კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

ჟურნალ “მასწავლებლის” 2023 წლის მესამე ნომერი გამოიცა!

ჩვენი ჟურნალის გარეკანზე შეამჩნევდით მასწავლებელს, რომლის ფიქრი ასე იკითხება: „რას ვეუბნებით ბავშვებს ისეთს, რაც წლების შემდეგაც ემახსოვრებათ?“

ჩვენს პროფესიაში ეს მართლაც საფიქრალი ამბავია. მეტიც, მასწავლებლის დანიშნულებაცაა.

გადავწყვიტე, რედაქტორის წერილში ამჯერად სხვისი წერილი გამეხსენებინა, უფრო სწორად, რამდენიმე ამონარიდი ამ წერილიდან.

აბრაამ ლინკოლნი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო ქვეყნისთვის ძალიან რთულ დროს. ის იყო პირველი პრეზიდენტი, რომელიც მოკლეს. მასზე საუბარი დიდხანს შეიძლება, მაგრამ, მოდი, დავუბრუნდეთ წერილს, რომელიც მან შვილის მასწავლებელს მისწერა:

„…მესმის, მან აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ყველა ადამიანი გულწრფელი და სამართლიანი არ არის, მაგრამ გთხოვთ, ისიც ასწავლოთ, რომ ყოველ გარეწარზე თითო გმირი მოდის, ხოლო ყოველ ეგოისტ პოლიტიკოსზე – თითო თავდადებული ლიდერი.

ასწავლეთ, რომ სადაც მტერია, იქ მეგობარიც გამოჩნდება. ვიცი, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ თუ შეძლებთ, იქნებ ასწავლოთ, რომ ერთი ნაშოვნი დოლარი სჯობია ხუთ ნაპოვნს. ასწავლეთ წაგების მიღება და გამარჯვებით ტკბობა.

თუ შეძლებთ, მოაშორეთ შური, ასწავლეთ ხმადაბალი სიცილის საიდუმლო. მიეცით საშუალება, თავიდანვე შეიგნოს, რომ ტრაბახა და თავკერძა ყველაზე იოლი დასამარცხებელია და თუ შეძლებთ, დააინტერესეთ წიგნებით…

მიეცით თავისუფალი დრო, რომ იფიქროს ცაში მონავარდე ჩიტებზე, მზის სხივებში გახვეულ ფუტკრებზე და ყვავილებზე, რომლებიც კლდეებზეც კი ხარობენ.

ასწავლეთ, რომ დამარცხება გაცილებით საპატიოა, ვიდრე თაღლითობა. ასწავლეთ, სჯროდეს საკუთარი აზრებისა და იდეების მაშინაც კი, როცა ეუბნებიან, რომ ცდება… ასწავლეთ, იყოს რბილ ადამიანებთან რბილი და ხისტებთან – ხისტი.

ეცადეთ, შეასმინოთ ჩემს ვაჟს, რომ არ აჰყვეს ბრბოს ფეხის ხმას… ასწავლეთ, მოუსმინოს ყველას, თუმცა ასწავლეთ ისიც, რომ ყველაფერი, რასაც მოისმენს, შეაფასოს ჭეშმარიტების კუთხით და დაიტოვოს გაგონილიდან მხოლოდ საუკეთესო.

თუ შეძლებთ, ასწავლეთ, იცინოს მაშინ, როცა დარდიანია… ასწავლეთ, რომ ცრემლებში არაფერია სამარცხვინო. ასწავლეთ, დასცინოს ცინიკოსებს და ერიდოს ზედმეტად უგემოვნოებს…

ეს ადვილი საქმე არ არის, ვიცი, მაგრამ სცადეთ… ჩემი ვაჟი ხომ ისეთი კარგია!“

წერილი 1855 წელს დაიწერა, მაგრამ, როგორც ჩანს, არსებობს მარადიული ღირებულებები და აღზრდასთან დაკავშირებული მარადიული დილემები, რომელთა გადაჭრას ჩვენ, მასწავლებლებს გვანდობენ.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნან მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები: 

მაია ჯალიაშვილი, მაია ფირჩხაძე, თინათინ ზარდიაშვილი, ანა ღვინიანიძე, თამთა კობახიძე, ლევან ალფაიძე, ცირა ბარბაქაძე, ქეთევან კობალაძე, ლელა კოტორაშვილი, თემურ სუყაშვილი, ქეთევან ოსიაშვილი, მარიამ ჯამდელიანი, ნინო ლომიძე, ქრისტინე სურგულაძე, ქეთევან კუპატაძე, ირმა ტაველიძე, ნასტასია არაბული, დიანა ანფიმიადი, ირმა კახურაშვილი

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

ჟურნალი “მასწავლებელი” #3 2023

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი