ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

აღზრდა – თანამედროვე მიდგომები

მივესალმები პატივცემულ მკითხველს, რომელსაც ამჯერად გავაცნობ გერმანელი ავტორის: Susann Mierau-ის ნაშრომს „Frei und unverbogen“ („ბავშვთა აღზრდისადმი განსხვავებული მიდგომები, უპირობო მიმღებლობის საფუძველზე“). ავტორი გერმანელი პედაგოგი და ოჯახური ურთიერთობების კონსულტანტია. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტი ოჯახური მხარდაჭერის, ბავშვთა აღზრდისა და განვითარების სფეროში. კარიერის დასაწყისში სუზან მირაუ ასწავლიდა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, შემდეგ მშობლებისა და სპეციალისტებისთვის კერძო პრაქტიკა დაიწყო. ასევე, ის არის ბლოგერი, ატარებს სემინარებს. ესწრება და სპიკერობას უწევს კონფერენციებს, სადაც განიხილავენ ოჯახის მხარდაჭერისა და გაძლიერების საკითხებს. დაიბადა 1980 წელს. არის სამი შვილის დედა. Susann Mierau ცხოვრობს ბერლინის გარეუბანში.

მშობლებთან ურთიერთობა გავლენას ახდენს ბავშვის ცხოვრებაზე. პატარას მომავალი სულიერი, ემოციური და ფიზიკური განვითარება სწორედ ამ ურთიერთობების თავისებურებაზეა დამოკიდებული. მშობლების უმრავლესობა – მიაჩნია გერმანელ ავტორს – ცდილობს შვილების აღზრდა სწორი მიმართულებით წარმართოს, რათა მომავალში ზრდასრულობას მიღწეულებმა წარმატებული და ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრონ. აღზრდის პრინციპების შესახებ მრავალფეროვანი და ზოგ შემთხვევაში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მიდგომები არსებობს. საინტერესოა, მაინც როგორ გამოიყურება „სწორი აღზრდის“ პრინციპები? როგორ უნდა მოახერხონ მშობლებმა უამრავ რჩევასა და რეკომენდაციას შორის საუკეთესოს არჩევა? ან იქნებ საერთოდაც აღარ არის საჭირო „აღზრდა“? მშობლებს თავად აქვთ გარკვეული გამოცდილება, მათი მშობლებიც ხომ აღზრდის გარკვეული სტილით ხელმძღვანელობდნენ. ამიტომ უფროსები ხშირად ასეთ კითხვებს უსვამენ საკუთარ თავს: „რა შეიცვლებოდა ჩემს ცხოვრებაში, მშობლებს განსხვავებული მიდგომები, რომ ჰქონოდათ?“. ასეთი და მსგავსი კითხვები ზრდასრულ ადამიანებში, უმეტეს შემთხვევაში, უსიამოვნო განცდებს აჩენს, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ მათ თავს მოახვიეს გარკვეული ჩარჩოები, შეზღუდვები ან სულაც ძალიან დააზიანეს.

აღზრდა, უდავოდ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას და მის დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ. კერძოდ: პოზიტიურად თუ ნეგატიურად აფასებს საკუთარ პიროვნებას, მის შესაძლებლობებს – უმკლავდება თუ ვერა ცხოვრებისეულ სირთულეებს. ასევე, სერიოზული ფაქტორია ბავშვის ცხოვრების დასაწყისში მისთვის მნიშვნელოვანი უფროსისადმი მიჯაჭვულობის განცდის ფორმირება. ბავშვის გადმოსახედიდან, მიჯაჭვულობა მას იცავს, საფრთხეს არიდებს, რაც უზრუნველყოფს პატარას ფიზიკურ, პიროვნულ და ფსიქოლოგიურ ზრდა-განვითარებას. სამწუხაროდ, თუ ადამიანს ბავშვობიდანვე ვერ ჩამოუყალიბდა საიმედო, მყარი მიჯაჭვულობა ის პერიოდულად განიცდის საკუთარი შესაძლებლობების მიმართ უნდობლობას, მას შესაძლოა ჰქონდეს უიმედობის განცდა. მატულობს რისკი უფრო სერიოზული პრობლემების განვითარებისა. მაგალითად: შფოთვითი აშლილობები, დეპრესიული მდგომარეობები და სხვადასხვა სახის სომატური ჩივილები.

აღზრდის შესახებ სამეცნიერო და პოპულარული ლიტერატურა მრავლად რომ არის, ყველას მოეხსენება. ამ ლიტერატურაში უამრავ რეკომენდაციას თუ მითითებას წაიკითხავთ: როგორ მოუწესრიგოთ ძილი პატარას; როგორ ასწავლოთ ბრაზის მართვა და თავადაც ისწავლოთ ადეკვატურად ემოციების გამოხატვა. ზოგიერთი ავტორი მშობლებს უხსნის, როგორ უნდა მოიქცეს საკუთარ მცირეწლოვან ან მოზარდ შვილთან. სამწუხაროდ, მიუხედავად ბევრი რჩევა-დარიგებისა, მშობლები მაინც ჩივიან, რომ შვილებთან გაუცხოება მაინც სერიოზულ პრობლემად რჩება. ისე გამოდის, რომ ბავშვები, ასე ვთქვათ, საკუთარ თავს კარგავენ, როდესაც ცდილობენ რაღაც სიახლეებთან ადაპტირებას.

სიმართლე კი ის გახლავთ, რომ ყველა ბავშვი/მოზარდი და ასევე მშობელიც სრულიად განსხვავებული და უნიკალურია. პრობლემებიც კომპლექსური და განსხვავებული აქვს ყველას, რომლებიც ვერ გადაიჭრება ტრივიალური, ზოგადი რეკომენდაციებით. ამდენად, აღზრდის პროცესში ინდივიდუალური მიდგომები უკიდურესად მნიშვნელოვანია. უდავო ჭეშმარიტებაა: შეუძლებელია უნივერსალური პასუხი გაეცეს კონკრეტულ სიტუაციებში წარმოქმნილ კითხვებს. ბავშვები არ არიან ელექტრონული მოწყობილობები, რომლებსაც ღილაკები აქვთ და საკმარისია სათანადოს დააჭირო თითი, რომ სასურველი შედეგი გარანტირებული იყოს. ბავშვები – მიაჩნია Susann Mierau-ს – არიან ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად რეაგირებენ სხვადასხვა გამღიზიანებლებზე, მათ განსხვავებული ტემპერამენტი და უნარები აქვთ. ზუსტად, ამიტომ განსხვავებული რეკომენდაციები და ქცევის კორექციის სხვადასხვა მიდგომები თითოეულ ინდივიდუალურ ბავშვსა თუ მოზარდზე განსხვავებულად მოქმედებს. ჩვილი ბავშვებიც კი ძალიან, ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ვიღაცას ტირილის დროს დასამშვიდებლად მხოლოდ ხელში აყვანა სჭირდება. სხვას, კი ეს არ ყოფნის და უფრო სერიოზულ ქმედებას „მოითხოვს“ მშობლისგან. განსხვავებული მიდგომები, ცხადია, მხოლოდ დამშვიდებისას არ არის საჭირო, ისინი აქტიურობის, აგზნებადობისა და თუნდაც ჰიპერაქტიურობის შემთხვევაშიც განსხვავებული შეიძლება იყოს.

პრობლემის გადაჭრის არსი, უმეტეს შემთხვევაში, კონკრეტულ ქმედებას ან მეთოდს მოიცავს. დასაწყისისთვის, აუცილებელია მშობელმა/უფროსმა მოახერხოს პრობლემის გამომწვევი მიზეზის ამოცნობა. საქმე ეხება, მშობლების/აღმზრდელების შეხედულებას ზოგადად ბავშვზე, მის მოთხოვნილებებზე და უფროსებთან ურთიერთობებზე. ანუ როგორ იქცევიან ზრდასრულები, როდესაც მშობლის როლში არიან. ამ შემთხვევაში აღზრდის მეთოდებზე საუბარი აქ მეორე ხარისხოვანია – და ხანდახან საერთოდაც აღარასოდეს დადგება დღის წესრიგში, განსაკუთრებულად მას შემდეგ რაც ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე მშობელი გაარკვევს, რომ აღზრდის შესახებ არცერთი კონცეფცია არ შეეფერება მის შეხედულებას და წარმოდგენას საკუთარი შვილის შესახებ.

ახლა, ჩემი პრაქტიკიდან ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა გესაუბროთ – განაგრძობს გერმანელი ავტორი. ახალგაზრდა მშობლები: ეკატერინე და თომა მთელი კვირის განმავლობაში ერთსა და იმავე პრობლემას აწყდებოდნენ. მათი ოთხი წლის გოგონა მაია, საღამოობით ძალიან დაღლილი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც არ იძინებდა. დედიკო, რომელიც სამსახურში მთელი დღის განმავლობაში საპასუხისმგებლო საქმით იყო დაკავებული, სახლში დაბრუნებისას ფიქრობდა, რომ როდესაც საღამოს, ბავშვისთვის დაწესებულ დროს მაიკო დაიძინებდა, ის მშვიდად შეასრულებდა სახლის საქმეებს და შეძლებდა დასვენებას, მცირედ განტვირთვას, რათა შემდეგი დღისთვის ენერგიით სავსე ყოფილიყო. შვილის ურჩობით შეწუხებულმა მშობლებმა უამრავი რამ სცადეს ბავშვის დასაძინებლად. ისინი გოგონას უკითხავდნენ წიგნებს; ამშვიდებდნენ აბაზანით ან მასაჟს უკეთებდნენ პატარას. დედა და მამა რიგრიგობით წვებოდნენ საწოლში მაიასთან ერთად, უსმენდნენ აუდიოზღაპრებს. მშობლები შესაბამის მშვიდ, ჰარმონიულ გარემოს ქმნიდნენ საღამოობით, რითაც ცდილობდნენ გოგონასთვის ძილის მდგომარეობაში გადასვლა უფრო შეუმჩნეველი და ბუნებრივი გაეხადათ. სამწუხაროდ, არცერთმა მეთოდმა არ გაჭრა. თითქოს ჩაძინებული მაია ისევ თამაშსს იწყებდა, იმის მიუხედავად, რომ ძილისგან გამუდმებით თვალებს ისრესდა. მშობლებმა პედიატრსაც მიმართეს და მისი რეკომენდაციით ერთსა და იმავე დროს შვილის დაძინება სცადეს, თუმცა ისევ უშედეგოდ. გაღიზიანებულმა ეკატერინემ შვილის საწოლში ძალით გაჩერებაც მოინდომა, რომ პატარას მისი ასაკის ბავშვებისთვის საჭირო დოზით დაძინების საშუალება მისცემოდა. ასეთი მცდელობები იმით სრულდებოდა, რომ ორივე დედა და შვილი ტირილს იწყებდნენ. დაღლილი მაია ძლივს ახერხებდა ჩაძინებას. ყველაფერი გაირკვა მაშინ, როდესაც შეწუხებულმა მშობლებმა გადაწყვიტეს და სერიოზულად გაესაუბრნენ პატარას, მაიამ კი მიახვედრა მშობლები, რომ მას სურდა, თავად მიეღო მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში.

შემიძლია წარმოვიდგინო, – გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებას Susann Mierau, – მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები როგორ ჩაიცინებენ ირონიულად და იფიქრებენ: ასეთი ციცქნა და უკვე საკუთარი სურვილები და თანაც გადაწყვეტილებების მიღება? დიახ, ამას სპეციალისტები „ავტონომიურობის ფაზას“ უწოდებენ. საბავშვო ბაღში გატარებული დღის შემდეგ, მაიკოსთვის ძალიან დიდ შეზღუდვას ქმნიდა დასაძინებლად „განმწესება“. მას სურდა მშობლებთან დროის გატარება და ამავე დროს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების დემონსტრირება. მშობლებმა გადაწყვიტეს გოგონასთვის მოესმინათ. ისინი ნებას რთავდნენ პატარას ვახშმის დაწყებამდე რამე ეთამაშა მამიკოსთან ერთად, დედიკო ამ დროს მშვიდად აკეთებდა საქმეს, შემდეგ კი მაიკო უპრობლემოდ იძინებდა.

ამ სტატიის დასასრულ, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად მშობლები შვილებს, ასე ვთქვათ, სათანადოდ ვერ აფასებენ, ანუ უფროსების შეხედულებით მათი შვილები არიან ისეთები, როგორი წარმოდგენაც აქვთ მშობლებს ზოგადად ბავშვებზე. პრობლემების უმრავლესობა სწორედ ამ მოცემულობიდან წარმოიშობა – მიაჩნია გერმანელ ექსპერტს.

მაინც რატომ ხდება, რომ მშობლები ერთმნიშვნელოვნად უნიკალურ ინდივიდებად ვერ აღიქვამენ საკუთარ შვილებს? რატომ მიიჩნევენ უფროსები, რომ შვილები ყოველთვის მათ შეხედულებებს უნდა ამართლებდნენ? რატომ მიიჩნევენ, რომ ყოველთვის ისე უნდა მოიქცნენ, როგორც საყოველთაოდ მიღებული შეხედულებებით არის განსაზღვრული? იმიტომ ხომ არა, რომ უფროსებს სავალდებულოდ მიაჩნიათ უმცროსების აღზრდა?

მშობლებო, საინტერესო კითხვებია, ხომ? ახლა გაცილებით უფრო საინტერესო კითხვებს მოისმენთ. მათზე პასუხებს კი ამავე ავტორის მიერ დაწერილი წიგნის მომდევნო სტატიებში ამოიკითხავთ. მაშ ასე: როგორ ვისწავლოთ შვილების ჭეშმარიტი გაგება? როგორ გავთავისუფლდეთ გარკვეული ფიქრებისა და მოლოდინებისგან? რატომ ხდება, რომ სხვადასხვა ავტორი დღესაც ასწავლის მშობლებს აღზრდის მზამზარეულ მიდგომებს? როგორ უნდა მოახერხონ და შეძლონ მშობლებმა შვილებისადმი პატივისცემით მოპყრობა, თანაც ისე, რომ არცერთი მხარე არ გრძნობდეს თავს დაჩაგრულად, უსამართლობის მსხვერპლად და სრულიად გამოფიტულად?

 

 

სტატია თარგმნა:

ქეთევან კობალაძემ

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი