კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

დროში მოგზაურობა ანუ მენონიტები, ამიშები და ჩვენ

მე და იაპონელი პოეტი იუკი ნაგაე აიოვის უნივერსიტეტის სასადილოში ვისხედით, როცა იუკიმ თქვა, აქ ჩამოსვლით მხოლოდ სივრცეში კი არა, დროშიც ვიმოგზაურეთო. ასეთი რამ მხოლოდ პოეტს თუ მოაფიქრდებოდა – აბა, მე თავში აზრად არც მომსვლია ამერიკასა და საქართველოს შორის არსებული 9-საათიანი განსხვავება დროში მოგზაურობად აღმექვა. ჯერ კიდევ სექტემბერი იყო, ჩვენს ნეკერჩხალს ბოლომდე არ შესწითლებოდა ფოთლები. არც მექსიკელ პოეტ დავიდ ანუარს ეთქვა ჯერ, შემოდგომა პირველად ვნახე და დიდი მადლობა საერთაშორისო სამწერლო პროგრამას ამისთვისო. არც ვიეტნამელ ჰიენ ჩანს მოეყოლა, ჩემი სამშობლოდან რომ გამოვფრინდი, კვირა დღე იყო, ჩამოვედი და ისევ კვირა დღე იყო, კვირა ორჯერ გავიარეო (ვიეტნამსა და აიოვას შორის 12-საათიანი განსხვავებაა). ამიტომ დროზე მაინცდამაინც არ ვფიქრობდი.

აი, როცა ოქტომბერი დაიწყო, ჩვენი განრიგი კიდევ უფრო გადაიტვირთა და დღე დღეს უსწრაფესად მიჰყვებოდა, მაშინღა მომეძალა დროზე ფიქრიცა და გულისწყვეტაც.

თუმცა გარდამტეხი მაინც ამიშებისა და მენონიტების ქალაქის, ქალონას (Kalona) მონახულება გამოდგა 15 ოქტომბრის ტრადიციულ საშაბათო ექსკურსიაზე.

მენონიტებსა და ამიშებზე მანამდე მხოლოდ დოკუმენტური ფილმები მქონდა ნანახი. ვიცოდი, რომ პროტესტანტი ქრისტიანები არიან, ძალიან ჩაკეტილი, გარე სამყაროსთან არ ურთიერთობენ, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის სიკეთეებით არ სარგებლობენ და ტანსაცმელს თვითონ იკერავენ. კაცებს წვერი აქვთ, ქალებს სადა, გრძელი კაბები აცვიათ და თეთრი ჩაჩი ახურავთ თავზე. ისიც ვიცოდი, უცნაური ჩვეულება რომ აქვთ: როცა ახალგაზრდა 16 წლისა ხდება, შეუძლია, თემი დატოვოს და გარე სამყარო ნახოს. ყველაფერი, რაც იქამდე ეკრძალებოდა, ახლა მისთვის ნებადართულია. თუ ამის შემდეგ თემის გარეთ ცხოვრებას მოიწადინებს, შეუძლია, დარჩეს, ოღონდ შინ ვეღარასოდეს დაბრუნდება და ოჯახთანაც ყოველგვარი ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს. თუ დაბრუნდა, იმ წელიწადს ჩადენილ „სიგიჟეებს“ არავინ მოჰკითხავს, მონათლავენ და იმ დღიდან სრულფასოვან ამიშად ითვლება.

ქალონამდე ჩვენმა ორმა მძღოლმა მიგვიყვანა: ჯეიმსმა და ელისონმა. მე ელისონის მანქანაში მოვხვდი გაიათ ალმადუნთან, კრისტინა დაბროვსკასთან, საფინა დანიშ ელაჰისთან (ამ სამს უკვე შეხვედრიხართ ჩემს ერთ წინა წერილში), ზაზა მუჩემვასა (ზიმბაბვე) და მოჰამედ ხიირთან (ეგვიპტე) ერთად.

გზა იყო გრძელი და სწორი, აქეთ-იქიდან სიმინდის ყანა მიუყვებოდა. დროდადრო ელისონი მანქანას აჩერებდა და ქმარს, ჯეიმსს, ეკითხებოდა, ხომ სწორად მივდივართო.

პირველი გაჩერება სასურსათო მაღაზია იყო ქალონას შემოგარენში – ქალონა ის ადგილია, სადაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს შეიძენ, სოფლის პროდუქტს. ყველაფერია: თაფლი, ახალგამომცხვარი პური (ჩვეულებრივიც და სხვადასხვა მინარევებითაც: კამა და ნიორი, ყველი და წითელი წიწაკა), რძის პროდუქტები, ტკბილეული, ლობიო.

გრძელ კაბებში გამოწყობილი, თეთრჩაჩიანი გოგონები ყიდიან, მცხობელებადაც ასე ჩაცმული ქალები მუშაობენ. გადახდა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ნაღდი ფულით შეგიძლია. ფოტოს ან ვიდეოს გადაღება აკრძალულია.

მანქანაში რომ ვსხდებოდით, ზაზა მუჩემვამ თქვა:

-ნეტა, მარგარეტ ეტვუდის შთაგონების წყარო ამიშებიც ხომ არ იყვნენ, „მხევლის წიგნს“ როცა წერდა?

მაშინღა მივხვდი, რას მაგონებდა მათი გრძელი კაბები და თეთრი ჩაჩი – „მხევლის წიგნის“ ყდას!

ქალონაში შევედით თუ არა, გარემო გამოიცვალა: უბრალო სახლები, არავითარი მორთულობა, მწკრივად გაფენილი სარეცხი პასტელის ფერებში, ქალები გრძელ კაბებში, შავი, ცხენშებმული ეტლები – ამიშების ერთადერთი ტრანსპორტი.

ჯეიმსის მანქანის ხალხმა სასადილოდ აიღო გეზი, დანარჩენები მუზეუმის სანახავად წავედით.

მუზეუმი ღია ცისქვეშაა – რამდენიმე სახლსა და სამეურნეო ნაგებობას აერთიანებს, აგრეთვე, საგამოფენო დარბაზსაც, რომელშიც ამიშური ქვილთის ნიმუშები და მათი საყოფაცხოვრებო ნივთებია. ექსპონატებს შორისაა ზუსტად ისეთივე შავი ეტლი, როგორითაც დღეს გადაადგილდებიან ამიშები.

სხვა მხრივ, ქალონა ჩვეულებრივი ქალაქია: იქაც დადის მანქანები და ჩვეულებრივად ჩაცმულ ადამიანებსაც შეხვდებით, რომლებიც არც მენონიტები არიან და არც ამიშები. მაგრამ მაინც მუდმივად გაქვს განცდა, რომ წინა საუკუნეში გადახვედი, დაზუსტებით იმის თქმაც ძნელია – რომელში.

უკანაგზობისას ელისონმა გვიამბო: თურმე მასა და მაშიულ ალამს (ბანგლადეშელი მწერალი და მთარგმნელი) ერთი ქალი „გამოუჭერიათ“. ქალს უთქვამს, ვისაც თქვენ ხედავთ, ეგენი ამიშები კი არა, მენონიტები არიან, ამიშები მე თვალით არ მინახავს, ხუთი წელია, აქ ვცხოვრობო. ელისონმა დაამატა, ამიშებიცა და მენონიტებიც გერმანელები არიან, ამიტომ ინგლისური იციან, მაგრამ ერთმანეთში გერმანულად ლაპარაკობენო. სწორედ ამ ენობრივი განსხვავების გამოა, რომ ვინც ამიში არაა, ყველას ინგლისელად მოიხსენიებენო – English.

ამასობაში, სიმინდის ყანასთან ჯიხური დავლანდეთ. ელისონმა მიგვითითა, სატელეფონო ჯიხურიაო.

-რამდენიმე ოჯახისაა. არ რეკავენ, მხოლოდ ხმოვან შეტყობინებებს უტოვებენ ერთმანეთს. ფოსტაზე უფრო სწრაფია და, ალბათ, ამიტომ ამჯობინებენ, -განგვიმარტა,   – ისე, ტელეფონი სახლში არ უდგათ. ბარათით გადახდა რომ არ შეიძლება, თქვენც შეამჩნევდით, – განაგრძო, – იმ ქალმა ისიც თქვა, მაგის გამო ეს ხალხი ღარიბი არ გეგონოთო. ყველას ანაბრები აქვს ბანკში გახსნილი, ოღონდ ფული მუდამ ნაღდი შეაქვთ და ნაღდი გააქვთო. ასევე, თუ რომელიმე ამიში ავად გახდა და კლინიკაშია გადასაყვანი, მთელი თემი ეხმარება – ფონდისმაგვარი რამ ჰქონიათ, თითოეული თემის წევრი სწირავს თავისი შემოსავლის ნაწილს. თემში სახალხო მკურნალები ჰყავთ, მაგრამ ექიმი – არა. მგონი, გადასახადების ნაწილსაც თავს არიდებენ. აი, მიწის გადასახადს როგორ იხდიან ან მიწა როგორა აქვთ რეგისტრირებული, ეგ აღარ ვიცი. მე ვფიქრობ, მთავრობა ზედმეტ შარს ერიდება, ამიშებსაც სამოქალაქო სამსახურისგან თავი შორს უჭირავთ.

ზაზასა და საფინას კი ერთი ყოფილი მენონიტი გადაჰყრიათ, მუზეუმის წიგნის მაღაზიის თანამშრომელი. ამ კაცს რომ ამბავი აქვს, ბევრი ვერ დაიკვეხნის: ერთ დღეს ამდგარა და თემი მიუტოვებია. თემსაც მოუკვეთია (ამას ამიშურად ჰქვია „Shunning“). უკვე მრავალი წელია, ოჯახთან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი აქვს.

ამ საუბარში ვიყავით, კრისტინამ რომ გაგვაჩერებინა, სარეცხს გადავუღებ ფოტოსო. მანქანიდან გადავიდა და ნებართვა ახალგაზრდა მენონიტ გოგოებს სთხოვა, მოკრძალებით რომ იდგნენ იქვე, შავ, ცხენშებმულ ეტლთან. როგორც მანქანაში დაბრუნებულმა გვითხრა, ძალიან ზრდილობიანად უპასუხიათ და ნებაც დაურთავთ. კრისტინამ მათი გადაღებაც მოისურვა. ამაზე კი უარი უთხრეს, ესეც – ძალიან ზრდილობიანად – You’d better not, ჯობია, ეგ არა ქნაო.

სინამდვილეში, ამიშები გერმანელები კი არა, შვეიცარიელები არიან. მათ ენასაც თანამედროვე გერმანულთან ცოტა თუ აქვს საერთო, თუმცა კი ჰქვია „პენსილვანიის გერმანული“ (ინგლ. Pennsylvanian German ან უფრო ხშირად – Pennsylvania Dutch. სიტყვა „Dutch“ მაშინდელ ინგლისურში გერმანული ტომების საერთო სახელი იყო. მაშინ ხომ გერმანია, როგორც სახელმწიფო, ჯერ არ არსებობდა).

კი მაგრამ, შვეიცარიიდან ამერიკაში როგორ მოხვდნენ? ან „ამიში“ რაღას ნიშნავს?

შვეიცარიაში რეფორმაცია ულრიხ ცვინგლიმ წამოიწყო. ეგაა, რომ ცვინგლი უცაბედ და რადიკალურ რეფორმებს არ გეგმავდა, რაც ზოგიერთ მის თანამოაზრეს არ ეპიტნავა და ხალხიც ადვილად აიყოლიეს. მათი მთავარი შენიშვნა ნათლობას ეხებოდა: მაშინ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი პროტესტანტული თემები თავიანთ წევრებს, ტრადიციისამებრ, ყრმობის ასაკში ნათლავდნენ. ამ წესის შეცვლას არც ცვინგლი აპირებდა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. მაგრამ რადიკალებმა თავისი გაიტანეს და ყველა ჩვილობაში მონათლული ადამიანის ნათლობა ბათილად გამოაცხადეს. დაიწყეს მათი ხელახლა მონათვლა. ამიტომაც ეწოდათ ანაბაპტისტები ანუ „ისინი, ვინც ხელახლა ნათლავენ“.

შვეიცარიაში მათი დევნა დაიწყეს. ანაბაპტისტები იძულებული იყვნენ, მალულად შეკრებილიყვნენ სადმე, ტყეში, დასახლებული პუნქტებისგან შორს, და ასე აღევლინათ ლოცვა. მამაცი ლიდერებიც ჰყავდათ, მათ შორის ერთ-ერთი გახლდათ მენო სიმონსი. ფრისლანდიის რეგიონში დაბადებული ეს კაცი, სანამ პროტესტანტულ მოძრაობას შეუერთდებოდა, კათოლიკე მღვდელი იყო. როგორც ხედავთ, ანაბაპტისტური მოძრაობის დამაარსებელი ის არ ყოფილა, მაგრამ იყო კარგი ლიდერი. ამიტომაც ანაბაპტისტების ნაწილს, მას რომ გაჰყვნენ, მენონიტები ეწოდათ.

მუდმივ დევნასა და შევიწროებაში ცხოვრება ძნელია. ცხადია, მენონიტებსაც სმენოდათ ახალი მიწების შესახებ. გადაწყვიტეს, დაეტოვებინათ სამშობლო და ახალი ცხოვრება ოკეანის გადაღმა დაეწყოთ. ასე აღმოჩნდნენ ამერიკაში.

მენონიტების ყველაზე მრავალრიცხოვანი დასახლება პენსილვანიაშია (ამიტომაც ეწოდება მათ სასაუბრო ენას „პენსილვანიის გერმანული“), თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ახლა უკვე მთელ აშშ-ში არიან მიმობნეული.

მენონიტებსა და ამიშებს შორის განხეთქილება მოგვიანებით, მეჩვიდმეტე საუკუნეში, მომხდარა: მენონიტების ერთ-ერთი ლიდერი, იაკობ ამანი, სიახლეების შემოტანას ესწრაფოდა, მაგალითად – ზემოთ ნახსენები თემიდან მოკვეთა („shunning“), რასაც ბევრი მენონიტი არ დაეთანხმა. ამიტომაც მისი მიმდევრები მენონიტთა თემს გამოეყვნენ და ასე, გამოცალკევებულებმა, განაგრძეს ცხოვრება. თავიანთი ლიდერის გვარის მიხედვით ამიშები (Amish) ეწოდათ.

რაც შეეხება პენსილვანიის გერმანულს, გერმანელებსა და გერმანულის მცოდნეებს ეს ენა არ ესმით. საქმე ისაა, რომ ამიშების გერმანულმა ინგლისურის ძლიერი გავლენა განიცადა. გარდა ამისა, ეს სამწერლობო ენა არაა, მხოლოდ ზეპირმეტყველებისთვისაა. ამიტომ თანამედროვე გერმანულისაგან ძალზე შორს არის. აი, მაგალითიც:

ზემოხსენებულ ჩვეულებას, როცა 16 წლის ახალგაზრდა თემს ტოვებს და სამყაროს შესაცნობად მიდის, ჰქვია „Rumspringa“  („რამშფრინგა“, „r“ აქ ინგლისურის ყაიდაზე წარმოითქმის, როგორც, მაგალითად, სიტყვებში: „round“ და „proud“). ამ სახელწოდებაში გერმანულის მცოდნეები მარტივად ამოიცნობთ ორ სიტყვას: „rum“ და „springen“.

„Rum“ გასაგებია, გარე სამყარო უნდა შეიცნონ, ის, რაც ირგვლივ აკრავთ, მაგრამ „ხტომა“ (springen) რაღა შუაში უნდა იყოსო, – იფიქრებთ.

საქმეც ეგაა: პენსილვანიის გერმანულში „springen“ „სირბილს“ ნიშნავს და არა – „ხტომას“.

***

აიოვა სითიში მოქუფრული ამინდი დაგვხვდა. მე ისევ დრო-სივრცეზე ვფიქრობდი და იმაზე, რომ ამერიკაში ყოფნის ორი კვირაღა დამრჩენოდა. ჩვენი ნეკერჩხალი სულ გაწითლებულიყო და ფოთოლცვენაც დასწყებოდა. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ კი, როცა პროგრამის დირექტორმა ქრისტოფერ მერილმა, 23 ოქტომბრის საჯარო კითხვა დასრულებულად გამოაცხადა, ტრადიციული „See you next week!“ („მომავალ კვირამდე! “) „See you next fall!“-ით („მომავალ შემოდგომამდე!“) შეცვალა.

-მომავალ შემოდგომამდეო, – ჩვენთვის ჩავილაპარაკეთ მე და ჩემ გვერდით მჯდომმა მაშიულმა.

-რა სევდიანი ამბავია, – ვთქვი მე.

-ჰო, – მომიგო მაშიულმა, – სევდიანია… ჰო…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“