სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ადამიანი, როგორც ღირებულება ვაჟა-ფშაველასთან

ვაჟას  ს ა ნ ა თ ა

რაც შეეხება ქალთა კონკრეტულ სახეებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას პოემებში გვხვდება, მათი გალერეა მრავალფეროვანია. მასში გვხვდებიან ქალები – დიდი პიროვნებები, საკაცობრიო თვისებებითა და გრძნობით აღსავსენი და ასევე, ყოველდღიურ საზრუნავზე მზრუნველი, სულმოკლე, აწრიალებული, მოფუსფუსე და გამოჩენის მიმდევარი ქალები.

ვაჟასეულ ქალთა პირველ წყებაში საპატიო ადგილი დედებს აქვთ მიჩენილი: სანათას – პოემიდან „ბახტრიონი“ და გიგილას დედას – პოემიდან „გიგლია“.

დავიწყოთ სანათას დახასიათებით. პოემაში სანათას გამოჩენისთანავე იბადება კითხვა: ვინ არის ეს „ბერი დიაცი“, ცრემლი რომ „წინ უდგას გუბედა“, თემის ხელშეუხებელი ტრადიცია რომ ასე თამამად დაურღვევია, ქალისთვის დაუშვებელი მოვალეობა უკისრია: „მარტოს დაუკლავ საკლავი, თვითონვე უტყავებია“[1] და ხევისბერის მაგივრად მიცვალებულთ ამწყალობებს. შინაგანად ძლიერი ადამიანის გარდა, ამას ვერავინ ჩაიდენდა, თუნდაც ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში, როგორიც სანათას შემთხვევაშია: მამაკაცი რომ აღარაა დარჩენილი თემში მტერთან ბრძოლის შემდეგ („უკაცურთ კაცობა გვმართებს, მანამ სული გვჩრავ პირშია, ხატიც შეგვინდობს ცოდვასა…“[2]). ცხადია, სანათა, ჯოხს რომ ეყრდნობა „ხანხალით, ძალისძალითა“, სულიერად ჯერ კიდევ გაუტეხელია. ნაწარმოების კითხვისას თანდათან გვიმტკიცდება ეს აზრი: თურმე ეს ის ქალია, რომელსაც მტერთან ბრძოლაში დაეღუპა ქმარი; ის დედაა, შვიდი შვილი რომ დაზარდა, „შვიდივ ლომისა დარია“ და შვიდივე რომ დაიტირა ერთ დღეს („ორ კვირას საფლავებ ვთხარე იმათ თავშესაფარია“[3]); ის ხოშარელი დიაცია, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა თავისი სოფლის დაქცევა. ასეთი მძიმე, ტრაგიკული მდგომარეობიდან ადამიანის სულით დაცემამდე ერთი ნაბიჯიღაა, დარდი ახრჩობს სანათას, გულს იმჯიღავს, მწარედ მოთქვამს თვის სატკივარზე:

„დავკარგე ყველა თვისტომი,

ვინაც კი მყვანდა თავისა

………………………………………………..

რად გვინდა დედებს შვილები,

რაზე ვსწვალობდით, ნეტავი?

…………………………………………………

დღე მთელი, ხვალე მკვდარია,

მოვა წაიღებ უეცრად

სისხლისა ნიაღვარია

პირსისხლიანის მსინჯველი

შვილის, დუშმანიმც არია!“[4]

პირადი სატკივრის გარდა, სხვაც აწუხებს მოხუც სანათას, თავის დაღუპულ ქმარ-შვილთან ერთად ხოშარელთა ბედისწერასაც გლოვობს:

„როდემდის უნდა ვიბანოთ

სისხლით პირი და ხელები,

შვილთა მაგივრად დედებსა

ძუძუს გვიწოვდნენ გველები?

…………………………………………………….

ვაჰმე, გაგვიწყდა, აღარ გვყავს

ამ ფშავისხევის მცველები!“[5]

ეს უკვე აღარ არის ვიწრო, პიროვნული ტკივილი. ქვეყნის, ხალხის სატკივარზე მოთქმა და ვაებაა. თითქოს გულგატეხილია სანათა, თითქოს ყველასი და ყველაფრის რწმენაც დაკარგული აქვს, მაგრამ გამოჩნდება კვირია და მოაქვს ამბავი: თურმე ურჯულო თათრებზე საბრძოლველად ემზადებიან ქართველები („მთელი კახეთი ქცეულა ჩიქილამოხდილ ქალადა“[6]) და სანათა, ბედდამწვარი და მგლოვიარე, გასაოცარ ფერისცვალებას განიცდის: უკვე აღარ დასტირის მტერთან ბრძოლაში დახოცილ ქმარ-შვილს, რადგან მათ, როგორც ქვეყნისთვის თავგანწირულებს, სატირალი არაფერი სჭირთ („თუ ამამყრიდით მტრის ჯავრსა შვილთ არც კი მოვიგონებდი“[7]). ისევ მხნე და ძლიერია, რწმენაგაუტეხელი და იმედით სავსე:

„შენ გაუმარჯვე ჩვენს ჯარსა,

დავლათო ახმეტისაო“.

…………………………………………

„გვიშველე, ლაშარის ჯვარო,

დაგვჭირდა შენი თავია“.

………………………………………………………………….

„გვიჭირს და გამოგვაყენე

შეუმუსრავი ძალია!“[8]

ეს კი უკვე „ქართვლის დედის“ დალოცვაა და მოწოდება.

ასეთი ძლიერი და საინტერესო ხასიათი შექმნა ვაჟამ სანათას სახეში.

 

 

მაია იანტბელიძე

 

წყარო: მაია იანტბელიძის დისერტაცია

 

[1] ქართული პოეზია, ვაჟა-ფშაველა, 1977წ, გვ.335

[2] ქართული პოეზია, ვაჟა-ფშაველა, 1977წ, გვ.341

[3] ქართული პოეზია, ვაჟა-ფშაველა, IX, 1977წ, გვ.340

[4] ქართული პოეზია, ვაჟა-ფშაველა, IX1977წ, გვ.340

[5] ქართული პოეზია, ვაჟა-ფშაველა, IX, 1977წ, გვ.337

[6] ქართული პოეზია, ვაჟა-ფშაველა, IX, 1977წ, გვ.343

[7] ქართული პოეზია, ვაჟა-ფშაველა, IX, 1977წ. გვ.352

[8] ქართული პოეზია, ვაჟა-ფშაველა, IX, 1977წ, გვ.347-348

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“