შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

იუნკრები – საამაყო ქართული ისტორია

“ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია, ამ პროცესიისათვის ხელი შეეშლა”, – იხსენებდა გერონტი ქიქოძე. იდგა 1921 წლის 26 თებერვალი, საქართველოს გასაბჭოების მეორე დღე. თბილისელებმა რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია გამართეს. წინ მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველი ჭაბუკების ცხედრები ესვენა, ხოლო უკან მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. თბილისი კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში დაღუპულ იუნკრებს და 20 წლის მოწყალების დას – მარო მაყაშვილს დასტიროდა. 20-23 წლის იუნკრები რუსთაველის გამზირზე ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის ეზოს მიაბარეს. დღეს ამ ადგილზე საქართველოს პარლამენტის შენობაა.
იუნკერთა სკოლა

იუნკერი (ჟუნკერ) გერმანულად თავადაზნაურული წარმოშობის უნტერ-ოფიცერს ნიშნავს. თუმცა ქართულ იუნკერთა სკოლის ისტორია არა გერმანიას, არამედ მეფის რუსეთს უკავშირდება. იმხანად თბილისის იუნკერთა სასწავლებელში მეფის არმიისთვის საშუალო რანგის ოფიცრებს ამზადებდნენ. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გადაწყდა, ეროვნული არმიისა და მაღალი ჩინის ოფიცერთა კორპუსის შესაქმნელად გახსნილიყო ქართული სამხედრო სკოლა, რომელსაც იუნკერთა სასწავლებელი დაერქვა. ამ იდეის განხორციელება ბრწყინვალე მხედართმთავარს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს დაევალა. 1919 წლის აგვისტოში იუნკერთა სკოლას 90 მსმენელი უნდა მიეღო, რომლებიც ოთხ ძირითად სპეციალობაზე განაწილდებოდნენ: სამოცი კურსანტი ქვეითი ჯარის განყოფილებაში ჩაირიცხებოდა, თხუთმეტი საარტილერიო საქმეს შეისწავლიდა, ათს საინჟინრო საქმეში მოამზადებდნენ, ხოლო ხუთს – კავალერისტად. კურსანტები სკოლაში სწავლების ორწლიან კურსს გადიოდნენ. სასწავლებელში დღე დილის 6 საათზე იწყებოდა. იუნკრებს სამხედრო საქმის ისტორიას, ტოპოგრაფიას, ფორტიფიკაციას, ტაქტიკას და სხვა სამხედრო საგნებს ასწავლიდნენ. დილით თეორიული მეცადინეობა იმართებოდა, შუადღის შემდეგ კი სროლაში, ჯირითსა და სამწყობრო საქმეში ავარჯიშებდნენ. სკოლის პროგრამაში საერო საგნებიც შედიოდა. ისტორიაში ლექციებს უნივერსიტეტის პროფესორი ივანე ჯავახიშვილი კითხულობდა, მწერალი ვასილ ბარნოვი კი იუნკრებს ლიტერატურაზე ესაუბრებოდა. სკოლის ხელმძღვანელი გიორგი კვინიტაძე მომავალ ოფიცრებს ტაქტიკისა და სამხედრო ისტორიის კურსს უკითხავდა.

მასწავლებლებს სკოლაში სასაცილო ხელფასს უხდიდნენ, მათი ჯამაგირი ტრამვაის ბილეთსაც კი არ ჰყოფნიდა, მაგრამ ისინი ქვეყნის წინაშე თავიანთ მოვალეობას მაინც პირნათლად იხდიდნენ. მაგალითად, გენერალი გიორგი კვინიტაძე თვეში 9 ათას მანეთს იღებდა, მაშინ როდესაც გირვანქა პური თბილისში – 750, კილოგრამი კარაქი – 4 ათასი, ხოლო ხორცი 12 ათასი მანეთი ღირდა. გაჭირვების მიუხედავად, იუნკერთა სკოლაში სასწავლო პროცესი ერთი დღითაც არ შეწყვეტილა.

ქართულ არმიაში იუნკრებს გამორჩეული ადგილი ეკავათ. ეს იყო ყველაზე დისციპლინირებული და ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფი. ლამაზ ფორმაში გამოწყობილ ახალგაზრდა კურსანტებს საზოგადოება სიყვარულით ეკიდებოდა. არ ყოფილა შემთხვევა, იუნკერს ქალაქში წესრიგი დაერღვიოს. თბილისში უცხოური დელეგაციის ჩამოსვლისას იუნკრებს, როგორც საჩვენებელ ნაწილს, საპატიო ყარაულში აყენებდნენ.

