პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
11 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

ვისაუბროთ ფოსფორზე

პატარა ვიყავი, როცა გალაკტიონის “მესაფლავე” ზეპირად ვისწავლე. ყველას უკვირდა, ამხელა ლექსი რამ გასწავლაო, ან რაღა მაინცდამაინც ეგ აირჩიეო, მე კიდევ მომწონდა რატომღაც, ნაღვლიანი და ლამაზი იყო.

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც… მომაბეზრე კიდეც თავი,
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.

ერთხელ, არდადეგებიდან დაბრუნებული, ჯერ კიდევ საზაფხულო განწყობაზე მყოფი, მეტროთი მგზავრობისას ორი ჩემი კბილა ბიჭის საუბარს შევესწარი. ერთი გაბღენძილი უყვებოდა მეორეს, სოფელში, ბებიასთან სტუმრობისას, შეღამებულზე ბავშვებთან ერთად როგორ მოუწია სასაფლაოსკენ გავლა და საკუთარი თვალით დაინახა, რომ ზოგიერთი საფლავიდან მანათობელი შუქი ამოდიოდა. ცოტა შევკრთი, მაგრამ ყველაზე ყოჩაღად მაინც მე მივდიოდიო. მერე ვაგონიდან გავედი და რით დასრულდა ეს ამბავი, ვეღარ გავიგე, მაგრამ ის მანათობელი შუქი გონებაში ჩამრჩა.
იმ პატარა ბიჭებისა არ მიკვირს – “უკანასკნელ ალქიმიკოს” ბრენდ ჰენინგსაც იგივე დაემართა. ის ფილოსოფიურ ქვას თავის ბიოლოგიურ სითხეში ეძებდა, რისთვისაც სითხეს დიდ კოლბაში (როგორც მაშინ უწოდებდნენ, რეტორტაში) ადუღებდა. უცებ მისი ნახევრად ჩაბნელებული, სარდაფის ტიპის ლაბორატორია განათდა და მხცოვანი ალქიმიკოსი გაოცებისგან მუხლებზე დაეცა – ხუმრობა ხომ არ იყო, ეს ფილოსოფიური ქვა ანათებდა ასე. აბა, სხვა რა უნდა ყოფილიყო? მოგვიანებით რობერტ ბოილმა ცდა გაიმეორა და შედეგები ანტუან ლორან ლავუაზიეს აცნობა, მან კი ახალაღმოჩენილ ელემენტს სახელი შეარქვა – ფოსფოროუს, მანათობელი.
ისე აეწყო, რომ ამ თვეში ელემენტებზე ვწერ და მოდი, ამჯერად ფოსფორზე ვისაუბროთ.
თუ ფაიფურის ჯამში ორ წილ ბერთოლეს მარილს (KClO3) და ერთ წილ წითელი ფოსფორის ფხვნილს მინის წკირით ფრთხილად ავურევთ, ძლიერ ფეთქებადი ნარევი წარმოიქმნება (მოსწავლემ ეს ცდა დამოუკიდებლად, ქიმიის მასწავლებლის გარეშე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაატაროს!). როდესაც პოპულარულ ლექციებზე ამ ექსპერიმენტს ვატარებ (უყვართ მოზარდებს აფეთქების ყურება და ეს ცდა ერთბაშად იპყრობს მათ გულს), შემდეგ ვამბობ, რომ მათ ეს რეაქცია იმ დილით უკვე ჩაატარეს, ამიტომ ასეთ ემოციას არ ველოდი. იწყება დისკუსია: სად ჩაატარეს აფეთქება? – სამზარეულოში. ერთნი მეუბნებიან, რომ ვხუმრობ, მეორენი დუმილს ამჯობინებენ და მხოლოდ უმცირესი, მესამე ნაწილი მპასუხობს, რომ სწორედ ეს რეაქცია უდევს საფუძვლად ასანთის ანთებას. ერთით ნული ქიმიის სასარგებლოდ. გამოდის, რომ ის ჩვენი ყოფის ნაწილია. თუმცა, ერთხელ, ერთი ბიჭი გამიჯიუტდა კიდეც – მითხრა, მე ასანთს არ ვიყენებ, გაზის სანთებელას ვხმარობო. გამოდის, ქიმია არ მჭირდებაო. ასეთ უწყინარ ახირებაზე კეთილად თუ გაგეღიმება. ერთ დღესაც მიხვდება ეს ბიჭი, რომ ცდება.

მაღალი ქიმიური აქტიურობის გამო ფოსფორი ბუნებაში თავისუფალი სახით არ მოიპოვება. მისი მნიშვნელოვანი მინერალებია: ფოსფორიტი (Ca3(PO4)2), ფთორაპატიტი (Ca5(PO4)3F), ქლორაპატიტი (Ca5(PO4)3Cl), ჰიდროქსიაპატიტი (Ca5(PO4)3OH) და სხვ. დედამიწის ქერქში ფოსფორის შემცველობა 0,12%-ია. ფოსფორი ნაერთების სახით შედის, მცენარეული უჯრედების, ადამიანისა და ცხოველების ძვლოვანი, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილების შემადგენლობაში.
ფოსფორის თერთმეტი ალოტროპიული მოდიფიკაციაა ცნობილი. მათი წარმოქმნა კრისტალურ მესერში ერთმანეთის მიმართ ატომების სხვადასხვაგვარი განლაგებით არის განპირობებული.
თეთრ ფოსფორს მოლეკულური კრისტალური მესერი აქვს, რომლის კვანძებშიც P4 ტეტრაედრული მოლეკულებია. აქ ფოსფორის ატომებს შორის ბმები ადვილად იშლება. სწორედ ამით აიხსნება თეთრი ფოსფორის მაღალი ქიმიური აქტივობა (ჰარზე თვითაალება 500C-ზე) და მიდრეკილება, შენახვისას უფრო სტაბილურ პოლიმორფულ მოდიფიკაციაში გადავიდეს: P (თეთრი) → P (წითელი). თეთრი ფოსფორი ძლიერი საწამლავია.
წითელი ფოსფორი პოლიმერული ნივთიერებაა. მიღების ხერხის მიხედვით, მას სხვადასხვა თვისება აქვს. ქიმიურად ნაკლებაქტიურია, აალდება 2500C-ზე, საწამლავი არ არის.
შავი ფოსფორი ნორმალურ პირობებში ყველა მოდიფიკაციაზე მდგრადია, გარეგნულად გრაფიტს ჰგავს, ნახევრადგამტარული თვისებები აქვს. აალდება 4000C-ზე ზევით გახურების დროს.
70 კგ წონის ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 780გ ფოსფორია. კალციუმის ფოსფატის სახით ის ადამიანისა და ცხოველების ძვლებში, ცილების, ფოსფოლიპიდების, ნუკლეინმჟავების შემადგენლობაში შედის. ფოსფორის ნაერთები ენერგეტიკულ ცვლაში მონაწილეობს (ადენოზინტრიფოსფორმჟავა – ატფ). ადამიანის ორგანიზმი დღე-ღამეში 1,2 გ ფოსფორს ითხოვს. მის უდიდეს ნაწილს ადამიანი რძისა და პურისგან იღებს. 100 გ პური დაახლოებით 200 მგ ფოსფორს შეიცავს. ფოსფორით განსაკუთრებით მდიდარია თევზი (180 მგ 100 გ პროდუქტში), ლობიო (540 მგ 100 გ პროდუქტში), ზოგიერთი სახის ყველი (600 მგ-მდე 100 გ პროდუქტში).

სწორი კვებისთვის აუცილებელია მოხმარებულ ფოსფორსა და კალციუმს შორის ბალანსის დაცვა. საკვებში ამ ელემენტების ოპტიმალური თანაფარდობაა 1,5:1. საკვებში ფოსფორის სიჭარბე ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვას იწვევს. კალციუმის სიჭარბის დროს ვითარდება შარდკენჭოვანი დაავადება.

ზოგჯერ ასეთი ექსპერიმენტითაც ვცდილობ ქიმიისკენ მოზარდების შემობრუნებას: აურიეთ ერთმანეთში 50 გ ძვლის ფხვნილი და 3-5 გ ცარცი, ნარევი სუფთა ქიმიურ ჭიქაში მოათავსეთ და ჩაამატეთ 20 გ 70%-იანი გოგირდმჟავა. ძვლისა და ცარცის ნარევს მჟავა თანდათან უნდა დაემატოს (მოსწავლეები ცნობისმოყვარეები არიან, ზედმიწევნით მოარიდეთ ისინი ჭურჭელს, სადაც გოგირდმჟავას ინახავთ!). მინის წკირით ენერგიული მორევის შედეგად ერთგვაროვან მასას მიიღებთ. იგი მალე გათბება და გარდაიქმნება ჯერ პასტად, მერე კი მშრალ თეთრ ფხვნილად – სუპერფოსფატად (CaH2(PO4)2). ქარხნებში კი ფოსფორის სასუქებს ფოსფორიტისა და აპატიტის მინერალებისგან ამზადებენ.
ზემოთ თეთრი ფოსფორი ვახსენე და ვთქვი, რომ მომწამლავია. მისი გამოყენება სასწავლო ექსპერიმენტებში დაუშვებელია. შენახვაც განსაკუთრებული სჭირდება – მის ნაჭრებს წყლიან ქილაში ინახავენ. ქილას კორპის საცობი მჭიდროდ უნდა ჰქონდეს მორგებული და, სასურველია, პარაფინითაც იყოს მორჩილული. უფრო უკეთესი კი, იცით, რა იქნება? სასწავლო ლაბორატორიაში თეთრი ფოსფორი საერთოდ რომ არ იყოს. სამხედრო საქმეში მას იყენებენ ფოსფორის ბომბის სახით, თუმცა ამ იარაღის გამოყენება დღეს აკრძალულია.
საინტერესოა ფოსფორის გაზისებრი ნაერთი წყალბადთან. ჰაერზე ადვილად აალდება. სხვათა შორის, ერთი ფრანგი მეცნიერი მუშაობდა ფოსფორთან. ეს ის დრო იყო, როცა ცდების დროს თავს სათანადოდ ჯერ კიდევ არ იცავდნენ და გაზისებური სახით გამოყოფილი ფოსფორით მეცნიერს ტანსაცმელი ეჟღინთებოდა და ღამით, შინ დაბრუნებისას, ჩაბნელებულ ქუჩებში მიმავალი, მოცისფრო-მომწვანოდ ანათებდა. გამვლელები სახადივით ერიდებოდნენ, რადგან იმქვეყნიური არსება ეგონათ. მეტსახელიც შეარქვეს – “მანათობელი ბერი”.
ამგვარი მისტიკური სინათლე დაჭაობებულ ადგილებსა და ახალ საფლავებზე შეიმჩნევა. ეს წყალბადთან ფოსფორის გაზისებრი ნაერთი “იწვის”, რომელიც ორგანიზმების რხწნის შედეგად გამოიყოფა. სწორედ ეს “სინათლე” დაინახა სოფელში ჩემმა “მეტროს” ბიჭმა.
რატომ დამაწყებინა ამ წერილში საფლავებსა და სიკვდილზე საუბარი, არ ვიცი. სულ ფოსფორის ბრალია! აი, იმ ფოსფორის, მენდელეევის ელემენტთა პერიოდული სისტემის მეხუთე ჯგუფის მთავარ ქვეჯგუფში რომ დაუდვია ბინა, ატომური ნომერი 15 და ატომური მასა- 30,973 რომ აქვს.
სიკვდილი ადვილია, ცხოვრებაა ძნელი, რთული და ღირსეულად გასავლელი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველა ზრდასრული ადამიანი ერთხელ მაინც დაფიქრებულა სიკვდილზე.
ასე ხდება ქვეყანაზე – ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშივ ავიწყდება…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ქიმიური იარაღი

სატურნის სული

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“