სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

უცნობი მასწავლებლის პორტრეტი

ზაფხულის არდადეგებზე ჩემი უფროსი შვილის დამრიგებელმა მშობლებს საერთო სასაუბროში მოგვწერა, რომ დაგვირეკავდნენ ჩვენი შვილების ერთ-ერთი მასწავლებლის შესაფასებლად.

ცოდვა გამხელილი ჯობია და რაც ანდრია მეხუთე კლასში გადავიდა, მისი ყველა მასწავლებლის გაცნობა ვერ მოვახერხე, – დაწყებითი საფეხურისგან განსხვავებით, მეხუთე კლასში ბევრი ახალი მასწავლებლის გაცნობა უწევს მშობელს, რაც ხშირად ვერ ხერხდება, – ამიტომ სასწავლო პროცესსაც უფრო გარედან ვაკვირდები (პანდემიის პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც ლამის ხელისგულზე გვქონდა გაკვეთილები), სიმშვიდის საფუძველს კი მისი დისციპლინირებულობა და თვითორგანიზებულობა მაძლევს. ვფიქრობ, უკვე გააცნობიერა, რომ სასწავლო პროცესის მთავარი წარმართველი თავად არის და ვცდილობ, ნაკლებად ჩავერიო. ვერც იმის აუცილებლობას ვხედავ, ყოველდღე ვამოწმო, რა მისცეს და შეასრულა თუ არა ყველა დავალება – ეს მისი პასუხისმგებლობაა.

როდესაც მეხუთე კლასში გადავიდა და შეფასების სისტემა ამოქმედდა, ცოტას ღელავდა. დავამშვიდე, ავუხსენი, რომ ნიშნები არაფერს ცვლის, რომ მეც არავითარ მნიშვნელობას არ ვანიჭებ რიცხვებით შეფასებას და რომ მთავარი მისი მონდომება და სწავლისადმი ინტერესია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნიშნები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ „ამისთვის ბევრს შრომობდა“, „ასრულებდა კომპლექსურ დავალებებს“ და მთელი წლის განმავლობაში სიამაყით გვამცნობდა, რაში ჰქონდა საუკეთესო მიღწევები. როდესაც ანდრია სიამაყით აცხადებდა, რომ რომელიმე საგანში ათიანი დაიმსახურა, მეც ვზეიმობდი მასთან ერთად, მეც მიხაროდა და, ამგვარად, საკმაოდ „ჩართულ“ მშობლად აღვიქვამდი თავს.

ეს მცირე შესავალი იმის სათქმელად დამჭირდა, რომ შესაძლოა, ყველა მასწავლებელს არ იცნობდე, მაგრამ ვითარებას აკვირდებოდე და საჭიროების შემთხვევაში ერეოდე.

მასწავლებლის შეფასებას დავუბრუნდეთ. სამწუხაროდ, ჩემთვის არავის დაურეკავს, მაგრამ მე მაინც მოვემზადე – ვცადე, მომეპოვებინა მცირე ინფორმაცია ამ მასწავლებლის შესახებ, რათა საჭიროების შემთხვევაში ინფორმირებული პასუხი გამეცა და ვკითხე ანდრიას, როგორი იყო მისი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

„ნინო მასწავლებელი? მაგან შემაყვარა სამოქალაქო განათლება, თვითონაც ძალიან კარგად იცის თავისი საგანი, ძალიან კარგად გვიხსნის და, რაც მთავარია, იცის ბავშვებთან ურთიერთობა“, – მოკლედ მიპასუხა ჩემმა შვილმა. ასე დაიხატა ჩემ თვალწინ ჩემი შვილის ჩემთვის უცნობი მასწავლებლის პორტრეტი. კმაყოფილი დავრჩი, რომ ანდრიამ იცის, როგორია კარგი მასწავლებელი და რომ მასწავლებლის შეფასების დროს მისი შრომის ერთი მისხალიც კი არ დაუკარგავს. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტები – საგნის კარგი ცოდნა, კომპეტენტურობა, ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება და სწორი მიდგომა – მართლაც უმნიშვნელოვანესია სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვისთვის, კლასში სასიამოვნო და შემოქმედებითი ატმოსფეროს შესაქმენლად. სასიამოვნოა, როდესაც ბავშვები ამის მნიშვნელობას ხვდებიან.

მერე ვფიქრობდი, რომ თუ რაიმე კითხვა არსებობს მასწავლებლის შესახებ, თუ ვინმეს აინტერესებს, როგორ მუშაობენ მასწავლებლები, როგორია მათი მიდგომა, ეს პირველ რიგში მოსწავლეებს უნდა ჰკითხონ. მოსწავლეები არიან სასწავლო პროცესის და მასწავლებლის შრომის პირუთვნელი შემფასებლები. მოსწავლეების თვალს არ გამოეპარება არცერთი დეტალი და არც სამართლიანად შეფასება გაუჭირდებათ. მშობლებზე უკეთესად მათ იციან, როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, როგორბი არიან მათი მასწავლებლები, რა მოსწონთ მათში და რა – არა, რა ესმით მათ გაკვეთილებზე და რა – არა. თუ პრობლემები არსებობს, მათზე უკეთესად არავინ იცნობს ამ პრობლემებს და მათ მიზეზებს.

ამიტომ ვფიქრობ, რომ სასწავლო პროცესი მასწავლებლისა და მოსწავლის „ბრძოლის ველია“. ამ სცენაზე მთავარი მოქმედი პირები მასწავლებელი და მოსწავლე არიან. მათზე კარგად არავინ იცნობს ერთმანეთის ძლიერ და სუსტ მხარეებს. თუ ერთმანეთს კარგად გაუგეს და ერთმანეთის შესაძლებლობები დაინახეს, წარმატებასაც ერთობლივად აღწევენ. სასწავლო პროცესის ასე შემოქმედებითად წარმართვა ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი და ასეთი სასწავლო ატმოსფერო ძალიან სჭირდებათ ბავშვებს.

ჰკითხეთ თქვენს შვილებს, როგორი მასწავლებლები ჰყავთ, რა ისწავლეს მათგან, რატომ მოსწონთ ან არ მოსწონთ ისინი და მიხვდებით, სჭირდებათ თუ არა მათ დახმარება, შინაგანი მოტივაციის გაძლიერება და მშობლის უფრო მეტი მხარდაჭერა ამ პროცესში.

ჩემი შვილის უცნობ მასწავლებელს კი წარმატებებს ვუსურვებ. სიმშვიდისა და სიხარულის საფუძველია ყველა ასეთი ამბავი, რომელიც ღირსეული მასწავლებლების შესახებ გვესმის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“