გარდა ოფიცრებისა, იუნკერთა სასწავლებელი უნტერ-ოფიცრებსაც ამზადებდა. იმხანად უნტერ-ოფიცრებს ქართულ შესატყვისს – ნაცვლებს (დღევანდელი სერჟანტები) უწოდებდნენ. ნაცვალთა კურსებზე სკოლამ პირველი შევსება 1919 წლის 15 ნოემბერს მიიღო – დაახლოებით 800 მსმენელი. იუნკრებისგან განსხვავებით, ნაცვალთა კურსი სულ ექვსთვიანი იყო, რის შემდეგაც მათ მოქმედ არმიაში ანაწილებდნენ.

1919 წლის 27 აპრილს გიორგი კვინიტაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა. მის ნაცვლად სასწავლებლის ხელმძღვანელი გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი გახდა.

საბრძოლო ნათლობა

 

1920 წლის აპრილის მიწურულს, აზერბაიჯანის ძალისმიერი გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკურმა რუსეთმა მსგავსი ოპერაციის ჩატარება საქართველოს წინააღმდეგაც გადაწყვიტა. XI არმია საქართველოს საზღვარს 30 აპრილს მოადგა. გეგმის თანახმად, საზღვარზე სამხედრო მოქმედებების პარალელურად თბილისში ადგილობრივ კომუნისტებს მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები უნდა გაემართათ და სტრატეგიული ობიექტები დაეკავებინათ. 1920 წლის 1 მაისს, დაახლოებით ღამის 2 საათზე, ბოლშევიკები იუნკერთა სამხედრო სკოლაში შეიჭრნენ. თავდასხმის მიზანი იუნკრებისა და ნაცვალთა ბატალიონის ბოლშევიკთა მხარეზე გადაბირება და სასწავლებელში არსებული იარაღის ხელში ჩაგდება იყო. ბოლშევიკთა ოცდაათკაციანი შეიარაღებული ჯგუფი იარაღის საწყობში შევარდა. თუმცა ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ კურსანტებმა სკოლა გაათავისუფლეს. თავდასხმის დროს დაიღუპა იუნკერი მიხეილ მაყაშვილი.

თავდასხმის მეორე დღეს მთავრობამ იუნკრებს სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.
ამის შემდეგ ქართველ იუნკრებს ბოლშევიკბთან შეტაკება კიდევ რამდენჯერმე მოუხდათ, თუმცა მთავარი ბრძოლა 9121  წლის თებერვალში საქართველოში მე-11, მე-9, მე-3, მე-13 არმიების, ბუდიონისა და ჟლობის კავალერიების შემოჭრისას გაიმართა.

კოჯორ-ტაბახმელა – საბედისწერო ბრძოლა

 

1921 წლის 11 თებერვალს საქართველოს წითლებმა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ზერბაიჯანის მხრიდანაც შეუტიეს. ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ იუნკრებმა ომის პირველსავე დღეებში მოითხოვეს ფრონტზე გაგზავნა, ისინი ბრძოლაში მხოლოდ 17 თებერვალს გაიწვიეს. სამხედრო სკოლას ფრონტზე 560 მებრძოლი გაჰყავდა. გარდა შაშხანებისა, იუნკერთა შეიარაღებაში შედიოდა ორი სამთო, ორი საველე ზარბაზანი და ექვსი ტყვიამრფქვევი.

ბრძოლის ველზე გამგზავრების წინ იუნკრებს სიტყვით სკოლის ხელმძღვანელმა, გენერალმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა მიმართა:

“ყმაწვილებო! ბედნიერი ვარ მოგილოცოთ, რომ საშუალება გეძლევათ, თქვენი მოქმედებით დაადასტუროთ თქვენი სურვილი სამშობლოს სამსახურისა. მე, თქვენს მასწავლებელს და უფროსს, ეჭვი არ მეპარება, რომ ზუსტად შეასრულებთ მხედრულ მოვალეობას და პირნათლად წარსდგებით ქართული ისტორიის სამსჯავროს წინაშე. არ დაივიწყოთ ველად ყოფნისას, რომ ყოველ თქვენს ნაბიჯს მოწმედ ეყოლება იგივე ცა, მიწა და ბუნება, რომელიც არაერთხელ გაკვირვებულა ქართველთა გმირობით და უდრეკლობით სიკვდილის წინაშე. გაუმარჯოს ჩვენს საქმეს, გაუმარჯოს საქართველოს და ქართულ ჯარს ვაშა!”

ხალხი ცრემლითა და ყვავილებით მიაცილებდა თხელ პალტოებში გამოწყობილ, მწყობრი ნაბიჯით მიმავალ 20-23 წლის ბიჭებს. სკოლის კოლონას ცხენით ანდრონიკაშვილი და სასწავლებლის ოფიცრები მიუძღოდნენ. შემდეგ მიდიოდნენ ქვეითები, არტილერისტები და ცხენოსნები. მწკრივს უნტერ-ოფიცერთა ახალწვეული ბატალიონი ასრულებდა.

თბილისის დაცვის ხაზი სამ ძირითად რაიონად იყოფოდა. იუნკრები დედაქალაქის მარჯვენა ფრთას ამაგრებდნენ. მათ ტაბახმელიდან კოჯრამდე არსებული რვაკილომეტრიანი მონაკვეთი უნდა დაეცვათ.

17 თებერვლის ღამემ იუნკერთა პოზიციებზე მშვიდად ჩაიარა. იმ ღამეს ყინვა 8-9 გრადუსს აღწევდა. თბილი ტანსაცმლის გარეშე მყოფი მებრძოლები სანგარში გათბობას სიმღერითა და ცეკვით ცდილობდნენ. ბოლშევიკებს ტაბახმელის პოზიციებზე იერიში არც მეორე დღეს მიუტანიათ. იუნკერთა პოზიციებზე პირველი მასირებული შეტევა 19 თებერვალს დაიწყო. როდესაც ბოლშევიკებმა სოღანლუღთან მაზნიაშვილის დაცვა ვერ გაარღვიეს, მათ მთელი ძალები ტაბახმელის მონაკვეთისკენ მიმართეს. მტერმა იერიში დილის 8 საათზე მიიტანა. იუნკერთა რიგებში პირველი მსხვერპლი გამოჩნდა – მოკლეს მაიორი ანანიაშვილი. 12 საათისთვის მოწინააღმდეგე ხიშტით შეტევაზე გადავიდა, მაგრამ სანგრებამდე ვერ მიაღწია – იუნკერთა ტყვიამფქვევმა მტერი შეაჩერა. თუმცა რამდენიმე საათში მდგომარეობა გართულდა. რუსებმა იუნკრების გვერდით სახალხო გვარდიის პოზიციები გაარღვიეს და სოფელი წავკისი დაიკავეს. კურსანტების ერთი ოცეული გაშლილ მინდორზე კონტრიერიშზე გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგემ ინტენსიური ცეცხლი გახსნა, არც ერთი იუნკერი არ დაწოლილა. ხელჩართულ ბრძოლაში იუნკერთა სკოლის ოცდასამმა კურსანტმა მოწინააღმდეგის ასეული დაამარცხა. მტერი უკუიქცა და ბრძოლის ველზე უამრავი მოკლული დატოვა. იუნკრებს რვა კაცი დაეღუპათ, მათ შორის – კაპიტანი ქარუმიძე და კაპიტანი თოიძე.

ბოლშევიკების გააფთრებული იერიშების მიუხედავად, იუნკრებმა პოზიციების შენარჩუნება შეძლეს. ქართველი მებრძოლები ყოველდღე მტრის სამ შეტევას მაინც იგერიებდნენ. რუსებთან ერთად იუნკრები სახალხო გვარდიასაც ებრძოდნენ. 24 თებერვალს 152 იუნკრიდან მწყობრში მხოლოდ 85 იყო დარჩენილი.

მე-11 არმია გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა. ტაბახმელისკენ გადაისროლეს ბაქოს წითელ კურსანტთა ბრიგადა, რომელსაც ყველაზე აგრესიული კომკავშირლებისგან შედგებოდა.

შალვა ერისთავი

გააფთრებული ბრძოლების შედეგად წითელმა კურსანტებმა ნაცვალთა ბატალიონის შევიწროება მოახერხეს და მათი სანგარი დაიკავეს. ღია მინდორზე კონტრიერიშზე გადასულ ქართველ იუნკრებს რუსებმა დაკავებული სანგრიდან ტყვიამფქვევით უპასუხეს. გარდაუვალი დაღუპვისგან ქართველ იუნკერთა ასეული კურსანტმა შალვა ერისთავმა იხსნა. თბილისში ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე და შეუდარებელი მორბენალი,22 წლის შალვა ერისთავი სანგარში შევარდა, ხიშტით განგმირა მემიზნე ოფიცერი და ტყვიამფქვევი საკუთარი სხეულით დაფარა. ამის შემდეგ ქართველებმა სანგარი დაიბრუნეს.

მარო მაყაშვილი

 

იუნკრებთან ერთად 19 თებერვალს დაიღუპა მოწყალების და მარო მაყაშვილიც. იგი საარტილერიო დაბომბვას შეეწირა. მარო, რომელიც ცნობილი პოეტის კოტე მაყაშვილის შვილი იყო, ფრონტზე მოხალისედ ჩაეწერა. უნივერსიტეტის სიტყვიერებისა და სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტისთვის სამშობლო ყველაფერზე წინ იდგა. როდესაც ომი დაიწყო, მარო წითელი ჯვრის რაზმში ისე ჩაეწერა, რომ ოჯახში არავინ იცოდა. მშობლებმა მისი გადარწმუნება ვერ შეძლეს. უკანასკნელი წერილი მარო მაყაშვილმა სახლში 18 თებერვლის საღამოს გაგზავნა. როდესაც მეორე დღეს ოჯახის წევრებმა წერილი მიიღეს, მარო უკვე ცოცხალი აღარ იყო: “ჩვენ ახლა ტაბახმელაში ვართ. იუნკრებს მიგვაწერეს. მათთან ერთად ვივლით. დარდი ნუ გაქვს. მტერი ძალიან შორს არის. აქ კარგ პიროვნებებთან ვარ. თქვენს თავს გაუფრთხილდით… ამ ერთ საათში ზევითკენ მივდივარ. შესაძლებელია, კოჯორში არ წავიდეთ, არამედ დაბლა, ტაბახმელაში. გკოცნით. ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად. თქვენი მარო”.

***

1921 წლის 24 თებერვალს იუნკრებთან ბრძოლაში ბაქოს წითელ კურსანტთა პოლკმა პირადი შემადგენლობის თითქმის ნახევარი დაკარგა. მძიმე დანაკლისი განიცადეს იუნკრებმაც – დაჭრილ-დახოცილთა რიცხვმა 35-ს მიაღწია. მიუხედავად ამისა, პოზიციებს კვლავ ქართული ნაწილები აკონტროლებდნენ. რვა დღის განმავლობაში იუნკრებმა რუსებს ტაბახმელასთან გამართული ყველა შეტაკება მოუგეს. არნახული გმირობის მაგალითი აჩვენა იუნკერთა ოფიცერმა ყიფიანმა. მისმა ნაწილმა, რომელიც ძირითადად მოხალისე მებრძოლებისგან შედგებოდა, მტრის შეტევას ვერ გაუძლო და პოზიციების დატოვება დაიწყო. ამის შემხედვარე ყიფიანმა ნაგანიდან მკერდში ოთხი ტყვია დაიხალა. იგი ძლივს გამოათრიეს სანგრიდან. საბედნიეროდ, ჭრილობები სასიკვდილო არ აღმოჩნდა. როდესაც პოლკოვნიკმა ჩხეიძემ მას ჰკითხა, რატომ მოიქცა ასე, ყიფიანმა უპასუხა: “ბატონო პოლკოვნიკო, მე ვერ შევასრულე თქვენი ბრძანება და ეხლა ყველას შეუძლია თქვას, რომ კაპიტან ყიფიანს ბრძოლაში ჯარისკაცები გამოექცნენ!”

ბრძოლაში დამატებითი ძალების ჩართვის მიუხედავად, რუსებმა ტაბახმელა ვერ აიღეს. სამაგიეროდ, შეავიწროეს ქართული ნაწილები სოღანლუღისა და ლილოს მონაკვეთზე. თბილისს ალყის საფრთხე დაემუქრა. ამის გამო მთავარსარდალმა დედაქალაქის დაცლისა და მთავრობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

იუნკრები ბრძოლის ველს ტოვებენ 

 

იუნკრებმა პოზიციების დატოვების თაობაზე ბრძანება 24 თებერვალს, ღამის 12 საათზე მიიღეს. მათ სამთავრობო მატარებლის დაცვა დაევალათ, რომელიც ბათუმისკენ მიდიოდა. გზაზე სრული ქაოსი სუფევდა. 25 თებერვალს ბოლშევიკებმა თბილისი დაიკავეს. XI არმიის სხვა ნაწილებთან ერთად საქართველოს დედაქალაქში შემოვიდა ბაქოს წითელ კურსანტთა პოლკიც, რომელიც პლეხანოვზე, ქართველ იუნკერთა სკოლაში განთავსდა.

ქართველი იუნკრები კი იმ დროს უკვე ბათუმში იყვნენ. ნოე ჟორდანიას მთავრობა ემიგრაციაში მიემგზავრებოდა. იუნკრებს გამოუცხადეს, რომ სურვილის შემთხვევაში საქართველოდან წასვლა მათაც შეეძლოთ. საბოლოოდ, მარტის მიწურულს, ქართველი იუნკრები ბათუმიდან გემით სტამბულში ჩავიდნენ, იქიდან კი საბერძნეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედრო სასწავლებლებში გადანაწილდნენ. მრავალმა მათგანმა გმირული კვალი დატოვა უცხო ქვეყნების ისტორიაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი