*
ეროვნულ მოძრაობას ყოველთვის სჭირდება მორალური ავტორიტეტები – ცოცხლებიც და რეჟიმს (რომლის წინააღმდეგაცაა მიმართული ეს მოძრაობა) შეწირულებიც. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთვის ერთ-ერთი ასეთი მორალური ავტორიტეტი იყო მიხა ხელაშვილი. მახსოვს, ამ თორმეტი თუ ცამეტი წლის წინ ჩემმა კლასელმა და ძმაკაცმა ირაკლი ყალიჩავამ მიხა ხელაშვილის ხსოვნის საღამო გამართა. საღამოს საქველმოქმედო ხასიათიც ჰქონდა: შემოსული თანხა მიხა ხელაშვილის ქალიშვილისთვის უნდა ჩაგვეტანა. ხალხი ბლომად მოვიდა და ფულიც საკმაოდ მოგროვდა. ნახევარი თანხით პროდუქტები ვიყიდეთ, მეორე ნახევარი კი ისე ჩავუტანეთ ქალბატონ თამარს დედოფლისწყაროში. მახსოვს, რაღაც ვაგონისმაგვარ ნაგებობაში ცხოვრობდა, საწოლში იწვა. ჩვენ ოთხნი თუ ხუთნი ვიყავით და ძლივს ვეტეოდით იქ. როცა გაიგო, რომ მე და ირაკლი მეგრელები ვიყავით, ცრემლები წამოუვიდა და თქვა, რა უქნეს იმ საწყალ კაცსო. თავიდან ვერ მივხვდით, ვისზე ამბობდა. თურმე ზვიად გამსახურდია იგულისხმებოდა გულისტკივილით ნათქვამ მის ამ სიტყვებში…
დიდხანს არ დავრჩენილვართ, მაგრამ საკმაოდ ბევრ რამეს მოგვიყვა მიხაზე (გადავიღეთ კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩანაწერები დაიკარგა). ეს ამბები ისედაც ვიცოდით, მაგრამ მისგან მოსმენილი სულ სხვანაირად ჟღერდა… მისი საცხოვრებელი პირობების ნახვით და მისი მონაყოლით გულდამძიმებულები წამოვედით.
*
ეს ამბავი კი უკვე ამ ექვსიოდე წლის წინ მოხდა: ისევ მე და ირაკლი ყალიჩავა, სხვა მეგობრებთან ერთად, 25 იანვარს, მიხაობაზე წავედით ჩარგალში. ზამთარში მთაში პირველად ვიყავი. თავი ზღაპარში მეგონა. გადაუღებლად თოვდა. ირგვლივ ყველაფერი თოვლით იყო დაფარული. ნელა და ფრთხილად მიდიოდნენ მანქანები. გზადაგზა ნიჩბიანი ტრაქტორები გვხვდებოდა, რომლებიც გზას ასუფთავებდნენ. “მიხაობის” სტუმრებს მანქანები გზის პირას გაეჩერებინათ და წასახემსებლად სახელდახელოდ გაშლილ სუფრებთან ამბობდნენ ხელაშვილის შესანდობარს. ჩვენც გვაჩერებდნენ და გვიწევდა თითო ჭიქის დალევა, ასე რომ, როცა ჩარგლის სოფლის ეკლესიამდე და სასაფლაომდე ავაღწიეთ, საკმაოდ შემთვრალები გახლდით. მაშინ ვაჟას სახლიც პირველად ვნახე და მიხა ხელაშვილის საფლავიც.
*
ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, რომ ყველა პოეტის შემოქმედებაში არსებობს ერთგვარი ტექსტუალურ-ვერბალური იკონი – ეფექტური ტროპული ერთეული, აფორისტული ტაეპი თუ მთლიანი ლექსი ან სტროფი, რომელიც მკითხველის ცნობიერებაში ავტორთან იგივდება. მიხა ხელაშვილის შემთხვევაში იკონური სტროფი ესაა:
“დედას ვუყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
იმითა გვტანჯავს გამჩენი,
სულ მუდამ გვაცოდვილებსა”.
მიხა ხელაშვილი კიდევ რამდენიმე ლირიკული შედევრის ავტორია: “დედის სიკვდილზედ”, “ფიქრები ცივ-გომბორის მთაზედ”, “ლექსი ალექსი მისრიაშვილზედ”… მან ვაჟას გენიალურ ეპიკურ პოეზიას ამაყად ამოუყენა გვერდით ბრწყინვალე ლირიკული ნაკადი. მთის დაბალი შაირით ლირიკას ბევრი წერდა, მაგრამ ხელაშვილის ავტობიოგრაფიზმით და მიმეტურობით ნაკვებ პირქუშ ლირიკასთან ყველა მათგანი იჩრდილება. ხელაშვილთანაც არის “მსუბუქი” თემები, მაგრამ ის მაინც, ტრაგიკული ცხოვრებისეული ემპირიიდან გამომდინარე, ონტოლოგიური რეფლექსიების პოეტია. დაბალი და მაღალი შაირი იმთავითვე გულისხმობს მელოსურ შემადგენელს და ხელაშვილის ლექსებიც მშვენივრადაა ამღერებულ-დამღერებული, მაგრამ ის მაინც უფრო წასაკითხი და გასააზრებელი პოეტია, ვიდრე – მოსასმენი.
ბლოგს კი დავამთავრებ ლექსით, რომელსაც ხშირად ვკითხულობთ ხოლმე მე და ჩემი მეგობრები სუფრაზე, როცა მიხა ხელაშვილს ვიგონებთ:
ლექსი ალექსი მისრიაშვილზედ
ფშავისკენ შავნი ღრუბელნი რად რარა გადმოდიანო,
შემოგვხვდებიან წვერზედა, მთაწმინდავ ვარსკვლავიანო,
დაგიჩრდილებენ ნისლები, მზის მოსვლას დაგიშლიანო,
ხელშეკრულ ჩამოვავლევენ, მისრიაშვილო ხმიანო.
ხე და ქვან დაგემშვიდობნენ, მთანიც კი მოგსტირიანო,
დუშეთის კრებას დაესწარ, გულდინჯო, მოკლედღიანო,
იფიქრე, გამომიშვებენ, დამკითხვენ, გამომცდიანო,
დახვრეტას გადაგიწყვეტენ, რა დიდხანს დაგაცდიანო;
ცოცხალს სამარეს გითხრიან, სიკვდილს არ დაგაცლიანო,
შიგ ჩასწევ, ამოიკვნესე, მანძილა ხარო რქიანო.
ალექსი ვეღარ მოგივათ ფშავში, დეკანო, ღვიანო,
ვეღარც ამოხვალთ ლაღადა არაგვის პირზე, იანო,
ქვეყანა არ დაგივიწყებს, სწორებში ეხტიბრიანო,
შვილებსა ლეგა მგლისასა, მისრიან გამაზრდიანო,
ლაშარ-ღელესა ფშავლები თავით თავს მოიყრიანო,
სამი დროშით და ფერხისით საჯარეს შამუვლიანო,
შენს შვილებს დაუძახებენ, წინ სუფრას გაუშლიანო,
შესანდობარსაც დალევენ, თასებსა გამასცლიანო,
დაიძახებენ შენს ლექსსა, ცრემლებსა გადმაჰყრიანო!
შენს სიკვდილს მე მაბრალებენ, ცოდვიანს მეძახიანო,
გაზაფხულ როდის დადგება, შაშხანავ აგახმიანო,
ბევრისა დედა ვატირო, ბევრ უჭკვო დავაჭკვიანო,
მტრის ჯავრის ამამყრელი ვარ, ხელაშვილს მეძახიანო!