(ირაკლი სამსონაძის „წერილები მეგობარს“)
ეს არის წიგნი-შთაბეჭდილება, რომელიც შემოქმედებითი პროცესის იდუმალებასა და მის მიღმა მიმალულ მწერლის სამზარეულოს, შედეგიანი თუ უშედეგო ძიებების პერიპეტიებს მოიცავს. „ურწმუნო მორწმუნის“ ამ აღსარების ადრესატი მეგობარი – მწერალი შადიმან შამანაძეა და მისი ინტერნეტჟურნალი, რომელიც საშუალებას იძლევა ტექნოკრატიულ ეპოქაშიც კი სათქმელის მივიწყებული, გარდასული დროის სურნელის მქონე ეპისტოლარული ფორმით გადმოცემისა. ეს მწერალს უბიძგებს, იყოს მოწოდების სიმაღლეზე საკუთარი გულწრფელობით (დრომ ესეც ატავიზმად არ აქცია?) და შვებად იქციოს საკუთარ „კარგამოკეტილ, ყოფითი პრობლემებით დახუნძლულ…სიმარტოვეში“.
ჩვენ მწერლის გულისთქმას მივყვებით ფეხდაფეხ, მის შემოქმედებით აღმაფრენებსა და იმედგაცრუებებს ვიზიარებთ. ეს, მართლაც, იდუმალებით აღსავსე „მრომეოგზაურობაა“, რომელიც ხანდახან წრეზე ბრუნვაა, ხანაც მწერლის ილუზიების ლაბირინთებში გზის გაკვლევა, ისე გაშინაურება მათთან, „როგორც ძველი მობინადრე უშინაურდება ბინაში კარგა ხნის წინ განლაგებულ ავეჯს“ (7). მოწმენი ვხდებით, რომ მწერალიც ცხოვრების და ხშირად საკუთარი ნაწარმოებების შეიძლება სულაც შეუმჩნეველი პერსონაჟია, რომელმაც შემოქმედებითი პროცესის ალქიმია ყველაზე უკეთ იცის. ისიც მოეხსენება, რომ ეს პროცესი „კარგამოკეტილ სიმარტოვეში ვითარდება. ხანგრძლივი სიმარტოვის შენივე ნებით არჩეული ეს მდგომარეობა ასოციალურს გხდის, ცრუმორწმუნეობაც არაა შორს, სხვა სინამდვილეში გაცხოვრებს, სადაც ილუზიები დამაჯერებელ ნიღაბს ირგებენ, გარწმუნებენ, რომ თუკი ასე და ამგვარად მოიქცევი, შენი ჭმუნვა-ფიქრის ობიექტის, შენი თვალწარმტაცი მტანჯველის იმედისმომცემ მზერასაც ეღირსები ოდესმე“(11).
ფორმაც ამორფულია ზოგჯერ: ხდება, რომ რომანად ჩაფიქრებული მოთხრობად ან ნოველად იქცევა, ჩანახატად ან ნოველად ჩაფიქრებული, რომანის ფორმას იძენს. ეპისტოლარულ ფორმას რაც შეეხება, ასე მონატრებულს, მეტ გულწრფელობას, რომანტიკულობას გულისხმობს და გარდასული ეპოქის დაკარგული ეშხიც მოაქვს, წერილის ფურცლის თითქოს სუნამონაპკურები სურნელი, როგორც თუნდაც გასულ საუკუნეებში. აქ ირაკლი სამსონაძის „დაკარგული თაობის“ თითქმის ყველა სატკივარი და განცდაა წარმოჩენილი და ბებერ როსინანტზე ამხედრებული მწუხარე სახის კითხვა: „გვეშველება რამე?!“ ეს კითხვა რიტორიკულიცაა და პასუხგაუცემელიც; ან შეიძლება პასუხს არც მოითხოვს, ამიტომ ჩვენ ვუსმენთ შემოქმედის მონოლოგს, პირველი წინადადებიდან დაწყებული, მწერლური ინსტინქტით რომაა ნაკარნახევი.
ავტორს მეგობარი გვერდით წარმოუდგენია, თითქოს მისი ხელით დაწურულ ჩინებულ ღვინოს, ქვიშხეთურას, შეექცევიან და მას წერის პროცესის საიდუმლოებებსა თუ წვრილმანებსაც უზიარებს: „სიარულს ახლიდან სწავლობ მუდამ, მეც ამ დღეში ვარ, ერთ მუხლებაკანკალებულ ნაბიჯს მეორე ასეთივე ნაბიჯი მოვაყოლე, შეძახილის იმედადღა ვარ – გაიარა, დადისო!“ (21). უყვება მწერლურ ახირებებზეც, როგორებიცაა თუნდაც უჯრედიან რვეულში წერა და ე.წ. „ზაპოის“ გაძლება („ცხოვრება არ იმართება მხოლოდ ცოდნით, ცხოვრება ნერვებია, ემოციები, ვერგასრულებული საქმის მტანჯველი სიმძიმე, ვერგამოთქმული სიტყვის მწარე გახირვა ყელში, ბევრი სხვა რამ, რასაც ერთ დღეს, მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა, მაინც მივყავარ არასასურველ მდგომარეობამდე, მუხთლად, ვერაგულად „მკიდებს ზაპოის“ – 49). ჰო, კიდევ უცნაური სურვილიც თუ „ოცნება“, სახელად „ცხოვრების ლაზათი“ ნუგზარ შატაიძის გადასახედიდან: „ჯიხური მინდა მქონდეს, „საპოჟნიკი“ ვიყო, ჩაქუჩი, სადგისი, რამე, რაც სჭირდება „საპოჟნიკს“, ძველი ფეხსაცმელები შევაკეთო, ვიჯდე ჯიხურში და ვიყო ჩემთვის, ორი შაური მინდა, ბევრი არაფერი, ერთი ნაჭერი ყველი, პომიდორი, რამე, კოხტად გაჭრილი, ცოტა პური და ერთი ბოთლი ღვინო, აი, ეგ მინდა ყველაზე მეტად“ (26) – ეს არ არის „ფიროსმანობის“ თამაში, ეს პროფესიული სისავსე თუ სიამაყე არ სჯობს მთელ პოსტმოდერნისტულ კრიზისსა და გაუგებრობას?!
მწერალი სიტყვით მხედველია, ფოლკნერისა არ იყოს. ქართულ სინამდვილეში ვიცით, რომ ეს არის „მე ცა მნიშნავს“ ანუ არა მხოლოდ ოსტატობა, არამედ ამაზე ამაღლებული – „გამტარობა“, რომ ზემოხსენებული ოსტატობით „შექმნა ახალი პლანეტა – დაკარგული სიტყვების ოაზისი“ (29). აქვე ქართული მწერლობის მთავარ „პერსონაჟს“, მძიმე რეალობასაც ნუ დავივიწყებთ: „ოთხსულიან ოჯახს არსებობა უნდა, ვჯახირობ, ვწვალობ, პიესა სარჩოს მიჩენს – შეურაცხმყოფლად მცირედს, აქა-იქ ასაკენკს, მაგრამ სარჩო ჰქვია მაინც, პროზა სრულიად უიმედოა ამ თვალსაზრისით“ (31). სული კი თავისას ითხოვს, თუ მოითხოვს, რაც მწერალს ყოფაში ნაკლებად დაეხმარება. დროებით უნაყოფობას, „ტლუ სიბეჯითით გამოჯახირებულ წინადადებებს“, რომელთა მიღმა სუნთქვა არ იგრძნობა, მოსდევს პიესის პერსონაჟების პროტოტიპ ცოცხალ, ცხოვრების „პერსონაჟებთან“ შეხვედრაც (4-5 წლის იეზიდი ბიჭუნა არტურჩიკა ან „ყურთბალიში“).
„უკანმოუხედავ სინაღდესა“ და სევდაში, თუნდაც გაზაფხულზე ახლადშეფეთქებული ნუში რომ გაჩუქებს, იქმნება მწერლური მარტოსულობა. ეს სევდა გვეხმარება, ადამიანად რომ დავრჩეთ „ამ აბორგებულ, ზოგ შემთხვევაში აწყვეტილ, პირსისხლიან, ზნეცვლილ, გადაშლეგებულ სამყაროში“. ისინი, მწერლები, ცხოვრობენ ისე, რომ იდეალს რეალობაში განასხეულებენ, მათი შექმნილი გმირებივით – სამართლიანობის განცდით, ადამიანური ხიბლითა და სიამაყით, ასე შორს რომაა ნიჰილიზმის, პატივმოყვარეობისგან და ქმნიან კაცის ღირსეულ ცხოვრებას. თუმცა, ტარკოვსკის არ იყოს, კაცობრიობა შეპყრობილია ნიჰილიზმით, ის ადამიანობისგან გამოიფიტა, რადგან მატერიალიზმმა „ჩაყლაპა“ სულიერება. აქ მწერლის, შემძახებელისა თუ მოძღვრის, ლიტერატურის წიაღში თავშერგულის, როლია თვალსაჩინო. მან სწორედ ისე უნდა გააანალიზოს თანამედროვეობა თუ ახლო წარსული, როგორც ამას ირაკლი სამსონაძე აკეთებს: „…იმპერიის რღვევას ჩვენი აღტყინება და იმედი (მოჰყვა – მ.ი.), რომ – ჰა, აღსრულდა, ახდა ლელთ ღუნიას ოცნება, თავისუფალი ვართ, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის, მაგრამ თურმე სად ხარ, რომელი ხარისხის გულუბრყვილობიდან იცქირები? ცალკე იმპერიულმა რევანშიზმმა, ცალკე ჩვენმა გაუტანლობამ, სულსწრაფობამ, უცოდინარობამ და ხანგრძლივ მონობაში შეთვისებულ-შესისხლხორცებულმა უამრავმა მავნე თვისებამ იჩინა თავი, სამოქალაქო ომში რომ გამოგვატარა, სხვაც ბევრი მოგვკერძა, – რაღა შორს წავიდე, მათ შორის სულ ახლო წარსულში თავს მოხვეული ფსევდოლიბერალური „მიდგომებიც“ ისეთ სათუთ საკითხებთან, რომლის ზერელე ხელყოფაც ძალზე საფრთხილოა, თუკი საერთოდ გვსურს ჩვენი სახის, ჩვენი ეროვნულობის შენარჩუნება“(77). მწერალი ზუსტი აქცენტებიცაა და ვინ-ვინ, თუ არა მან, იცის, რომ ევროპა ფსევდოლიბერალიზმი კი არაა, საშიში და სახიფათო მსოფლმხედველობით, არამედ ტრადიციული, კონსერვატიული სამყარო, რომელზეც ასე ვოცნებობდით საბჭოურ „ჭაობში“. ასეთი ევროპაა ჩვენი ბუნებრივი სივრცე, ის ვიყავით და იქ უნდა დავბრუნდეთ, როგორც ირაკლი სამსონაძე ამბობს.
ეს წიგნი არც ესეისტიკაა, ამ სიტყვის აკადემიური გაგებით, მწერლის აზრით, არც მემუარული ლიტერატურაა – მათი ნაზავია („იქნებ მხატვრობას დავესესხო, „წავიხულიგნო“ და ავტოპორტრეტის შექმნა ვცადო-მეთქი“), ეს მომავლის განჭვრეტაცაა, „ვერმოჩანჩალებულისა და ვერმოხელთებულისა“…ამგვარად, ესაა ლიტერატურული ავტოპორტრეტი ირაკლი სამსონაძისა.
მწერალი ოსტატობაა და მარტოობა კი მისი ხვედრი – „პირველი თავდაუზოგავი შრომის ფასად მიიღწევა (ნიჭი თავისთავად იგულისხმება, ნიჭის გარეშე ოსტატობაც ვერ მოვა)…მეორე საზოგადოებისგან დისტანცირების ფასად და არა იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან უნდა მოწყდეს მწერალი. დისტანცირება მოწყვეტას არ ნიშნავს, დისტანცირება საჭიროა, რათა მასშტაბში დაინახო მოვლენა, სურათი, გარემო (გმირები) და დრო (ეპოქა)“ (93). მწერლის პოზიცია პირუთვნელი უნდა იყოს, თუმცა „პოზად“ არ უნდა იქცეს. პერსონაჟებს რაც შეეხება, მწერლისთვის უმნიშვნელო, მეორეხარისხოვანი გმირი არ არსებობს, ყოველი მათგანის გულის ხმა, ტკივილი თუ იმედგაცრუება უნდა გაითავისოს, რომ მერე „მოქსოვოს“ ლიტერატურული ქსოვილი. მწერალი ნამდვილი რაინდი უნდა იყოს, ამაღლებული დროსა და გარემოებებზე და არა „ნიჰილისტი რაინდი“, რომელიც მან უნდა ამოიცნოს უტყუარი ალღოს წყალობით: „ვერ ვიგებ მის „გულამრეზილ პოზას“, ჩაფხუტად რომ ჩამოუმხვია თავზე; ვერ ვიღებ ცინიზმს, რასაც ამ ტიპის „რაინდი“ მახვილგონიერებად მიიჩნევს; ვერ ვიღებ ტკივილისგან მაქსიმალურ დისტანცირებას, რადგან ტკივილისგან დისტანცირებას მოსდევს ხოლმე ფალსიფიცირებული ტკივილების მოზღვავება, ანდა, მოსდევს სრულიად გარიდება ტკივილისგან და იმავე „მწერლური პოზის“ სხვა რაკურსით წარმოჩენა – „ღლიცინითა“ თუ არაფრისმომცემი, არაფრისდამტოვებელი უხვსიტყვაობის ჩანაცვლება, სადაც ჭარბადაა ზერელე დამოკიდებულება სიტყვასთან; ვერ ვიღებ ამ ტიპის „რაინდებს“ (137).
„ვიყავი კი? ეს მე ვიყავი?!“ – სემუელ ბეკეტის აბსურდის მსოფლმხედველობაა, ადამიანთა ურთიერთგაუცხოებიდან ამოზრდილი, – „იქნებ იმის მტკიცების სასოწარკვეთამდე მისული ჟინიცაა მწერლობა, რომ ოდესღაც, სადღაც მართლა ვიყავით, მართლა გვიყვარდა, ვცხოვრობდით, ვქმნიდით…“(139).
ცხოვრება სვამს მარადიულ კითხვებს, „ყველაზე ღირებული, ყველაზე დაფასებული კითხვები პასუხგაუცემელი კითხვებია,“ – წერს საპასუხო წერილში შადიმან შამანაძე მეგობარს – „ჯადოსნური მთის“, „იოსები და მისი ძმების“, „დოქტორი ფაუსტუსის“ და სხვათა შექმნის ისტორიებს, განმარტებებსა და კომენტარებს – რასაც შენ „მწერლური სამზარეულოს შიდა ამბებს“ უწოდებ – თომას მანმა პირდაპირ მოხსენებები დაარქვა და პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ლექციების სახე მისცა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ახალგაზრდა ლექტორების, გინდაც, ახალბედა ავტორებისთვისაა განკუთვნილი ამგვარი წერილები. წესით, შემოქმედებითი პროცესის ლაბირინთებიდან გამოღწევაში უნდა დაეხმარო, მწერლური ჟინისა და სიჯიუტის, რიტმის შეგრძნების, დროის კონსტრუირების კიდევ სხვა საჭირო უნარების გამომუშავებაში. აქ ხომ შემოქმედებითი პროცესის გამოსადეგი დეტალებია განხილული – მხატვრული და ფსიქოლოგიურიც“(191).
თქვენი მონა მორჩილიც, როგორც ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის შემოქმედებისა და კრიტიკის კურსდამთავრებული, ვთვლი, რომ მწერლობა დიდი ნიჭი და ოსტატობაა, შრომა და მსოფლმხედველობა, მაგრამ სწორი გამოხატვის ფორმის საცოდნელად შესაბამისი ცოდნაცაა საჭირო, რომელიც ჩვენთან არ ისწავლება სრულყოფილად. ამიტომ მწერლური გამოცდილება, ამ მხრივ, საუკეთესო „სახელმძღვანელოა“. ამიტომ „წერილები მეგობარს“ არა მარტო „ჩემი“ წიგნია, ბევრისთვისაცაა კიდევ ასე საჭირო და აუცილებელი „ბევრი მწერლის“ და „შემოქმედებითი სინდრომით“ დაავადებულთა რეალობაში სწორი ორიენტაციისა და ბალანსისთვის…
მაია იანტბელიძე
ციტატები წიგნიდან – ირაკლი სამსონაძე „ წერილები მეგობარს“, „ინტელექტი“ – 2022 წელი