სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

წიგნის დღეები

მოზარდებთან ურთიერთობამ მასწავლა, რომ კითხვის პროცესი მანამდე იწყება, ვიდრე წიგნს გადაშლი. ამაში მაშინ ვრწმუნდები, როდესაც მოსწავლეებისთვის საკითხავ ლიტერატურას ვარჩევ და იმაზე ვიწყებ ფიქრს, როგორ წარვუდგინო მათ ესა თუ ის წიგნი ისე, რომ კითხვის სურვილი წყურვილად ვუქციო. უკვე ტრადიციად დამკვიდრდა, რომ წელიწადში რამდენჯერმე ჩვენი დედაქალაქი ყველაზე ჯადოსნურ ფესტივალს აწყობს, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცე ეთმობა წიგნებს, ავტორებს, მთარგმნელებს, მკითხველებს, უბრალოდ დამთვალიერებლებს და ყველას, ვისაც უყვარს. გამოფენა რამდენიმე პავილიონს მოიცავს და სრულიად ჯადოსნურ დღეებს იტევს. გადავწყვიტე, ეს ჯადოსნური დღეები მოსწავლეებთან ერთად გამეტარებინა და საკითხავი ლიტერატურა მათთან ერთად შემერჩია, რადგან:

 

  1. მოზარდებს კითხვისადმი ინტერესი მეტად უღვივდებათ, როცა თავად იღებენ მონაწილეობას წიგნის შერჩევის პროცესში;
  2. ეცნობიან გამომცემლობებს და აღმოაჩენენ ახალ ავტორებს;
  3. უხარიათ ნაცნობ მწერლებთან შეხვედრა;
  4. ახალი ნაწარმოების ილუსტრაციების თუ სათაურების თვალიერებისას ხალისით გამოთქვამენ ვარაუდებს;
  5. ინტერესით ადარებენ ძველ და ახალ გამოცემებს;
  6. ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს;
  7. აგროვებენ სამახსოვრო ფოტოებს;
  8. ერთმანეთს ჩუქნიან სამახსოვრო წიგნებს, ბარათებს, სანიშნეებს.

 

„წიგნის ფესტივალისთვის“ მზადება ბევრად ადრე იწყება. თავდაპირველად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ვადევნებთ თვალს, შემდეგ გამომცემლობები წარადგენენ კატალოგებს. ყოველ ჯერზე ჩამონათვალი კარგად ნაცნობ ძველ ავტორებთან ერთად, ახალ, უცნობ სახელებსაც მოიცავს. მკითხველი დიდი არჩევანის წინაშე დგება. ეს ერთდროულად სასიამოვნო და თავსატეხიც პროცესიც გახლავთ, რადგან რთულია გადაწყვიტო, ლიტერატურის ვრცელი სიიდან რომელი აღმოჩნდება შენი წიგნის თაროზე. გადავწყვიტე, მოსწავლეებთან ერთად ეს ეტაპები თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად გამევლო.

  1. საგამომცემლო კატალოგებიდან შევარჩიეთ ლიტერატურა;
  2. ყველა წიგნს მივუთითეთ შესაბამისი გამომცემლობა, რათა ხალხმრავალ ფესტივალზე არჩეული წიგნებისთვის მარტივად მიგვეგნო;
  3. რადგან ფესტივალის კატალოგებზე მითითებულია წიგნების ღირებულება, მარტივად განვსაზღვრეთ წიგნების შესაძენი თანხა.

 

მას მერე, რაც საკითხავი წიგნების სია შევადგინეთ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა კითხვის კლუბის ლოგო და დაგვემზადებინა „ბეიჯები“. ბავშვებს უხარიათ დიდობანას თამაში, ჩემთვის კი ეს „თამაში“ წიგნამდე მისასვლელი ყველაზე ნამდვილი და ხალასი გზაა. სანამ პავილიონში შევიდოდით, მოსწავლეები გაეცნენ საგამოფენო სივრცეს, შენიშნეს ბანერები, სადაც ყველა გამომცემლობა თავისი წარწერით, წიგნის ყდით, თუ მნიშვნელოვანი ფრაზით იქცევს დამთვალიერებლის ყურადღებას.

 

ფესტივალის ფარგლებში ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა ტარდება – მწერლებთან, ხელოვანებთან, გამომცემლებთან. სასურველია, თუ წინასწარ გეცოდინებათ რჩეულ საბავშვო ავტორებთან შეხვედრის განრიგი და ფესტივალზე სტუმრობას ამ დროს დაამთხვევთ, რადგან მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ საკითხავი ლიტერატურა საყვარელი ავტორის სამახსოვრო წარწერით დაამშვენონ.  ასე იწყება კითხვა, სანამ წიგნი გადაიშლება.

 

ფესტივალის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს ვთხოვე, გაეზიარებინათ შთაბეჭდილებები, ვფიქრობ, საინტერესოა მათი თვალით დანახული წიგნის დღეები და გაჟღერებული სურვილები:

 

იოანე, 8 წლის:

„ძალიან მომეწონა წიგნის ფესტივალი. ძალიან ბევრი ხალხი იყო. მომეწონა, რომ მეგობრებთან ერთად წავედი და ჩემით ავარჩიე წიგნები“.

 

გაბრიელი, 7 წლის:

„წიგნის ფესტივალზე ვიყიდე წიგნები, თავსატეხები. გამიხარდა ტოპო-ტიპის თაგუნიას დანახვა, ბევრი ფოტო გადავიღე“.

 

ანა 9 წლის:

„ფესტივალზე რამდენიმე წიგნი შევიძინე. მეგობრებთან ერთად დავათვალიერე უამრავი ლიტერატურა, გამიხარდა, რომ ზოგი წიგნი სახლშიც მქონია“.

 

დემე, 9 წლის:

„ძალიან მინდოდა, წიგნის გმირები ყოფილიყვნენ, მაგ: ჯადოქარი მარსია, დედოფალი ალუბლისა, პეპი, წრიპა ბიჭი“.

 

ელენე, ტასო, 12 წლის:

„აწი, ყოველთვის ერთად წამოვიდეთ! ნეტა, ჩვენი წიგნის ავტორი გვენახა! ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებთ ახალ წიგნს!

წინასწარ შედგენილი საკითხავი ლიტერატურის სია, განსაზღვრული მიზნები, გაზიარებული შთაბეჭდილებები, კლასელებთან და მშობლებთან ერთად წიგნის ფესტივალზე სტუმრობა საუკეთესო გზაა, რომ მოზარდებს  მხატვრული ლიტერატურისადმი ინტერესი გაუღვივდეთ“.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“