სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მაჰათმა  განდი – ბჰარატის დიადი სული და მასწავლებელი

(მეორე ნაწილი)

მე არ ვარ ანტიინგლისელი; მე არ ვარ ანტი-ბრიტანელი; მე არ ვარ რომელიმე მთავრობის მოწინააღმდეგე; მაგრამ მე ვარ სიცრუის, თაღლითობის და უსამართლობის მოწინააღმდეგე. თუ მთავრობა ცრუობს, მას შეუძლია განმიხილოს მის მტრად, შეურიგებელ მტრად“.

(მოჰანდას განდი)

მოჰანდას კარამჩანდ განდი 1869 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა. მისი ოჯახი, ვაჭრობა-მევახშეობაში ჩართული ბანიების კასტას ეკუთვნოდა, რომლებიც ინდური ტრადიციული სოციალური კლასიფიკაციის, ვარნით, ვაიშიები (ვაჭრები, მევახშეები, გლეხები და წვრილი მიწათმფლობელები) იყვნენ. ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი და მოგზაური რენე გენონი (René Jean-Marie-Joseph Guénon, 1886-1951), ინდოეთის ბანიებზე შემდეგს წერდა: „შეიძლება ითქვას, რომ ბანიები ინდოეთის ვაჭართა, მევახშეთა და წვრილ მწარმოებელთა კლასს შეადგენენ. ისინი მუშაობენ მინდვრებში, რგავენ მცენარეებს და მისდევენ მეცხოველეობას, აშენებენ სახლებსა და სხვა შენობებს, ასევე დაკავებული არიან სხვა მრავალგვარი საქმიანობითაც – ყიდიან საჭმელს, ნივთებს, ყველაფერს, რაც მატერიალურ მხარდაჭერას წარმოადგენს. მოკლედ, აწარმოებენ და მხარს უჭერენ ამ საქმიანობას. მათი სიმბოლური ფერებია, მუქი მწვანე ან ყავისფერი… დაკავშირებული არიან მატერიალურ სამყაროსთან, მიწასთან, ბურჟუაზიულ დემოკრატიასთან და სენტიმენტალიზმთან“.

ვაჭართა კასტას ეკუთვნოდა განდის მამა, კარამჩანდ განდი, რომელიც მოჰანდასის გაჩენისას (იგი მეოთხე ბიჭი იყო ოჯახში), გუჯარათის შტატის პატარა ზღვისპირა ქალაქის, პორბანდარის, პრემიერ-მინისტრი გახლდათ. ფორმალურად, პორბანდარის მმართველებს ავტონომია ჰქონდათ მინიჭებული, რეალურად კი ისინი ბრიტანული კოლონიური ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ ცხოვრობდნენ. ტრადიციულად, განდების ოჯახის მამაკაცების უმეტესობა, ამ მცირე ქალაქის თავადების ადმინისტრაციაში მსახურობდნენ.

განდის მამას მეოთხე ცოლი ჰყავდა (წინა სამნი, უდროოდ გარდაიცვალნენ) და პატარა განდის დედინაცვალი, ღვთისმოსაობით გამორჩეული ქალბატონი, პუტალი ბაი გახდა. განდის ოჯახი, ტრადიციულად ვიშნუიზმის (ინდუიზმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, მაჰავიშნუსა და მისი ავატარებისადმი, კრიშნასა და რამასადმი თაყვანისცემა, ლ.ა.) მიმდევრები იყვნენ. ამ რელიგიის ერთ-ერთ მთავარი პრინციპია აჰიმსა, ძალადობისგან თავშეკავება და მკაცრი ვეგეტარიანელობა. ვიშნუიზმმა დიდი გავლენა მოახდინა განდის მსოფლმხედველობასა და მის შემდგომ ცხოვრებაზე.

12 წლის ასაკამდე განდი დაწყებით სკოლაში სწავლობდა ქ. რაჯკოტში, სადაც მისი ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად. სწავლით არ გამოირჩეოდა. განსაკუთრებით ეძნელებოდა მათემატიკა და ინგლისური ენა. პატარა მოჰამდასს, სუსტი აღნაგობის გამო, ასევე უჭირდა თანაკლასელებთან თამაში-ურთიერთობა და სპორტული გაკვეთილები.

