სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

 დამარცხებულთათვის

„თუ ამ უკანასკნელმა გადაწყვეტილებებმა გაიმარჯვა,

მაშინ უკვე დრო არის სიკვდილის ან იუბილეის“

პაოლო იაშვილი

ერთი ძველი ნაცნობი ამასწინათ ფეისბუკზე ანგარიშობდა, – 7 წელი რომ ფეხბურთზე დავდიოდი, რაც მე მაგაში დრო მაქვს წაგებული, სამ ენას ვისწავლიდი და უახლეს ტექნოლოგიებსაც ზედ მივაყოლებდიო. მერე ვიღაცამ შეახსენა, – შენ ის გავიწყდება, მაგ დროს ბედნიერიც რომ იყავი, ჯიგაროო.

მოგების და მიღწევების აღნუსხვა ამ საუკუნის გატაცებად იქცა. ყველა ითვლის. სქილების გაუმჯობესებას უწესებს ყველა საკუთარ თავს. წარმატება. წარმატება. წარ-მა-ტე-ბები! ქლინ შით. პეტრ ჩეხს პრემიერლიგაში 202 ქლინ შითი ჰქონია. მარიო ვარგას ლიოსამ ყველა ლიტერატურული პრემია აიღო. კრისტიანო რონალდოს ინსტაგრამზე ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს, მამა. ქოპატონ!

ჩემმა ქოუჩმა დამარიგა, – სისუსტე არ შეგეტყოსო. სინანულმა არ მოგიცვას. შენი გაიტანე ყოველთვის. სხვის აზრს ეჭვი შეაგებე. უახლოესსაც ნუ ენდობი. გულს ბოლომდე კი არა, ოდნავადაც ნუ გაუხსნი იმასაც კი, ვისთანაც რაღაც საიდუმლო გაკავშირებს. მომთმენი იყავიო. სიხარული და ბედნიერება დიდხანს არ მიიკარო გულთან. ნიჭს უნდა დამიზნება. შრომას დაემოწაფე. ქებას ნუ აჰყვები. მაქებრის სიტყვებს ღიმილი და დუმილი შეაგებე. თვითტკბობამ არ დაგაბრკოლოსო. მარცხს ნუ მიეჩვევი. სანამ არ დაიმსახურებ, არავის არაფერი სთხოვო. გამარჯვება და წარმატება მიიღე საკვებივით – არა იმისთვის, რომ გაგაძღოს და მოიმატო, არამედ იმის გამო, შიმშილით სული არ ამოგხდესო. სხვების დახმარება ისე უნდა შეძლო, გზაში დაივიწყო – ვინმეს რომ ეხმარები! არ შეუშინდე არავის და არაფრის გამო – შენზე მეტად ზოგჯერ ეს სხვებს სჭირდებათ, ყოყმანს აყოლილ დამფრთხალ ადამიანებსო.

მე ვუთხარი რომ ძნელია, ხშირად არ გამოდის. ამიტომ ლუზერებს ისღა დაგვრჩენია, ბედნიერებას ჩავებღაუჭოთ. მარცხს. „ის სუსტები უფრო მაინტერესებს მე“. ბანალურობების მაგია, რომელიც წარმატებისთვის ატეხილ დოღში სადღაც თავისთვის მიიყუჟება ხოლმე. ჩემი მეზობელი ცისფერთვალება გოგო, რომელიც საუკეთესო მორბენალი იყო და მშობლებმა სამართალმცოდნეობისთვის გაიმეტეს, არასდროს იხსენებს იმას, რომ ბედნიერების შეგრძნება ვერ დაიცვა სხვებისგან. ის ალბათ ჩემპიონიც იქნებოდა, ცოტა უხეში სხეულისკენ მიიპყრობდა მამაკაცების მზერას, სოფელში თასებსაც ჩამოიტანდა, მაგრამ მას ალბათ არავისთვის უთქვამს, რომ სიხარული მხოლოდ მაშინ ედგა გულში, როცა ჰაერს უსწრაფესად ჭრიდა და კანიდან დაძრულ ტალღას თავს მიანდობდა.

– მას, ის ალბათ დამარცხებულია, – მითხრა მერვეკლასელმა გოგომ სხვა სოფლის სკოლაში, სადაც ეს ამბავი გავიხსენე, – თქვენ ხომ ამის თქმა გინდოდათ?

– არა, მე არაფრის თქმა არ მინდოდა… ზოგჯერ… უბრალოდ… ჰო, დამარცხება… ზოგჯერ დამარცხება უფრო უკეთ ჰყვება ადამიანის ამბავს.

P.S. ბებიაჩემს, ისტორიკოს ვარო თოლორაიას ოცნებად ჰქონდა თურმე, სტამბოლი – კონსტანტინოპოლი – ენახა. ეს საბჭოთა მოქალაქისთვის თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ მან ხომ მთელი 17 წელი იცოცხლა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ! სისტემის მარწუხები, ხელმოკლეობა და პირადი სურვილების უგულებელყოფა – ის განაჩენი აღმოჩნდა, რამაც ძლიერი ქალის ნატვრა ჩანასახშივე გაახმო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“