ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

სხვები, როგორც ფანტაზიის სავარჯიშო

როცა პატარა გოგო ვიყავი, ერთ პატარა ქალაქში ვცხოვრობდი, რომელიც მეორე ასევე პატარა, მაგრამ ამ პირველთან შედარებით ოდნავ დიდ ქალაქთან სარკინიგზო ხაზით იყო დაკავშირებული. მატარებელი იყო ჩვენი მთავარი ტრანსპორტიც და თავგადასავალიც: მატარებელს მიჰყავდა და მოჰყავდა მამა სამსახურში, მატარებლით მივდიოდით ბაზარში თუ ნათესავების მოსანახულებლად, მატარებელში შეიძლებოდა გაგეცნო ვინმე შენხელა, რომელიც არც შენი მეზობელი იყო, არც შენი სკოლელი, მაგრამ მაინც სადღაც შენს სიახლოვეს ცხოვრობდა, მატარებლით მგზავრობისას შეიძლება დაგენახა რაღაც ისეთი, რასაც ფეხით სიარულისას შენი თვალი ვერ მისწვდებოდა და გაგეგონა რამე ისეთი, რაც შენი ყურისთვის სულაც არ იყო განკუთვნილი და ასე შემდეგ.

თვითონ დიდი არაფერი ამბავია. ამბავია ის, რაც გვიანი შემოდგომის ერთ ცივ საღამოს, როცა ადრე ღამდება და სახლში დროულად მისულს მაინც დაბნელებულში მგზავრობა გაქვს გამოვლილი, დედამ მატარებელში სრულიად სხვათა შორის თქვა. დედამ თქვა რომ ძალიან უყვარდა სხვის ფანჯრებში ყურება და იმის მიხედვით, რა ჩანდა ფანჯარაში, წარმოდგენა, როგორია ცხოვრება ამ სახლებში. რა შეიძლება იყოს უკეთესი გასართობი – რამდენი სახლია და მით უმეტეს რამდენიმე ფანჯარა. მთავარია კარგი “მინიშნება” იპოვო, ისეთი როგორიცაა ჭაღი, სურათი კედელზე, მცენარე რაფაზე, ფარდის ნაქარგი თუ დარაბების ორნამენტი და მერე ჯერი შენზეა: შეგიძლია ვრცელი ოჯახური საგა მოიგონო, შეგიძლია დეტექტივი. ან სულაც ერთი ამბავი 10 სხვადასხვა დასასრულით. შეგიძლია სულაც რუკა გააკეთო ამ ადგილის და ყველა სახლზე რამდენიმე მთავარი ინფორმაცია დაიტანო ზედ – გასართობს რა გამოლევს. ისიც კი შეგიძლია რომელიმე კონკრეტული სახლის ბინადრების ამბავი რამდენიმე ადამიანს გამოჰკითხო და მერე დააკვირდე, მათ მონაყოლში რა იყო საერთო და რა განსხვავებული, საეჭვოდ რამეს თუ მიიჩნევ, ის კიდე სხვასთან დააზუსტო და ასე. არ იფიქროთ მაინცდამაინც სხვა ადამიანების სულში ფათური მოსწონდა ან დედაჩემს, ან მე – ეს უწყინარი გასართობია მოწყენილი ადამიანებისთვის, ვის ცხოვრებაშიც დიდად მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. ამ თამაშს არაფერი აქვს საერთო სხვების ცხოვრების ქექვის ვნებასთან – ესაა ფანტაზიის სავარჯიშო და მცდელობა, გაიგო უცნობი ადამიანების, დაინახო როგორია სხვების ცხოვრება.

დროის გასვლის შემდეგ ეს თამაში ცოტა გავართულე: მყუდრო კაფეებში, სადაც ადამიანების ლაპარაკი უკეთ ისმის, ვიდრე მუსიკა, ქუჩის ხმაური და სხვა ხმები, პირით ფანჯრისკენ და ზურგით ხალხისკენ ვჯდებოდი ხოლმე და ვისმენდი რეებს ლაპარაკობდა ის ხალხი, ვისაც ვერ ვხედავდი და ვისზეც არაფერი ვიცოდი. ფრაგმენტებით ვცდილობდი გამომეცნო ვინ ვის ხვდება, ვინ რატომ ჰყვება ამ ამბავს და რა ხდება მაშინ, როცა რომელიმე მოსაუბრეს სიტყვა უწყდება.

ახლა უკვე ჩვევაა: თავისით ხტება ჩემ ყურში და ტვინში სახასიათო ფრაზები ან სიტყვები შემთხვევითი შემხვედრების დიალოგებიდან ტრანსპორტში, კაფეებში, მაღაზიებში თუ ქუჩაში. სახლებსაც ძალდაუტანებლად “ასკანერებს” ჩემი თვალები და თითქმის შეუძლებელია გამორჩეს რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ერთ შენობას მეორისგან განასხვავებს. სხვების ცხოვრების ამბების მოყოლა ჩემ საქმედ იქცა – ფრთხილი დამკვირვებლობა ჩემს პროფესიად. ახლა უკვე მე ვარ დედა და როცა ჩემ გოგოებთან ერთად სადმე, ცოტა შორ მანძილზე მივდივართ, ჩვენც ვერთობით ხოლმე ამ თამაშის სხვადასხვა ვარიაციებით.

“ხედავ სახლს ტყის პირას? როგორ დაწერდნენ ამ სახლის ბინადრების ამბავს მაგალითად ასტრიდ ლინდგრენი და ენიდ ბლაიტონი?”

“აი ის პატარა გოგო წითელი კაბით, რომელი არსება იქნებოდა მუმინების სამყაროში რომ ეცხოვრა?”

“ის დიდი, ხმაურიანი ოჯახი, ბევრი შვილით და ორი კატით, წეღან რომ პარკში იყვნენ პიკნიკზე, რაღაცით იმ ოჯახს ჰგავდნენ, ჯერალდ დარელის ოჯახს, წვიმიანი ბრიტანეთიდან საბერძნეთის მზიან კუნძულ კორფუზე რომ გადასახლდნენ. ნეტავ როგორი იქნებოდა მათი უფროსი ბიჭების ცხოვრება ზღვისპირას?

“მდინარის იქით, ერთ ქუჩაზე ისეთი სახლებია, სადაც მოჩვენებები უნდა ცხოვრობდნენ – როგორები შეიძლება იყვნენ ისინი? კენტერვილის აჩრდილის მსგავსები?”

“ამ ფანჯრიდან ყოველთვის მუსიკის ხმა გამოდის. ვინ შეიძლება უკრავდეს ასე სევდიანად პიანინოზე? “

“აქ ადრე კინოთეატრი იყო. მოსაწყენ ფილმებს უჩვენებდნენ, მაგრამ ხალხი მაინც დადიოდა. შეგიძლია წარმოიდგინო რას გრძნობდნენ თქვენხელა გოგოები, როცა პირველად მოიპოვებდნენ კინოში მარტო წასვლის უფლებას?”

“ამ სახლში ფრანგულის მასწავლებელი ცხოვრობდა, სამი შვილი ჰყავდა და ყველაზე ლამაზი ბაღი ჰქონდა მთელ ქალაქში. მოდი გამოვიცნოთ, რა ყვავილები ექნებოდა ბაღში.”

და ასე შემდეგ. გააჩნია გარემოს, დროს, ამინდს და იმას, რას ვკითხულობთ, რაზე ვფიქრობთ, რა გვადარდებს – ეს გარემოებები არის ხოლმე ხიდი ჩვენსა და სხვებს შორის. სხვებსა და ჩვენს ფანტაზიას, ჩვენს მეხსიერებას შორის.

რასაც იმ ბევრი წლის შემდეგ მივხვდი, როცა დედამ თავისი უცნაური სიყვარულის ამბავი გვითხრა, ისაა, რომ ეს თამაში არ არის მხოლოდ თამაში – ესაა ნამდვილი სავარჯიშო, სადაც ხვდები შენი ფანტაზიის საზღვრებს, შენს შიშებს, შენს მოლოდინებს, ხშირად სტერეოტიპულ წარმოდგენებს ამა თუ იმ ადამიანზე, ფაქტზე.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი