ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

დღის ჩანაწერი წერის სწავლებისთვის

წერის სწავლება რთული პროცესია, თუმცა, ჩემს პედაგოგიურ გამოცდილებაზე დაკვირვებით, არ მყოლია მოსწავლე, რომელსაც აზრის წერილობით ჩამოყალიბება არ შესძლებოდეს. ეს იმედით მავსებს და გამუდმებით ვცდილობ, დაწყებითი საფეხურიდანვე  მრავალფეროვანი ინსტრუქციები შევთავაზო ბავშვებს.  ერთ-ერთი წერითი დავალება, რომელიც მათ მთელი გულით შეიყვარეს, დღის ჩანაწერებია.

ნებისმიერი ფორმის წერილობითი აქტივობის შესრულებისას თანმიმდევრულად ვიმეორებ რამდენიმე ეტაპს, კერძოდ:

  1. ინსტრუქციის მკაფიო განმარტება;
  2. მოდელირება – ინსტრუქციის მიხედვით მათ თვალწინ, ზოგჯერ კი წინასწარ, თავად ვწერ დავალებას და ხმამაღლა ვუკითხავ;
  3. შემდეგ თავად წერენ და საკუთარ ნაშრომს კლასის წინაშე კითხულობენ;
  4. ყურადღებიან მოსმენაში მოკლე ჩანაწერები მეხმარება – დღიურში ვინიშნავ საკვანძო სიტყვებს, რომელთა შესახებ განმავითარებელ კომენტარს ხმამაღლა ვამბობ და სახალისო ვიქტორინასაც ვთავაზობ;
  5. თითოეული მოსწავლის ნაშრომში ყოველთვის მოიძებნება ისეთი აზრი, წინადადება ან სიტყვა, რომელიც აღნიშვნასა და წახალისებას იმსახურებს;
  6. რედაქტირება – ორთოგრაფიასა და პუნქტუაციაზე მუშაობაც სახალისო და შედეგიანია, თუ ის ზემოთ აღწერილი პროცესის ნაწილად იქცევა;
  7. კლასში მუშაობის შემდეგ საშინაო დავალების შესრულების – ინსტრუქციისთვის დამოუკიდებლად თავის გართმევის – დრო დგება;
  8. საშინაო დავალებას ზოგჯერ ხმამაღლა კითხულობენ კლასში, ზოგჯერ კი მათ რვეულებს ვაგროვებ და ნაშრომის ქვეშ განმავითარებელ კომენტარებს ვუტოვებ. ამგვარი წერილობითი თუ სიტყვიერი მიმოცვლის უწყვეტი პროცესით წერის სწავლების ახალ ეტაპზე გადავდივართ. ხშირად ჩემ მიერ დაწერილი განმავითარებელი კომენტარები დღის ჩანაწერებად გადაიქცევა ხოლმე.
  9. დროდადრო მოსწავლეების წერილობით ნამუშევრებს ბლოგზე ვაქვეყნებ, რაც მათ მოტივაციას მატებს. ბოლო დროს კი უფროსკლასელებსა და უმცროსკლასელებს ერთმანეთის საშინაო დავალებების წაკითხვისა და კომენტარების დაწერის საშუალებას ვაძლევ.

ყოველდღიური მუშაობა გარკვეული ხნის შემდეგ შესანიშნავ შედეგს იძლევა. ინსტრუქციის გაგება-შესრულებაშიც იწაფებიან და თავადაც უჩნდებათ კლასელებისთვის წერილობითი დავალებების მოფიქრების სურვილი.

დღის ჩანაწერის დადებითი მხარეები

ბავშვებისთვის სასიამოვნოა საკუთარ გამოცდილებაზე, ემოციებსა და დაკვირვებებზე წერა. ამგვარად მასწავლებლებს მათი შინაგანი სამყაროსა და ფიქრების გაცნობა შეგვიძლია. ხშირად ისეთ დეტალებს ტოვებენ წინადადებებს მიღმა, რომლებიც გვაფხიზლებს, ქმედებისკენ გვიბიძგებს. მათ სამყაროს კიდევ უფრო ვუახლოვდებით. დღის ჩანაწერთან ერთად იზრდებიან და ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა დაკვირვებისთვის, მაგალითად, თანდათან იყენებენ მხატვრულ ხერხებს, პარალელებს ავლებენ წიგნებსა და ფილმებთან. დღის ჩანაწერით სამყაროზე დაკვირვებას ეჩვევიან და ესთეტიკური აღქმაც უფაქიზდებათ.

ინსტრუქცია

პირველ ხანებში ხშირად ამბობენ, რა დავწეროთ, არ ვიცითო, ამიტომ ინსტრუქციას ვაძლევ, მაგალითად:

  1. რას ვხედავ?
  2. რას ვგრძნობ?
  3. რა მესმის?
  4. რას ვფიქრობ?
  5. გაიხსენე დღის ერთი ამბავი.
  6. დასვი ერთი კითხვა.

თავდაპირველად დღის ჩანაწერს ამ ქარგის მიხედვით ვწერთ, მერე და მერე კი დაწვრილებითი მითითებები აღარ სჭირდებათ. თუკი ქარგას დავაკვირდებით, ადვილი ამოსაცნობია ჩემი მასწავლებლური ჩანაფიქრი, კერძოდ, ხედვა, შეგრძნება, სმენა, ფიქრი – ამ ყველაფერზე წერა მათ საკუთარი სივრცის აღქმას ასწავლის.

დღის ამბის გამოკვეთაც, ერთი შეხედვით, მარტივია, მაგრამ თავდაპირველად ძალიან უჭირთ. ამბობენ, რომ არაფერი მომხდარა. არადა, ყოველდღიურობა, ჩვეულებრივ დღეებს რომ ვეძახით, სავსეა ამბებით.

კითხვის დასმა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია. დღის ჩანაწერში ეს პუნქტი წიგნ „გედის საყვირის“ გამო გაჩნდა. სემ ბივერი, მთავარი პერსონაჟი ბიჭი, დღიურს წერს და ყოველი ჩანაწერის ბოლოს კითხვებს სვამს. კითხვის დასმით ბავშვის ცნობისმოყვარეობას გავააქტიურებთ და სააზროვნო უნარების განვითარებაში დავეხმარებით.

მეტი სიცხადისთვის დავიმოწმებ ერთ-ერთ გაკვეთილზე მოდელირებისთვის დაწერილ ჩემს დღის ჩანაწერს:

„ცაზე ვარსკვლავებია, ჰაერში – სუსხი. ზამთრის პირმა მოატანა. აცივდა. დღეს ჩემი ძმის საყვარელ მუსიკას ვუსმენდი. ზუსტად იმ დროს, როცა მე ზურაზე ვფიქრობდი, ფანჯარასთან თეთრი მტრედი მოფრინდა. ვიფიქრე, რომ ზურა მოვიდა. ამ ბოლო დროს ვფიქრობ, ადამიანების სულები პეპლებად და ჩიტებად ხომ არ გვევლინებიან.

ვგრძნობ, რომ მისმენთ და მიხარია. ვხედავ კომპიუტერის ეკრანზე აფერადებულ ფარდას, რომელსაც მე და ჩემი შვილები რაჭაში ნაჭრის საღებავებით წელიწად-ნახევარი ვხატავდით. ასე რომ, ჩემ უკან ამბავი კიდია. ამბავს ვხედავ.

რატომ არის ფიფქი მსუბუქი?“

შესაძლოა, დღის ჩანაწერის ქარგა პერიოდულად განახლდეს, მაგალითად, დავწეროთ, როგორი ამინდია, რა გაგვიხარდა ყველაზე მეტად, რა გვეწყინა, ვინ გვენატრება, რას ვკითხულობთ და ვუყურებთ…

მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ავუხსნათ, რომ აუცილებელი არ არის, ყველა კითხვას უპასუხონ ან თანმიმდევრობა დაიცვან. დღის ჩანაწერის ქარგა წერის დროს ჩვენი ფიქრების მამოძრავებელ ძალად უნდა იქცეს. მან არ უნდა შეგვაფერხოს. ასევე, ზოგჯერ ვწერთ პერსონაჟის დღის ჩანაწერებს, რაც სიუჟეტის გააზრებასა თუ პერსონაჟის ხასიათზე საკუთარი მოსაზრების გამოთქმაში გვეხმარება. ისტორიული გმირების დღის ჩანაწერებიც დაგვიწერია, მაგალითად, მეოთხეკლასელებმა სამასი არაგველის დღის ჩანაწერები დაწერეს.

გიზიარებთ ბლოგზე გამოქვეყნებულ დღის ჩანაწერებს, რომელთა ავტორებიც მეოთხეკლასელები არიან.

https://comreadspress.wordpress.com/2023/03/12/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a9%e1%83%90/

ეს დავალება ჩემთვისაც დაუვიწყარი აღმოჩნდა. მახსოვს, თითოეულის ჩანაწერიდან სახალისო ვიქტორინისთვის რა ჩავინიშნე. 10 წლის გოგო-ბიჭებმა  ყოველდღიურობა გულწრფელად და მრავალფეროვნად წარმოაჩინეს. ტყუპების – დათოსა და თაკოს – სახლში დედა ნამცხვარს აცხობს; ნიკოლოზი პატარა ძმას ეთამაშება და სიხარულისგან გავგიჟდიო, წერს; ცოტნე გამათბობელზე ჩამოსკუპებულ ღუნღულა მტრედს აკვირდება; ბარბარე ლიტერატურულ კაფესა და დაბადების დღეს ელოდება; დათუნა მამას საშაურმეში მიჰყავს; გაბრიელი მეგობრის შესახებ წერს, ისეთი თვალებით მიყურებს, ვიცი, მატყუებსო; ანდრია „ჰარი პოტერს“ კითხულობს და თვითმფრინავის გრძელ კვამლს ხედავს; თვითმფრინავი კიდევ ერთი ნიკოლოზის ჩანაწერშიც გაიელვებს; სოფო წიქარას წიგნზე ოცნებობს; სალომე რაღაცას ძერწავს, ჯერ არ გეტყვით, ხვალ გაჩვენებთო, და დაფაზე ახლაც გვაქვს გაკრული მისი გამოძერწილი ლოკოკინა, რომელსაც იაკობ გოგებაშვილის საინფორმაციო ტექსტში ორაგულები შავ ზღვაში თქვლეფენ; ნუცა მუსლიტერატურის მასწავლებელს მოწიწებით უსმენს; დაჩი ხაშურში მიდის და საღამოს ძაღლთან ერთად მთვარეს უყურებს; დემეტრე ცხრა ძმის მონუმენტის სანახავად მარაბდაში მიჰყავთ; ლიზის მამა და დაიკო ოლიმპიადაზე საუბრობენ; გოგა სალიტაზე დარდობს, რატომ არ დადის სკოლაშიო; თამარი უფროს ძმებზე წერს, ბრდღვიალა თვალებით მიყურებენო; საბა აზრებს ემშვიდობება; მეორე საბას დავალება არ აქვს და სანამ სხვები კითხულობენ, კლასის ამბებს დღის ჩანაწერში აღწერს.

ამგვარად, დღის ჩანაწერი წერის სწავლების ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად იქცა და ბავშვები უფრო ვრცელი წერილობითი ტექსტების წერისკენ სიხარულით მიჰყავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“