სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

shinrin-yoku – შემოქმედებითი  უნარების გასაღვიძებლად

„shinrin-yoku – ჰგავს ხიდს. ხსნის რა ჩვენს შეგრძნებებს და გრძნობებს, აქრობს უფსკრულს ჩვენსა და ბუნებას შორის“.

ცინ ლი – shinrin-yoku – „ტყის აბაზანების“ იაპონური ხელოვნება

 

თანამედროვე ადამიანის ცნობიერება არის დეფორმირებული, დასტრესილი და დესტრუქციული, ამიტომ ის გამუდმებით ეძებს, როგორმე დაშლილი მექანიზმი აღადგინოს და მოიპოვოს დაკარგული ჰარმონია საკუთარ თავთან, ბუნებასთან, მთელს სამყაროსთან. დაშტამპული გრძნობები და ემოციებიც განახლებას ითხოვს. იაპონელებმა მიაგნეს საინტერესო მეთოდს, რომელსაც ეწოდება shinrin-yoku, რაც ნიშნავს „ტყის აბაზანებს“.

shinrin-yoku – არის ეკოთერაპიის, ბუნების თერაპიის მეთოდი, რომელიც გულისხმობს ტყეში გაცნობიერებულ სეირნობას – მედიტაციას მოძრაობაში, როცა ადამიანის ცნობიერება მთლიანად იძირება ტყის ატმოსფეროში. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ მუშაობდეს შეგრძნებათა ორგანოები: თვალები ხედავდეს ტყის გარემოს (ვიზუალური აღქმა), ყურებს ესმოდეს ტყის ხმები (აუდიალური აღქმა), კინესთეტური აღქმა ძლიერდებოდეს მცენარეებთან შეხებით და შეგრძნებით, ყნოსვა ტკბებოდეს სურნელით და შეიგრძნობდე ტყის გემოსაც…

ჩვენ, ძირითადად, ენობრივ გარემოში გვიწევს ცხოვრება, ჩაკეტილია ემოციები, განცდები, გრძნობები… რაც მუშაობს, ისიც დაშტამპული და შინაარსდაკარგულია და ვეღარ კვებავს ჩვენს ცნობიერებას.  ამიტომ „ენობრივი“ ადამიანი მთლიანად უნდა დაიშალოს და გაიშალოს, სიტყვები საერთოდ უნდა დაავიწყდეს ტყეში სეირნობისას… უნდა დაიწყოს იმის დანახვა, მოსმენა და შეგრძნება, რასაც მანამდე ყურადღებას არ აქცევდა, რადგან სულ რუტინულ რბოლაში იყო. ერთი შეხედვით, ეს ძალიან რთული პროცესია, მაგრამ თუ მას შემოქმედებითად შეხედავთ, უამრავ სიურპრიზს მიიღებთ საჩუქრად ბუნებისგან.

ცნობილია, რომ თუ ადამიანი განიცდის მშვენიერებას და მყისვე შეუძლია მისი გადატანა სიტყვებში, ის საერთოდ არ განიცდის არაფერს… ის უბრალოდ აღწერს ბუნების სურათს ლამაზი სიტყვებით. ლამაზი სიტყვებით აღწერა არ ნიშნავს სილამაზის განცდას… თანამედროვე ადამიანი ცარიელი სიტყვების, აღმნიშვნელების, გარემოცვაში ცხოვრობს.   მშვენიერების განცდა არის მედიტაცია და იქ სიტყვები არ არსებობს. აი, როგორც ღრმა სიყვარულის განცდისას გეკარგება გამოხატვის ფორმა სიტყვების სახით. ბუნებრივია, მუდმივ დადუმებას არ ვგულისხმობ, გარკვეული დროის შემდეგ შენ შეგიძლია აღწერო ეს მდგომარეობა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოხვალ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ ეს სულ სხვა აღწერა იქნება.

რატომ არის საჭირო ეკოთერაპია? რათა განიბლოკოს ჩვენი დახშული შეგრძნებები და ამით ცნობიერება გაფართოვდეს.

ამ დროს ტვინი გადადის ყოველდღიური აქტიური ბეტა სიხშირიდან ალფა (შემოქმედებით) სიხშირეზე, აქტიურდება ჩვენი ბიოლოგიური სენსორები და შეიძლება, ლექსების წერაც კი დაიწყოთ, თუ ამ მედიტაციას ხშირად მიმართავთ.

სიარულის დროს მედიტაციას ფესვები ძენ-ბუდიზმში აქვს. იაპონიაში, მაგალითად, შეიძლება ქუჩაში შენიშნოთ ჯგუფი, რომელიც ზანზალაკის რიტმულ ხმაზე მოძრაობს. ეს პრაქტიკა ეხმარება ადამიანებს სუნთქვისა და მოძრაობის რიტმის სინქრონიზებაში. ეს კი იწვევს ყოველი მომენტის ღრმად შეგრძნობის განცდას. ძველი წიგნების მიხედვით, თავად ბუდას ძალიან უყვარდა ტყეში სიარული და მედიტირება.

თუ არ შეგიძლიათ ტყეში გასეირნება და ქალაქში ხართ, ეგეც არ არის პრობლემა… შეგიძლიათ პარკებს მიმართოთ ან სულაც ქუჩაში გაისეირნოთ.

ახლა კი კონკრეტულად გეტყვით, რა უნდა გააკეთოთ:

 

  1. ქუჩაში სეირნობისას გონებრივად დააფოკუსეთ 5 კადრი, რომელიც მოგეწონებათ. შეგიძლიათ ტელეფონით გადაიღოთ კიდეც და კადრებს სახელებიც დაარქვათ. მაგალითად შეურჩიეთ სათაური ასეთ კადრებს: ფანჯრის რაფაზე აყვავებული ოთახის ყვავილები და კატა; ჩამავალი მზის სინათლე შენობის თავზე, მაღაზიის ვიტრინაში თოჯინას სახე და სხვა… (ვიზუალური აღქმა);

 

  1. შემდეგ: დაიმახსოვრეთ 5 ხმა, რომელსაც ქუჩაში მოისმენთ: რომელიმე მანქანის სიგნალი, მუსიკის ხმა მანქანიდან, ჩიტების ხმები ეზოში, ძაღლის ყეფა ან კატის კნავილი და ასე შემდეგ;

 

  1. დაიმახსოვრეთ 5 კინესთეტიკური (შეხება / შეგრძნებები) კადრი: ბავშვის შეხება შემთხვევით; მცენარეებს შეეხეთ და დაიმახსოვრეთ, რასაც იგრძნობთ, ნაცნობი შეგხვდათ და გადაეხვიეთ, წვიმა წამოვიდა და დაგასველათ… ნებისმიერი, რაც შეხების ემოციასთან არის დაკავშირებული;

 

  1. შემდეგ: თითოეულ ვიზუალური, აუდიალური, კინესთეტური შეგრძნება დააკავშირეთ თქვენს პირად შეგრძნებებთან (წარსულში მომხდართან ან აწმყოს ფიქრებთან…)

 

  1. მეორე დღეს დაწერეთ/გადაიღეთ იმ კადრის შესახებ, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ.

გაცნობიერებული სიარულის ერთ-ერთი ყველაზე რთული ვარიანტია თქვენი ემოციებისთვის თვალყურის დევნება. ყურადღება გადაიტანეთ თქვენს გრძნობებზე და ემოციებზე: როგორ რეაგირებთ, როცა  შემთხვევითი გამვლელი მოგიახლოვდათ? რას გრძნობთ,  როცა ფუტკარი შემაშფოთებლად ზუზუნებს ან როცა ჩიტი საამურად გალობს? სევდა ხომ არ გეუფლებათ  იმის გამო, რომ ირგვლივ არავინ არ არის თუ პირიქით, ღელავთ, რადგან იქვე საფეხმავლო ბილიკია და შეიძლება ვინმე გამოჩნდეს? მიეცით საკუთარ თავს უფლება იგრძნოთ და გააცნობიეროთ ეს ემოციები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“