სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ფილმები და წიგნები მასწავლებლის დამხმარედ

მასწავლებლებისთვის ზაფხული შესანიშნავი დროა დასვენების, განტვირთვისა და თუნდაც, განვლილ სასწავლო წელზე ფიქრისთვის. ამ დროს შესაძლებლობა გვეძლევა  მშვიდად გადავაფასოთ ჩვენი ყველა ქმედება თუ სიტყვა; მშვიდად გავაანალიზოთ ის გამოწვევები, რომლებიც დამდეგ სასწავლო წელსაც შეგვხვდება, როცა სკოლის კარს შევაღებთ.

ზაფხულში მეტი დრო გვაქვს, ვნახოთ ფილმები და წავიკითხოთ წიგნები. ამ ზაფხულს რამდენიმე ფილმმა და წიგნმა, ჩემზე როგორც მასწავლებელზე, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ისეთი დიდი, რომ მეგონა, ზოგიერთი მათგანის მთავარი პერსონაჟი მე ვიყავი. რა კარგი ყოფილა, როცა შორიდან უყურებ საკუთარ ქმედებას; აკვირდები შენს ფიქრებს, ემოციებს, წარმატებას, თუნდაც დარდსა და განცდებს, რომლებიც შენ და შენს მოსწავლეებს გაკავშირებთ. ყურებისას ან კითხვისას, იწყებ პერსონაჟის ქცევების ანალიზს, შეფასებას და მიდიხარ იმ აზრამდე, რაც მოსწავლისთვის სასიკეთო იქნებოდა, პერსონაჟი რომ ასე მოქცეულიყო და უკვე იცი, სწორი გზა რომელია. ეს კი შენში ილექება და იმაზე უფრო ძლიერი მასწავლებელი ხდები, ვიდრე ამ ფილმის ნახვამდე ან ამ წიგნის წაკითხვამდე იყავი. თითქოს ერთი სული გაქვს, მალე დასრულდეს არდადეგები, მიხვიდე სკოლაში, ჩაეხუტო შენს მოსწავლეებს და შენი შემართება მათაც გადასდო.

დავიწყებ ყველასთვის კარგად ნაცნობი ქართული ფილმით. ზოგადად, ძალიან მიყვარს ძველი ქართული ფილმების ყურება. თითოეული პერსონაჟის ისტორია თვალწინ გვიშლის ჩვენს საერთო წარსულს. მუდამ ვურჩევ მოსწავლეებსაც, გაეცნონ მათ. შესანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბევრი ქართული ფილმი ცნობილი ნაწარმოებების მიხედვითაა შექმნილი და გვაქვს შესაძლებლობა, წავიკითხოთ წიგნი და შედეგ ვიხილოთ ეკრანიზაციაც.

ფილმი, რომელზეც უნდა გესაუბროთ, გახლავთ ელდარ შენგელაიას ფანტასტიკური კომედია „შერეკილები“, რომელიც ერთაოზისა და ქრისტეფორეს დამეგობრებისა და გაფრენის ამბავს გვიყვება. ცხოვრებაში დაკარგული ერთაოზი, ქრისტეფორეს დახმარებით ციხეში იმ თავისუფლებასა და ცხოვრების მიზანს პოულობს, რომლისთვისაც ყველაფრის გაკეთება ღირს. ჭურში დამეგობრებული ეს ორი პერსონაჟი ტიტანური იდეის წინაშე ერთიანდება – ისინი ცათმფრენის აგებასა და გაფრენას გადაწყვეტენ. ეს ფილმი ერთ კარგ რამეს გვასწავლის – მიზნებისკენ მიმავალ გზაზე არასოდეს არ უნდა გავჩერდეთ, სულ რომ ცაში ფრენა იყოს ეს მიზანი.

ფილმი შექმნილია რეზო გაბრიაძის ნაწარმოების „უცხო ჩიტის“ მიხედვით. გირჩევთ, მოიძიოთ ეს წიგნი, არ ინანებთ.

