სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ვაჟა, როგორც ფოლკლორისტი

(ეთნოგრაფიული წერილები)

„არცერთი საქმე ისე სასწრაფო არ იყო, როგორც ზეპირგამოცემათა შეგროვება“, – ამბობდა აკაკი და მართლაც, სწორედ მე-19 საუკუნიდან, „თერგ­დალეულებმა“ დაიწყეს ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების ინტენსიური მოგროვება, საფუძვლიანი შესწავლა. მანამდეც ექცეოდა ამ საქმეს ყურადღება, თუნდაც მე-18 საუკუნის ხელნაწერთა მხატვრული ანთო­ლოგიების შედგენა რომ გავიხსენოთ ან შემკრებლები გრიგოლ ბაგრატიონი, პლატონ იოსელიანი, თეიმურაზ ბატონიშვილი და სხვა, მაგრამ ქართული ფოლკლორის სისტემურ და ორგანიზებულ შესწავლას სწორედ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების იმ სხდომაზე ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა. ვაჟა-ფშაველაც, რომელმაც ადრეული ასაკიდან გაითავისა ხალხური ზნე-ჩვეულებები თუ პოეზია, აქტიურად იყო ჩაბმული ამ საქმიანობაში. ამ მხრივ დიდი როლი ითამაშა ვაჟას დედამ, რომელმაც წერა-კითხვის უცოდინარმა, კარგად იცოდა ხალხური ლექსები და ზღაპრები. ასევე, დედის ბიძა, პარასკევა, მწერლის სიტყვებით, „პირველი მელექსე იყო ფშავში“. რაზიკაშვილების ოჯახის პოეტური ტრადიცია კი ყველას მოგვეხსენება. ცალკე ოჯახურმა გარემომ, პოეზიით სავსე სოფლის ხალხურმა ხატობებმა, ცალკე მისმა საზოგადოებრივ-ლიტერატურულმა შეხედულებებმა დააკავ­შირა ვაჟა-ფშაველა ხალხთან. იგი იყო მთის პოეზიის, ყოფა-ცხოვრების შემკრები და ღრმა მკვლევარი. ამ მხრივ მდიდარი მასალაა მის პუბლიცის­ტიკაში. ეს საქმიანობა ვაჟას სიკვდილამდე არ შეუწყვეტია და მის კალამს უამრავი საინტერესო ეთნოგრაფიული წერილი ეკუთვნის თუშ-ფშავ-ხევსუ­რების ცხოვრებიდან. საგმირო სიტყვიერების სიმდიდრით ხევსურეთმა ადრიდანვე მიიქცია ყურადღება, მაშინ, როცა ქართული ფოლკლორის შეკრება-შესწავლის საქმე ის-ის იყო ფეხს იკიდებდა.

 

როგორც აღვნიშნეთ, ვაჟა-ფშაველამ მხატვრულ მემკვიდრეობასთან ერთად თეორიულ-ლიტერატურული ხასიათის შრომები დაგვიტოვა. მის ეთნოგრაფიულ წერილებს, რომლებიც ცალკე კორესპონდენციებად იბეჭ­დე­ბოდა და სრულ წარმოდგენას გვიქმნის ვაჟა-ფშაველას ამ დარგში ღრმა ცო­დნასა თუ კვლევის სისტემაზე, დიდი ადგილი უჭირავს არა მარტო მწერ­ლის შემოქმედებაში, არამედ ქართულ და უცხო ენებზე ფშავ-ხევსურეთის შესახებ გამოქვეყნებულ მდიდარ ლიტერატურაში. ეს წერილებიც გამოირ­ჩე­ვა მხატვრულობით. ამის შესახებ თვითონაც აღნიშნავდა, როცა თავის უმ­თავრეს ნაშრომს, „ფშაველს და მის წუთისოფელს“, ეთნოგრაფიულ მო­თხრო­ბას უწოდებს. ეს, მართლაც, საუკეთესო ნიმუშია ვაჟა-ფშაველას პრო­ზისა. სხვა წერილებიც უფრო მხატვრული ნარკვევებია, ვიდრე მეცნიე­რუ­ლი კვლევა-ძიება. აქ მეცნიერული სიზუსტისა და მხატვრული დამაჯე­რებლობის წყალობით მკითხველი კარგად ეცნობა ფშავლების ყოფის დეტა­ლებსა და ძირითად ზნე-ჩვეულებებს.

 

ამ წერილებში წარმოჩენილია თანამედროვე ეთნოგრაფიისა და სოციო­ლოგიისთვის მეტად საინტერესო მასალა ქართველი ერის უძველესი, კლა­სობრივი დიფერენციაციის უქონელი, საზოგადოებრივი ფორმაციის შესა­ხებ, თემური მიწათმფლობელობით, საადათო სამართლითა და ანიმიზმით (მას ჩვენამდე არ მოუღწევია შეურყვნელად, თუმცა დღესაც გაირჩევა ელე­მენტები, რომელნიც ხალხის შემოქმედების ძალის შედეგია ან გარედან შემო­ტანილი), არა მუზეუმის ექსპონატების სახით, არამედ ცოცხალ ლაბო­რატორიაში, როგორც გერონტი ქიქოძე აღნიშნავს და ამ მასალას გვაწვდის თვითონ ამ ფორმაციის შვილი, გვაროვნულ-თემური წყობილებიდან გამოსული დიდი მწერალი.

 

ძალიან საინტერესოა და პარადოქსული მთაში ქალისადმი დამო­კიდე­ბულება, რომელსაც ვაჟა თავის წერილებში დაწვრილებით მიმოიხილავს. დე­დაკაცს ეშმაკის გაჩენილად თვლის ფშაველი, როგორც ზემოთაც ვთქვით, სიტყვებს ქალი და ალი ერთმანეთთან აკავშირებენ, მათი თვისე­ბები ერთმანეთზეა გადატანილი. ვაჟა მიმოიხილავს, რამ დაბადა ეს წარ­მოდგენა. ქალს მეტისმეტ მგრძნობიარობისა და ფანტაზიის აყოლის გამო დაუწყია სხვადასხვა ჩხირკედელაობა: ქადაგ-მკითხაობა, შელოცვა, ექიმბა­შობა და სხვა მრავალი ხრიკი, რის გამოც დაეჭვებულა მამაკაცი. სხვა მხრივ, ოჯახის წინაშე დიდ როლს კისრულობს დედაკაცი, რომლისთვისაც ოჯახი წმინდათაწმინდა კერაა, „სადაც შეიწირების მსხვერპლი ცოცხალთა სადღეგრძელოდ და მკვდართა მოსახსენებლად. ამიტომ იგი მეთვეურობისა (ბოსლობა) და მშობიარობის დროს ორმოც დღეს სტოვებს ოჯახს, რათა გან­წმენდილი და განბანილი შევიდეს ოჯახში და არ შებღალოს მისი სიწმინ­დე… მშობიარე დედაკაცს, ვიდრე დანიშნული დრო არ გავა და არ „დაი­რეცხება“, მ ე ქ ო ხ ე ჰქვიან“ (,,ფშავლები“). გ. ქიქოძის აზრით, ეს შეიძლება ძველ ირანულ ზნე-ჩვეულებათა გავლენის ნაშთი ყოფილიყო. რაც შეეხება კერას, რომელსაც სახლის ანგელოზი ჰყავს, რომლის სადღეგრძე­ლოს მუდამ სვამს ფშაველი, მას უფლობს და განაგებს სწორედ დედაკაცი, როგორც დიასახლისი. კერას, სადაც ანთია და იქვე ჩამოიქნება ხატისა და ღვთის წინაშე ასანთები სანთელი, ტყუილად არ ჰქვია ტრაპეზი და დედაკაციც სწორედ ღვთისადმი მსხვერპლის შემწირველია. იგი მარტო ოჯახს როდი უვლის, ოჯახის გარეთაც ეწევა შრომას, შვილის აღზრდითაც იგია დაკავებული. მთაში ქალი შეჩვეულია მძიმე შრომას, ის მამაკაცის მარჯვენა ხელია, ხშირად უხდება მარტოს დარჩენა ღია ცის ქვეშ, მწყემსობისას და საქონლის მოსატაცებლად მისული მგლისა თუ დათვის მოგერიება, ბევრჯერ იარაღის ხმარებაც სჭირდება.

 

ვაჟა აღნიშნავს ქალის მისიის განსაკუთ­რებულობას, მის დიდ ძალას ოჯახში დიდსა და პატარაზე. შვილების პირველ-დაწყებითი აღზრდაც მის ხელშია, იგია გადამწყვეტი შვილების ბედ-იღბლისა, რომელთა მომავალი იმაზეა დამოკიდებული, რით ასაზ­რდო­ვა დედამ მათი გრძნობა და გონება. ასე რომ, შინ ოჯახს და გარეთ საზოგადოებას ემსახურება დედაკაცი და „მას შეუძლიან, დაამხოს ერი და კიდეც აღადგინოს“ (,,ქალთა შესახებ“).

 

ქალთან მთიელის დამოკიდებულების პარადოქსულობა კი ისაა, რომ მართალია, მთის მრი­სხანე ბუნება გაჭირვებულ ცხოვრებას აჩვევს ქალს, იგი მამაკაცივით შრომობს და ყველა საქმეში მხარში უდგას მას, მაგრამ ეს ხდება ნებაყოფ­ლობით და არა ძალდატანებით. ქალს საკმაო თავისუფლებაც აქვს მინი­ჭებული, მას მამაკაცი ყარაულს არ უყენებს და ამიტომ შეუძლია მარტომ იაროს თუნდაც უდაბურ ადგილებში, საკუთარი სოფლიდან დაშორებით (ფშაველი ქალები სითამამითაც გამოირჩევიან).

 

მოდით, აქვე ვთქვათ ვაჟას შეხედულება ხალხურ, კერძოდ, ფშაველთა შემოქმედებაზე. ვაჟა აღიარებს ფშაური პოეზიის უპირატესობას თუნდაც „სულის გამაღვიძე­ბე­ლი“ კილოთი, ძველებური სიტყვებითა და ცხოვრებაზე სპეციფიკური შეხე­დულებებით „მწიგნობრულ“ პოეზიასთან შედარებით. აქ ნიშანდობლივია კაფია-ექსპრომტები, ხელოვნურად ნათქვა­მები, ყოველ სიტყვაში რომ აზრია. სწორედ ამ პოეზიამო, ფოლკლორმა, თა­ვისი ჰეროიკული სულისკვეთებით, დაუდო საფუძველი ჩემს შემოქმე­დე­ბასო.

 

ფშაურ პოეზიაში, სადაც მთავარი ადგილი საგმირო პოეზიას ეკუთ­ვნის ისტორიულად, თავისი, ვაჟას თქმით, „სასტიკი“ წარმოდგენებით გმი­რის იდეალზე, გაიდეალებულია, გაღმერთებულია ქალიც, მისი სილამაზე იმდენად, რომ მთიელი მზადაა, მისთვის მოკვდეს, საყვარელი უნდა გახდეს ქალისთვის. რომ თუ იგი მოკვდება, ქალმაც თავი უნდა მოიკლას და მასთან ერთად დაიმარხოს. ვაჟა მოგვითხრობს, რომ ფშაური პოეზიის მიხედვით, ხალხს მარტო ქალის სილამაზე კი არ მიაჩნია გადამწყვეტად, მისი პატიოსნება, ოჯახის ერთგულება, რომლებსაც ვაჟი უპირველეს მოთხოვნად უყენებს ქალს.

 

ახალმა დრომ ახალი იდეალები მოიტანა, ფშაველს გმირობის, ვაჟკა­ცობის, ხმლის ქნევის დრო წაერთვა, ცხოვრებას მაგარი მკლავისა და გულის ნაცვლად მეტი პრაგმატიზმი დასჭირდა. ქალის ძველ იდეალს კი ფიზი­კური გარჯაც, როგორც სილამაზე, ისე დაერთო (ყოფითი ლექსები). მე-19 საუ­კუნის ტექნიკურმა პროგრესმა ფშაველს რწმენაც შეუცვალა და ათქმე­ვი­ნა: „ეშმაკი სადღაა, თვითონ კაცი გახდა ეშმაკი“ (,,ძველი და ახალი ფშავ­ლების პოეზია“).

 

ქალის იდეალზე ვსაუბრობდით და არ შეიძლება გვერდი ავუაროთ თამარ მეფის სახე-ხატად აღქმის ტრადიციას ფშავში (ვაჟას პოეზიაშიც გან­სა­კუთრებული პატივისცემაა თამარისადმი). ვაჟა აღნიშნავს, რომ თამარი­სადმი ერთნაირი დამოკიდებულება არაა ფშაველებსა და ხევსურებში. ფშავლებს ძველისძველადვე შეურაცხავთ თამარი წმნიდანად, „ხატად“ და მისი სადიდებელი დღეებიც დაუწესებიათ, ხოლო სადიდებლად ჰყავთ ცხვრის ფარა, რომელსაც „თამარის ცხვარი“ ეწოდება, რაც ისტორიკოსებისთვის საყურადღებოაო, წერს ვაჟა. გარდა ამისა, თამარ მეფე ერთადერთი ხატია ფშავ-ხევსურეთში, რომელსაც ჰყავს მოლოზნები, ე.წ. „ხატის ქალები“.

 

ფშაური, სატრფიალო ლექსის საფუძველი იმ ჩვეულებაშია, რომელსაც „წაწლობა“ ეწოდება. ეს უკანასკნელი დიდ ზეგავლენას ახდენდა მამაკაცთა ვაჟკაცურ, გმირულ ქმედებებზე და მდიდარ მასალას აძლევდა ფშაურ რომანტიკულ პოეზიას და ფშაველთა პოეტურ ხასიათს – „წაწლობა მაღა­ლისა და იდეალურის გრძნობით არის მონათლული, თითქოს პლატონი­ურს სიყვარულზედ იყოს აღმოცენებულიო, და ამ ბოლო დროს კი ლამის სიყვარულად, არშიყობად გადაიქცეს“ („ფშაველი დედაკაცის მდგომარეობა და იდეალი ფშაურის პოეზიიის გამოხატულებით“). სიყვარული მხოლოდ მაშინ არის ლამაზი, როცა იდეალურია, ვაჟას აზრით, კარგავს თუ არა იდეალურობას, მასთან ერთად სილამაზესაც. დღეს ხევსური წაწლობას ისე უყურებს, როგორც საყვარლობას და მასში იდეალურს არაფერს ხედავს, წერდა ვაჟა (თუმცა იმასაც აღნიშნავდა, რომ ფშაველი პირადს, ინტიმურ დამოკიდებულებებში ქალისადმი მოკრძალებული და მორიდებულია). მარტო გმირობისა და სიყვარულისადმი კი არა, ახალმა ცხოვრებამ ხატისადმი დამოკიდებულებაც კი შეურყია ფშაველს, რომელსაც ხატისადმი სამსახური უკვე, ცოტა არ იყოს, ემძიმება.

 

ვაჟა განიცდიდა ყველაფერს, რაც ხალხურ ჩვეულებებსა და შემოქ­მედებას შეეხებოდა, ვერ ეგუებოდა ამ მხრივ დამახინჯებებს და სხვის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ცდილობდა. ამიტომ ეკამათებოდა იგი მკვლევარ მ. კოვალევსკის (გამოჩენილ რუს იურისტს, სახელმწიფო სამართლის დიდ სპეციალისტს), რომელიც წაწლობასა და „ლაშარობას“ სარწმუნოებრივ გარყვნილებად, ჰეტერიზმად ნათლავდა და მის შეცდომას ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალის უცოდინარობით ხსნიდა. გერონტი ქიქოძის აზრით კი, „წაწლობა… შეიძლება ეგზოგამიურ გვარამდე არსებული წესწყობილების ნაშთს წარმოადგენდეს და ერთგვარი სანაზღა­ური იყოს იმ შეზღუდვისა, რომელსაც ფშავ-ხევსურული გვარი ერთსა და იმავე თემის ქალ-ვაჟისგან მოითხოვდა სქესობრივ ურთიერთობაში“ (გ. ქიქოძე).

 

არაჩვეულებრივი რამაა ტრადიციის ძალა და არ ესმით მათ, ვინც მის აღმოფხვრას ქადაგებს, ამისი არაბუნებრიობა. თავის ეთნოგრაფიულ წერილებში ვაჟა მოგვითხრობს მთიელთა ტრადიციულ სხვადასხვა წარმოდგენაზე, ჩვეულებასა და წესზე. თუნდაც იმ ზომიერების გრძნობაზე, რომელიც ხევსურებს ჩხუბისას ახასიათებთ: მძიმედ დაჭრა კაცისა სირცხვილია მათთვის, ამიტომაც ან დიაცი, თავისი მანდილით, გამოჩ­ნდება მედიატორად ამ დროს, ან ხშირად ხალხს, ხევისბერებს გამო­აქვთ ხოლმე დროშა გასაშველებლად. მთაში დატირების ჩვევაც ნიშანდობ­ლივია იმით, რომ ხშირად მოტირალი კაცია ან სიმღერა, რომელიც ისევ „ტირილის ზარს მოგაგონებს: იგი როდესაც იმღერის – გმინავს და მთებსაც აგმინებს“. („ხევსურები“) – ეს, ზოგადად, ქვეყნის საუკუნეებით ძვალ-რბილში გამჯდარი ტრაგიზმია. თავისებურია ბავშვის პატივისცემაც მთაში: „როდესაც ბალღი სახლში შადის და იქ თუნდ ორმოცი დროული მოხუცებული კაციც იყოს, ყველანი მაშინვე ფეხზე აუდგებიან და მიესალ­მებიან: – მოხვედი მშვიდობითაო! (სახელი) – დასხედით, დასხედით, თქვენც დამხვდით მშვიდობითაო“ (,,ხევსურები“).

 

ძველი ცხოვ­რების წესი მთის ხალხისა მოუსვენარი, ხიფათით აღსავსე იყო, „მუდამ სისხ­ლით შეღებილი“ (აქვე უნდა ითქვას ლაშქრობის კულტზე, რომელსაც „ლაშარის ჯვრის ყმობა“ წარმოადგენდა), ამიტომ შინ მშვიდობით დაბრუნება ყოველთვის სანატრელი იყო. ფშაველი მამაკაცი, ვიდრე თავის სტუმარს ეტყოდა, „მოხვედ მშვიდობითაო“, ჯერ გამარჯობას ეუბნებოდა. ასეთივე ტრადიციული, მტკიცე წესია ის, რომ „ხევსურს ვერც კაცს, ვერც დედაკაცს ვერ იპოვით დღეს, რომ შინ მომზადებული შალის ტანისამოსი არ ეცვას, და თუ ხევსურებმაც თავიანთ „ტალავარი“ ნაყიდ ფარჩისაზე გაცვალეს, მაშინ ყოვლად შეუძლებელია ხევსურეთში ხევსურეთის არსებობა“. (,,თიანური ფელეტონი“) – ეს სიბნელე არავის ეგონოსო, ამბობს ვაჟა, ეს თვითმყოფადობაა, რომლის დაკარგვის შემთხვევაშიც, მთის არსებობაც შეწყდება. ამის ერზე განზოგადებაც შეიძლება.

 

საინტერესოა მთიელთა ომზე წარმოდგენაც, რომელიც იქამდეა ცნობიერებაში გამჯდარი, რომ მიცვალებულს საფლავშიც აყოლებდნენ საომარ იარაღებს, ეგონათ, სა­იქი­ოშიც მოელოდა მტერთან შებმა-შეტაკება. ახალ დროშიც „ადამიანში იგივე ძველის-ძველი მხეცი ბუდობს და ყველა სხვა უნარზე წინ გულოვა­ნობა-ვაჟ­კა­ცობას აყენებს“ („ძველებური ომი და საომარი იარაღი სახალხო პოეზიაში“). მთის ხალხის წარმოდგენებში უცნაურადაა გადაწნეხილი მითო­ლოგიურ-წარმართული ქრისტიანულთან. თუნდაც დევებზე რწმენა. აქვეა მითოლოგიური წარმოდგენები დევებთან მებრძოლ და მათ მძლეველ კოპალასა და იახსარზე. კოპალა, რომელიც ბერი ყოფილა, უფრო სახელიანია იახსარზე. კოპალას თუ მთა­ვარ­ნგელოზი მიეშველა დევებთან ბრძოლისას, იახსარი თავად ანგელიზია, ხატი, ციდან ჩამოსული.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფშავ-ხევსურთა რელიგიურ რწმენას ეკლექტიზმი ახასიათებს და ეს არის ფშაველისა და ხევსურის ფანტაზიით შექმნილი თავისებური წარმართული კერპების, ქრისტიანული წმინდანე­ბისა და გაღმერთებული ისტორიული პირებისაგან შემდგარი პანთეონი, რო­მელშიც წინაპრებს ყოველთვის საპატიო ადგილი უკავიათ. ესაა მიცვალებულთა კულტი და ბუნების ძალთა გაღმერთება. ამ უკანასკნელთა წარმომადგენელია ე.წ. „ადგილის დედა“, რომლის კულტი ფშავ-ხევსუ­რეთში საყოველთაოდაა გავრცელებული და ნაწილობრივ ძველი ელინების ნაყოფიერების ქალღმერთ ცერარას წააგავს, ნაწილობრივ კი ქრისტიანულ ღვთისმშობელს. აგრეთვე, მამა-ღმერთი მორიგე, რომელიც აწესრიგებს ქვეყ­ნიერებას და იერარქიულად მაღალ საფეხურზეა. „ქრისტე ერთი უბრალო წევრია ფშავ-ხევსურეთის პანთეონში და მიცვალებულთა ღმერთად გამოდის. წმინდა გიორგის ხელობის გუდანის ხატი მოლაშქრე ღმერთია, ხახმატის ხატი საქონლისა და ჯოგის გამმრავლებელია, თეთრი სანება მეკობრობის და ნადირობის ღმერთია, პირიმზე ცაღრუბლის; კოპალა და იახსარი დევების, ალების და მაჯლაჯუნების მებრძოლი კეთილი გენიები არიან, შეიძლება ისინი მაზდეანური დუალიზმის ნაშთს წარმოადგენდნენ ფშავ-ხესვურეთში; ხოლო კვირია ხმელთა მოურავია და სხვ“ (გ. ქიქოძე).

 

როგორც უკვე ვთქვით, აქვეა ისტორიული გმირების, თამარ მეფისა და ლაშა გიორგის გაღმერთება – „არც ერთს სხვა ფშაურს „ხატს“, ანუ სალოცავს იმდენი მლოცავი არა ჰყავს, რამდენიც ლაშარის ჯვარს“ (,,ლაშარის ჯვარის დღეობა ანუ ლაშარობა“). თამარი მკურნალ ღმერთად ით­ვლებოდა და მთელ ფშავ-ხევსურეთსი ერთადერთი, ხატის-ხევში, მდი­ნარის ნაპირას პატარა მონასტერიც ჰქონდა. ხევისბერებს რაც შეეხება, ფეო­და­ლური მოხელეები იყვნენ, რომლებიც მთაში ნაწილობრივ გადაგვარ­დნენ, დაქვეითდნენ, ქონება დაკარგეს და ბოლოს საეკლესიო ფუნქცია მიითვისეს, რომელიც თავდაპირველად მათ კომპეტენციას არ შეადგენდა. ეს იყო თავისი პრიმიტიული და შეზღუდული პრივილეგიების მქონე წოდებრიობის პირველი, სუსტი ჩანასახი გვაროვნულ პრინციპზე აგებულ პირველყოფილ თემში.

 

მათი მღვდელმსახურება მარტივი და უცნაური იყო: ხატი მას მოუწოდებდა ხატის დღეობამდე თვე-ნახევრის განმავლობაში ქალს არ გაჰკარებოდა, ხატობის წინ ტანი განებანა, მხოლოდ რქიანი საქონლის ხორცი ეჭამა, წარმოეთქვა სრულიად ბუნდოვანი ფორმულები, რომელშიც ქრისტიანულ-წარმართული ცნებები ერთმანეთში იყო არეული და ხატობაში წმინდა წარმართული მსხვერპლი შეეწირა, რომელიც მათი შემოსავლის წყარო იყო, რადგან შეწირული საქონლიდან განსაზღვრული წილი ერგებოდათ. აქვე უნდა მოვიხსენიოთ ფშავში სულთა მოხსენიების დღე, ხალარჯობა, როცა „გლოვა…სათემო, საზოგადო ხდება: ერთი მრავა­ლის მიცვალებულსა ჰგლოვობ და მრავალნი ერთისას“ (,,ხალარჯობა და რიგები“).

 

ყოველივე ზემოჩამოთვლილი მერყეობს მარტივს, პრიმიტიულსა და მაღალკულტურულ მისწრაფებებს შორის. ისიც ცნობილია, რომ ვაჟა-ფშაველა ქეიფმობეზრებულ ახალგაზრდებს რუსთაველს, გურამიშვილს, „კალმასობას“ უკითხავდა ხოლმე. ფშაველი მწყემსები ერთმანეთს ასწავ­ლიდნენ თურმე წერა-კითხვას და უმაღლესი ბედნიერება მათთვის ჩანთაში „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ ქონა იყო. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან „ეს პატარა ტომი ვერ შექმნიდა ისეთ მდიდარ სახალხო პოეზიას, როგორიც მან შექმნა, და ვერ წარმოშობდა ისეთს დიდს მწერალს, როგორიც ვაჟა-ფშაველა იყო“ (გ. ქიქოძე).

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“