სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ერთ საყურადღებო საბავშვო წიგნზე

რატომ ვკითხულობთ წიგნებს? –  ალბათ იმიტომ, რომ წიგნებში ვეძებთ იმას, რასაც ცხოვრებაში ხშირად ვერ ვპოულობთ ხოლმე. ვეძებთ და ამ ძიებაში ჩვენც ვიზრდებით. წიგნი უფრო გამბედავს გვხდის, ჩვენს შიშებზე გვამარჯვებინებს, თანაგანცდისა და თანადგომის მნიშვნელობაზე გვაფიქრებს და გვარწმუნებს, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა და მას ბევრი რამის შეცვლისა და გამოსწორების უნარი შესწევს.

თანამედროვე ქართველმა ავტორმა, ლილი ალფაიძემ, სწორედ ასეთი ზღაპრების წიგნი დაწერა. ,,ციყვი, ნანუნა და კეთილი ბიჭუნა“ თანადგომის, ერთგულებისა და სიმამაცის მაგალითებით სავსე, სტერეოტიპების ფაქიზად მსხვრევის შესახებ დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო საბავშვო წიგნია.

ალბათ, იშვიათად, რომ ჩვენი ცხოვრების ის ყველაზე ძვირფასი ეტაპი, ბავშვობა რომ ჰქვია, ქართული თუ მსოფლიო ხალხთა ზღაპრების გარეშე ჩამთავრებულიყოს. ჩვენ სწორედ ამ ხალხურმა ზღაპრებმა გვასწავლა, რომ ზღაპრები არამც და არამც არ უნდა გამორიცხავდეს ,,სადიდო“ საფიქრალს; მეტიც, შესაძლოა, ისინი ზრდასრულებს მეტად გვჭირდებოდეს, სამყაროს მრავალფეროვნების პატივისცემას გვასწავლიდეს და შესაბამისად, სულიერად გვზრდიდეს, რათა შემდეგ, ამ ისტორიებით შთაგონებულები უკეთესი მასწავლებლები და მშობლები ვიყოთ, სწორი ღირებულებების გამტარებად ვიქცეთ და ბავშვების სულების გაფაქიზება შევძლოთ.

გახსოვთ, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერმა ვის მიუძღვნა ,,პატარა უფლისწული“? – დიახ, ლეონ ვერტს, ზრდასრულ ადამიანს, უფრო სწორედ კი, მასში მარადიულად დარჩენილ ბავშვს. მარადიული ბავშვის შენარჩუნება ჩვენს გულსა და გონებაში კი, ,,ციყვი, ნანუნა და კეთილი ბიჭუნას“ მსგავს წიგნებს შეუძლიათ.  სწორედ ამიტომ, ლილი ალფაიძის ზღაპრები მხოლოდ ბავშვებისთვის არაა განკუთვნილი.

ზღაპრების ამ მშვენიერი, ილუსტრაციებით დახუნძლული კრებულის კითხვისას ზურაბ კიკნაძის სიტყვები მახსენდებოდა, რომელიც ზღაპრის ბუნებას ამგვარად ახასიათებს: ზღაპარი ისეთ ამბავს ეწოდება, რომელიც ყოველდღიური სინამდვილის ძლევით მასზე აღმატებულის დამკვიდრებას გვამცნობსო.

ოღონდ, სინამდვილეზე აღმატებული შეუძლებელი როდია – ლილის ზღაპრები გვარწმუნებს, რომ სინამდვილეზე აღმატებულის რეალობად ქცევა ყველას შეგვიძლია. აი, მაგალითად, ,,ბებუტა, რომელმაც (კინაღამ) ობობა გადაყლაპა“ გვეუბნება, რომ შეუძლებელი სულაც არაა, იზრუნო მიუსაფარ ცხოველებზე. გვაჯერებს, რომ  იქ, სადაც პრობლემების გადაჭრის სურვილია, ცვლილება აუცილებლად მოხდება და სამყაროს ერთით ნაკლები დარდი და ტკივილი შერჩება.

იმავეს გვიმტკიცებს ,,ბიჭუნა და ფერადი ბუშტები“, რომელიც უსახლკარო, მიუსაფარი ადამიანებისადმი თანაგრძნობას გვიღვივებს და სიკეთის განუზომელ ძალაზე გვიამბობს. ძალაზე, რომელიც, ალბათ, სიყვარულივით ატრიალებს დედამიწას.

და აი, ლილის ზღაპრებში არც სირაქლემასთვის ხდება შეუძლებელი გაფრენა, როცა იგი ამისთვის ბოლომდე იბრძოლებს და ამ ბრძოლით არ დაიღლება; ფრინველი, რომელსაც ფრენა არ ახასიათებს, რომელიც შიშისა და განსაცდელის დროს იმალება და თავს მიწაში რგავს, საკუთარ სისუსტეებზე იმარჯვებს.

ზღაპარი სირაქლემაზე, რომელიც  გაფრინდა, საკუთარი თავის პოვნაში გვეხმარება, მაგრამ, ავტორი სხვა ზღაპარში იმასაც გულწრფელად აღიარებს, რომ ზოგჯერ სამყაროსთან მორგება ყველაზე რთულია – იმდენად რთულიც კი, რომ შეიძლება, საკუთარ თავზე უარის თქმა მოგიხდეს. ,,ჟირაფი, რომელმაც ბაფთაზე დაიდო ბინა“  ჩვენგან განსხვავებულის შემჩნევას, მის მიღებასა და აღიარებას და გასაჭირის დროს მისთვის ხელის შეშველებას გვასწავლის.

წიგნს ხომ უდიდესი ძალა აქვს – მასში ამოკითხული ამბები ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეგვახსენებს თავს და ისე მოვიქცევით, როგორც ამ წიგნის პერსონაჟები იქცევიან ხოლმე.

ლილის ზღაპრები მასწავლებლებისთვის შესანიშნავ  დამხმარე რესურსად მესახება, რადგან ამ კრებულით მოსწავლე აუცილებლად გააცნობიერებს, რომ შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა ყველაფერს კალაპოტში აბრუნებს, რომ სიყვარულს გაფრთხილება და ზრუნვა სჭირდება, რომ საკუთარი ბედნიერება სხვის წუხილზე ვერასდროს აიგება, ხოლო თუ ირგვლივ ყველა ბედნიერი იქნება, სამყაროში აღარც ყვავილები დაჭკნებიან, აღარც ტბები დაშრება და აღარც თევზები დაიწყებენ კვდომას; აჩვენებს, თუ  რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ვიღაცას შენი სჯერა, თუნდაც მხოლოდ ერთადერთ ადამიანს ან როგორი კარგია, როცა სხვისი წარმატების გამო ჩვენი გულები სიხარულითაა ანთებული.

ეს წიგნი სტერეოტიპებთან გამკლავებასა და სამყაროს მრავალფეროვნების მიღებაში გვეხმარება. აი, მაგალითად, გვასწავლის, რომ პრინცესა მხოლოდ ტანწერწეტა, ქერათმიანი, ცისფერთვალება და თლილთითებიანი კი არა, ნებისმიერი გარეგნობის მქონე გოგონა შეიძლება იყოს. მაგრამ, აქ საქმე განა მხოლოდ პრინცესობაშია – ეს ყველა სტერეოტიპს ეხება, რომელიც ამ სიტყვებით სრულდება ხოლმე –  ,,შენ ასეთი ვერ გახდები“, ,,შენ ეს არ გამოგივა“ და ა.შ. ,,პუტკუნაც შეიძლება იყოს პრინცესა“ კი გვარწმუნებს, რომ სამყარო ჩარჩოებში მოქცეული სულაც არაა.

ყველა სიკეთესთან ერთად, წიგნი სავსეა ლამაზი და საინტერესო სიტყვებით, ახალი სიტყვათშეთანხმებებითა და რაც მთავარია, ფანტაზიის უდიდეს გასაქანს იძლევა.

ავტორს მთელი სამყარო გასულიერებული ჰყავს და განა რა გასაკვირია, ჩვენ ხომ ზღაპრების კრებულზე ვსაუბრობთ, მაგრამ, მთელი სამყარო უბრალოდ გასულიერებული კი არაა, ამ კრებულით ლილი ალფაიძე მკითხველს სამყაროს თითოეული ბინადრისადმი ზრუნვისკენ მოუწოდებს, მკითხველი კი, წიგნის ბოლო ფურცლის დასრულების შემდეგ, ბევრჯერ გაიფიქრებს, მას რა შეუძლია მიუსაფარი ცხოველებისთვის გააკეთოს? მას როგორ შეუძლია მოხუცების ცხოვრება გაალამაზოს? რა მოიმოქმედოს იმისათვის, რათა ყველა გოგონა დაარწმუნოს, რომ თუ იბრძოლებენ, ყველაფერი გამოუვათ ან როგორ მოვახერხოთ ისე, რომ სხვების წარმოდგენებს არ ავყვეთ და ჩვენი თავი არ დავკარგოთ, არამედ მოვიქცეთ პრინცესასავით, რომელსაც შრომა უყვარდა და მებაღეზე დაქორწინდა და რომელიც სულაც არ ელოდა ცხენზე ამხედრებულ პრინცს.

ალბათ უკვე წარმოიდგინეთ, როგორი ანთებული თვალებით შეიძლება შეხვდნენ ბავშვები თანამედროვე ქართველი ავტორის ამ მშვენიერი ზღაპრების წიგნს. ამიტომ, წააკითხეთ, წაიკითხეთ და დატკბით ახალ-ახალი პერსონაჟებითა და ფიქრის ახალ-ახალი საბაბით. მჯერა, ეს წიგნი ყველა ბავშვისა და მარადიულად ბავშვად დარჩენილი ადამიანების გულებში ბინას სამუდამოდ დაიდებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“