განდის ბავშვობიდან კარგად დაამახსოვრდა ერთი პერიოდი, როდესაც იგი ცდუნებების ალყაში მოექცა. ერთხელ, უფროსმა მეგობარმა, რომელიც მუსლიმანი იყო, დაარწმუნა პატარა მოჰანდასი, გაესინჯა ბატკნის ხორცი, თუმცა ვიშნუისტებში ხორცის ჭამა სრულიად მიუღებელია და მკაცრად იკრძალება. მოზარდი განდი, გარდა აღნიშნულისა, როგორც თვითონ წერს, ბევრჯერ არღვევდა თავისი რელიგიის სხვა აკრძალვებსაც. კერძოდ, ეწეოდა სიგარეტს და სვამდა ღვინოს. რადგან მოზარდს ფული არ ჰქონდა, იგი წვრილ ფულს ოჯახის მოსამსახურეებს ჰპარავდა. განდის აღიარებით, მან „დიდი“ ქურდობა 15 წლის ასაკში ჩაიდინა, როდესაც ძმის სამაჯურიდან ოქროს ფირფიტა ამოიღო.

სიყმაწვილის ამ ცოდვებს, მალე ბორდელში მისვლაც მოჰყვა. მისი აღიარებით, ბორდელში მან დიდი სირცხვილი და სინდისის ქენჯნა განიცადა და როგორც ამბობს, ლამის წყალს მისცა თავი. საბოლოოდ, მან გადალახა სულიერი შფოთვა და სირცხვილის განცდები და თავისი ცოდვების აღიარებისა და პატიების თხოვნის წერილით, მამას მიმართა. ახალგაზრდობის შეცდომების შემდეგ განდი მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამოირჩეოდა მკაცრი დისციპლინითა და პრინციპულობით. როგორც მოჰანდას განდი წერდა, ახალგაზრდობის ოინები, მისთვის თვითშემეცნების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ გადაიქცნენ.

ვიშნუიზმის წესებით, განდი დანიშნული იყო უკვე შვიდი წლის ასაკიდან. მისი მშობლების რჩეული, ასევე ბანიას კასტიდან იყო. 13 წლის ასაკში ის დაქორწინდა კასტურბაზე (მოფერებით განდი მას „ბას“ ეძახდა). ფინანსური მოსაზრებებით, განდის ქორწილთან ერთად ოჯახმა იმავე დღეს დააქორწინა განდის შუათანა ძმა და მისი უფროსი ბიძაშვილი. თავის გვიანდელ ჩანაწერებში, მოჰანდას განდი მკაცრად აკრიტიკებდა იმ დროს ინდოეთში გავრცელებულ ადრეულ ქორწინებებს.

აღსანიშნავია, რომ განდის მეუღლე, კასტურბა განდი წერა-კითხვის უცოდინარი იყო და, მიუხედავად მეუღლის წინააღმდეგობისა, განდის სურდა მისთვის განათლების მიცემა, თუმცა განდიმ, თავად მსოფლიოს უამრავი მცხოვრების მასწავლებელმა და მისმა დაქირავებულმა კერძო მენტორებმა ეს ვერ შეძლეს. ამ წარუმატებლობაში ის მხოლოდ თავის თავს ადანაშაულებდა და ამბობდა: „დარწმუნებული ვარ, რომ [კასტურბა] გახდებოდა განათლებული ქალი, თუ ჩემი მისდამი სიყვარული სრულიად თავისუფალი იქნებოდა ჟინისგან. მე მაშინ ალბათ შევძლებდი, გადამელახინებინა მისთვის გაკვეთილებისადმი ზიზღი. ვიცი, რომ სუფთა სიყვარულისათვის არაფერია შეუძლებელი“.

განდის და მის მეუღლეს ოთხი ბიჭი შეეძინათ. 1906 წელს განდიმ სექსუალური ურთიერთობებზე უარის აღთქმა დადო და ცხოვრების ბოლომდე ინახავდა მას. მიუხედავად ამ მკაცრი ფიცისა, იგი პირნათლად ზრუნავდა თავის მეუღლეზე და მის გვერდით იყო 1944 წლამდე, სანამ კასტურბა ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვლებოდა.

1887 წელს განდი განათლების მისაღებად ინგლისს მიემგზავრება და University College of London-ის იურიდიულ ფაკულტეტზე აბარებს, რომელსაც სამ წელიწადში წარმატებით დაამთავრებს. სწორედ ამ წლებში მოხდა მისი დაოსტატება საჯარო გამოსვლებსა და ორატორობაში. ამ წლებში მან გადალახა ბუნებრივი სიმორცხვე და უნივერსიტეტის საჯარო გამოსვლების კლუბში საუბრის ხელოვნება დახვეწა.

1893–1914 წლებში მოჰანდას განდი უკვე იურისტის ბრიტანული დიპლომით, საცხოვრებლად სამხრეთ აფრიკაში გადადის (რომელიც ბრიტანეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა), სადაც ახალგაზრდა იურისტი, ბრიტანეთის იმპერიის დიპლომით აღჭურვილი იურისტი-სპეციალისტი, პირისპირ შეეჯახება ბრიტანული სამყაროს მკაცრ და დაუნდობელ რეალობას – მას რამდენჯერმე დააპატიმრებენ პროტესტის გამო, რომელსაც ის სამხრეთ აფრიკაში მიღებული და კანონიერი რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ გამოხატავს (მას გამოაგდებენ მატარებლის პირველი კლასის ვაგონიდან, უკრძალავენ ინდური ჩალმის ტარებას, აპატიმრებენ ქალაქში მხოლოდ „თეთრებისთვის“ განკუთვნილ ტროტუარზე სეირნობისათვის და სხვა).

სწორედ სამხრეთ აფრიკაში გატარებული ოცი წლის განმავლობაში მოხდა მოჰანდას განდის, როგორც ინდოელი ნაციონალისტისა და ინდოელთა უფლებებისთვის მებრძოლის ჩამოყალიბება, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში, ათიან წლებში, უკვე აქტიურად საუბრობდა ინდური „სატიას“ (სიმართლე) პრინციპების შესახებ, რაც გულისხმობდა უსამართლობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლას მშვიდობიანი პროტესტისა და უსამართლო კანონებისადმი დაუმორჩილებლობის გზით.

1914 წლის ბოლოს მოჰანდას განდი ტოვებს სამხრეთ აფრიკას და სამშობლოში ბრუნდება. ერთი წლის შემდეგ, ის ინდოეთის ეროვნული კონგრესის წევრი და მეთაური ხდება. სწორედ ამ წლებში იწყება მოჰანდას „მაჰათმა“ განდის“ უკომპრომისო და პრინციპული ბრძოლა ბრიტანეთის ინდური ადმინისტრაციის წინააღმდეგ, რომელიც 1947 წელს, ინდოეთის სრული გამარჯვებით, ინდოეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობითა და ინგლისელების ჰინდუსტანიდან გაძევებით დასრულდა.

ინგლისელების მიერ ინსპირირებულმა რელიგიათაშორისმა კონფლიქტმა ჰინდუთა და მუსლიმებს შორის, ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის ტერიტორიის დაყოფამ მუსლიმანურ (ბანგლადეში და პაკისტანი) და ჰინდუთა ტერიტორიებად (ინდოეთი), ახალგაზრდა რესპუბლიკა საშინელი განსაცდელის წინაშე დააყენა. ინდოეთის შერეულ ინდურ-მუსლიმანურ შტატებში თითქმის ყველგან დაიწყო რელიგიური პოგრომები და მკვლელობები, ხოლო პაკისტანში სასტიკად უსწორდებოდნენ ინდუსიტებსა და სიკჰებს. ასეთ ტერორისტულ მკვლელობას შეეწირა მოჰანდას განდი 1948 წელს, როდესაც იგი ინდოელი ნაციონალისტების ჯგუფმა, სიცოცხლეს გამოასალმა ნიუ-დელიში, განდის სახლის წინ.

ბოლოს, გთავაზობთ მოჰანდას განდის საკმაოდ მკვახედ ნათქვამ სიტყვებს ბრიტანელების მისამართით, რომელშიც კარგად არის გამოხატული განდის ტკივილიცა და მისი სიდიადეც:

„ინგლისელებმა უნდა ისწავლონ, იყვნენ ბრაჰმინები (ბრაჰმინი – ღვთის მსახურთა და სულიერ მასწავლებელთა ვარნა/კასტა ინდოეთში, ლ.ა.) და არა ბანიები. უნდა ავხსნა, თუ ვინ არიან ბანიებიეს მოვაჭრეები არიან, ან როგორც ნაპოლეონმა თქვა, მედუქნეები. ბრაჰმინი არის კაცი, რომელიც საკმაოდ გონიერია იმისთვის, რომ მორალი, ცხოვრების მატერიალურ ღირებულებებზე მაღლა დააყენოს… ინგლისელებმა ჯერ კიდევ უნდა განივითარონ ბრიტანული ბრაჰმინული სული…“ .

 

სტატია მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“