ბოლო ნახვისას ამ ფილმს სულ სხვანაირი თვალით შევხედე და მასწავლებლებისთვის საინტერესო და დასაფიქრებელი მომენტები აღმოვაჩინე. სწორედ ისინი მინდა, გაგიზიაროთ:

  1. ფილმის დასაწყისშივე ვხვდებით პერსონაჟს, ისიდორე ბაბუას, რომელიც თაფლის ქილას სჩუქნის ობოლ ერთაოზს და რჩევას აძლევს, გზას უჩვენებს: „წახვალ ქალაქში, დღეისწორს, ზუსტად, ბაზრობა იქნება, გაყიდი ამ თაფლს, მაგ ფულით იყიდი დედალს, დედალი შავი ჯობია იცოდე. დედალი მოგცემს წიწილებს, მერე ამ წიწილებს გაყიდი და იყიდი გოჭს, ახლა გოჭი ღორი რომ გახდება, მოგცემს გოჭებს…“. და ერთაოზიც შემართებული ნაბიჯითა და ნათელი მიზნებით გაუყვება გზას ახალი თავგადასავლებისაკენ.

ეს მომენტი ნათელი მაგალითია იმისა, რამდენი დაბნეული მოსწავლის გზაზე დაყენება შეგვიძლია, თუ მათ დახმარების ხელსა და თანმიმდევრულ დარიგებებს მივცემთ.

შემდეგი პერსონაჟი, რომელიც ფილმში ადამიანის, ცხოვრების ერთგვარ „ლამპრად“ გვევლინება, ნასტუდენტარი ფიზიკოსი ქრისტეფორე მგალობლიშვილია. სწორედ ამ პერსონაჟისგან შეგვიძლია, არაერთი მნიშვნელოვანი რამ ვისწავლოთ მასწავლებლებმა.

„ნება მიბოძეთ გამოგიწოდოთ მეგობრობის ხელი“, შემდეგ ჩამოუჯდება მეგობრულად და გულწრფელად დაინტერესდება უცნობი, მასზე ბევრად უმცროსი ბიჭის ამბით. დაინტერესებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მისი დამოკიდებულება – რამდენად გულთან მიაქვს მისი მდგომარეობა. თუ მართლა გვსურს, ადამიანს თანავუგრძნოთ, გაიხსნას ჩვენთან და გაგვიზიაროს საკუთარი ამბავი, მნიშვნელოვანია ჩვენც გავიხსნათ მასთან, როგორც ამას „ბიძია-ბაბუა“ აკეთებს, როცა თავისი სიყვარულის ამბავს უზიარებს ერთაოზს. ამით იგი უმტკიცებს მას, რომ თანაუგრძნობს და კარგად ესმის მისი.

აქვე აღსანიშნავია, მნიშვნელოვანი თემების შესახებ ქრისტეფორეს მგრძნობიარე, ამაღელვებელი საუბრის მანერა, რაც დიდ გავლენას ახდენს და მოსმენისკენ უბიძგებს მოსწავლეს. მაგალითად, მისეული სიყვარულის საოცარი ახსნა: „…დავინახე ის და მე მივხვდი, რომ ის, ის არის და ის მიხვდა, რომ მე – მე ვარ!“. მისი ისტორიიდან კიდევ რა შეუძლია ისწავლოს მოსწავლემ? „რატომ არა ვართ ჩიტუნები, რომ ცაში გვეფრინა, ერთად, ლაღად…”. ამის შემდეგ, შეყვარებულ ბიძია-ბაბუას მოსვენებას არ აძლევს გაფრენის იდეაზე ფიქრი, რომ ააგოს ცათმფრენი, რათა სატრფოს საფლავს რიდით გადაუფრინოს. შემდეგ კი ახლად გაცნობილ მომავალ მოსწავლეს ეკითხება – ხომ გჯერა ჩემი, რომ გავფრინდებიო? და ამ იდეით შეპყრობილი განა ღმერთისგან ელის სასწაულებრივ საჩუქარს, არამედ თავად ცდილობს, ეზიაროს ჩანაფიქრის ასრულებას. მოსწავლე-მასწავლებელს შორის ძლიერი კავშირი უკვე დამყარდა, თითქოს საერთო თავგადასავალმა გააერთიანა. ასეთი კავშირები, რომლებიც ჩვენს მოსწავლეებთან გაგვაერთიანებს, უნდა ვეძებოთ მუდამ!

მოულოდნელი საშიშროების მომენტში კი, როცა ციხის უფროსი ცდილობს წაშალოს კედლებზე ჩანაწერები, მოსწავლე ხედავს, როგორ ემუქრება იდეის განხორციელებას საფრთხე. „მასწავლებელი“ კი ამშვიდებს და საოცარ სიტყვებს ამბობს: აქედან (გონებიდან) ვერ ამოშლით, ვერა“. განა შესანიშნავად არ დაანახა ამ მშვიდი ქმედებით, თუ რა დიდი ძალა აქვს ცოდნას, განათლებას?! და ასევე აჩვენა მისი მიღების საჭიროება, უპირატესობა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, სადაც არ უნდა აღმოჩნდე, თუნდაც ჩაბნელებულ ჭურში, განათლება მუდამ გამოგადგება და ვერავინ წაგართმევს მას.

გარდა ამისა, ერთი პატარა კოვზი, რომელიც თავისუფლების მოპოვებაში მთავარ დამხმარე ხელსაწყოდ არის ნაჩვენები, გვიბიძგებს, ჩვენი ბავშვები დავაფიქროთ, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყველაფრის ჩვენ სასარგებლოდ გამოყენება შეგვიძლია, როცა საკუთარი იდეის სიმყარეში დარწმუნებული ვართ. ერთაოზი, რომელმაც ნახა, რომ გვირაბი გათხრილია და შეუძლიათ გარეთ გასვლა, აღფრთოვანებულია ამით, თუმცა მასწავლებელი კვლავ იდეის განხორციელებაზე ფიქრისკენ უბიძგებს და ისეთი გარემოს, როგორიცაა ციხე, სადაც სინათლეს მხოლოდ მზის სხივებისგან იღებენ, დადებით მხარეზე მიანიშნებს – „სად ნახავ სამუშაოდ ასეთ მშვიდ ადგილს?“. მნიშვნელოვანია, ჩვენს ბავშვებს დაფასების უნარი ვასწავლოთ.

„არა ბატონო, ასეთი ცოდნით ვერ გავფრინდებით, არადა, უნდა გავფრინდეთ!“ – ამით იწყება საფუძვლიანი სწავლა-განათლება. ნახშირისა და გამურული კედლის ანაბარაა ქრისტეფორე მასწავლებელი. დიდი მოთმინებით, პატივისცემითა და მონდომებით ასწავლის თვლა-ანგარიშს და მალე მოსწავლეც, რომელიც მათემატიკა-ფიზიკის სფეროში უკვე სიღრმისეულ ცოდნას ფლობს, იმეორებს სიტყვებს, რომლებიც შესანიშნავად გადმოსცემს განათლების უპირატესობას – „აქედან ვერ ამოშლით“.

ახლა აღარ იკითხავთ, როგორ გაკვეთილებს სთავაზობს, ამ პირქუშ, ჩაბნელებულ მიწისქვეშეთში?! „საგნების ინტეგრირების“ სახელით რომ მოვიხსენიებთ ხოლმე სასწავლო პროცესს, სწორედ ასეთს. მაგალითად, როცა მზის შესახებ საუბრობენ, იქვე ხალხურ ლექსს უამბობს – „მზეო, ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები გორასა. სიცივეს კაცი მოუკლავს, აგერ, საწყალი გორავსა“. არც სიმღერა ავიწყდება. ქრისტეფორე მგალობლიშვილი, რომელიც მოულოდნელად, მასწავლებლად გვევლინება, ისე რომ თავადაც ვერ ხვდება ამას, კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ კარგი მასწავლებელი, ცარცისა და დაფის ანაბარაც რომ დარჩეს, მაინც მოძებნის ძალას, ხერხს, საკუთარ პოტენციალს, რომ მისმა შეთავაზებულმა სასწავლო პროცესმა გაანათოს ირგვლივ ყველაფერი, მათ შორის მოსწავლის აზროვნებაც. ფილმის ბოლოს მოსწავლე ერთაოზი თავად უსწორებს მასწავლებელს ნამუშევარს და შეცდომებსაც აღმოუჩენს. გირჩევთ, ნახოთ ფილმი.

ფილმის ლინკი: „შერეკილები“ https://www.youtube.com/watch?v=t2sbqo3R7W4

 

კიდევ ერთი ქართული ფილმი, „ცეროდენა რაინდები“ მეოთხე კლასის მასწავლებლის ამბავს გვიამბობს, რომელსაც მოსწავლეები ისე ექცევიან, თითქოს კლასში მის არსებობას ვერ ამჩნევენ. „ახლა ყოველდღე გამოცდა მაქვს“, – ამბობს ნანა, ახალგაზრდა, დამწყები მასწავლებელი, რომელმაც ახლახან დაასრულა სასწავლებელი, მოიპოვა მასწავლებლის დიპლომი და რეალურ საკლასო ოთახში მოსწავლეებთან მუშაობას შეუდგა. არც ისე მარტივი აღმოჩნდა ეს ყველაფერი და სულ არ ჰგავდა თეორიულად აღწერილსა და ნასწავლს. ყოველი დღე ერთნაირია, სიის ამოკითხვითა და დაფის წაშლის თხოვნით იწყება, სადაც ბავშვების დახატული სასაცილო არსება უცინის კლასს. საქმე ისაა, რომ როცა ერთ მხარეს წაშლიან დაფას, მაშინვე დაფის მეორე მხარე გადმობრუნდება და იმავენაირი ნახატი კვლავ სიცილსა და აჟიოტაჟს იწვევს მეოთხეკლასელ ცელქ, მხიარულ, ოინების მოყვარულ ბავშვებში.

თუმცა მათ შორის არის ნანა, პატარა, თვალებციმციმა, კიკინებიანი გოგონა, რომელიც მუდამ მასწავლებელზე ღელავს და თვალებში შესციცინებს მას, განიცდის თანაკლასელების ცელქობებს და ცდილობს ახალგაზრდა მასწავლებლის დაცვას. ასევე, კლასში არის ერთი ბიჭი, დაფიქრებული, მკაცრი სახით. მასწავლებელი მას ასანთის ღერებით სავსე კოლოფს აღმოუჩენს და ჩამოართმევს. არ დაუჯერებს მას, რომ მოსწავლე ცუდი მიზნისთვის კი არა, ლოგიკური სავარჯიშოებისთვის იყენებს ასანთს. მაგალითად, როგორ მიიღება 3 ღერისგან ციფრი 4, თუ არც გავტეხთ რომელიმეს და არც რამეს დავუმატებთ. როგორც ჩანს, თანაკლასელის ასეთი აღმოჩენებით, კლასიც დაინტერესებულია და აქეთ-იქიდან ეხმარებიან კლასელს, რომ მასწავლებელი მიახვედრონ, რატომ აღმოაჩნდა ასანთი მოსწავლეს. თუმცა მასწავლებელი ამ ყველაფერს სიბრიყვეს ეძახის და კოლოფს ართმევს პატრონს.

ეს ინტერესიანი, მხიარული ბავშვები შეჰყურებენ მასწავლებელს, რომელიც არაფერს სთავაზობს მათ, მხეცებად უზრდელებად და დაუმორჩილებლებად მოიხსენიებს დირექტორის წინაშე. ამ დროს კი, ყურადღების გარეშე რჩება მოსწავლეების ის საოცარი თვისებები, რომლებიც უხვად აქვთ თითოეულ მათგანს. მასწავლებლისთვის გარდამტეხი აღმოჩნდება, სახლში წაღებული მოსწავლეების რვეულები, სადაც ზაფხულში გატარებული ამბები აქვთ აღწერილი. წაკითხვისას, დაწვრილებით ეცნობა თითოეული მოსწავლის ამბავს, შინაგან სამყაროს, ფიქრებს. მათში აღმოაჩენს იმ ადამიანურ თვისებებს, რომლებზეც არასდროს უფიქრია კლასში, მათ წინაშე ყოფნისას, რადგან ბავშვებისთვის არასდროს მიუცია შესაძლებლობა, არასდროს შეუქმნია გარემო, სადაც წარმოაჩენდნენ საკუთარ თავს.

ეს ფილმი გააძლიერებს დამწყებ, ახალბედა მასწავლებლებს, ან იმათ, რომლებიც საკუთარ მოსწავლეებს რთული ქცევის მქონეებად მოიხსენიებენ და მათთან ურთიერთობა დიდ ტანჯვად მიაჩნიათ.

ფილმის ლინკი: „ცეროდენა რაინდები“ https://www.youtube.com/watch?v=5NhScPlbQqo

 

ასევე, მინდა გაგიზიაროთ ჩემი აღმოჩენები ერთი საინტერესო წიგნის შესახებ. მარიანე კაურინის „ჩვენი სამხრეთი“ მეექვსეკლასელი მოსწავლეების თავგადასავლებს გვიამბობს. მათი სასკოლო და პირადი ცხოვრების ამბები ჩააფიქრებს მკითხველ მასწავლებელს, თინეიჯერს, დედას, ბებიას. წიგნი მოგვითხრობს მეგობრობის, სიყვარულის, გულწრფელობისა და სიმართლის მნიშვნელობაზე. თუმცა, მე მინდა, ყურადღება გავამახვილო წიგნში განვითარებულ იმ მიმართულებაზე, რომელშიც სასკოლო ცხოვრებაა აღწერილი. წიგნის დასაწყისშივე ჩნდება ვარდისფერი ტუჩსაცხით, მრგვალი სათვალით, სოკოს ფორმად შეკრული თმითა და კაშკაშა ყვითელი კაბით, ღიმილიანი, მხიარული მასწავლებელი, ვიგდისი. ის მართლაც მხიარული ადამიანია, მაშინაც კი არ ღიზიანდება, როდესაც მოსწავლეები მის სხვადასხვა ქმედებას აჯავრებდნენ. ამის დანახვისას, ვიგდისი გულიანად იცინის. მთავარი პერსონაჟი ინა, რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობს ღარიბულ უბანში, ულამაზო და პირქუში კორპუსის ბინაში, სევდიანი, ჩაკეტილი და არც ისე კომუნიკაბელური გოგონაა. სწორედ ის გვიყვება თავისი და თანაკლასელების საინტერესო საზაფხულო ამბებს. წიგნის კითხვისას მასწავლებელმა ბევრ საინტერესო რამეზე შეიძლება გაამახვილოს ყურადღება და ჩაფიქრდეს, გადახედოს საკუთარ მიდგომებს, მოსწავლეებისადმი დამოკიდებულებებს, და შესაძლოა ვიგდისი მასწავლებლის, როგორც კოლეგის მიმართ, მეტი სიახლოვე გაუჩნდეს, რადგან მის ადგილას ხშირად თავადაც ყოფილა. რთულია, თინეიჯერ მოსწავლეებს ბოლომდე გაუგო; მათი სიყვარული თუ ვერა, პატივისცემა და ნდობა მაინც მოიპოვო.

წიგნში განვითარებული ამბები მასწავლებლებს საშუალებას გვაძლევს, შორიდან შევხედოთ მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ სასწავლო პროცესს. დავინახავთ, რომ ერთი უბრალო, თითქოს უწყინარი აქტივობა, რომელსაც მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, შეიძლება ზოგი მოსწავლისთვის ძალიან სტრესული, სანერვიულო და უსიამოვნო აღმოჩნდეს. ეს კი საგრძნობლად ცვლის მოსწავლის სკოლისადმი განწყობას. მაგალითად, მასწავლებლის მიერ შეთავაზებულმა აქტივობამ, თითქოს უწყინარმა კითხვამ – „რას გეგმავ ზაფხულის არდადეგებზე?“ – ააფორიაქა მთავარი პერსონაჟი ინა, რომელიც სიღარიბის გამო, არც არაფერს გეგმავდა ზაფხულში, გარდა სახლში ყოფნისა. მას კი ამ პასუხის კლასის წინაშე თქმის მოერიდა, ამიტომ გამოსავალი მოძებნა და ტყუილი თქვა. სწორედ ამ ტყუილით იწყება ყველაფერი. ჩვენს თვალწინ განვითარებული ყველა მოვლენა ტყუილზე იგება და პერსონაჟს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს. ამის საფუძველი კი სწორედ სასკოლო ამბებია.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“