათ შორის – სტუდენტის მიერ საგნის შესწავლის ხარისხის გაზომვისა და კარიერული დახმარების კუთხითაც. მოსწავლეების საშინაო დავალების შესასწორებლად ChatGPT-ს მსგავს ხელსაწყოებს უკვე იყენებენ“, – წერს ბილ გეიტსი.[1]

როგორც იცით, ChatGPT არის OpenAI-ს პროდუქტი, რომელიც Microsoft-ს ეკუთვნის, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი კი ბილ გეიტსია. ის პირადად იყო ჩართული ChatGPT-ს შექმნაში ადრეულ ეტაპზე.

მაშ ასე: რას აკეთებს ChatGPT? მას შეუძლია, ტექსტის სახით დაგიწეროთ ნებისმიერი რამ, დაწყებული უბრალო კითხვაზე პასუხით და დამთავრებული… თუმცა რა დამთავრება – მისი შესაძლებლობები ხომ უსასრულოა.

ინფორმაციის ძებნას სხვაგან აღარ დავიწყებ და პირდაპირ ChatGPT-ს ვკითხავ, ვინ არის და რა შეუძლია. აი, მოკლე პასუხიც, რომლის ქართული ვარიანტი, უბრალოდ, დავარედაქტირე. პასუხი მესამე პირში გამცა:

„ChatGPT არის AI ტექნოლოგიაზე მომუშავე სასაუბრო აგენტი, რომელიც იყენებს GPT (Generative Pre-trained Transformer) ენის მოდელს, რათა დააგენერიროს ადამიანის მსგავსი პასუხები მომხმარებლის კითხვებზე. ის ფლობს ტექსტების უზარმაზარ კორპუსს, რათა ჩასწვდეს ბუნებრივი ენის ნიუანსებს და შეუძლია, შექმნას პასუხები, რომლებიც კონტექსტურად შესაბამისი და გრამატიკულად სწორია.

ChatGPT შექმნილია ადამიანის მსგავსი საუბრის სიმულაციისთვის და მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა მიზნით, როგორიცაა მომხმარებელთა მხარდაჭერა, ვირტუალური ასისტენტები, ჩეთბოტები და სხვა. მას შეუძლია, გაუმკლავდეს მოთხოვნების ფართო სპექტრს და ისწავლოს წარსული ურთიერთქმედებიდან, რათა გააუმჯობესოს თავისი პასუხები დროთა განმავლობაში“.

ამერიკელმა დიზაინერმა ამარ რეშიმ ექსპერიმენტი ჩაატარა და ChatGPT-ს დააწერინა საბავშვო ტექსტი მითითებული სიტყვებით, მერე კი Midjourney-ს ილუსტრაციების გენერირება დაავალა. სულ რამდენიმე საათი დახარჯა „ავტორმა“ და წიგნი მზად იყო.

ნაწარმოების მთავარი პერსონაჟია ელისი, რომელიც აღმოაჩენს ხელოვნური ინტელექტის სამყაროს და შექმნის რობოტს, სახელად Sparkle-ს. სიუჟეტის მიხედვით, ელისი და Sparkle-ი სამოგზაუროდ მიდიან და ცდილობენ, თავიანთი ცოდნის დახმარებით სამყარო უკეთესი გახადონ.

ამარ რეშიმ წიგნი დასტამბა და „ამაზონიდან“ გაყიდა, 1 ეგზემპლარი 9 დოლარად. მთელი ტირაჟი რომ გაიყიდა, შემდეგ ქინდლის ვერსია გამოსცა, რომლის რამდენიმე გვერდიც ასე გამოიყურება:

 

მე არ განვიხილავ, სწორია თუ არასწორი ეს ამბავი მხოლოდ ფაქტს აღვნიშნავ. ChatGPT წერს მუსიკას, აკეთებს ანალიზს, გამოაქვს დასკვნები, დაგიწერთ ესეებს, დიპლომებს, დისერტაციას, შეგიმოწმებთ კოდებს… ლექსების წერაშიც ნავარჯიშევია. რა თქმა უნდა, რედაქტირება დასჭირდება, იდეალური არ იქნება, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ადამიანს საქმიანობას უადვილებს.

ChatGPT დაგიგენერირებთ სარეკლამო ტექსტებს, სცენარებს, სკრიპტებს ტრენდების გათვალისწინებით. მთავარია, სწორად მისცეთ დავალება.

არ ვიცი, ჩვენ რაღა დაგვრჩენია და ვის ეკუთვნის საავტორო უფლება მასთან თანამშრომლობით შედგენილ ტექსტებზე, მაგრამ თუნდაც ეს რომ ბევრ რამეს გვეუბნება ჩვენს მომავალზე, ფაქტია.

თქვენ კი, პროფესორ-მასწავლებლებო, ისღა დაგრჩენიათ, კი არ აკრძალოთ, არამედ ითანამშრომლოთ მასთან და რესურსად გამოიყენოთ მსგავსი პლატფორმები.

[1] https://forbes.ge/ras-phiqrobs-bil-geitsi-khelovnur-inteleqtze/

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“