კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

,,მასწავლებელი ჩემი სახლია“

 

– გამარჯობა პავლე, როგორ ხარ, თუ ძმა ხარ?

– დავდივარ ჩემი ფეხით და ვშრომობ ჩემი ხელით.

– აბა, მაშინ ღმერთმა არ მოგიშალოს ეგეთი დღეები.

– გაიხარე, კეთილო ადამიანო! დაე, ცხოვრება გაგიფრთხილდეს!

შევესწარი მეეზოვისა და ჩემი მეზობლის დიალოგს სახლიდან გამოსვლის შემდეგ, სკოლაში მიმავალმა. გავიფიქრე, მართლაც მნიშვნელოვანია, დავაფასოთ ადამიანებმა, რომ დავდივართ ჩვენი ფეხით და ვშრომობთ ჩვენი ხელით. მერე გამახსენდა მეეზოვის მეორე დასაფიქრებელი წინადადებაც, რა კარგად დალოცა: „დაე, ცხოვრება გაგიფრთხილდეს!“. გამარჯობა ვუთხარი ორივეს, არ ვიცნობ არცერთს, თუმცა, სოფელში გაზრდილი გოგო ვარ, მისალმება ღრმა ბავშვობიდან მიყვარს. სკოლა ახლოს მაქვს, რამდენიმე კორპუსს გავივლი და უკვე ჩემს სკოლას ვხედავ. სულ მეფიქრება, ყველა სკოლის შენობა როგორ ჰგავს ერთმანეთს. აი, ერთ დღესაც, როდესაც შესაძლებლობა მექნება, დავაარსო ჩემი საკუთარი სკოლა, შენობაც აუცილებლად სხვანაირი ექნება მას. უფრო ფერადი, მიმზიდველი და საინტერესო. ერთი სული რომ გაქვს, შიგნითაც შეხვიდე და მისი ნაწილი გახდე.

ფიქრებმა ისევ იმ სიმღერის ტექსტში გადამისროლა, გაღვიძებისთანავე რომ ამეკვიატა: „თუ გინდა, თუ ეძებ, თუ ცდილობ, თუ სწავლობ, ყველაფერი გამოგივა მაშინ!“. ამასობაში სკოლის ეზოში აღმოვჩნდი. როგორც ყოველთვის, გული ბედნიერი მაქვს. ყოველი ჩემი მასწავლებლური დილა ასეთი შეგრძნების მატარებელია, გულბედნიერი და ღიმილიანი მივუყვები გზას, ჩემს მოსწავლეებთან შეხვედრის მოლოდინით. რა კარგია, ეს პროფესია რომ ავირჩიე, ყოველი დღე საინტერესო და მრავალფეროვანია. ნეტავი დღეს არცერთმა მოსწავლემ არ გააცდინოს სკოლა, ჩემი აზრით, საინტერესო გაკვეთილები დავგეგმე. ავუყევი დერეფნის კიბეებს, ჩემი ნაჭრის ჩანთა სავსე მაქვს ფერადი ფორმატებით და გაკვეთილისთვის საჭირო რესურსით.

რას აღარ აღმოაჩენ მასწავლებლის ჩანთაში. გამეღიმა, მეგობრების ნათქვამი გამახსენდა. ერთხელ ჩანთა დამითვალიერეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ ნებისმიერ დროსა და გარემოში შევძლებდი საინტერესო გაკვეთილის ჩატარებას, იმდენი სასკოლო ნივთი აღმოჩნდა ჩემს ჩანთაში.

ჩვენი საკლასო ოთახი ისეთი ფერადი და საინტერესოა, ირგვლივ კედლები მოსწავლეების ნაშრომებით არის სავსე. რას აღარ ნახავთ აქ: დიორამებს, პლაკატებს, კედლის გაზეთებს, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, სხვადასხვა პერსონაჟს, ყველაზე მეტად კი მე ამ 7 წლის ადამიანების მიერ შექმნილი ასო-ბგერები მომწონს. ზოგს ყვავილები, ზოგს ფერადი ნაჭრები, ზოგს ლამაზი ფორმატები ზოგს პლასტილინი გამოუყენებია. რა კარგია, რომ არ დამეზარა და გუშინვე ჩამოვკიდე ყველა მათგანის ნამუშევარი. ერთი სული მაქვს, შემოვიდნენ კლასში და მათი გაფართოებული და აციმციმებული თვალები ვნახო, როგორ იამაყებენ, უჩვენებენ ერთმანეთს საკუთარ ნაშრომს.

„სწავლება, რომელიც ახარებს მოსწავლეებს!” – როგორ მომწონს ეს წინადადება, თავისი სიტყვებით, არსით, მიზნით, შემდეგ ფიქრებში რომ წარმოვიდგენ ბედნიერღიმილიან მოსწავლეებს, უფრო მეტად მომწონს!

ჩემი აზრით, კარგი მასწავლებელი მაშინ ხარ, როდესაც, ყოველ შენს გაკვეთილზე ყველა მოსწავლის გახარებას, გაღიმებას შეძლებ!

ამას კი შევძლებთ მაშინ, როცა არა საკუთარ, არამედ მოსწავლის ინტერესებზე ვიფიქრებთ!

გამახსენდა, დღეს ახალი, 29-ე მოსწავლე გადმოდის ჩვენს კლასში, როგორც მითხრეს, პარალელური კლასიდან. მიკვირს, ნეტავი რა მიზეზით იცვლის კლასს? ნახევარი სემესტრი გასულია. მერხი და სკამი მოვუმზადე, ვიფიქრე, გაცნობის დღეს, ჩემთან ახლოს ყოფნა ესიამოვნება. ამიტომ მერხს ჩემს მაგიდასთან ახლოს ვუდგამ, სულ წინ და მერხებს სიმრგვალეზე ვაწყობ, ერთმანეთს რომ კარგად ხედავდნენ. დღევანდელი დღე ჩემი მომზადებული მაფინებით უნდა დავიწყო. ეს ტკბილი აქტივობა ჩემი კოლეგისგან ვისწავლე, შემდეგ ცოტა ჩემებური ელემენტები შევიტანე მასში, ჩემს მიზანს და მოსწავლეებს მოვარგე და ვფიქრობ დღე საინტერესოდ და ნაყოფიერად დაიწყება.

– დილა მშვიდობისა, მას! – ღიმილით შემოდის კლასში ბარბარე. ერთი სული მქონდა მოვსულიყავი და თქვენთვის მომეყოლა, ძილში „მაგარი“ იდეა მომივიდა.

ვესალმები, მის თბილ ჩახუტებას ჩახუტებითვე ვპასუხობ. – ბარბარე, როგორ მიხარია, შენი მოაზროვნე გონება ძილშიც რომ ფიქრობს. აბა მომიყევი, რა იდეა მოგივიდა?

მას, თქვენ ხომ სულ გვეუბნებით, მე თქვენგანაც ბევრს ვსწავლობო, ესე იგი, ჩვენ მოსწავლეებიც ვართ და მასწავლებლებიც. ჰოდა, შეიძლება, რომ ვისაც გვინდა, ერთი რომელიმე ნამდვილი გაკვეთილი დავგეგმოთ და ჩვენც ჩავატაროთ? თქვენ ამ დროს მოსწავლე იქნებით, როგორც სხვები და იმის მერხს დაიკავებთ, ვინც მასწავლებელი იქნება. გაოცებული და გახარებული ვუყურებდი და ვუსმენდი ბარბარეს, ამ მოაზროვნე გოგონას. რამდენი უფიქრია, შესანიშნავი იდეაა, შესანიშნავი! ვთქვი აღტაცებით და კიდევ ერთხელ ჩავეხუტე. – რა კარგია, რომ ჩემი მეგობარი ხარ, ბარბარე! დღესვე მოუყევი შენს მეგობრებს ეს იდეა და ამ კვირიდანვე დავიწყოთ, თუ გენდომებათ. გაბედნიერდა!

კლასში, დილის ჩვეული ჟრიამული საგაკვეთილო ზარმა მიაჩუმა. ყველა თავის მერხთან ზის. ყველას მზერა ჩემი მაგიდისკენ არის მიმართული, სადაც ორი მოზრდილი ლანგარი დევს და ზედ მაფინები აწყვია. ყველა მაფინში კი პატარა, ფერადი ფურცელია მოთავსებული.

  • რა კარგია, ყველა ვართ. ვთქვი და ღიმილით გადავხედე კლასს. იცით, გუშინ საღამოს, ძალიან ვეცადე თქვენთვის ეს მაფინები მომემზადებინა. იმედი მაქვს, გემრიელი იქნება და მოგეწონებათ. ახლა მე ყველა თქვენგანს ჩამოგირიგებთ თითო მაფინს, თქვენ კი ის უნდა დააგემოვნოთ, თან მასში მოთავსებული ფერადი ფურცელი გახსნათ და რაც ზედ წერია, ჩუმად წაიკითხოთ, დაფიქრდეთ და როდესაც გთხოვთ, თქვენი აზრი გაგვიზიაროთ.

კლასში სასიამოვნო აურა ტრიალებდა, ჩვენი ახალი მეგობარი გაკვეთილის დაწყებამდე, თავისუფალ ფორმატში გავიცანით, დაძაბულობა, მეგობრულმა ბავშვებმა მალევე მოუხსნეს. მაფინების ჩამორიგების შემდეგ, 2 წუთი ვაცადე და ვიკითხე – ვის სურს იყოს პირველი? ყველას ანდრია ასწრებს. გაბედულად დგება ფეხზე. მას, ყოჩაღ, გემრიელი მაფინია. შემდეგ იღებს ფურცელს და კითხულობს: „მე შემიძლია…“. თავს ზევით წევს და ამბობს, – მას, მე შემიძლია ახლა მოვიდე და ჩაგეხუტოთ. შეიძლება?

სასწავლო დღის დასაწყისი სასიამოვნოდ მიმდინარეობდა. ამ გაკვეთილზე ბევრი შესაძლებლობა ვიხილეთ. დათო, ჩვენი ახალი მეგობარი, დასაწყისში დიდი ყურადღებით გვაკვირდებოდა, როდესაც კლასის ნახევარზე მეტმა თავისუფლად, მონდომებითა და მხიარულად მიიღო მონაწილეობა ამ აქტივობაში და თავისი შესაძლებლობა წარმოაჩინა, მანაც ასწია ხელი ჩემს კითხვაზე, ვის სურს, იყოს შემდეგი? დათო წამოდგა ფეხზე და თქვა: „მე შემიძლია, ვიყო ასეთივე კარგი ბიჭი, როგორებიც აქ ხართ“. ტაში მისმა პასუხმაც დაიმსახურა. მაინც რა არის მიზეზი, რისთვისაც ის ჩვენს კლასში გადმოვიდა? – გავიფიქრე, თუმცა მალევე გადამავიწყდა ეს კითხვა. მიზეზს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ისაა, რომ ახლა ჩვენი გუნდის ნაწილია და მე, როგორც მისმა მასწავლებელმა, თვითონ უნდა გავიცნო ეს ადამიანი და არა სხვებისგან მოსმენილის მიხედვით შევიქმნა შთაბეჭდილება მასზე.

გაკვეთილების დასრულების შემდეგ, დათოს დედას გავესაუბრე. მან მომიყვა, რა რთულად დაიბადა დათო, 7 ოპერაცია, ნარკოზი და ურთულესი მკურნალობის პერიოდი გადაუტანია ამ პატარა ბიჭს. წინა კლასიდან გადმოსვლის მიზეზი, ბევრი დავალებები, თანაკლასელების გულცივი დამოკიდებულება და მასწავლებელთან კონფლიქტი გამხდარა. დათოს დედას ვუთხარი მხოლოდ დათოს მიერ ნათქვამი წინადადება, რომ მას სურს, იყოს კარგი ბიჭი და რომ მე და ახალი მეგობრები აუცილებლად დავეხმარებით ამაში.

„როდესაც გული ცხელია და ძლიერ ძგერს, გაყინვა შეუძლებელია!”. როდესაც კლასში რაიმე პრობლემას ვეჯახები, ან ჯერ ვერ მომიფიქრებია, როგორ დავეხმარო ჩემს რომელიმე მოსწავლეს, ასტრიდის პერსონაჟის, პეპის ეს სიტყვები მახსენდება ხოლმე და რაღაცნაირ, შვებას ვგრძნობ.

გიო ლექსების სწავლას აპროტესტებს, მშობელი ძალიან შეწუხებულია, არ სურს ბავშვი უსწავლელი გამოუშვას სკოლაში, რამდენჯერმე გააცდენინა კიდეც სკოლა. ვუხსნი, რომ არ არის აუცილებელი, დაიზეპიროს, ჩემთვის საკმარისია, ლექსის შინაარსი გაიაზროს და რაიმე სასარგებლო წაიღოს მისგან, ან ლექსიკური მარაგი გაიმდიდროს, ან ჭკვიანური წინადადება დაიმახსოვროს, ან ცხოვრებისეული დასკვნა გააკეთოს. ამას ყოველ გაკვეთილზე ვაკეთებთ, რაში შეიძლება გამოგვადგეს ნასწავლი?

თუმცა, მშობელი მაინც წუხს და გიოსაც თრგუნავს. დაზეპირების უნარი არ გააჩნია, ეს ხომ საშიშია? – იმეორებს გიოს დედა და დათრგუნულია… რამე უნდა მოვიფიქრო…

დათოს წერა და გაკვეთილებზე რამდენიმე წუთიანი ჯდომაც კი უჭირს…

თომას რიცხვების დამახსოვრებაში აქვს ხარვეზი, რადგან მხოლოდ სკოლაში მეცადინეობით შემოიფარგლება და სახლში, ბებოსთან ერთად ვარჯიში ეზარება.

ანასტასიას წერითი დავალებების შესრულება ეზარება, ამ ბოლო დროს.

რატომ? მიზეზი უნდა მოვძებნო და რაღაც შევცვალო, ბავშვებში მოტივაციაა ასამაღლებელი. სულ ამის ფიქრში ვარ.

დღეს ძალიან ცივა. ჩემი იისფერი მანქანით ვარ დღეს სკოლაში მოსული. აქედან ბიბლუსში უნდა გავიარო, რაიმე საინტერესო წიგნს მოვძებნი. გამახსენდა, თამარ გეგეშიძის „სული ჩიტი“ მინდა წავიკითხო. ასეთი შინაარსის წიგნების კითხვა, მუდამ მეხმარება, ჩემს პატარა მეგობრებთან უფრო ჯანსაღად და წარმატებით ვიურთიერთო. ახლა სწორედ ეს მჭირდება. ბიბლუსიდან მივდივარ სახლში, საღამოა. სიცივე მთელ სხეულში „დაიარება“. დილის 9-დან ამ დრომდე საგანმანათლებლო სივრცესთან მაქვს შეხება. რთულია გონებრივი შრომა, თუმცა, მრავალფეროვანი და საინტერესო, აი, ყოველ წუთს რომ მრავალმხრივ სიახლესთან გაქვს შეხება, ისეთი დღეები მაქვს ამ სივრცეში, სწორედ ამიტომ კმაყოფილების გრძნობა ჯაბნის დაღლას. მივდივარ სახლში და მახსენდება მათემატიკისა და ქართულის ტესტები რომ მაქვს შესასწორებელი. ხვალ შევასწორებ, ახლა არ/ვერ შემიძლია. ვიმშვიდებ თავს, მაგრამ მერე მახსენდება დღეს, შესვენებისას, დერეფანში შემთხვევით მოსმენილი უფროსკლასელების ნათქვამი: „…მასწავლებელი რა ზარმაცია, პარასკევს დაწერილი ტესტი ჯერ არ შეუმოწმებია…“. შევამოწმებ კაცო, სულ რაღაც 58 ცალი ნამუშევარი მაქვს სანახავი…

„ქისა, ქისა ბარაქისა,

თქმა ვინ იცის არაკისა?

ცაში გალობს კურდღელი,

ხოჭოს ადგას უღელი“

ვკითხულობ მთელი მონდომებით და მესმის ბავშვების სიცილი. არ ვჩერდები, არც საყვედურს და წყენას გამოვხატავ, ვაგრძელებ:

„ხეზე დახტის იხვი,

ნიჩბებს უსვამს ციყვი,

წიგნს კითხულობს კალმახი,

არ სჭირდება კარნახი“.

დავასრულე კითხვა, გადავხედე კლასს – რა საოცარი სამყაროა მასში აღწერილი, არა, მეგობრებო?! და კლასში დაცინვაშერეული აურა წამიერად შეიცვალა. (ასეა, ეს პატარა ადამიანები უფროსებს შემოგვყურებენ, როგორი დამოკიდებულება გვექნება ნებისმიერი რამის მიმართ.) სიტყვა „არაკზე“ ვესაუბრე რამდენიმე წინადადებით, რომ ის არის პატარა ზომის ზღაპარი. და ვთხოვე, დაფიქრებულიყვნენ ლექსის პერსონაჟების ფიქრებსა და ემოციებზე. და ალაპარაკდნენ:

„მას, რა ბედნიერი იქნება კურდღელი, ფრენა რომ შეუძლია“. „ეს კალმახი რა ყოჩაღი ყოფილა, ისე კარგად იცის კითხვა, კარნახიც არ სჭირდება, მისაბაძია“. „ხოჭო მშრომელი ყოფილა, ხარივით უღელი დაუდგამს“. „ციყვს შეუძლია თავისი ნავით მსოფლიო შემოიაროს“. „იხვი ხეზე ავა, ტოტიდან ტოტზე გადახტება და თავის შვილებს ადვილად მოძებნის მაღლიდან, ტყეში თუ გაეფანტებიან“. „კალმახი ჩვენსავით ბედნიერი იქნება, რამდენი კლასელი ეყოლება, სკოლაში როგორ იმხიარულებს, წიგნი მისი მეგობარიც არის“. ახლა მათ შევთავაზე წაკითხვა. „მას, გარეპვა მაგრად მოუხდება“, ამბობს გიო, რომელსაც არ უყვარს ლექსების სწავლა. მიხარია ეს ლექსი რომ მოეწონა. ვთავაზობ, ხვალისთვის მოემზადოს და „გაგვირეპოს“. თვალები უციმციმებს. ვხედავ, როგორ ცქმუტავს, ალბათ გონებაში გეგმებს აწყობს, როგორ მოძრაობებს ააყოლებს თან. გიორგი ხშირად გვირეპავს ლექსებს. სიმღერა უყვარს, კონკრეტულად კი ეს ჟანრი. როგორც კი ეს აღმოვაჩინე, მაშინვე ჩავეჭიდე ამ ფაქტს, შევთავაზე, ასეთი ფორმით ევარჯიშა ქართულში, ლექსების სწავლისას, თავიდან ძალიან გაუკვირდა, „მართლა მას?“ – მკითხა თვალებგაფართოებულმა, შემდეგ კი მისი გულიანი ჩახუტება დავიმსახურე. და იმ დღიდან, გიორგიც აღარ აპროტესტებს ლექსების სწავლის პროცესს და აქტიურად და ხალისით ერთვება საგაკვეთილო პროცესში. ჯერ ზეპირად სწავლობს ლექსს, შემდეგ კი „რეპავს“. მშობელიც აღარ ღელავს და მშვიდად არის.

გაკვეთილის მეორე ნაწილი ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობას დავუთმეთ. სოფლიდან სპეციალურად ამ ლექსის ასახსნელად გამოვაგზავნინე ძველი, პაპისდროინდელი ტყავის ქისა და ბავშვებს ვუჩვენე. დაინტერესდნენ, შეხება მოუნდათ. მოსინჯა ყველამ სათითაოდ, მე კი ვესაუბრებოდი და ვუხსნიდი ქისის დანიშნულებას. შევთავაზე, ჩვენი ქისა ჯადოსნური ამბების ქისად გვექცია და ვთხოვე, ლექსის მიხედვით შეექმნათ ნახატები. როგორი საინტერესო და ფერადი ჩანახატები გამოუვიდათ, ყველა ჩვენგანი გადავვარდით ლექსში აღწერილ სამყაროში. ნახატებს გრაგნილივით ვახვევდით და ქისაში ვათავსებდით. მოსწავლეები სიამაყით უჩვენებდნენ ერთმანეთს საკუთარი ხელით და ფიქრით შექმნილ ჯადოსნურ სამყაროს, მეგობრის შექებაც არ ავიწყდებოდათ: „ყოჩაღ, რა ლამაზია“, „რა კარგად მოგიფიქრებია“, „როგორ მინდა შენს ნახატში აღმოვჩნდე“, ყველა ღიმილიანი იყო. ჩემს ნათქვამ შეფასებებს ახლა ერთმანეთის შესაფასებლად რომ იყენებდნენ, გული სიხარულით მევსებოდა. და შემდეგ ქისა კლასში განვათავსეთ, ზემოთ დიდი ასოებით მივაწერეთ ფორმატზე: „ჯადოსნური ამბების ქისა“.

თუ გინდათ, რომ ერთდროულად: იმხიარულოთ, საინტერესო ამბები შეიტყოთ, ჯადოსნური მოსაზრებები და ფიქრები მოისმინოთ, განსაკუთრებული გამოცდილება მიიღოთ, ღიმილით სავსენი იყოთ, იამაყოთ, ენერგიით აივსოთ და ბევრზე ბევრი მსგავსი მნიშვნელოვანი ემოცია განიცადოთ, იურთიერთეთ პატარა ასაკის ადამიანებთან. ჩვენს კლასში არსებული სულისკვეთება-თავისუფლების, სილაღის, შემოქმედებითობის და საკუთარი უნარების, ემოციების, გრძნობების, დამოკიდებულებების გამოხატვის შესაძლებლობა – სიცოცხლეს ყოველდღიურად მიბედნიერებს.

ბარბარეს იდეა ყველას მოეწონა, თუმცა ყველამ არ გამოხატა მასწავლებლობის სურვილი. მოდით, დავიწყოთ და ვნახოთ, როგორი გამოგვივა. ვუთხარი მათ. პირველი, რა თქმა უნდა, თავად იდეის ავტორი, ბარბარე იყო. ხელოვნების გაკვეთილის ჩატარება მთხოვა.

ძალიან საინტერესო იდეაა. ერთი სული მაქვს, მოსწავლის როლი მოვირგო და შორიდან შევხედო, როგორი წარმოუდგენიათ კარგი გაკვეთილი ჩემს მოსწავლეებს, როგორ აქტივობებს დაგეგმავენ. მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

იდეა პროექტის სახით ჩამოვაყალიბეთ და ერთობლივი მსჯელობით შერჩეული სახელიც დავარქვით: „მე, მასწავლებელი“.

ბარბარე ზუსტად იმ საქმით დაკავდა, რაც თავის მოსწავლეებს, მათ შორის მეც, დაგვავალა. უნდა დაგვეხატა ქართულში შესწავლილი ნაწარმოებებიდან, საყვარელი პერსონაჟები, ოღონდ გაფერადების გარეშე. შავ-თეთრი ნამუშევრები შევქმნით, შემდეგ კი, ყველამ წარვადგინეთ რამდენიმე სიტყვით, ჩვენი ნამუშევარი, თუ რატომ დაგვამახსოვრდა ესა თუ ის პერსონაჟი. როდესაც ყველა მოსწავლისგან ჩაიბარა ნაშრომი, მაშინვე ერთად აკინძა და გვითხრა, რომ ჩვენ ერთობლივად გამოგვივიდა გასაფერადებელი წიგნაკი. თავისუფალ დროს შეგიძლიათ რიგ-რიგობით წაიღოთ სახლში და მხოლოდ ერთი რომელიმე ნახატი აირჩიოთ და გააფერადოთო. მომეწონა, საბოლოოდ, საინტერესო, მიზნობრივი ნაშრომი რომ შევქმენით. შესანიშნავი გაკვეთილი შემოგვთავაზა ბარბარემ. რაც მთავარია, თანაკლასელი ბიჭებისა და გოგონების რიგი დგას, ვინ იქნება მომდევნო მასწავლებელი. რა კარგია…

დღესაც ერთი სული მაქვს, მივიდე სკოლაში. დავალებად ჰქონდათ, როგორი რობოტის შექმნას ისურვებდნენ? უმრავლესობამ ისურვა შეექმნა რობოტი, რომელიც საშინაო დავალებებს გაუკეთებდა. ეს „საშინაო დავალება“ მაინც მუდამ გულზე აწევს ადამიანს, როდესაც სკოლის მოსწავლეა. ჩემს მოსწავლეებს მუდამ ვუმეორებ, რომ საქმე ყველა მოაზროვნე ადამიანს აქვს. ამაზე გვიმსჯელია, იაკობ გოგებაშვილის რამდენიმე მოთხრობის შესწავლისას, ზარმაც და უსაქმურ ადამიანებზე რომ იყო. შევთანხმდით, რომ მუდმივად უსაქმურობა არაფერი კარგის მომტანი არ არის. „დავალება“ – ეს სიტყვა უსიამოვნოა. „სახლის საქმე“ ხომ არ დავარქვა „საშინაო დავალებას“? ვცდი. ჯერ მშობლებს ვესაუბრე. ამას ხშირად ვაკეთებ. მჯერა, როდესაც სკოლა და ოჯახი ერთი მიმართულებით მიდის, შედეგიც უფრო ნაყოფიერია.

ჯერჯერობით კარგად მუშაობს სახელის ცვლილება. სახლში გასაკეთებელი საქმე დიდებსაც აქვთ და პატარებსაც. პატარები ხომ მუდამ დიდებს ჰბაძავენ. ამიტომ სახლის საქმით დაკავება, რაღაცნაირად, „დიდურია“.

თითქმის არავის დაავიწყდა დედა და მისი დამხმარე რობოტის შექმნა ისურვა. ადგა საბა, კითხულობს, ვისმენ: „დავავალებდი, მაღაზია გაეძარცვა”. აქ შეჩერდა, ასწია თავი და შემომხედა. გამიფართოვდა თვალები, ვერც მოვისაზრე, რა შემეძლო მეთქვა იმ წამს და ამ დროს ღიმილიანი და კმაყოფილსახიანი საბა აგრძელებს: „კაი, ხო, ვხუმრობ…”.

და მე სანამ მივხვდი, რა მოხდა, კლასი გამხიარულდა. მე კიდევ, სულ მეფიქრება, როგორ მოუვიდა  საბას დავალების წერისას თავში აზრად ეს მოხერხებული ქმედება. ისე მომწონს მისი ეს იდეა. მრავალფეროვნებისთვის ესეც კარგია.

ისეც ხდება ხოლმე, რომ შეიძლება ვერ თქვა, რაც გულში გაქვს, უბრალოდ, ხმამაღლა თქმა არ გინდოდეს. არის მომენტები, როცა ჩემს პატარა მეგობრებს სახეზე ვამჩნევ ამას. ავიღე მოზრდილი ზომის რვეული, რომელსაც დავარქვი: „თუ ვერ ამბობ, დაწერე” და შევთავაზე ჩემს მეგობრებს, ჩაწერონ საკუთარი გულისნადები. ჩემგან კი მიიღებენ რჩევას ან უბრალოდ, თანადგომას.

რვეულს ზედ ლამაზი, განსხვავებული ფორმის სამი – მწვანე, ვარდისფერი და იისფერი კალმები დავადე და კუთხეში მდგარ თაროზე მოვათავსე, ყველას დასანახად.

რვეულის ფურცლები მალე ივსებოდა ჩვენი ფიქრების დიალოგებით. ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ ეს პატარა ადამიანები არც კი ცდილობდნენ, სხვისი კუთვნილი ფურცლიდან რაიმე ამოეკითხათ. ფურცლები ივსებოდა რჩევებით, აზრებისა და სიყვარულის გაზიარებებით, შექებებით: „როგორც კი გაგიცანი, მაშინვე შემიყვარდი!“, „ვიცი, შენს მიზნებს აუცილებლად მიაღწევ!”, „შეგიძლია, საჰაერო ბუშტში ჩაჯდე და იფრინო”, „როგორ მომწონს შენი ფიქრები”, „…სამაგიეროდ, ბედნიერი და წარმატებული დღეები როცა გვაქვს, სულაც გვავიწყდება უარყოფითი მომენტები”, „შენს ნათქვამში ძალიან მომეწონა ეს წინადადება: „მე დავასკვენი, რომ ყველაფერი დასაფასებელია”. …განსაკუთრებით მომეწონა მოსაზრება: „არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი უფასო რამეები – მეგობრობა და სიყვარული” „…მირჩიე, სპორტის გაკვეთილზე რა გავაკეთოთ, რით გავმხიარულდეთ?”, „…თავისუფლად წერ, კარგად გამოგდის აზრების გადმოცემა, ასე განაგრძე!” , „შეიძლება, პატარა, მყუდრო სახლმა მოგცეს ყველაფერი კარგი, ვიდრე დიდმა სიმდიდრემ“. ამ ბლოკნოტმა სულ სხვანაირად გამაცნო ჩემი თითოეული მოსწავლე.

დათო დღითიდღე უფრო მშვიდად ზის გაკვეთილზე, რადგან მასში დაინტერესება გაიზარდა. წერაც უკეთ გამოსდის, მართალია, ის მეორე სემესტრში შემოგვიერთდა, თუმცა გადავწყვიტე, ანბანის ასოების წერაში ჩემებურად მევარჯიშებინა, რადგან, ვფიქრობდი, რომ მას ერთგვარი კომპლექსი ჰქონდა, ვერ ცნობდა კარგად ასოებს და არც თითოეულის ჩაწერის ტექნიკას ფლობდა კარგად. ხან ვძერწავდით, ხან დაბეჭდილს ვაფერადებდით, ხან ვხატავდით, ხან დაფაზე ვვარჯიშობდით. შემდეგ, დიდი ზომის ბადიან რვეულში ვწერდით და მალე ჩვეულებრივი ზომის რვეულშიც დაიწყო მოწესრიგებულად და ხალისით წერა. არ ეზარებოდა ჩემთან ერთად გაკვეთილების შემდეგ კლასში დარჩენა და ვარჯიში. ამ პატარა ასაკის ბიჭში, იმხელა ვაჟკაცობა, იმდენი ძვირფასი თვისება და ისეთი მრავალფეროვანი შესაძლებლობებია, მუდამ ვოცდები და იმდენ რამეს ვსწავლობ მასთან მეგობრობით. როგორ ხარ ასეთი მაგარი? – ვეკითხები ხოლმე და მუდამ ერთნაირი შინაარსის პასუხს ვიღებ: მე გონება და გული მყავს მეგობრად და მეხმარებიან. რა მაგარია, 7 წლის ადამიანმა შეძლო, აღმოაჩინა გულისა და გონების არსებობა მასში. შემდეგ კი მოახერხა, გააერთიანა ისინი და სჯერა, რომ ეხმარებიან!

„მას, ტვინმა მითხრა, პანჩური ამოარტყი შენს ხარვეზებსო. ამოვარტყი და აი ნახავთ, უფრო კარგი გავხდები!“ – მთავარია, საკუთარი ხარვეზები აღმოვაჩინოთ, შემდეგ კი შევებრძოლოთ და დავამარცხოთ-მეთქი, ვუთხარი დღეს პირველკლასელებს. ცოტა ხანში კი მესმის ჩემი ნათქვამის ნინისეული გააზრება. ნინი ძალიან საინტერესო ადამიანია. ბევრს კითხულობს, სკოლაში მოსვლისას, უკვე იცოდა ანბანის ასოების წერა და წაკითხვა. მისთვის საინტერესო რომ ყოფილიყო გაკვეთილზე ყოფნა, მე და ნინი ერთად ვქმნიდით დანარჩენი მოსწავლეებისთვის ასოების ბარათებს. ნინი აქტიურად ეხმარებოდა თანაკლასელებს ანბანის შესწავლაში. ვამზადებდით ფერად ბარათებს და ზედ ხმოვნებისა და თანხმოვნების კომბინაციით მარცვლებს ვწერდით. ნინის დახმარებით შევქმენი სახალისო თამაშისთვის საჭირო რესურსი. „ასოების ლოტო“ დავარქვით. ბავშვები თამაშ-თამაშით იმახსოვრებდნენ ანბანის ასოებს. როდესაც სხვები ასო-ბგერების წერა-კითხვაში ვარჯიშობდნენ, ნინი ქმნიდა პატარა ამბავს თითოეულ ასო-ბგერაზე, აცნობდა თანაკლასელებს, შემდეგ ვქმნიდით შესაბამის ილუსტრაციებს. ყველა ჩართული და აქტიური იყო საგაკვეთილო პროცესში.

ანასტასია ისევ თავჩაღუნული ზის. სხვები საკუთარ ნაშრომებს კითხულობენ. ვხვდები, ისევ არ დაწერა. ზარი ირეკება. ბედნიერდება. სწრაფად დგება მერხიდან და დაფასთან მიდის.

  • მას, ნახეთ ჩვენმა ნერგმა პომიდორი მოისხა. მეძახის ნიკოლოზი.

ბუნებაში მცენარის ზრდა-განვითარებას ვსწავლობდით და კლასში სხვადასხვა მცენარის თესლი დავთესეთ. ზოგმა ლობიო, ზოგმა პომიდორი, ზოგმა ხორბალი და ლიმონი. შევთანხმდით, ვიზრუნებდით ჩვენს დათესილებზე. ყველა მცენარის შესახებ წავუკითხე ის ინფორმაცია, რაც მათზე ზრუნვისთვის იყო საჭირო. ზოგს ხშირი მორწყვა სჭირდებოდა, ზოგსაც ნაკლები წყალი, ზოგს მზე და ზოგს ჩრდილი. მაქსიმალურად ვიცავდით ამ ყველაფერს, არც საუბარსა და მოსიყვარულებას ვაკლებდით ქოთნებში დათესილ თესლებს. „შეძახილმა ხე გაახარა“ და მცენარეებმაც არ დააყოვნეს. ყველა დათესილმა თესლმა გაიხარა. პომიდორმა კი ყველას აჯობა და ნაყოფიც გამოისხა. აქამდე არც შემიმჩნევია. ნიკოლოზის დაძახილზე, ყველა ქოთანთან მივედით, პომიდვრის სანახავად.

„ინა მასწავლებელო, მიხარია, რომ თქვენი მოსწავლე ვარ“.

სულ ვურჩევ, რომ დაბრკოლებიდან გამოსავალი არსებობს და მისი მოძებნა უნდა შეგვეძლოს!

დღეისთვის წერილი უნდა მიეწერათ სასურველი ადამიანისთვის. ანასტასიამ ასეთი გამოსავალი მოძებნა. „მას, ისევ დამავიწყდა სახლში დაწერა და დაფაზე მოგწერეთ“. გამიხარდა, მეგონა, ზარის დარეკვის შემდეგ, დაფასთან უბრალოდ გასართობად მივიდა. თურმე, ფიქრობდა, თავის არშესრულებულ სახლის საქმეზე და გამოსავლის პოვნაზე.

  • ანასტასია, გინდა ვისაუბროთ, რატო არ გინდება სახლშიც შეასრულო წერითი დავალება? – ვკითხე ფანჯარასთან მდგარ ამ პატარა, თვალებციმციმა გოგონას.
  • მას, გულს ხელში ერთი სურვილიც არ ეჭირა, – ასე გაამართლა პირველკლასელმა ადამიანმა მიზეზი, თუ რატომ არ დაწერა დავალება.

როგორი ჭკვიანური დასაბუთებაა. ცხოვრებისეული წინადადებაა!

  • მოდი, ერთად დავფიქრდეთ, როგორ შეგვიძლია გავუჩინოთ შენს კეთილ გულს წერის სურვილი. შენ ხომ მეთანხმები, რომ სახლის საქმის კეთებაც აუცილებელია იმისთვის, რომ …
  • „იმისთვის, რომ უფრო მეტად მოაზროვნე ვიყო, სწრაფად და მოწესრიგებულად წერა შემეძლოს, ჭკვიანური აზრები მარტო კი არ ვიფიქრო, დავწერო კიდეც“ – ასრულებს ჩემს ნათქვამს ანასტასია. ვიღიმი.
  • რას იტყვი, მე რომ ახალი, ლამაზი რვეული და ძალიან ლამაზი მწვანე კალამი გაჩუქო, შენს გულს წერის სურვილი გაუჩნდება?
  • „მას, რა კარგია! მეხუტება.

ანასტასია ნამდვილი მწერალია. ისეთ ჭკვიანურ აზრებს წერს, მუდამ ტაშსა და შექებას იმსახურებს მისი ჩანაწერები. წერს პატარ-პატარა ამბებს, წიგნად კინძავს, მოაქვს თანაკლასელებთან და ისინი ეხმარებიან, ილუსტრაციებით გაფორმებაში. ვბედნიერდები მათი თანამშრომლობის ყურებით, მუდმივად ვაქებ და ვამაყობ მათით.

დავჯექი და ამოვისუნთქე, ჩემი დღევანდელი დღე თითქმის დასრულდა და ვიგრძენი მარჯვენა ფეხის თითების ფეთქვა. გამახსენდა, დღეს, დიდ შესვენებაზე, დერეფანში შევეჯახე გიოს და დაჩის. ისინი სწრაფი სირბილით გამორბოდნენ კლასიდან, რადგან უკან ვინმე მგელი, პირდაუბანელი მოსდევდათ. შეჯახების ეპიცენტრი ჩემი მარჯვენა ფეხი იყო. მე სიმწრის ყვირილისგან თავი შემაკავებინა ბიჭების შეწუხებულმა სახეებმა. მერე ამომიდგნენ აქეთ-იქით მხრებში, წინ საბა შემეგება – მას, არ იდარდოთ, ქორწილამდე მოგირჩებათო, მერე თამარმა: ბიჭებო, ახლა სწრაფად აკოცეთ მასწავლებელსო, და აქეთ-იქით ლოყაზე სიმპათიურების კოცნა მივიღე. მიმაცილეს ჩემს სკამამდე და ჩამომაჯინეს. თამაში კვლავ გაგრძელდა. მოულოდნელად, ლუკა მორბის ჩემთან და თან ხმამაღლა ეძახის თანაკლასელებს:

„მასწავლებელი ჩემი სახლია“.

როგორი ნათქვამია. საპატიო და საპასუხისმგებლო შინაარსის მატარებელი წინადადებაა. გავბედნიერდი და ფეხის ტკივილიც სულ გადამავიწყდა. ისედაც, ქორწილამდე მომირჩება…

დღეს მოღრუბლული ამინდია. უნივერსიტეტში გამოცდები მაქვს, სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას ვასრულებ. ჯერ გაკვეთილებს ვგეგმავ, შემდეგ კი გვიანობამდე ვმეცადინეობ.

მომწონს, მასწავლებლობის პარალელურად, სტუდენტიც რომ ვარ. უწყვეტად ვსწავლობ და ვასწავლი. ღრუბლიანი ამინდი ჩემს ხასიათზე მოქმედებს. სასიამოვნო იყო, დილით მოსწავლეების გულისხმიერება, „- მას მოწყენილი ხართ?“, „-მას ვინ გაგაბრაზათ?“. ავუხსენი, რომ ცოტა ხნით მეძინა, რადგან ვმეცადინეობდი, ვკითხულობდი და ვწერდი. გაუხარდათ, „თქვენც ჩვენსავით მეცადინეობთ?; „მას რა საამაყო ხართ!“. ისე მეიმედებიან. მათთან მოწყენილი არასდროს ვიქნები!

მათემატიკის გაკვეთილია. დათოს ვუზივარ გვერდით, რომელიც რვეულში წერს დღევანდელ თარიღს. ჩვენ, ზოგადად, შუაში ვაწერთ ამ ყველაფერს, თუმცა ახლა ვხედავ, რომ მარჯვენა მხარეს აწერს, აი, არც შუა რომ არ არის და არც გვერდით და ვეუბნები, ოდნავ უკმაყოფილო ხმით: რატომ აწერ ასე? და აუცილებლად ვაპირებდი თქმას, რომ ახლიდან დაეწყო წერა, თუმცა ამის თქმამდე, ამომხედა და მეუბნება თვალებანთებული: „მას, მე ვიფიქრე, რომ ასე უფრო ლამაზი იქნებოდა, თან ნახეთ, როგორ მოწესრიგებულად დავწერე ასოები. ყველა შუაში აწერს და მე ამიერიდან ასე უნდა დავაწერო, მინდა განსაკუთრებული ვიყო“. და მიყურებს ისევ ისეთი თვალებით. რა უნდა ვუთხრა, ვფიქრობ… რაც ყველაზე მეტად გამიხარდა იმ წამს ის იყო, რომ არ დამცალდა ჩემი უკმაყოფილების გაგრძელება მისთვის, რაც ერთი შეხედვით დავინახე და მაშინვე ვაპირებდი გამოხატვას. ისინი ჩემზე პატარა ასაკის კი არიან, თუმცა თავისებურად ცდილობენ და მიხარია, ამის შემდეგ, მათ ამ მცდელობას კიდევ უფრო დიდი მონდომებითა და დაფიქრებით რომ დავაფასებ.

თომას ისევ ეშლება რიცხვების ცნობა და ამ ბოლო დროს, სულ ეზარება მათემატიკით დაკავდეს. ბებო ძალიან წუხს ამის გამო. ბევრი ვიფიქრე, მეტი ყურადღებით ვაკვირდებოდი თომას ინტერესებს, მისწრაფებებს. დღეს მისთვის რაღაც მაქვს მოტანილი. იმედია, დაეხმარება ეს აქტივობა, ხალისით ივარჯიშოს რიცხვების დამახსოვრებაში.

ღრმა, მართკუთხედის ფორმის ლანგრის ძირზე, შიგნიდან, დავაკარი თეთრი ფერის ფორმატის ფურცელი და ზედ შესწავლილი რიცხვები დავაწერე არეულად, ადგილების გამოტოვებით.

იგივე რიცხვები ჩამოვწერე ლანგრის გვერდით, ფურცელზე. ლანგარში ჩაკრულ ფურცელს ზემოდან დავაყარე შაქარი. მივაწოდე თომას პატარა ჯაგრისი და ვთხოვე, მოეძებნა რიცხვები, რომლებიც შაქრის ქვემოთ „იმალებოდა“. თომა ეძებდა რიცხვებს, ნაპოვნ რიცხვს მოძებნიდა გვერდით ფურცელზე, გადახაზავდა და თან ასახელებდა მის სახელს. ამ აქტივობით კლასის სხვა მოსწავლეებიც დაინტერესდნენ, ამიტომ რამდენიმე ასეთი რესურსი მოვამზადე და სახალისო ჯგუფური სამუშაოც გამოგვივიდა. აქტივობის გაკეთება თომას ბებიასაც ვურჩიე სახლში. შაქრის ნაცვლად, ბურღულეულს, მარცვლეულს, ხან კი თომას საყვარელ ტკბილეულს იყენებენ. როცა ჯაგრისით ძებნა მოსწყინდა, ბარათებზე დავწერეთ შესწავლილი რიცხვები და ახლა მათემატიკაზე ვთამაშობდით „რიცხვების ლოტოს“. თომა უკვე ხალისით ვარჯიშობს რიცხვების დამახსოვრებაში.

მუდამ დინჯი, მოწესრიგებული, მონდომებული, წარმატებული ნოდარი დილიდან გაკვეთილზე ყურადღებით და ჩართულობით რომ ყოფილიყო, დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა. რამდენიმე რჩევის შემდეგ, ვკითხე:

– ნოდარ, გთხოვ, მითხარი, რამე არ მოგწონს გაკვეთილში?

– როგორ არა მას, უბრალოდ დღეს მუსიკის გაკვეთილზე პრეზენტაცია მაქვს და ვნერვიულობ.

თითქოს ენა ჩამივარდა ამ პასუხის შემდეგ. მე კიდევ, რა უკმეხი, დაღლილი ტონით ვკითხე რა სჭირდა… დასკვნა: ყველას აქვს საფიქრალი, სადარდებელი! მასწავლებლებს კი გვმართებს, მეტად გამგებიანები ვიყოთ. მუსიკის მასწავლებელი გააოცა და გაახარა პრეზენტაციისთვის დამზადებული ბანერით.

მალე ზაფხულის არდადეგები დაგვეწყება. სულ მეფიქრება, როგორ შემიძლია მოსწავლეებს დავეხმარო საზაფხულო დღეების მხიარულად და საინტერესოდ გატარებაში.

ამავდროულად, ნაყოფიერი და სასარგებლოც რომ იყოს. წიგნის კითხვაც აუცილებლად უნდა შევიტანოთ „გემრიელი საზაფხულო დღეების“ ერთ-ერთ ინგრედიენტად. ჩემი მოსწავლეებისთვის უნდა შემერჩია ისეთი წიგნები, რომლებშიც საკუთარ თავს, ემოციებს, გრძნობებს იპოვიდნენ. მართლაც ხომ ასეა, იმიტომ მოგვწონს წიგნი, რომ მასში ჩვენეულ განცდას აღმოვაჩენთ ხოლმე, რაღაც მხრივ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვახდენთ.

ცელქ და საინტერესო ლუკას, რომელსაც ჯიბეები, ჩანთა, პენალი მუდამ სხვადასხვა ნივთებით ჰქონდა გამოტენილი და მთელი წელი ვურჩევდი, მეტად მოწესრიგებული ყოფილიყო, აქტიურად დავუწყე მხიარული პერსონაჟის, ტომ სოიერის სახელის დაძახება და მასთან ამ ბიჭის ხსენება. თავიდან გაკვირვებული შემომხედავდა ხოლმე, ერთ დღესაც, როდესაც პენალში ფანქარს ეძებდა, თუმცა მანამდე ყველა უცნაური ნივთი ამოალაგა მერხზე, ვუთხარი, ლუკა, შენ ნამდვილი ტომ სოიერი ხარ-მეთქი, მისმა გაკვირვებულმა სახემაც არ დააყოვნა და კითხვაც დამისვა: მას, ვინ არის ბოლოს და ბოლოს ეს ტომ სოიერი? ჩემი საოცნებო მომენტიც დადგა:

  • ლუკა, ტომი შენი თანატოლი, ძალიან სიმპათიური და მხიარული ბიჭია, ისეთ საინტერესო ოინებს იგონებს, გაგიჟდები, ზუსტად ვიცი, ძალიან მოგეწონება მისი გაცნობა.
  • „სად ცხოვრობს?“ – გაკვირვებული სახის გამომეტყველებას დიდი ინტერესიც შეემატა და თვალებიც სხვანაირად აუციმციმდა.
  • ერთ საინტერესო წიგნში. მის ყველა თავგადასავალს იქ ნახავ. თუ შენ ვერ მოძებნი, მე დაგეხმარები, გინდა?
  • დედას ვთხოვ დახმარებას ტომის მოძებნაში, ერთი სული მაქვს გავიცნო.

შემდეგ ამოიღო თავისი პატარა ბლოკნოტი, სმურფებიანი ყდით და მთხოვა სიტყვა-სიტყვით მეკარნახა წიგნის სახელი. მეც ნელი და ძალიან ბედნიერი ხმით ვუკარნახე: „ტომ სოიერის თავგადასავალი“, ლუკამ კი რატომღაც წერა თავისი სახელით დაიწყო და დასასრულ, თავის აწევის შემდეგ დავინახე წარწერა: „ლუკა ტომ სოიერის თავგადასავალი“. გამიხარდა, წინ მხიარული დღეები რომ ჰქონდა ამ პატარა ბიჭს საინტერესო წიგნთან ერთად გასატარებელი.

  • მას, მეც ჩამაწერინეთ სახელი, ტომს მეც გავიცნობ, მინდა მეც ვისწავლო მხიარული ოინები. – ხელს იწევს მუდამ მშვიდი და გაწონასწორებული ნოდარი. ოჰო, უყურე შენ, რა კარგი ამბავი მესმის, ვფიქრობ გულში და ახლა ნოდარს ვკარნახობ ნელა.

ქართულის წიგნში მოცემული იყო ნაწყვეტი „პეპი გრძელი წინდადან“. მოვუყევი, როგორ დაწერა ასტრიდმა ეს ნაწარმოები, რომ თავისი პატარა ქალიშვილი დაეხმარა ამ პერონაჟის მოფიქრებაში. რამდენიმე წინადადება პეპის შესახებაც ვუთხარი. შემდეგ, კლასში მოვიტანეთ საჭირო რესურსები და დავამზადეთ „პეპიები“, ზოგი ნახატის სახით, ზოგი გამოძერწილი, ზოგიც სხვადასხვა ნარჩენით აწყობილი. კლასში კიკინებიანი, ცელქი, მხიარული, საინტერესო და ინოვატორი გოგონებიც გვყავს, მათ პეპის ვეძახდი, ასე გავუჩინე ინტერესი, ამ პერსონაჟის მიმართ და შესაბამისად, პეპის „საცხოვრებელი წიგნის“ წაკითხვის სურვილიც გაუღვივდათ.

ხელოვნების გაკვეთილი გვაქვს. საქმიანი ფუსფუსია ირგვლივ. სასკოლო ამბებიდან, რაიმე ნაშრომი უნდა შეექმნათ და ზოგმა, ახლად ნასწავლი მაგალითი გამოძერწა, ზოგმა ძვირფასი „ია“ და „აი“.

– მას, ტოლობა როგორ იწერება? – ა, ხო.

– მას მენატრებოდით და სკოლა დავხატე – ამბობს თვალებციმციმა ნიკოლოზი და ნახატს მაწვდის.

– მას, სახატავი დამრჩა – ამბობს შეწუხებულსახიანი ალი.

ვთავაზობ დაფაზე დახატოს. სახიდან უქრება სევდა და დაფასთან ამაყად გამოდის. სკოლას, სახელად „ალის“ ხატავს. თან გვიყვება, როგორი გახარებულები არიან მიმავალი ბავშვები. ეს უკვე კარგია, ფიქრებშიც სიხარული და ღიმილი უტრიალებს.

სიმბოლურად, ამ პატარა ხელებით შექმნილმა ნაშრომებმა დამაფიქრა.

„1+0“-ითა და ,,აი ია”-თი დაწყებული მნიშვნელოვანი წარწერების ფასი ახლა გავაცნობიერე!..

ყველა ჩვენგანი ხომ სწორედ აქედან მოვდივართ. ასე ვიწყებთ და შემდეგ გრძელდება…

– მას, ალბათ ოქროს დაბადების დღე 3 წლის რომ იყავით, მაშინ გქონდათ? – წერას წყვეტს და მეკითხება ანდრია. ამოცანის ამოხსნას ვცდილობთ, რა დროს ჩემი დაბადების დღეა. თან, მეგონა, რომ ყველა დაინტერესდა ამ ამოცანით, ასე იგრძნობოდა კლასში, ყველა მონდომებით ცდილობდა ამოხსნას, თუმცა მთლად ყველა არა, თურმე… ამ წამიერი ფიქრების შემდეგ, ვიგრძენი, როგორ გამიბედნიერდა გული იმის გაფიქრებაზე, რომ ამ პატარა ადამიანს გულით ახსოვს ჩემი დაბადების დღის რიცხვი.

– არა, არ მქონდა, ახლა რამ გაგახსენა, ამოცანის ამოხსნაზე ვმსჯელობთ, – ვუთხარი ნაწყენი ხმით.

– მას გამოსავალი მოგიძებნეთ, 33 წლის რომ გახდებით, მაშინ გადაიხადეთ. „სუპერ“ ოქროს დაბადების დღე გამოვა, დამპატიჟებთ?

და თვალებში მიყურებს.

მეც ვუყურებ.

  • რა თქმა უნდა, შენი იდეაა და აბა არ დაგპატიჟებ?!

ვეუბნები.

აგრძელებს:

  • მას, მაგ დროს გინდათ, მე სწრაფად ვიანგარიშო და გითხრათ, რამდენის ვიქნები? ანუ 5 წელიწადში.

ოჰო, რამდენი უფიქრია ამ მცირე დროში, 28-ს უკვე მიუმატა ხუთი და ახლა თავის ასაკს უმატებს.

ესაა მათემატიკა-მეთქი, ვუთხარი და ორივემ გავიღიმეთ.

ნაყოფიერი გაკვეთილიც სწორედ ასეთია ჩემთვის, როდესაც მოსწავლე:

მოვლენებს აკავშირებს ერთმანეთთან;

ფიქრის სურვილი უჩნდება;

გამოსავალს პოულობს;

აკადემიურ ცოდნას გაავარჯიშებს;

და რაც მთავარია:

ვუყვარვარ! პ.ს. 33 წლის რომ გავხდები, „ოქროს დაბადების დღეს” გადავიხდი ჩემს მოსწავლეებთან ერთად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი