რაც უფრო საინტერესო, მარტივად ახსნილი და გასაგებია ბავშვისთვის მასწავლებლის მიერ მიწოდებული მასალა, მით უფრო მეტია სურვილი და უნარი, ისწავლოს. თუმცა თითოეულ ბავშვს თავისი ტემპერამენტი, ხასიათი და სპეციფიკური მოტივაცია აქვს, ამიტომ სწავლის მოთხოვნილების ფორმირებაში მშობლის როლი განუზომლად დიდია.
როგორც ბავშვთა ფსიქოლოგები ამბობენ, უპირველეს ყოვლისა, მშობლებს უნდა გვახსოვდეს, რომ სწავლის პროცესი პატარებისთვის (6-10 წელი) მაქსიმალურად სახალისო და არამატრავმირებელი უნდა იყოს. როცა ბავშვი ძლიერ სტრესს განიცდის, მთელი მისი რესურსი სტრესთან გამკლავებაში იხარჯება და სწავლისთვის აღარ რჩება.
საქართველოში ბავშვებისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს ხშირად მოგვდის შეცდომები, რაც პატარას სწავლის სურვილსა და ხალისს უკარგავს.
განვიხილოთ მაგალითები – ის, რასაც სარგებლობის ნაცვლად ზიანი მოაქვს ბავშვებისთვის და ვნახოთ, რა იქნებოდა ალტერნატივა.
შეცდომა: ბავშვის ჩართვა შეჯიბრებაში და ყურადღების გამახვილება ნიშნებზე. ხშირად მოგვისმენია ფრაზები: „შენ უნდა იყო პირველი“, „ამდენ ფულს ვხარჯავ შენს განათლებაში“, „კერძო სკოლაში გატარებ“, „ჩემი შვილი არავისზე ნაკლები არ უნდა იყოს“, „მეტი შეგიძლია, ნიჭიერი ხარ“, – და ა.შ. ასეთი დამოკიდებულება მშობლის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული შეცდომაა.
მართებული ქცევა: ვკონცენტრირდეთ არა საბოლოო შედეგზე, არამედ დახარჯულ ძალისხმევაზე. ხშირად ორიენტირებული ვართ იმაზე, რას მიაღწევს ბავშვი და გვავიწყდება ის ძალისხმევა, რომელიც მან მუშაობის პროცესში გაიღო. შესაძლოა, ბავშვმა საუკეთესოდ ვერ წარადგინოს დავალება ან ვერ მიიღოს უმაღლესი შეფასება, მაგრამ უნდა შევაქოთ და აღვნიშნოთ, რომ მან ძალიან ბევრი იშრომა და დღეისთვის ეს შედეგი სავსებით მისაღებია, საკმარისია. ამ შემთხვევაში ბავშვი ნაკლებს ინერვიულებს ნიშნებზე და მეტად ისიამოვნებს თავად სწავლის, ახალი ინფორმაციის მიღების პროცესით. ვეცადოთ, ბავშვს გაუჩნდეს წარმატებულობის განცდა. ვუთხრათ, რომ გუშინდელთან შედარებით დღეს უკეთ კითხულობს, უკეთ წერს, უკეთ ესმის წაკითხულის შინაარსი. ამით მას მივახვედრებთ, რომ მის შრომას აქვს აზრი, რომ ხვალ კიდევ უფრო უკეთესად გამოუვა, რაც მოტივაციასაც აუმაღლებს და თვითშეფასებასაც.
შეცდომა: შვილის შედარება სხვა ბავშვთან. ხშირად მშობლები ჩვენს პატარებს ვადარებთ მათსავე დედმამიშვილებს, თანაკლასელებს ან სხვა ბავშვებს. ვამბობთ: „შენს ასაკში შენი და ბევრად უკეთესად სწავლობდა“, „შეხედე შენს კლასელს, რა ბეჯითად სწავლობს, შენ კი რა გჭირს!“
მართებული ქცევა: ბავშვი მხოლოდ საკუთარ თავს შევადაროთ. გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რა გამოსდიოდა ერთი კვირის წინ და რა გამოსდის ახლა, რამდენი რამე ისწავლა ბოლო კვირების განმავლობაში, რამდენად უკეთ უმკლავდება გამოწვევებს სემესტრის ბოლოს. სხვებთან შედარება ბავშვს კარგს არაფერს მოუტანს, საკუთარ წინსვლაზე დაკვირვებით კი დაინახავს, რომ სირთულეების დაძლევა შეუძლია.
შეცდომა: ილუზიის შექმნა, რომ შეცდომის დაშვება დანაშაულია. მშობლები ბავშვს ზოგჯერ ისეთი ეპითეტებით ვამკობთ, როგორიცაა, მაგალითად, უყურადღებო, უპასუხისმგებლო, სულელი, ჩერჩეტი. ალბათ ერთხელ მაინც გაგიგონიათ ფრაზა: „ლამაზად ვერ დაწერა და ფურცელი ამოვუხიე“. ასეთი მიდგომა ბავშვს შეცდომის შიშს უნერგავს და უმოქმედობისკენ უბიძგებს. თუ მშობლის სხეულის ენაც სასტიკია, მაგალითად, სახის გამომეტყველება ზედმეტად მკაცრია, ხოლო ხმის ტემბრი – ცივი და მაღალი, შესაძლოა, ბავშვმა ჩათვალოს, რომ ის ცუდი ბავშვია, მის მცდელობებს აზრი არ აქვს, რადგან მაინც არაფერი გამოსდის.
მართებული ქცევა: შეცდომა სწავლის პროცესის ნაწილად ვაქციოთ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სწავლის პროცესში შეცდომის დაშვება ბუნებრივი რამაა, სწავლა შეცდომის გარეშე შეუძლებელია. უმჯობესია, მშობლები ვეცადოთ, მას შეცდომისა არ ეშინოდეს და არასოდეს შეწყვიტოს მცდელობა. სასურველია, ბავშვისთვის ძირითადი შეტყობინება ასეთი იყოს: „მესმის, რომ გიჭირს. არ ვბრაზობ. მინდა დაგეხმარო. მჯერა, რომ შეძლებ!“
შეცდომა: მიღწევების უგულებელყოფა და წარუმატებლობის აქცენტირება. ზოგიერთი მშობელი იმდენად მომთხოვნია შვილის მიმართ, რომ მისი მიღწევები ბუნებრივ მოცემულობად მიაჩნია და არც კი აღნიშნავს, ხოლო წარუმატებლობას მტკივნეულად აღიქვამს და სასჯელი მუდამ მზად აქვს.
მართებული ქცევა: ბავშვის წახალისება. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მის მიღწევებს ოჯახი აფასებს, მისი ძალისხმევა მშობლების კეთილგანწყობას იწვევს, ხოლო წარუმატებლობა სწავლის პროცესში ლეგიტიმურია და ამით ოჯახის მხარდაჭერას არ დაკარგავს. სასჯელის ნაცვლად, უმჯობესია, მშობელმა გამოიყენოს ფრაზები: „ეს წარუმატებლობაც სასარგებლო იქნება შენთვის, თუნდაც იმიტომ, რომ ისწავლი, როგორ აიცილო თავიდან ასეთი შეცდომა“, „ნახე, რა კარგი გამოცდილება მიიღე“. ასეთი მიდგომა ბავშვს სწავლაზე გულის აცრუებისგან დაიცავს.
შეცდომა: ბავშვისთვის დანაშაულის განცდის გაჩენა, თუ მას მშობლის დახმარება სჭირდება. თუ მეცადინეობისას გამოვიყენებთ ფრაზებს: „რამდენჯერ უნდა აგიხსნა?!“, „კიდევ ამას მეკითხები?!“ „კიდევ შენი რვეულებით დამდევ?!“ – ასეთი დამოკიდებულებით ბავშვი ბეჯითი ვერ გახდება. აი, შფოთვა და დანაშაულის განცდა კი დაეუფლება.
მართებული ქცევა: წავახალისოთ დახმარების თხოვნა. მნიშვნელოვანია, ბავშვმა იცოდეს, რომ როცა რამე არ გამოსდის, დახმარება უნდა ითხოვოს და არ დამალოს, რა უჭირს, რა ვერ გაიგო. თუ ემპათიური ვიქნებით მის მიმართ და გამოვიყენებთ შეტყობინებას: „რა კარგია, რომ დახმარების თხოვნა შეგიძლია“, „რა კარგია, რომ ამდენს ცდილობ“, „ყოჩაღ შენ, რომ ჯერ არ გამოგდის, მაგრამ არ ნებდები“, – ეს ბავშვს გაუჩენს განცდას, რომ დაბრკოლებების პირისპირ მარტო არ არის და მიზანს მიაღწევს.
შეცდომა: ბავშვის ნაცვლად დავალების შესრულება. ამა თუ იმ მიზეზით მშობლები ზოგჯერ თავად ვასრულებთ შვილის საშინაო დავალებას, რაც ბავშვს სრულიად არაჯანსაღ წარმოდგენას უქმნის სწავლის პროცესის შესახებ. ასეთ დროს ბავშვები ეჩვევიან პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას, დაუმსახურებელი ჯილდოს მიღებას, ტყუილის თქმას და მშობლებისთვის ზედმეტი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
მართებული ქცევა: გავუღვივოთ ბავშვს პირადი პასუხისმგებლობის განცდა. მშობლები უნდა შევეცადოთ, ბავშვს გავუჩინოთ თავის საქმესთან მიკუთვნებულობის განცდა. ყოველთვის, როცა პატარას შეუძლია, დამოუკიდებლად გაართვას თავი დავალებას, მივცეთ საკმარისი დრო და თავისუფლება ამისთვის, ხოლო მაშინ, როცა დახმარებას ითხოვს, გავარკვიოთ, ზუსტად რა სჭირდება ჩვენგან – ემოციური მხარდაჭერა, მის გვერდით ყოფნა თუ გაუგებარი მასალის ახსნა. ვეცადოთ, ბავშვი დავარწმუნოთ, რომ უმჯობესია, დავალება ისე შეასრულოს, როგორც შეუძლია, ვიდრე ჩვენ გავაკეთოთ მისი საქმე, ხოლო სასწავლო მასალა მისთვის გაუგებარი დარჩეს.
შეცდომა: პედაგოგთან კომუნიკაციისთვის თავის არიდება და რეპეტიტორის ძებნა. ზოგჯერ მშობლები თავს ვიკავებთ, მასწავლებლებს არ ვუზიარებთ, რომ ბავშვს სწავლა უჭირს ან რომელიმე საგნის სწავლის ნაკლები მოტივაცია აქვს. ვშიშობთ, რომ მასწავლებელი სწორად ვერ გაგვიგებს და ჩვენსავე შვილს დავაზიანებთ.
მართებული ქცევა: პედაგოგს გავუზიაროთ ბავშვის განცდები და ვთხოვოთ მხარდაჭერა. უმჯობესია, დავუკავშირდეთ მასწავლებელს, ვთხოვოთ შეხვედრა და მშვიდ, საუბრისთვის ხელსაყრელ გარემოში ვესაუბროთ პრობლემის შესახებ, ცხადია, არა დამნაშავის ძიების, არამედ მოსწავლის დახმარების მიზნით. სასურველია, აღვწეროთ ბავშვის განცდები, ქცევა და პედაგოგთან ერთად მოვიფიქროთ, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვს დავეხმაროთ.
სტატიაში ჩამოთვლილი მართებული ქცევები დაგვეხმარება, ჩვენს პატარებს მოტივაცია გავუღვივოთ და მათთვის სასიამოვნო გავხადოთ სწავლის პროცესი.
თუ ბავშვი, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, დემოტივირებულია, ვატყობთ უენერგიობას, გადაღლილობას, ძილის ან კვების ჩვევების ცვლილებას, თუ უჭირს კონცენტრაცია, გამოხატული აქვს მეხსიერების, ათვისების სირთულეები, უმჯობესია, დახმარებისთვის ნეიროფსიქოლოგს მივმართოთ, რომელიც სწავლასთან დაკავშირებული სტრესის მართვაში დაგვეხმარება.
გამოყენებული ლიტერატურა და სხვა რესურსები:
- ვებინარი „როგორ ავუმაღლოთ შვილს სწავლის მოტივაცია – რეკომენდაციები 10 წლამდე ბავშვების მშობლებისთვის“, მომხსენებელი – ნეიროფსიქოლოგი, პროფესორი თამარ გაგოშიძე https://www.youtube.com/watch?v=XTdrMb9AQcQ&t=2412s
- სტატია „ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს სწავლის მოტივაციაზე“. ავტორი -ფსიქოდიაგნოსტი, ფსიქოკონსულტანტი ზანდა ჩეჩელაშვილი
https://mshobeltaskola.ge/?p=928
- მშობლებისთვის განკუთვნილი ვებგვერდი Imshoble.ge
- კრებული „განათლება უკეთესი მშობლობისთვის“
https://worldvision.ge/ge/news/3/ganatleba-uketesi-mshoblobistvis