პარასკევი, სექტემბერი 29, 2023
29 სექტემბერი, პარასკევი, 2023

SOS – Save Our Stories!

***

ერთი გამძლე პალტო მაქვს, მეორე წიგნის ჰონორარით ნაყიდი. არ ვიცი, პალტო რამ მაფიქრებინა, თუ გალაკტიონი არ მყავდა შეჩენილი. ამბავი უფრო ისაა, რომ ჯიბეები სამი წლის მერე აღმოვაჩინე. ჰო, გალას ეს არ დაემართებოდა, არაფრით!

***

მოხუცს ახალგაზრდა ქალი მოჰყვა ექიმთან, შენ აქ დამელოდე და რეგისტრატურაში მე გავარკვევ ყველაფერსო. მეორე მოხუცი მარტოა მოსული, გვერდით მიუჯდა და ეკითხება:

– ეგა გოგოა შენი თუ რძალი? როგო დაგტრიალებს!

***

დილანის ფოტოს ვეძებთ, ჩარჩოში გვინდა ჩავსვათ. სადაც იდო, იქ არ დაგვხვდა. სადაც ადრე იდო, არც იქ. შეეშევი, უჟმურია, მეუბნება ლევანი. კაცი ნობელის გადასაცემად ვერ იპოვეს და ახლა ჩარჩოში ჩასასმელად გამოგვეცხადება, ვპასუხობ მე. არადა, კარგი ფოტოა.

***

აკა მიყვარს, მაგრამ მუსია უფრო. ეგაა ნაღდი ლიტერატურა, როდესაც მწერალზე მეტად პერსონაჟი გიყვარდება.

***

ამ ყინვაში ერთი ბიჭი მოკლესახელოებიანი მაისურით დადის ჭავჭავაძეზე. დღეს ჩაის მაღაზიაში შევედი და თურმე იქ მუშაობს კონსულტანტად. ხან ერთი ჩაი მირჩია, ხან მეორე. მეთქი, თქვენ რას სვამთ, თქვენ. რატომ მეკითხებითო. შუადღეს ჭავჭავაძეზე დაგინახეთ-მეთქი. გასაგებიაო, გაეღიმა. ჩაი კი ნამდვილად კარგი გვაქვს, მაგრამ ვერ შეგპირდებით, რომ ზამთარში მაისურით არ შეგცივდებათო.

***

ჩვენი სოფლის ფოსტალიონი ველოსიპედით ჩამოივლიდა ხოლმე და ჭიშკრის ხვეულში გაარჭობდა გაზეთებს. თუ დაიძახებდა, ესე იგი დეპეშა იყო მოსული ან პენსია. მე განსაკუთრებით ხონის გაზეთი მიყვარდა, სადაც პირველ გვერდზე ასეთ რამეს ამოიკითხავდით: „ხონის ცენტრში ურცხვად დათარეშობდა ჯ.ბ.-ის ღორი თავისი გოჭებით.“

***

იმერეთში თუ მაღაზიისკენ მიმავალ მეზობელს ბავშვები დიდხანს გაუბამენ ლაპარაკს, დროულად უნდა მიაძახო  – ჰე, ბაღნებო, გოუშვით ახლა და ჩამეიარს კიდო! მერე მეტი დამაჯერებლობისთვის მეზობელსაც უნდა ჰკითხო –  ხო ჩამეიარ ისევლე იქითობისას? იმანაც უნდა გიპასუხოს  – ა, პესოკს ვიყიდი და ჩამევიარ, აბა, რას ვიზამ!

 

***

მატასიმ ხვალ ტესტს ვწერთ იმერეთზეო. მეკუთხია რომ ვარ, დავჯექი და განსაკუთრებულად ვამეცადინე. ყოველ დაყოვნებულ პასუხზე მამაჩემის ინტონაციით ვეუბნებოდი –  კარგი, ბაბუ, ახლა! ეს კი უნდა იცოდე იმერელმა გოგომ!

***

დედაჩემს აეროპორტის ძველ ამბებს ვაყოლებ და სადისპეტჩეროს ერთ თანამრშომელზე მეუბნება, სამსახურიდან იმიტომ გაუშვეს, მითითებების გარდა, პილოტებს სხვა რაღაცებსაც ელაპარაკებოდა და ეთერს ანაგვიანებდაო. წარმოიდგინეთ, თქვენს საქმეშიც რომ არ შეიძლებოდეს მიდებ-მოდება, რამდენი დრო გამოგითავისუფლდებოდათ.

***

– ელე, გაუხარდა მატოს, შენ რომ მიაკითხე სკოლაში?

– არ ვიცი, დავურეკე, მოვედი-მეთქი და ვერ მიცნო. თურმე ჩემი ნომერი არ უწერია.

სხვადასხვა ათასწლეულში დაბადებული დები.

***

ჯონ მაქსველ კუტზეე ამბობს, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ ყველა ურთიერთობა სერიოზულია, გულის შეტევისა არ იყოსო. ანჟელიკ კუტზეე კი გვაფრთხილებს, რომ ომიკრონი გარკვეული ასაკის აუცრელ პაციენტებთან უფრო მძიმედ წავაო.

დავუჯეროთ სამხრეთაფრიკელებს, ან ასეც შეგვიძლია ვთქვათ  – მწერლებსა და ექიმებს.

***

ფანჯრიდან გავიხედე, კაცი მომესალმა მანქანიდან. არ მეცნო, ალბათ ხშირად დადის ამ გზაზე. როდესაც წითელი ანთია, მეც ხშირად ვაკვირდები მძღოლების ჟესტებს, უნებისყოფოთა ამოსაცნობად. ისინი კიდევ ჩვენი კორპუსისკენ იყურებიან, თითქოს უმისამართო მზერით. ზოგი ისე გაერთობა ხოლმე, უკან მდგომის სიგნალი აფხიზლებს. ასეთია შუქნიშანთან ცხოვრება.

**

გუშინ ჯგუფურ ჩატში ამ მძიმე დროისა ვთქვით და მერე ერთმა მეგობარმა მოიწერა, ჩვენ ხო ვიცით, რისი გამკეთებლები ვართ ერთმანეთისთვის და ჰოდა, ეს გვიხაროდესო.

***

მახსოვს, პირველი ორსულობის დროს ოცი კილო მოვიმატე. მეშვიდე თუ მერვე თვეში ახალი პალტოს შეკერვა მოვინდომე. სულ იმის წარმოდგენაში ვიყავი, გავაჩენ, წონას მალევე დავიკლებ და გამოვეწყობი-მეთქი. ამოვარჩიე რედაქციაში ერთი კოხტა თანამშრომელი, შენს ზომაზე უნდა შევაკერინო-მეთქი და მთელი შემოდგომა „პრიმერკებზე“ ვატარე. მოაზომებდა მკერავი დაბლანდულ პალტოს, ამოვუდგებოდი სარკესთან ზურგს უკან, საყელოს გავუსწორებდი და ეგეთი ვიყავი-მეთქი, ვიტყოდი. განა მართლა პალტოს დარდი მქონდა, გოგოობას ვერ ველეოდი.

***

– კი, მაგრამ ეს არ არის ფოტინია, მაგნოლიაა.

– შენ რომელი გინდა? ფოტინია-მაგნოლიაა ეს!

ისევ ჩემს ძვირფას მეგრელ მენერგეს მოვაკითხე.

***

ჩვენი უბნის სასურსათო მაღაზია რამდენიმე კვირის წინ დაკეტეს, გავარემონტებთ და ისევ გავხსნითო. კარგი საქმეა, აბა, თქვენ იცით-მეთქი. გავხედე წეღან ქუჩის მეორე მხრიდან და  ძველის ნაცვლად „სპარი“ გაუხსნიათ. შორიდანვე შევიცხადე: ვაიმე, შორენა! მაღაზიას გირემონტებენ-მეთქი და სულ უსამსახუროდ დარჩი, გოგო! შევვარდი ქოთქოთით ბუშტებით მორთულ „სპარში“, ხან აქედან მოვუარე დახლებს, ხან იქიდან და რას ვხედავ – დგას შორენა გამოპრანჭული, თმა კოხტად დაუვარცხნია და დოინჯშემოყრილი მეძახის – „გავსპარდით, მაშ!“

***

აი, რაღაც რომ მოხდება ნიშანდობლივი და ქრაშთა ვოლებს გადახედავ, რამე სისულელე ხომ არ დაპოსტესო. სად იყო ადრე ეგეთი შიშიანობა.

***

ბიძაჩემი მთელი ცხოვრება რკინიგზაში მუშაობდა, დედაჩემი და დიდი პაპა – აეროპორტში, მამაჩემი ახლაც გზებს აპროექტებს. გზის ხალხი ვართ და გზა არ გვიყვარს. ახლა ნიჩბისიდან თბილისში წამოხეტებაც კი მეზარება.

***

მატასიმ ჯერ ქართული იმეცადინა, აფორიზმები გაიმეორა და მერე მათემატიკა. აურია რაღაცები, ვუსაყვედურე, მეტი ყურადღებით წერე-მეთქი და ატირდა, ეს რა ნაზრახი სიცოცხლე მაქვსო.

***

წუხელ კლასელმა ბიჭებმა მოიწერეს, არ დაგავიწყდეთ, წელს სკოლის დამთავრებიდან 30 წელი სრულდებაო. გოგოებმა, ჩვენ 20 გვახსოვდაო. გადაწყდა, ორი სხვადასხვა თარიღი ერთად აღვნიშნოთ.

***

განა რამდენი უნდა ელაპარაკო ხილ-ბოსტნეულის გამყიდველს, ბოლოს ჯარის ამბები რომ მოგიყვეს.

ვაგროვებ და ვაგროვებ, წერისთვის ვერ ვიცლი.

***

მწერლების საწინააღმდეგო მდუმარე აქცია დამესიზმრა. ხალხი იყო მოსული ტრანსპარანტებით:

SOS

Save Our Stories!

მოვიდა უხუცესი და ხელები გაშალა: წიგნებს ვერ ვწერთ, მაგრამ რაღა არ გადაგვხდენია, სულ თქვენს ამბებს რომ ჰყვებით, იქნებ ჩვენიცა თქვათო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

საუკეთესო   ექსკურსიისთვის

სადაც ნახეს მამაჩემი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი