სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როცა ბავშვი მშობლისთვის არასასურველ თანატოლს უმეგობრდება

ნებისმიერი მშობელი ოცნებობს, რომ საკუთარი შვილის გვერდით ღირსეული მეგობრები იხილოს -ჭკვიანი, კარგად აღზრდილი, ნაკითხი. ამაში გასაკვირი ნამდვილად არაფერია, რადგან მშობელს ყველაფერი საუკეთესო უნდა შვილისთვის და მათ შორის თანატოლთა ის წრე, სადაც ბავშვს ყოველდღიურად უწევს ყოფნა და რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს მისი პიროვნების ფორმირებაზე. ფრაზა -„მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ“ ცარიელ ადგილას არ გაჩენილა და, როგორც ცხოვრება გვიჩვენებს, ჭეშმარიტებისგან ნამდვილად არ არის შორს. გასაგებია, რომ ნებისმიერი მშობელი შფოთავს, ნერვიულობს, როცა მისი შვილი ვისთანაც მოხვდება იმასთან იწყებს მეგობრობას. მასწავლებლები ხშირად ცეცხლს ნავთს ასხამენ: „როგორც კი თქვენი ვაჟი დიტოს დაუმეგობრდა, მაშინვე მიანება სწავლას თავი, დაუქვეითდა აკადემიური მოსწრება“; „თქვენი შვილი სულ ნინის ბაძავს, თავისით ის ამას ვერ მოიფიქრებდა“.

როგორც წესი, მშობელი დარწმუნებულია, რომ მან ყველაზა. ხდება ხოლმე, რომ „ახლადგამომცხვარი“ მეგობარი მშობლების წრიდან არ არის, მისი ოჯახი არ არის მატერიალურად საკმარისად უზრუნველყოფილი, ოჯახის კულტურა და ტრადიციებიც სრულიად განსხვავებულია. ხშირად მშობლებს შვილის ახალი მეგობრის მეტყველება, ტანსაცმელი და მანერებიც ძალიან აღიზიანებს. სწორედ ასეთი მკვეთრი განსხვავება ხდება მისი უარყოფის მიზეზი. როგორც დაკვირვება გვიჩვენეე კარგად იცის, თუ ვისთან უნდა იმეგობროს მისმა შვილმა და ვისთან არ ღირს მეგობრობბს, განსხვავებული ადამიანი ხშირად ჩვენ მიერ აღიქმება არა უბრალოდ როგორც სხვა, არამედ როგორც „ცუდი“ ადამიანი. ამიტომ, როგორც კი ბავშვის გვერდით „საეჭვო“ მოზარდი გამოჩნდება, მშობლები ცდილობენ შვილის დარწმუნებას, რომ ის იმ ადამიანს არ დაუკავშირდა, ვისთანაც ღირს მეგობრობა; თავის მოსაზრებას ისინი შემდეგი სიტყვებით ამტკიცებენ: „შენ არაფერი გესმის არც ცხოვრებაში, არც ადამიანებში…… დამიჯერე!“

მშობლისთვის ადვილი არ არის იმ აზრთან შეგუება, რომ მის შვილს, რომელზეც ამდენი ამაგი აქვს, რომელსაც ამდენი ასწავლა, აღზარდა, ახლა ვიღაც სხვა მართავს, მისი აღზრდილი კი ამ ვიღაცით აღფრთოვანებულია და ცდილობს მისი შეხედულებებით იმოქმედოს, მისი ღირებულებები და ფასეულობები გაიზიაროს. მშობელი გრძნობს, რომ მისი სიტყვა თანდათან ძალას კარგავს, ავტორიტეტი კი სადღაც ქრება; ხვდება, რომ მას გამოუჩნდა მეტოქე, რომელიც თავისი მომხიბვლელობით და ავტორიტეტით უფრო იზიდავს ბავშვს, ვიდრე საკუთარი მშობელი. ასეთ დროს მშობლის მთელი ძალისხმევა იქით არის მიმართული, რომ როგორმე ჩამოაცილოს შვილს ეს ბავშვი.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მართალია მეგობრებთან ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის, მაგრამ მეგობრის როლი და მეგობრული ურთიერთობების სიმტკიცე სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე განსხვავებულია. დაახლოებით გარდატეხის ასაკიდან მოზარდის ცხოვრებაში ჩნდებიან „ნამდვილი“ მეგობრები. მანამდე არჩევანი შემთხვევით, უფრო ზუსტად კი სტიქიურ ხასიათს ატარებს. სკოლამდელ პერიოდში, საბავშვო ბაღის ასაკში ბავშვი მეგობრად ისეთ თანატოლს ირჩევს, ვისთანაც მისთვის საინტერესოა თამაში, ვინც მას რაიმეს აჩუქებს, დაუთმობს, ათხოვებს. სასკოლო ასაკში მეგობრის შერჩევის დიაპაზონი უფრო იზრდება. ამ დროს მას ბევრთან  შეიძლება ჰქონდეს ურთიერთობა, მაგრამ ის, თუ ვინ მოხვდება მისი მეგობრების რიცხვში, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: დროზე, საერთო საქმიანობაზე, საერთო ინტერესებზე, გატაცებებზე და ოჯახზეც კი.

რეკომენდაციები – რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად თანატოლებთან შვილის მეგობრულ ურთიერთობებში ზედმეტი ჩარევის გარეშე:

  • უპირველეს ყოვლისა, საყვედურების, ჩხუბის, მუქარის გარეშე დავინტერესდეთ რის გამო დაიწყო ბავშვმა მეგობრობა კონკრეტულ თანატოლთან, რა იზიდავს მას ახალ მეგობარში.  შეიძლება ბავშვი ცდილობს შეავსოს საკუთარი „ნაკლოვანებები“ იმ მეგობრების პოვნით, რომლებსაც აქვთ საპირისპირო პიროვნული თვისებები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ჩვენი წყნარი, მშვიდი, მორჩილი ბავშვი უცებ იწყებს სწრაფვას თამამ, თავხედ ბიჭებთან ურთიერთობისკენ, სავარაუდოთ მას ქვეცნობიერად სურს გადაიღოს მისი თავდაჯერებულობა და ლიდერის თვისებები. დავფიქრდეთ, იქნებ ჩვენი ბავშვი ზედმეტად მორცხვი და ჩაკეტილია, მაშინ საჭირო იქნება არა მეგობრებთან ბრძოლა, არამედ ამ პრობლემასთან გამკლავება – გამოვუმუშაოთ ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედების უნარი. გავატაროთ მასთან მეტი დრო – პირადი მაგალითით ვუჩვენოთ, თუ რა არის თბილი, მეგობრული ურთიერთობები. შევურჩიოთ  საინტერესო გატაცება, რომლის მეშვეობითაც მას შეეძლება აიმაღლოს თვითშეფასება;
  • დავფიქრდეთ, ზედმეტად ხომ არ ვმეურვეობთ საკუთარ ბავშვს. დიდი ალბათობით, ზედმეტმა მეურვეობამ და ჰიპერმზრუნველობამ მოზარდი შეიძლება ცუდ კომპანიაში მოახვედროს. მოწესრიგებულ, ინტელექტუალურ, ინტელიგენტურ ბავშვებს ხშირად იზიდავენ თანატოლები, რომლების ძალიან განსხვავდებიან მისგან. რაც უფრო მეტად შიშობენ, შფოთავენ მშობლები და განიკითხავენ „ცუდად“ აღზრდილი ბავშვების ქცევას, მით უფრო მეტად იზიდავს მოზარდს ასეთი ბავშვები. აჯობებს ცოტა უკან დავიხიოთ და მივცეთ ბავშვს არჩევანის თავისუფლება, ვიყოთ უფრო მომთმენი და ტოლერანტული მათ მიმართ, ვინც არ მოგვწონს და გამოვხატოთ პატივისცემა ბავშვის არჩევანის მიმართ. არ ღირს ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება და ბავშვის ახალი მეგობრის ნეგატიურად შეფასება. შეიძლება მას არც არაფერი სჭირს და ის უბრალოდ „განსხვავებულია“. პირდაპირი ბრალდებები, იარლიყების მიკერება მხოლოდ ამძაფრებს სიტუაციას, პროვოცირებას ვუკეთებთ კონფლიქტს, ვაფუჭებთ ურთიერთობას ბავშვთან და ვადასტურებთ მის აზრს, რომ „ჩვენ არაფერი გვესმის“. ამით კი მხოლოდ განვამტკიცებთ „აკრძალულ“ მეგობრობას, ვაიძულებთ ბავშვს იბრძოლოს თავისი მეგობრისთვის და შესაძლოა ვუბიძგოთ კიდეც რაიმე რადიკალური ქმედებისკენ. ნაცვლად იმისა, რომ ვაკრიტიკოთ და ავუკრძალოთ ახალ მეგობართან ურთიერთობა, შევეცადოთ გავუგოთ მოზარდს – რატომ აირჩია მან მეგობრად კონკრეტული თანატოლი, რას აძლევს მას ეს მეგობრობა, რატომ არ შეგვიძლია, ან არ გვსურს ჩვენ მსგავსი რამის მიცემა; შესაძლოა ჩვენ ვერც კი ვხვდებით, რომ მას ეს ესაჭიროება, მისთვის ეს აუცილებელია;
  • შესაძლებელია შვილის მეგობრებით უკმაყოფილების მიზეზი დედობრივი ეჭვიანობაა. ამიტომ, კარგი იქნება უკეთესად გავერკვეთ საკუთარ გრძნობებში და მივიღოთ ის ფაქტი, რომ დედა ყოველთვის ვერ იქნება ყველაზე მთავარი და ავტორიტეტული ადამიანი ბავშვის ცხოვრებაში. მოგვწონს თუ არა ჩვენ ეს, ასაკის მატებასთან ერთად მოზარდი სულ უფრო მეტად ურთიერთობს თანატოლებთან და ჩვენი შესაძლებლობები თვალყური ვადევნოთ მის კავშირებს, თანდათან მცირდება. თუ ჩვენ წინააღმდეგობას არ გავუწევთ მის კონტაქტებს და პირიქით, გამოვავლენთ პატივისცემას, მოთმინებას და შემწყნარებლობას მისი არჩევანის მიმართ, მას არ ექნება მიზეზი დაამყაროს ურთიერთობა „საეჭვო“ მეგობრებთან, დაამტკიცოს რაიმე და გამოიჩინოს სიჯიუტე საღი აზრის საწინააღმდეგოდ. ბავშვის მეგობრობის დაშვებით ჩვენთვის არასასურველ თანატოლთან ჩვენ გავამყარებთ ჩვენს ურთიერთობას მოზარდთან. და, თუ რაიმე „არასასურველი“, მიუღებელი მოხდება, ის თავად ღიად ისაუბრებს ჩვენთან ამაზე, ვინაიდან არ შეეშინდება ჩვენი სარკაზმის, ირონიის, დაცინვის;
  • შევეცადოთ გამოვუმუშაოთ ბავშვს თანატოლებთან ურთიერთობისას რთული სიტუაციიდან დამოუკიდებლად გამოსვლის უნარი. ასე განუვითარდება მას სოციალური ინტელექტი და გამოუმუშავდება სოციალური იმუნიტეტი. თუ ჩვენ მიზანმიმართულად შევუქმნით ბავშვს სტერილურ გარემოს, რომელშიც ის გარემოცული იქნება მხოლოდ მშვიდი და კეთილშობილი ბავშვებით, რომლებიც არ გაანაწყენებენ, არაფერს დაუშავებენ მას, ის გაიზრდება ინფანტილურ ადამიანად და არ იქნება ადაპტირებული რეალურ ცხოვრებასთან. საჭიროა ბავშვმა მიიღოს ნეგატიური გამოცდილებაც, გაანალიზოს ის და გააკეთოს დასკვნები. ბავშვი იზრდება და სურს, რომ თავად შეარჩიოს ვისთან იმეგობროს. კარგი იქნება, თუ ჩვენ მას ამის უფლებას მივცემთ.

დაბოლოს, ნუ დავივიწყებთ, რომ ყველაფრის მიუხედავად, მეგობრები მხოლოდ მეორეხარისხოვან გავლენას ახდენენ მოზარდის ქცევასა და ხასიათზე, მაშინ, როცა დამოკიდებულებები, ურთიერთობები ოჯახში ქმნის პირველხარისხოვან საფუძველს. თუ ადრეული ასაკიდანვე ვიზრუნებთ ბავშვში ღირებულებების, ფასეულობების, დამოკიდებულებების ჩამოყალიბების პროცესის სასურველი მიმართულებით წარმართვაზე, მოგვიანებით ის აუცილებლად იმუშავებს და თავის როლს შეასრულებს ბავშვის პიროვნების ფორმირებაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, უფროსებმა თავად ვუჩვენოთ ჩვენთვის მისაღები, სასურველი ურთიერთობის მაგალითი. თუ რაიმე არ მოგვწონს ბავშვში, მის მეგობრებში, დავფიქრდეთ თავად ჩვენ ხომ არ გავხდით ბავშვის ამა თუ იმ დამოკიდებულების, ამა თუ იმ მოქმედების მაპროვოცირებელი და შევეცადოთ უკვე ამაზე ვიმუშაოთ. მშობელი, რომელიც უკმაყოფილოა თავისი ბავშვით, სინამდვილეში საკუთარი თავით არის უკმაყოფილო. ადრეული ასაკიდანვე ვიზრუნოთ ბავშვთან ნდობით განმსჭვალული ურთიერთობისთვის საფუძვლის შექმნაზე, რომ მომავალში ის სწორედ ჩვენთან მოვიდეს რჩევისთვის და ვიყოთ პირველი, ვინც გაიგებს იმის შესახებ, თუ რა  ხდება მის ცხოვრებაში, მათ შორის მისი ახალი მეგობრების შესახებ. პატივი ვცეთ ბავშვის არჩევანს, ვიყოთ ყურადღებიანი მის მიმართ, ზეწოლას ნუ მოვახდენთ მასზე და ეს ყველაფერი დაგვეხმარება გავხდეთ მისი ცხოვრების თანამგზავრი, რომლის აზრსაც ის აფასებს და უფრთხილდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“