შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ხელოვნური ინტელექტი, ჩვენ და მომავლის განათლება

(მეორე ნაწილი)

„ხელოვნური ინტელექტის მომავალი არც უტოპიურია და არც დისტოპიური – ის რაღაც უფრო საინტერესოა“.

სტივენ მარჩი

 ჟურნალ „ატლანტიკის“ მიმომხილველი, მწერალი და პროფესორი-ფილოლოგი, სტივენ მარჩი (Stephen Marche) აღნიშნავს, რომ „ChatGPT-ის პირველი მსხვერპლი მართლწერის არსებული ფორმატი გახდება; წერის წესი, რომლებზეც თაობები აღიზარდა და რომლის შექმნასაც განათლების პროცესის ასეულობით წელი დაჭირდა. „ესეი, განსაკუთრებით საბაკალავრო საფეხურის ესეი, ჰუმანისტური პედაგოგიკის ცენტრალური წერტილი გახლდათ თაობების განმავლობაში. ეს ის წესია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ბავშვებს ვასწავლით კვლევას, აზროვნებასა და საკუთრივ წერის ხელოვნებას. მთელი ეს ტრადიცია [დღეს] შეიძლება ძირფესვიანად დაზიანდეს”. „განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის, რომ AI-ის სოფტ-პროგრამები არაფერს ქმნიან. მათ ზედაპირზე ამოაქვთ ის, რითაც ისინი „გამოკვებეს“, – ამბობს პროფ. მარჩი.

საინტერესოა დოქტორი ჯეფრი უოტუმულის (Jeffrey Watumull, ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ცენტრის დირექტორი Oceanit-ში, ჰონოლულუ, აშშ), ცოტა ხნის წინანდელი დიალოგი ChatGPT-თან პლანეტა მარსის ზედაპირის ტერრაფორმირების (ანუ მარსის ზედაპირის ძალისმიერი ადაპტაცია ადამიანის მოთხოვნილებებზე) ეთიკურობის საკითხზე.

ხელოვნური ინტელექტის (ანუ „ჩატბოტის“) სიტყვებით, ამ საკითხის ეთიკურობა დამოკიდებული იქნება ადამიანის თვალსაზრისზე, თუ რამდენად ღირებულია სხვა პლანეტების ბუნებრივი მდგომარეობის შენარჩუნება და ამ ცვლილებების პოტენციური შედეგები. ჩატ-ბოტმა თქვა შემდეგი: „მე ვარ მანქანური სწავლების მოდელი, რომელიც სწავლობს მონაცემების დიდი მოცულობების მეშვეობით და არ გამაჩნია პირადი გამოცდილება თუ გრძნობები. მე არ ვარ ცნობიერი, ვერ აღვიქვამ თავს და არ შემიძლია მქონდეს პირადი შეხედულება. მე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია და ანალიზი, იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებითაც ჩემი სწავლება მიმდინარეობდა. მაგრამ მე არ მაქვს უნარი, ჩამოვაყალიბო პირადი დამოკიდებულება ან მოსაზრება. თუმცა შემიძლია, გავიგო ენა და შევძლო მისი ინტერპრეტაცია. არ მაქვს სუბიექტური გამოცდილება, რომელიც აქვთ ადამიანებს. – ამბობს „ჩატ-ბოტი“ – მორალური თვალსაზრისის არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ მორალურად გულგრილი ვარ. როგორც ხელოვნური ინტელექტი, მე განსაზღვრული ვარ გარკვეული ამოცანების გადასაჭრელად და ინფორმაციის მოსაწოდებლად, ან მომხმარებლის დასახმარებლად, მიიღოს გადაწყვეტილება, იმ მონაცემების საფუძველზე, რომელთაც მე მივაწვდი. ადამიანები, რომლებიც ქმნიან, ასწავლიან და იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, არიან პასუხისმგებელნი იმაზე, რომ [მანქანა] შეესაბამებოდეს მათ მორალურ და ეთიკურ პრინციპებს“.

ნოამ ჩომსკის აზრით, ხელოვნური ინტელექტი, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამირების პროდუქტია, ახერხებს იმას, რომ ჰგავდეს ბანალურ ბოროტებას: იგი ფაქტობრივად პლაგიატორია, აპათიურია, თავს არიდებს კითხვებს. განაზოგადებს სტანდარტულ არგუმენტებს, უარს ამბობს, დაიკავოს რომელიმე პოზიცია, აღიარებს არა მხოლოდ რაიმეს არცოდნას, არამედ ინტელექტის არარსებობასაც. საბოლოოდ, ამ ყველაფერს ხსნის „ბრძანებების უბრალო შესრულებით“ და პასუხისმგებლობას თავის შემქმნელებს აკისრებს“.

ხელოვნური ინტელექტის მოქმედებისა და გავრცელების შესახებ თავის აზრს გამოთქვამს ილონ მასკიც, „ტესლას“ დამფუძნებელი და ინვესტორი: „მე მგონია, რომ უნდა არსებობდეს რეგულაციები, რომლებიც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს“.

ხელოვნური ინტელექტი გავლენას იქონიებს დედამიწაზე არსებულ ყველა დარგზე, წარმოების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და სხვა მნიშვნელოვანი დარგების ჩათვლით“, – ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, კომპიუტერული ტექნოლოგიებს მკვლევარი, დოქტორი ფეი-ფეი ლი.

პროფესორი ჩომსკი: „ხელოვნურ ინტელექტსა და „ჩატ-ბოტებს“ შეუძლიათ დიდი გავლენა იქნიონ ადამიანების (მათ შორის ახალგაზრდების) სწავლების პროცესზე“. მისი წარმოდგენით, ChatGPT ფაქტობრივად „მაღალი ტექნოლოგიების პლაგიატია (high-tech plagiarism) და ბილიკი, თუ როგორ ავარიდოთ თავი სწავლას“. პროფესორი ჩომსკი ხელოვნური ინტელექტის გავრცელებას სმარტფონების ბუმს ადარებს: „ბევრი სტუდენტი, ზის აუდიტორიაში და ესაუბრება („ეჩატავება“) ვიღაცას აი-ფონის მეშვეობით. ერთი გზაა ავკრძალოთ აი-ფონის გამოყენება [აუდიტორიაში]. მეორე გზაა – საინტერესო გავხადოთ ლექციის მიმდინარეობა“. სტუდენტები ინსტინქტურად იყენებენ მაღალ ტექნოლოგიებს და თავს არიდებენ სწავლას. ეს განათლების სისტემის მარცხს ნიშნავს. „თუ განათლების პროცესი არ იზიდავს მათ (სტუდენტებს, ლ.ა.), არ აინტერესებს მათ, არ უსვამს მათ კითხვებს, არ განაწყობს მათ სწავლისადმი, ისინი სხვა გზას იპოვიან“, – ამბობს ჩომსკი და იხსენებს თუ როგორ „იპოვა“ სხვა გზა კოლეჯში ქიმიის მოსაწყენი კურსის ჩასაბარებლად, როდესაც მეგობრისგან ითხოვა საგნის კონსპექტი ისე, რომ არცერთ გაკვეთილს არ დასწრებია.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი და ჩატ-ბოტები (როგორიცაა ChatGPT) ჯერ განვითარების საწყის სტადიაზე იმყოფებიან, მათმა გამოჩენამ უკვე გამოიწვია კამათი და დებატები მკვლევრებს შორის, განსაკუთრებით მანქანების მიერ ენის დასწავლის საკითხებზე. კამათის ერთ მხარეს დგანან ლინგვისტი ნოამ ჩომსკი, ლინგვისტი იან რობერტსი და ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი დოქტორი ჯეფრი უატუმული, რომლებმაც სხვადასხვა სტატიაში ხმამაღლა განაცხადეს, რომ ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებას უბრალოდ არ შეუძლიათ ადამიანის აზროვნების რეპლიკაცია (გამეორება), მისი ჩანაცვლება ან სიმულირება, რადგან „ამ პროგრამებს არ შეუძლიათ ინგლისური ენის სინტაქსის წესების ახსნაც კი, რაც მათ მიერ [მანქანების მიერ] მოწოდებულ არჩევანს ან პასუხებს ზედაპირულს, საეჭვოსა და ორაზროვანს ხდის“.

ამ კამათის მეორე მხარეს დგანან ასევე ცნობილი მკვლევრები და პროფესორები, ნეიროფსიქოლოგი, ბერკლის უნივერსიტეტის ენის შესწავლის კომპიუტერული ლაბორატორიის უფროსი, დოქტორი სტივენ ტ. პიანტადოსი და ლინგვისტი, პროფესორი დანიელ ევერეტი (ბენთლის უნივერსიტეტი, მასაჩუსეტსი), რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ენის სასწავლ მანქანებს (მოდელებს) არა მხოლოდ ენის სტრუქტურის დასწავლა და აღქმა შეუძლიათ, არამედ გადაწყვიტეს, ChatGPT-ის პლატფორმა და მისი შესაძლებლობების მათეული ინტერპრეტაცია პროფ. ჩომსკის „უნივერსალური გრამატიკის“ თეორიის წინააღმდეგ გამოეყენებინათ.

