სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ბერძნული მითები ყოველდღიურობაში, ანუ როგორ გავაცოცხლეთ იდიომები?

ბავშვობაში ძალიან ხშირად ვკითხულობდი ბერძნულ მითებს, ერთგვარი გატაცებითაც კი და ისე აღმაფრთოვანებდა, დიდხანს ამ შთაბეჭდილებებით ვცხოვრობდი.

უცნაური ღმერთების უცნაური სამყარო, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, უყვარდათ, ეჭვიანობდნენ, ნექტარს და ამბროზიას მიირთმევდნენ, კინკლაობდნენ, მზაკვრობდნენ, ქიშპობდნენ და მტრობდნენ ერთმანეთს, რეალური ხდებოდა და თან ერთგვარად სატელევიზიო შოუს ჰგავდა მათი ყოფა. ოლიმპოს მთა კი ჰგავდა ადგილს, სადაც შოუს მოქმედება და გადაღება მიმდინარეობდა. კითხვისას ცოცხლდებოდნენ გმირები, ქალღმერთები, ღმერთები და ნახევრად ღმერთები. ხან მათი პიროვნული თუ ფიზიკური თვისებები იწვევდა აღფრთოვანებას, ხან – მათი გამჭრიახობა და გონიერება, განვიცდიდი მათ გასაჭირს და თანავუგრძნობდი მათ.

თვეების წინ უკვე ჩემს შვილებთან ერთად ვკითხულობდი ბერძნულ მითებს. ვფიქრობ, თანამედროვე ბავშვებს, ჩვენი თაობისგან განსხვავებით, უფრო მეტად აქვთ ფუფუნება და არჩევანი, მრავალფეროვანი ლიტერატურიდან მათთვის სასურველი, უფრო იოლად გასაგები, მარტივი ენით დაწერილი წიგნები იკითხონ. ასე შემოგვეკითხა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის „ბერძნულ-რომაული მითები და მათთან დაკავშირებული ფრთიანი გამოთქმები“, რომლის წაკითხვის შემდეგ ფაქტობრივად მითების თვალებით დავუწყეთ სამყაროს ყურება. ვცდილობდით, მისი ფრაზები დაგვემკვიდრებინა ჩვენს მეტყველებაში და გაოცებული ვიყავით, როგორ ვყოფილვართ დავალებული ბერძნული მითოლოგიისგან, როგორი მძლავრი ყოფილა მისი გავლენა სხვადასხვა კულტურასა და ჩვენს მეტყველებაზე.

ბერძნული მითების პერსონაჟები ბავშვებს სასკოლო პროგრამაშიც ხვდებათ, ამიტომ დამატებითი ლიტერატურის გაცნობა კიდევ უფრო დაეხმარება მათ, მრავალფეროვანი შთაბეჭდილებებით გაიმდიდრონ წარმოსახვა, ამასთან ერთად გაიმდიდრონ ლექსიკა სხვადასხვა ფრაზითა თუ ფიგურალური გამოთქმით.

ჩვენი ყოველდღიური მეტყველება, რომელიც დღითიდღე უფრო მეტად ხდება პრაქტიკული, ტექნიკური, ორგანიზაციული შინაარსის და უფრო მეტად არის გაჯერებული ინგლისური სიტყვებით, მიგვანიშნებს, რომ ჩვენი სამეტყველო ლექსიკის გამდიდრებაზე უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ. თუ ჩვენ ბერძნული მითოლოგიიდან მომდინარე ხატოვან გამოთქმებზე გავამახვილებთ ბავშვების ყურადღებას, ისინიც კარგად დაინახავენ, როგორ ცოცხლდება ამბები გამონათქვამებში და მდიდრდება მათი ლექსიკა მსგავსი გამოთქმებით. მრავალფეროვანი ლიტერატურის გაცნობა კი ლექსიკური სიმწირის უებარი წამალია.

როდესაც მითებს წაიკითხავ და გამოთქმებზეც დაფიქრდები, მიხვდები, როგორ გარდაიქმნებიან ამბები ხატოვან გამოთქმებად: „ჰერაკლესავით ღონიერი“, „გიგანტივით დიდი“, „ტიტანურად მშრომელი“, „პანიკური შიშით შეპყრობილი“, „ოლიმპიური სიმშვიდით გამორჩეული“ და ა.შ.

გთავაზობთ, რამდენიმე ცნობილ იდიომს და მათ ისტორიას ბერძნული მითოლოგიიდან:

აქილევსის ქუსლი – ადამიანის ყველაზე სუსტი ადგილის სინონიმია. მითის თანახმად, ბერძნული მითოლოგიის საყვარელი გმირის, აქილევსის მოკვლა ძნელი საქმე ყოფილა, რადგან როცა დაიბადა, დედამისმა, ზღვის ქალღმერთმა – თეტიდამ მას ქუსლში ჩაავლო ხელი და ქვესკნელის სამეფოს ჯადოსნურ მდინარე სტიქსში ამოავლო. ბერძნული მითოლოგიის თანახმად სტიქსის წყალი ადამიანის სხეულს უვნებელს ხდიდა და მისი მოკვლა არავის შეეძლო. აქილევსის სხეულიც უვნებელი გახდა, მხოლოდ ქუსლი იყო მისი სუსტი ადგილი, რომელსაც წყალი არ მიჰკარებია. აქილევსი სწორედ ქუსლში მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვლება, მას ტროას მეფის ვაჟი, პარისი სუსტ ადგილში ისარს სტყორცნის და სასიკვდილოდ დაჭრის.

გორდიას კვანძი – გადაუჭრელი, რთული და დაუძლეველი საქმისა და პრობლემის ერთი ხელის მოსმით გადაჭრის შემთხვევაში ამბობენ, გორდიას კვანძივით გადაჭრაო. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ყოფილა ერთი უბრალო გლეხი კაცი, რომელიც გზაზე მიდიოდა ურმით და მოულოდნელად მეფედ აირჩიეს. გლეხმა მადლობის ნიშნად ზევსს თავისი ურემი უსახსოვრა, საჩუქარი კი ისე გამონასკვა, რომ საუკუნეების განმავლობაში ვერავინ ხსნიდა. მხოლოდ ალექსანდრე მაკედონელმა მოახერხა მისი მახვილით გადაჭრა.

ოლიმპიური სიმშვიდე – ეს გამოთქმა გამოიყენება მაშინ, როდესაც კონკრეტული ადამიანის სიმშვიდის აღწერა სურთ. ამ ხატოვან გამოთქმას საფუძვლად უდევს ძველი ბერძნული წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც, ღმერთები იმყოფებოდნენ ოლიმპოს მთაზე, სადაც სულ სიმშვიდე სუფევდა და ისინიც განცხრომასა და ნებივრობაში ატარებდნენ დღეებს.

და როდესაც ბერძნულ მითებს ვკითხულობდით, აღვნიშნე კიდეც, ყველაფერს ამ თვალით ვუყურებდით. ერთ დღესაც, როდესაც პარკში ჩავედით მე და ჩემი შვილები და ზიპლაინის ჯაჭვი საშინლად გამოკვანძული დაგვხვდა, ვეწვალეთ და რომ ვერაფრით გამოვხსენით, ჩემმა უფროსმა შვილმა ალექსანდრე მაკედონელის ხმალი ინატრა, რომ ზიპლაინის გორდიას კვანძი ერთი დარტყმით გადაეჭრა და ასე გადაეწყვიტა პრობლემა. შემდეგ უეცრად ამოტივტივდა „პანიკური შიში“ ჩვენს საუბარში და გავიხსენეთ, რომ პანიკური შიში თავზარდამცემი შიშის სიმბოლოა. ბერძნული მითოლოგიის თანახმად პანი იყო ტყის, ჯოგისა და მწყემსების მფარველი ღმერთი, რომელიც გრძელწვერა და თხისფეხება დაიბადა და მის დანახვაზე ყველას თავზარი ეცემოდა. ერთ საღამოსაც სახლში მამამ ბავშვებს „ჟელიბონი“ მოუტანა, რომლის გაყოფამ და-ძმას შორის დიდი არეულობა გამოიწვია და ანდრიამ დაასკვნა, რომ ეს ნამდვილად განხეთქილების ვაშლი უფრო იყო, ვიდრე ჟელიბონი, ან შეიძლება განხეთქილების ჟელიბონიც ყოფილიყო. იცით, რა შინაარსი აქვს თასზე ან კვერთხზე დახვეული გველის გამოსახულებას და ვინ იყო ასკლეპიოსი? როდესაც თქვენს შვილებთან ან მოსწავლეებთან ერთად ბერძნულ მითებს გაეცნობით, სთხოვეთ ბავშვებს, დააკვირდნენ სამედიცინო დაწესებულებებს, იქნებ მათთვის ნაცნობი სიმბოლო იპოვონ. ასკლეპიოსის კვერთხი სულ მარტივად იპოვა ანდრიამ მითების დასრულების შემდეგ ერთ-ერთი აფთიაქის აბრაზე და გახარებულმა მამცნო ეს ამბავი.

ბერძნული მითების სამყარო უზარმაზარი და საოცრად შთამაგონებელია, მისით საზრდოობდა დასავლური ხელოვნება და კულტურა, მხატვრობა და ლიტერატურა. ბერძნული მითები გაბნეულია ჩვენს მეტყველებაში. თუ კარგად დავაკვირდებით, მათ ამოცნობასაც ვისწავლით.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“