სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

„ატირების სურვილივით მძაფრი…“

დავით წერედიანის თარგმანი-შედევრები

„თუ ლექსს მაინცდამაინც ქალად წარმოვიდგენთ, (მთარგმნელს) სწორედ დედანთან არ ეპატიება მრუშობა, ანუ საკუთარი ენის ღალატი….“ – წერდა დავით წერედიანი. ამასწინათ სოციალური ქსელით თარგმანის სპეციფიკაზე ვსაუბრობდით და დამიწერეს, რომ შეუძლებელია თარგმნო და სიდიადე არ დააკლო ნაწარმოებს. მე მივუგე, რომ მაშინ აღარ უნდა ვთარგმნოთ არაფერი ან ვთარგმნოთ, როგორც დავით წერედიანი თარგმნიდა. თარგმნისას, ფაქტობრივად, ახალ ლიტერატურულ პროდუქტს ქმნი. ეს უცვლელი ფენომენია, ანუ სათარგმნი მწერლის ინდივიდუალობას ემატება მთარგმნელის პერსონა და ნიჭიერება. ეს ერთობლივი შემოქმედებაა უკვე – დიდ თარგმანს ვგულისხმობ, რასაკვირველია. დავით წერედიანს ვარიანტებად აქვს ნათარგმნი შედევრები და ეს ვარიანტები ერთმანეთზე უკეთესებია, – უკვე ცალკე, დამოუკიდებელი სიცოცხლე-შედევრები. მოდით, მივყვეთ ამ საოცარ პოეტურ ნიმუშებს წიგნის ქრონოლოგიით და ამოვზიდოთ მათგან ასოციაცია-განცდა-შემოფეთებები, სიცოცხლის ფილოსოფიაც და ინიციაციური მაღლამხედობაც…

 

არტურ რემბო – დავით წერედიანის პოეზია, ორიგინალი თუ თარგმნილი, საოცარი სიფაქიზის სიმკვეთრით, ხანდახან გაუცნობიერებელ განცდათა იკლიკანტურობით, ამ უკანასკნელთა ცნობიერების ზედაპირზე ამოზიდვითა და გაძვირფასებით ხასიათდება. ხანდახან ჭირს გარჩევა, ეს რეალობაა, ზმანება, თუ „ცხოვრება-სიზმარი“: „მდინარის ბინდში, სადაც ჭავლზე ვარსკვლავებს სძინავს/ ირწევა თეთრი ოფელია, დიდი სოსანი… ათასი წელი, და კვლავ თავის სიგიჟეს მღერის,/ მღერის, დუდუნებს დაბალ ხმაზე და ნიავს ატანს“ – „ოფელია“(5). ეს რეალობაცაა, რომელშიც „მიდღეხვალობ“ და „სერაფიმული მდუმარებაც არ-ამიერი“, ანუ ილუზორულობა შეუცნობლისა. როგორც ამბორი „დაძრწის ბაგეზე, მოცახცახე მხეცი პაწია“, ისე უზომოდ გაღელვებს ეს შეგრძნებები, ასე მიწიერიც და ასე ზეციურიც. რაც მთავარია, ყველა ნიუანსში პოეზიაა, თან უმაღლესი რანგის, რაფინირებული, ყოფაში ნაგრძნობი, როგორც მასზე ამაღლება თუ ზღაპრისეულში გადანაცვლება, თავის შეფარება ისე, რომ ვერ იგებ, სად მთავრდება რეალური და იწყება ირეალური, ისეა შეზრდილ-გადაწნეხილი ერთმანეთს…

 

აი, მაგალითად, საოცრად ირონიულ-სევდიანი, თითქოს, ძალიან „ქართული“ არტურ რემბო:

 

„მეტი ხათრის გამო

წავიხდინე ცხოვრება“ (14).

 

…და, ამავე დროს, საოცრად, მისტიკურობამდე ზეამაღლებული:

 

„სულის ყველა სიქვრივე,

ცრემლის ყველა ნათება

გულში შემოვიკრიბე,

მარიამის ხატებად“ (15) („სიმღერა მაღალი სამრეკლოდან“)

 

აგერ პოლიტიკურად პროზაულიც, მერკანტილურიც, ჩემო ბატონო, მაგრამ ფილოსოფიურად გაღრმავებულ-განყენებული: „ხელახალ შეხვედრამდე აქვე, ანდა, სულ ერთია, სადაც მოხალისე რეკრუტები, ფილოსოფიად ვაქცევთ მომხვეჭელობას. სწავლით უმეცარნი, ჯანს დავდებთ კომფორტისთვის. მომავალ ქვეყნიერებას სულიც ამოხდენია. პროგრესის გზაზე – წინ! ნაბიჯით იარ!“ („დემოკრატია“-17). რაოდენ ნიშანდობლივია ფრანგული პოეზიის ეს ნიმუში დღესაც, არა?

 

წუთისოფელი შემაძრწუნებლად მრავალფეროვანია ხანდახან, ყველაფერი ერთადაა, რაც შეიძლება მძაფრად განიცადო:

 

„გარიჟრაჟებად წამომფრთხალი გუნდი მტრედების!

კაცთა ნანახად გონებული! ზღვად ნაზღაპრევი!

მკვდართა მზე ვნახე, ძრწოლისაგან ესხა ფორეჯი…

ვისიზმრე მწვანე ღამეები, თოვლის კიაფი,

ნატვრა-ამბორი, ზღვის თვალებზე რომ ისახება,

უხილავ ძალთა მობრუნალი ბნელი წიაღი

და მგალობელი ფოსფორების ცისფრად გახელა!“ („მთვრალი ხომალდი“-21)

 

ეს უმძაფრესი ტკბილმწარეობა ხომ ყველა ენაზე თავისებურად, მაგრამ, ამავე დროს, ერთნაირადაც შესაგრძნობია?! „თავუკუღმა ჩაჭედილი“ ცხედარი; სივრცეების იისფერი, მბორგავი ნისლები, მეწამული კედლების ორწოხი, ტანთ ასხმული „ნუგბარი კეთილ მგოსანთა! მზეების ქერცლი, ლაჟვარდების მბზინავი ლორწო“; ბეჰემოთების მყვირალობანი; გაოცებაც, ტკივილიც, მდორეც და ამაღლებულიც, ოქსომორონებიც: „მაინც ევროპა მეძახოდა, ბჭედაფეხვილი!“.

 

დავით წერედიანის საოცარი შემოქმედებითი ოსტატობით სალიტერატურო ქართული ენის საკრალურ წიაღში „ვტივტივებთ“, არაა ამ მხრივ თარგმანში არანაირი, თუნდაც უმნიშვნელო დისკომფორტი და, ამავე დროს, ევროპული პოეზიის „უცხო სამოთხეების“ სურნელსაც შევიგრძნობთ, სრული ბალანსია და ბუნებრიობა, უშუალობა სხვადასხვა სამყაროს თანხვედრისა:

 

„ცრემლით ვტიროდი! ჰო, მწარეა ნაღველი დილის,

ჰო, ყველა მთვარე-ცხროიანი, ყველა მზე – ცხარე!

ტრფობის ბალღამით გარუმბული, უგონო ქმნილი,

შიგ ხერხემალში გადავიფშვნა, დავინთქა ბარემ!

 

და თუ ევროპა მაინც მინდა, პატარა ფრანში,

შავსა და ცივში, სურნელოვან მიმწუხრში დგომა,

თვალსევდიანი, ჩამუხლული ტბორის წინ ბავშვი,

მაისის პეპლად მოფარფატეს რომ უშვებს ხომალდს“ („მთვრალი ხომალდი“, ვარიანტი II, 29).

 

პოლ ვალერი – აქაც წერედიანისეული სიფაქიზეა ყველგან: „კვლავ ხელახალი“ ზღვა იქნება თუ ჩუმი და ფრთხილი ადამიანის ჩრდილი, საფლავებზე რომ მიიკლაკნება; იგივე იდუმალება, რომელიც თარგმნის პროცესმა გამოიარა და ახალ შემოქმედებით ქურაში გამოწრთობილი ჩვენამდე მოსულა – „წარსულებზე მოფიქრალი, თრთის ნაპერწკალი“; მისტიკური, მტანჯველი, დაუვიწყარი სიზმრისეულობა:

 

„გარს ჩემი თეთრი საფლავების გამშლია ფარა,

და სანამ დავალ, მარტოსული დავეხეტები,

განუფრთხე ფუჭი ზმანებები, სათნო მტრედები,

ეს უცნაური ანგელოზნი, მომდგარნი კარად!“ („ზღვის სასაფლაო“ -43)

 

ისევ სიცოცხლის ვნება, „არყოფნით მთვრალი“, უტკბესად მწარე და სულმნათი. აქ გვხვდება პოეტური ფრაზები, პწკარები, რომლებიც ნოველურია, ანუ ამბავს გვიყვება:

 

„უებრო შეძლო, დიადემის უზადო წამო,

მე ვარ შენ შიგნით იდუმალი ფერისცვალება“. (იქვე – 44)

 

ეს რაღაც შეგრძნებებია, იდუმალი და სიტყვის ქარგა მათთვის მიცემული სავარაუდო ფორმაა, მრავალთაგან არჩეული. და ყველგან, ყველგან სიკვდილის ხსენით ნაკვები ამაოებაა, პოეზიის ზეიმი, სიცოცხლის შლეგი მომნუსხველობა, ჰიმნი:

 

„…ქალიშვილების შეკივლება, რა დასწვავს ხელი,

თვალი და კბილი, წამწამები ალმურით სველი,

ცეცხლთან ლაციცი ელვარე და მთრთოლვარე მკერდის,

სისხლი, ტუჩებზე მობრიალე, შერწყმული კოცნას,

და, რასაც ბოლო გაბრძოლებით თითები მოწნავს,

მიწად მიილტვის ყველაფერი, თამაშსვე ერთვის!…

 

ძენონ, ო, ძენონ ელეველო, უწყალო ძენონ!

ვარ გაბასრული შენი ისრით, შლეგსიტყვა ბრძენო, –

მოფრენს მწივარი და არ იძვრის, დროდაჟამს მუსრავს!

წივილი მბადებს და ის მგმირავს, ორბისფრთიანი!

მზე, მზე!.. და სულში კუს ბაკნიდან ჩრდილი გვიანი

გრძლად ეფინება შორსმიმსრბოლავ აქილევსს უძრავს!“. (იქვე -46)

 

ეს არის პოეზია, თითქოს „შობაც და შვებაც ქარისა“, ცით მონაბერისა, რომელშიც ქარის გარდა „სევდის მარმაშიანი“ წვიმის ნელი შრიალიც ისმის, მერე ჭუჭრუტანებში მზეც ათამაშდება და მთელი სამყაროა, თითქოს, ეს ლექსი, „სანთლის ალზე ფარვანის კრთომა“ (პოლ ვერლენის „შეღონება“)…

 

ფრანსუა ვიიონი – ამ პოეტთან რელიგიურობაა, ღვთის, ქრისტეს საიდუმლოს ამოცნობის სურვილი („იგია, თუ რამ სიხარული მოგველის სადმე“), როგორც „ღვთისმშობლის ლოცვა, დედისთვის შეთხზული“, ასე ჰქვია ლექსსაც. ჭეშმარიტებამ წვდომამდე შეიძლება მთელი ცხოვრება გამოგატაროს, მაგრამ მერე ის მარტივი მოგეჩვენოს, – ასე უცნაურია ადამიანი. ეს ცხოვრებაგამოვლილი ჭეშმარიტება კი ზოგჯერ ასეთია: „რადგან, თუ უყვარს და სიკეთე თუ უხარია,/ მჯერა, ცოდვილიც დაუსხლტება მაცდურის ბადეს“ (56). ყველაზე ძნელიც ხომ საკუთარი თავის შეცნობაა, არა? რომელიც ისეთივე უცხოა ხანდახან, როგორც თავად წუთისოფელი:

 

„…ვიცი ნატვრა და ფასი ნატვრისა,

ვიცი, რისია ქალთა მისნობა,

ვიცი ბეატაც და ბეატრისაც,

ვიცი, რომელი რითი იცნობა,

 

ვიცი ათასი იწილ-ბიწილო,

ვიცი, ვინ ვისთან იძილღვიძილა,

ვიცი ცრემლი და ცრემლში სიცილი,

ჩემი თავისა არა ვიცი რა.

 

პრინცო, ვიცი და პასუხსაც მთხოვენ,

ვიცი, საწუთრო მეც შემიწირავს,

ვიცი, სიკვდილი შემუსრავს ყველას…

ჩემი თავისა არა ვიცი რა “. („წვრილთქმათა ბალადა“– 59-60)

 

ეს ის ვიიონია, სიკვდილი რომ მიუსაჯეს და მისი ყელიც ყულფს ელოდა, თოკით აღსრულებულ ადამიანურ სამსჯავროს.

 

იოჰან ვოლფგან გოეთე – გოეთეს სიკვდილის მისტერიები დიდებულადაა გადმოქართულებული ლექსებში „თხილნართა მეფე“ და „თულის მეფე“. პირველ ლექსში მამას მიჰყავს სიცხიანი შვილი, რომლის უცნაურ ცხად-ზმანებებში მიღმიერი ხმა ისმის და სწორედ წარმავალისა და მარადიულის განცალკევების ტკივილის, შიშისა და გაუცნობიერებელი, პირველსაწყისთან წილნაყარობის იმედის დილემაა. ხოლო მეორე ლექსში თულის მეფე, სიკვდილის წინ ყოველ სამკვიდროს რომ გასცემს, გულის სწორის ნაჩუქარი ოქროს თასის გარდა, რომლითაც ბოლოჯერ შესვამს, უკანასკნელი სერობასავით ინადიმებს და გარდაიცვლება:

 

„ის იყო და ფერი სცვლია,

ჟამი გაულევია,

აღარც ცრემლი უმარცვლია,

აღარც დაულევია“ („თულის მეფე“–72).

 

ესაა სოფლის ტრიალი, რეალობის სიზმარი თუ „სიზმრად გადასროლილი“ რეალობა, რომელსაც მხოლოდ დერვიშულად თუ „შეებრძოლები“, ისე საკუთარი თავის, მისი და პირობითობების „ტყვე“ ხარ:

 

„მწყემსთა შორის ვივლი მწყემსად,

ოაზისთა ბინულს შევსვამ,

ქარავნებსაც გავყვე მინდა,

მუშკის, შალის, ყავის მზიდავთ,

უდაბნოზე ბილიკს გავდებ

ყველა ქალაქ-ქარვასლამდე“. (ჰიჯრა“ -76)

 

ეს ყველაფერი მგოსნური სიტყვის უკვდავებასთან ზიარებაა, სამოთხის კარის შეღებაო. საწუთროში, რომელშიც ყოველთვის ჭირდა ნამდვილისა და ღირებულის დადგენა, ეს დიდი ჯილდოა:

 

„რაც მაქვს, ლანდადღა ილანდება ცრემლსართავიდან

და სულ, სულ უფრო ნამვილდება, რაც გარდავიდა“. („ფაუსტის“ შესავალი — 78)

 

ტომას სტერნზ ელიოტი – ინგლისური პოეზიის ამ თარგმნილ ნიმუშთაგან ძალიან საინტერესოა და ორიგინალური „ჯ. ალფრედ პრუფროკის სასიყვარულო საგალობელი“. ამ თარგმანს მთარგმნელის წინათქმაც აქვს: „ამ წინათქმას ერთადერთი მიზანი აქვს – ლექსი იმაზე გაუგებარი არ გამოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია, რადგან სიტუაციაში გარკვევა პირველივე წაკითხვით თითქმის შეუძლებელია“, წერს დავით წერედიანი. ლექსის მთავარი პერსონაჟი კაცია, რომელმაც გალია საკუთარი ახალგაზრდობა, დაბნეული, საკუთარ თავში მერყევი ინტროვერტია და საღამოს წვეულებაზე მიდის, რომ საყვარელ ქალს ცოლობა სთხოვოს. ეს სიუჟეტური ქარგაა, იდეური, მაგრამ ლექსის რეალობაში „ბურუსია“ და ამ სასიყვარულო ფორიაქში არსადაა ნახსენები სიყვარული, მინიშნებულიც კი არაა. აი, ამონარიდი ამ ირონიული სასიყვარულო საგალობლიდან:

 

„გარდატეხისკენ მოაბრუნო ბოლო წამი, გეყოფა ძალა?

 

თუმცა ვტიროდი, ვლოცულობდი, ვტიროდი და ვმარხულობდი, ყველა გზა ვსინჯე

და მოკვეთილი ჩემი თავიც (თმამეჩხერი) ვიხილე სინზე,

წინასწარმეტყველს არ ვედრები… არა მაქვს ხელი…

ვნახე, სულ წამით აპარპალდა ჩემი დიდება,

მაგრამ ზედ კართან ისიც ვნახე, მარადი მცველი,

ხელთ ჩემი პალტო დაეჭირა და ხითხითებდა.

…ანუ, ვთქვათ მოკლედ – შიშმა დამძლია“. (148)

 

დავით წერედიანის თარგმანებში სასულიერო ლიტერატურაც შემოგვხვდება და ქართული ფოლკლორისტიკაც, მაგალითად, სვანური ვარიანტები. ამ ყოველივეს თავ-თავისი სპეციფიკა აქვს თარგმნისას. თუნდაც ფოლკლორთან ეთნოგრაფის დამოკიდებულება სხვაა (ამ უკანასკნელს მხატვრულ-ესთეტიკური მხარე ნაკლებად აინტერესებს) და ლიტერატურათმცოდნისა სხვა, რომლისთვისაც სწორედ მხატვრულ-ესთეტიკური ფასეულობაა ნიშანდობლივი. „როდესაც ხალხური ლექსი სწყდება თავის ბუნებრივ გარემოს და წერილობით ძეგლად იქცევა, გვინდა არ გვინდა, იგი ლიტერატურული ტექსტის ნიშან-თვისებას იძენს… სწორი არ იქნება, ჩვენი ეროვნული საგანძურის პირველხარისხოვანი შედევრები მიწაში ჩალაგებული ან მტვერწაყრილი გველაგოს (გამოქვეყნება ჯერ კიდევ არ ნიშნავს მტვრის გადაცლას)“, წერს დავით წერედიანი საოცარი პასუხისმგებლობის შეგრძნებით და გვთავაზობს ვარიანტებს, რომელთაგან უკეთესი რომელია, ჭირს დადგენა. ეს პროფესიული პირნათელობაც და მისი შედეგიც სწორედ ეროვნული საგანძურია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში სხვა ხალხის პოეტურ სიმაღლეების გადმოქართულებაზეა საუბარი, ნებისმიერი მოცემულობით დროისა თუ სივრცისა… პოეზია ხომ „მტვერწაყრილიც“ პოეზიაა.

 

ციტატები წიგნიდან – დავით წერედიანი „შედევრები“, „ინტელექტი“, 2022

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“