ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

სპორტის მასწავლებლები სკოლებში სპორტის სწავლებაზე

დაახლოებით სამი წლის წინ ბრაზილიის პარლამენტმა სპორტის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აღიარა და საჯარო სკოლებში მომუშავე სპორტის მასწავლებლების ხელფასი ლიცენზირებული “ბ” კატეგორიის მწვრთნელებისას გაუტოლა. ასეთსავე კანონზე მუშაობენ არგენტინასა და ესპანეთში. რეალობა თვალნათლივ გვაჩვენებს, რომ სკოლის ასაკიდანვე სპორტის სწავლება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პრიორიტეტული გახდა და სპორტის მასწავლებლებს ამ ქვეყნებში აფასებენ.

ქართულ საჯარო სკოლებში მოღვაწე სპორტის მასწავლებლების უმრავლესობა აღიარებს, რომ სპორტი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად პოპულარული სასკოლო საგანია და ამის მთავარ მიზეზად მასწავლებელთა მოტივაციის სიმცირეს ასახელებენ. სპორტის მასწავლებელი ელგუჯა ჯანელიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში სპორტის მასწავლებლის ხელფასი სხვა მასწავლებლებისაზე გაცილებით ნაკლებია და ასეთი ანაზღაურებით ძნელია, მასწავლებელს განსაკუთრებული შედეგები მოვთხოვოთ.

ელგუჯა ჯანელიძე, პედაგოგი: “ალბათ, დიდი აღიარება არ სჭირდება იმას, რომ სკოლებში სპორტის გაკვეთილები არ ტარდება და სადაც ტარდება, ვერც იქ არის სასურველი დონისა და ხარისხის. ამაში ჩვენი, სპორტის მასწავლებლების, ბრალიც დიდია, მაგრამ მე ჩემი კოლეგებისაც მესმის. ძალიან ძნელია, 150 და 200 ლარზე მომუშავე პედაგოგს მნიშვნელოვანი სტიმული შეუქმნა, მით უმეტეს, როდესაც იგი ხედავს მისი საგნისადმი მოსწავლეებისა და მშობლების, ცოტა არ იყოს, აგდებულ დამოკიდებულებას… იყო შემთხვევა, როდესაც მოსწავლეს დამსახურებულად დავუწერე დაბალი ნიშანი და ამის გამო მეორე მოსწავლის მშობლისგან დიდი შეურაცხყოფის ატანა მომიხდა. მშობლებს ჰგონიათ, რომ სპორტი ნაკლებად მნიშვნელოვანი საგანია და მათ შვილებს, იმსახურებენ თუ არა, ყოველთვის კარგი ნიშანი უნდა ეწეროთ. ზოგიერთმა მასწავლებელმა ვერ გაუძლო ასეთ წნეხს, დათმო და იმ ნიშნებს წერს, რასაც მშობლები სთხოვენ. ჩემგან ასეთი რამ გამორიცხულია. სამწუხაროდ, ჩვენში ბევრმა არ იცის პრინციპულობის ფასი”.

საქართველოს საჯარო სკოლებში მოღვაწე სპორტის მასწავლებლები, გარდა ანაზღაურების სიმცირისა, სპორტული ინვენტარის უქონლობასაც უჩივიან. საჯარო სკოლებში სპორტული ინფრასტრუქტურის მხრივ რომ მართლა დიდი პრობლემებია, ეს სპორტის ექსპერტებმაც დაგვიდასტურეს. სპორტის მასწავლებლები კი ირწმუნებიან, რომ დღეს ქართული საჯარო სკოლების უმრავლესობაში არსებული ინფრასტრუქტურა ძველი და ამორტიზებულია; ის კი არა, ისეთი სკოლებიც არსებობს, რომლებსაც არათუ სათანადოდ აღჭურვილი სპორტული დარბაზი, უბრალო სავარჯიშო თოკიც კი არ გააჩნია.

ევგენი ოზეროვი, ყოფილი ფიზკულტურის მასწავლებელი: “სკოლიდან სამი წლის წინ წამოვედი, თუმცა საკუთარი ინიციატივით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ბავშვებს მძლეოსნობაში ვავარჯიშებ და, შეიძლება ითქვას, პედაგოგიურ მოღვაწეობას საზოგადოებრივ საწყისებზე ვაგრძელებ. ჩვენი ქვეყნის სკოლებში სპორტის სწავლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დაწვრილებით სასაუბროდ ალბათ რამდენიმე დღე დამჭირდება, ამიტომ მოკლედ გეტყვით – ეს სფერო თავიდან ბოლომდე მისახედია!

დავიწყოთ იმით, რომ სკოლების აბსოლუტურ უმრავლესობას ვარჯიშისა და მომზადების არავითარი პირობა არ გააჩნია. სპორტული დარბაზები მართლაც ბევრ სკოლაში გააკეთეს, რისთვისაც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მაგრამ მხოლოდ ესაა საქმე?! იმ დარბაზში აუცილებლად უნდა იდგეს მინიმუმ ორი სპორტული ტაიჭი, უნდა იყოს მინიმუმ სამი კალათბურთის ბურთი, ამდენივე ხელბურთის ბურთი, რამდენიმე მძლეოსნობის ჭოკი, ბადეები და ბაგირები, რათა ბავშვებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში თანაბარი დატვირთვით ივარჯიშონ და ეს მათთვის გართობაც იყოს. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ფუფუნებაა ჩვენი ქვეყნის სკოლებისთვის.
ამას წინათ ჩემთან უფასო ჯგუფში სავარჯიშოდ მოვიდა 13 წლის ბიჭი, რომელიც სიგრძეზე არასოდეს გადამხტარა. არადა, წესით, სწორედ მის ასაკში უნდა ყალიბდებოდნენ ბავშვები სპორტსმენებად.

ამ ყველაფერში ზოგიერთი სპორტის მასწავლებლებს ადანაშაულებს, რაც მცდარი შეხედულებაა. ეს სიტუაცია ძალიან მაგონებს ცნობილ ანეკდოტს – ქუთაისელ ბავშვებს რომ დაჰპირდებიან, თუ კარგად მოიქცევით, აუზში წყალსაც ჩაგისხამთო…”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ხელისუფლება პედაგოგების ხელფასების გაზრდას გეგმავს. ეს პერსპექტივა სპორტის მასწავლებლებსაც უჩენს მომავლის იმედს. ისინი იმედოვნებენ, რომ მათი ხელფასების ზრდას სპორტული ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესებაც მოჰყვება, რადგან ხარისხიანი მოედნები და დარბაზები არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა.

სლავა ცეცხლაძე, სპორტის მასწავლებელი: “ალბათ გახსოვთ, ამ სამი წლის წინ რა უბედურებაც დატრიალდა თბილისის ერთ-ერთ ახალაშენებულ მინი სტადიონზე – სტადიონის რკინის კარი კარგად არ იყო დამაგრებული, ბავშვები თამაშობდნენ, ბურთის ძლიერი დარტყმისგან კარი წამოიქცა, 10 წლის გიორგი ქინქლაძეს დაეცა და ადგილზე მოკლა. არ ვიცი, ამისთვის ვინმეს პასუხი მოსთხოვეს თუ არა, მაგრამ ფაქტია, ასეთი საშინელება არც ერთ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს. თან რა სიმბოლურია, რომ გარდაცვლილი ბავშვი უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის სეხნია და მოგვარე იყო. ვინ იცის, მისი სახით ქართულმა სპორტმა ახალი გიორგი ქინქლაძე დაკარგა… ეს მავანთა უყურადღებობისა და უპასუხისმგებლობის გამო მოხდა.

შვიდიოდე წლის წინ ამსტერდამში მომიწია ჩასვლა და გაოცება ვერ დავმალე, როდესაც “აიაქსის” ცნობილი საფეხბურთო სკოლა ვნახე. ჰოლანდიელები მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური შედეგების მიღებას ახერხებენ და ამას სახელმწიფოს დაუხმარებლად აკეთებენ. ნიდერლანდებში კარგად იციან, რა ფაქიზია ბავშვის ორგანიზმი და ყოველი გაკვეთილის დაწყებამდე და გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეებს ექიმი სინჯავს. ამ გზით მრავალ პრობლემას იცილებენ თავიდან. თანაც მთავარმა მწვრთნელმა დაწვრილებით იცის, რა ფიზიკურ კონდიციას ფლობს ესა თუ ის მოზარდი და რა კუთხით სჭირდება განვითარება. უხარისხო მოედნებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია… ზოგიერთ სკოლას ისეთი სტადიონი აქვს, ჩვენთან ბევრ უმაღლესი ლიგის გუნდს რომ არც კი დაესიზმრება”.

როგორც უკვე ითქვა, საქართველოს საჯარო სკოლებში სპორტის სწავლების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა მოსწავლეებისა თუ მასწავლებლების მიერ გაკვეთილების გაცდენა. სპორტის მასწავლებლები ჩვენთან საუბარში აღიარებენ, რომ ზოგიერთი მათი კოლეგა მართლაც ხშირად გაურბის პასუხისმგებლობას და ბავშვებს ამა თუ იმ საბაბით გაკვეთილებს არ უტარებს. თუმცა პედაგოგები იმასაც ამბობენ, რომ ბევრ ენთუზიასტ მასწავლებელსაც გაუქრა ხალისი, რადგან მოსწავლეები “შატალოზე” ხშირად სწორედ სპორტის გაკვეთილების დროს მიდიან და ეს სხვა საგნების გაცდენაზე “ნაკლებ დანაშაულად” მიიჩნევა.
საქართველოს საჯარო სკოლების სპორტის მასწავლებლები თანხმდებიან, რომ მათ საგანთან მიმართებით ბევრი რამ არის შესაცვლელი, თუმცა უმთავრეს პრობლემად ხელფასების სიმცირესა და სპორტული ინვენტარის უხარისხობა-უქონლობას ასახელებენ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი