***
წერას მოვრჩი, შემიძლია, წერისთვის მოვიცალო.
ასეა ჩემი საქმე.
***
ფიქრობ ტექსტზე – დაწერ, წაშლი, ჩაცხოვრდები. უცებ გაჩნდება სხვა მოთხრობის იდეა და ამ ყველაფერს ერთ წამში დაუკარგავს ფერს და შინაარსს. მიატოვებ ძველს, დაუფიქრებლად გახსნი ახალ ფაილს და აღმოაჩენ, რომ ამ თეთრ სიცარიელეზე სავსე არაფერია. ღმერთო, ხასიათად არ მექცეს.
***
სამი დღეა ლევანი პერიოდულად მწერს, სად ხარ. ადგილს რომ ვწერ, მაგას არ გეკითხები, წიგნშიო. პასაჟს მივწერ და არა, ახლა გზის ამბავი მაინტერესებსო. მგზავრობისას კითხვა სხვა სიამეა, სულ სხვა.
***
შემოვიდა მაღაზიაში პატარა გოგო, ფულს ითხოვს. გამყიდველი კარისკენ მიაპორწიალებს. ეს კიდევ მეტლახზე მიაცურებს პატარა ფეხებს და კვდება სიცილით: აუ, შემოვალ და კიდე ეგრე გამომიყვანე, რა!
***
ავტობუსში ამოვიდა შუახნის ქალი, წამოხტა ერთი ასაკოვანი კაცი.
– ოჰ, დაბრძანდით, ქალბატონო!
– ვაიმე, ბრძანდებოდეთ.
– როგორ გეკადრებათ!
– დაჯექით, რა, არაფერი მიჭირს, გავძლებ.
– ასე არ გამოვა!
– ძალიან გთხოვთ!
– გამატარეთ მაინც, ჩავდივარ!
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცქვიტი მოხუცი იმერელი იყო.
***
ჩვენი მეეზოვის შვილმა თეატრალურ ინსტიტუტში რომ ჩააბარა, ეს ქალი ჩიოდა: ეჰ, ეგ ვეღარ გათხოვდება, ქართველებისთვის ქურთია, ჩვენებისთვის კიდევ მსახიობიო.
***
– რას ეძებთ, იქნებ დაგეხმაროთ.
– კაბას, მეჯვარე ვარ და…
– მანდ რაც კიდია, ეგაა. მალე გვექნება ახალი კოლექცია და შემოგვიარეთ. როდისაა ქორწილი?
– 17-ში.
– აჰა, რამდენკაციანია?
***
ქუთაისური ეზოდან სასტუმროს აივანზე ისმოდა ქალის და პატარა ბიჭის კამათი:
– რა იმეცადინე ახლა?
– ყველაფერი.
– ერთ საათში?!
– ნაკლებში. დამაფასე, დამაფასე!
უკვე ვხვდები, სემესტრის ბოლოს ვინ გაიცინებს.
***
წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს პომადები ფასდაკლებითო, პარფმიუმერიის მაღაზიამ. მე როგორც ვიცი, სულ სხვა საქმისთვის შემოვიდა.
***
ვინც მერაბ აბრამიშვილის გამოფენა ნახა, ორი სიცოცხლე აქვს.
***
ჩოხიანი ბიჭი რომ Baa Baa Black Sheep-ს მღერის, ეგ მინახავს. ახლა მოვისმინე, ნიღბიანი სპაიდერმენი როგორ მღეროდა – „იესო დაბადებულა“. მიყვარს სკოლის საახალწლო ზეიმები.
***
მოთხრობაზე ვფიქრობ, პერსონაჟებზე, სახელებზე. მოვიდა მეგობარი, ახსენა აგარსკი, გადასარევია, მიმაქვს-მეთქი.
***
ლევანის ჯემპრი პირველი გარეცხვის შემდეგ მოერგო ელენეს, მეორე გარეცხვის მერე მატასის.
რეცხვის რეჟიმებზე კომენტარები წაიშლება.
***
ღაბაბი საჩუქრად! – შეგხვდებათ ასეთი რეკლამაც.
***
ნათლობის სახელით ნინო ვარ. 15-16 წლისები ვიყავით მე და ჩემი და, გვიქროდა, სულ სიცილ-კისკისით მოვინათლეთ. ნინო და მარიამ! – გელათის ეზოში დიაკვანი გამოგვედევნა და ლოცვების კრებული გვაჩუქა. შევცბით და სანამ თვალს მოეფარა, გავუყურსეთ. მერე ისევ ხმამაღლა ვიცინოდით.
***
ჩვენი ბინის კედლებს ვახსოვართ უფრო ლაღები და ახალგაზრდები. ჩვენც გვახსოვს ამ სახლის სიახლის სურნელი.
***
ხან რა სათვალე მომარგო კონსულტანტმა, ხან – რა. მე კიდევ თვალი სულ რეიბანის თაროსკენ გამირბოდა და ექსებს მივტიროდი, მაგათ მანახეს ცხოვრება-მეთქი. მითქვამს, მე ვიქნები დედაბერი რეიბანით.
***
შევიკრიბეთ „დილის გაზეთის“ ხალხი და ძველი ამბები გავიხსენეთ, მათ შორის ისიც, მანანა დუმბაძემ ინტერვიუზე წასვლის წინ რომ მომაძახა – სად მიდიხარ, სად, ლანდავს ეგ კაბა! და მე კიბის თავზე კისკისით რომ დავბზრიალდი – იმიტომაც მაცვია, რომ ლანდავს-მეთქი. ეს იყო მარჯანიშვილის 5-ში, 1996 წლის თბილი შემოდგომა.
***
დიდ ვიტრინაში გამოფენილი სამკაულებიდან მხოლოდ ერთს რომ დაადგამ თვალს, ყიდვას ვერ გადაწყვეტ და ცოტა ხანში მეგობარი ზუსტად იმ საყურეს გაჩუქებს, ამ ალგორითმს რა დავარქვათ?
***
ავდექი და საქმიანი წერილის სათაურის ველში ჩავწერე – „მალე გაზაფხული მოვა“.
მომკლა ამ ცერემონიებმა.
***
მოსართავები შევინახეთ, საახალწლოდ მორთული ტოტებიდან ასკილი ჩამოვკრიფეთ, ახლა შეგვიძლია ჩავლილი დღესასწაულის ჩაი დავლიოთ და ყოველდღიურობის სადღეგრძელო ვთქვათ.
***
ერთი მაკე ძაღლია ნიჩბისში. დილის ვარჯიშის დროს ადევნებია ლევანს და მაგის ხათრით ნელა ვირბინეო.
გავძაღლდით.
***
სკოლის დროს 96-ფურცლიან რვეულში გაჩაღებულ „მეგობრობის დღიურში“ იყო ასეთი შეკითხვა – ვინ არის შენი სიმპათია? მახსოვს, თითქმის ყველა გოგოს ეწერა – ნ.დ.
ახლა ყველა უსმენთ, გიყვართ და აფასებთ.
***
ბებიაჩემის სახლში ერთი პატარა ოთახი იყო. ასეც ვეძახდით – პატარა ოთახი. ყველას ის პატარა ოთახი გვიყვარდა, ყველას იქ გვინდოდა ცხოვრება. 5-6 კვ.მ. იქნებოდა, მეტი არა. ეტეოდა კომოდი, საწოლი და კედელზე დაკიდებული წიგნის თაროები. ბებიაჩემის სახლი ხშირად მახსენდება, მაგრამ რატომღაც ამ ოთახის გარეშე. პატარა ოთახი ჩემს მეხსიერებაში განცალკევებულად არსებობს, მისამართი კი იგივეა – კასპის 4.
***
პიჯაკების საქმე
25 წლის წინ, ერთ მზიან და ქარიან დღეს, პიჯაკები ჩავიცვით და ვიქორწინეთ.
ასე დამოყვრდა მტკვრის ორი ნაპირი.
***
ლევანმა გამოიძახა ხელოსანი ლევანი. იმან, მარტო ვერ ვიზამო და კიდევ ერთი ლევანი მოიყვანა.
***
თვალის ტუშის რეკლამა შემომხვდა – ექსპრეს კონტროლ 4D!
ვისთვის წამია ცხოვრება, ვისთვის წამწამი.
***
მეგობარს რაღაც მივწერე და სხარტად, სულ ერთი სიტყვით მიპასუხა. არ უნდა ამას search in conversation, ეს სიტყვა აქამდე არასოდეს გამოუყენებია. იმ წამსვე ვიფიქრე, ახალი ურთიერთობითაა გატაცებული-მეთქი, რადგან ასეთ “ფანჯრებს” სიტყვების ახალი ნაკადი მოჰყვება ხოლმე. ჰა, რა ხდება-მეთქი და პასუხად სიცილი აუტყდა, ჯერ ისეთი არაფერიო.
სიტყვებს დაუკვირდით, სიტყვებს.
***
– მატასი, შეეშვი ლეპტოპს და გადი ეზოში.
– მაცადეთ! აბა, საიდან ეს ათიანები, კი არ მოფრინავს.
***
– ნათია სად არის?
– აგროპრომშია და მოვა მალე.
მამაჩემი აგროჰაბზე.
***
„ერთი კარი აბაზანაში შედის. ყველა დანარჩენი კარი კარადისაა. მოკლედ, ერთოთახიანია.“
აღწერე ფრიშზე უკეთ.
***
სოფლის ცხოვრება
ლევანი მაღაზიაში წავიდა, მობილური სახლში დარჩა და ვეღარ ვაგებინებ, რომ ჩაი წამოიღოს. დავურეკე მაიას, მაღაზიის მეპატრონეს, რუსიკო ვარ, გენაცვალე, ზემო ნიჩბისიდან, ჩემი ქმარი შემოივლის და ჩაი შეახსენეთ-მეთქი.
***
გემრიელი საუზმე, სწრაფი ინტერნეტი და კარგი დაზღვევა – არ გამოვრიცხავ, საღამოს აზრი შევიცვალო.
***
კრემიანი ფუნთუშებით ვივახშმეთ.
– დე, შენ რომელი ჭამე?
– მე? მოცხარის.
– არცერთი არ იყო მოცხარის.
ფიქრიანი ქალის გამასპინძლება ადვილია.
***
ძლივს მოვუყარე თავი ყვავილების თესლებს – იპომეაო, გვირილაო, გაზანიაო, ღიღილოო, ფიზალისიო, მიმოზაო… და სადღაც გამებნა. შევინახე და ვეღარ ვპოულობ. სამაგიეროდ, დღე ერთია და ასჯერ ვიკითხავ ხოლმე:
თესლები არ გამოჩენილან?
***
მობილური მოვიმარჯვე ფოტოს გადასაღებად და მატასის მესმის:
„არსებობს ორი ტიპის ქალი: აქ გადამიღე კიდევ ერთი და აქ გადავიღებ კიდევ ერთს. შენ ხარ მეორე.“
***
ტროტუარზე ჩახერგილ მანქანებზე მოსაკითხის მიწერისგან საჩვენებელი თითი სულ ჭუჭყიანი მაქვს. ესეც პასუხი კითხვაზე – „წერ რამეს?“