საინტერესოა განათლების სისტემების პროფესორის, როუზ ლაკინის (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, Knowledge Lab, დიდი ბრიტანეთი) მოსაზრება ხელოვნური ინტელექტსა და მის შესაძლებლობებზე, რომელიც მან ბრიტანულ „გარდიანში“ 2023 წლის ივლისში გამოქვეყნებულ სტატიაში წარმოადგინა: „განათლება, გახლავთ ის, რაც ჩვენ ადამიანებად გვამყოფებს. იგი ასაზრდოებს ადამიანის წარმოსახვას, ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და ადამიანთა კეთილდღეობას. სწორედ განათლებამ შეძლო ის, რომ ადამიანმა მთვარეზე დადგა ფეხი და განკურნა ადრე უკურნებელი დაავადებები. სწორედ განათლების დღევანდელმა სტატუსმა გამოიწვია ის, რომ გენერაციული მანქანები, როგორებიცაა, ChatGPT, შეიძლება გახდნენ განათლების სექტორისთვის დიდი ზიანის მომტანი. ასეთი რესურსებისა და ტექნოლოგიების გაჩენა არ გახლავთ მათი გონიერების ნიშანი. ეს უფრო ჩვენი მარცხია, რადგან ვერ შევძელით, შეგვექმნა განათლების ისეთი სისტემა, რომელსაც რუდუნებით გავზრდიდით და გამოვიყენებდით ადამიანის უნიკალური ინტელექტის დასაფასებლად და გასავითარებლად“.

დოქტორი ლაკინის აზრით, „ჩვენ გულუბრყვილოდ გვაჩეჩებენ მოსაზრებას, რომ AI-პლატფორმები ბევრად უფრო გონიერნი არიან, ვიდრე ეს სინამდვილეშია. მექანიზმს ან სისტემას, როგორიცაა, ChatGPT, არ გააჩნია არც აღქმა და არც ცოდნა. ეს მანქანები უბრალოდ თავს უყრიან სიტყვების ნაკრებს, რომლებიც მოცემული საკითხის განხილვისას გამოიყენება. დიახ, ეს ბოტები ძალიან ღირებული ასისტენტები არიან. მაგრამ ისინი არც რამის მცოდნენი არიან და არც გონიერნი. მათ არ აქვთ იმის გაგება ან კონცეფცია, თუ როგორ მიესადაგება მათ მიერ წარმოებული სიტყვები/ტექსტები მათ გარშემო არსებულ სამყაროს“.

ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გადასარევი დამხმარე იყოს განათლების სისტემაში. მან შეიძლება გაათავისუფლოს მასწავლებელი ადმინისტრაციული ამოცანებისგან, მისცეს მათ მეტი შესაძლებლობა და დრო მოსწავლეებთან ურთიერთობისთვის. AI უკვე ათწლეულზე მეტია, გამოიყენება განათლებაში.  ხელოვნური ინტელექტის სისტემებს, როგორიცაა, Carnegie Learning ან Aleks, შეუძლიათ, გააანალიზონ მოსწავლეთა პასუხები კითხვებზე, ადაპტაცია გაუკეთონ სასწავლო მასალებს, მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. მასწავლებლებისთვის შესაძლოა ძალიან სასარგებლო იყოს TeachFX და Edthena-ს AI-სისტემები, მათი ტრენინგისა და მხარდაჭერისათვის.

AI-ის განვითარების თვალყურის დევნება საშუალებას მოგვცემს, თავიდან გავიაზროთ განათლების სისტემის არსი და მისი დანიშნულება; მისი, როგორც სისტემის წარმატება და განვითარების პერსპექტივები. ადამიანის გონება ბევრად უფრო კომპლექსური და განვითარებულია, ვიდრე ნებისმიერი AI-რობოტი, რადგან მას მაღალი დონის აზროვნება და რთული ამოცანების გააზრება შეუძლია… კითხვა და არითმეტიკა ფუნდამენტური მიმართულებებია, რასაც დღეს უკვე AI-წიგნიერებაც ემატება. ტრადიციული საგნები, ისტორია, გეოგრაფია, მეცნიერებები, უნდა გახდეს ის კონტექსტი, რომელთა მეშვეობით უნდა ხდებოდეს კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი წარმოსახვისა და ცოდნის სხვადასხვა დარგში მოსწავლეთა დაოსტატება.

დღეს არსებული განათლების სისტემის უცვლელად დატოვება არ შეიძლება! ახალი ტექნოლოგიები უკვე სახეზეა და ჩვენ გვჭირდება ადამიანების მხარდაჭერა იმ სფეროებში, სადაც AI ვერაფერს შეძლებს და სადაც მანქანები ადამიანებისთვის დამხმარენი იქნებიან. AI ჩვენ უნდა გვემსახუროს და არა პირიქით.

 

 

მასალა მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი