ოთხშაბათი, მაისი 1, 2024
1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

მოგზაურობა, გეოგრაფია და სკოლა

უძველეს დროში ადამიანები გარკვეულ მიზეზთა გამო ხშირად გადაადგილდებოდნენ. თავდაპირველად ისინი საცხოვრებელ ადგილს იცვლიდნენ საკვების მოპოვების მიზნით. შემდგომ გააქტიურდა  დაპყრობითი ომები, რაც ხალხის სამყოფლის ხშირად ცვლას იწვევდა. მიგრაციული პროცესის მომდევნო ეტაპი უკავშირდება ვაჭრობის განვითარებას.  პარალელურად დაიწყო ახალი მიწების აღმოჩენა, მათი შესწავლა, გამოცდილების გამდიდრება და გაზიარება.

ადამიანების უმეტესობას დღემდე ძალიან უყვარს მოგზაურობა.  ამ მხრივ გამონაკლისი არც მე ვარ…

მიყვარს მოგზაურობა და, ამავდროულად, შთაბეჭდილებების გამზიარებელი ვარ. ყველაფერს ვასურათებ, ვიდეოს სახით ვიწერ და შემდეგ სხვადასხვა დანიშნულებით ვიყენებ. თავდაპირველად კადრებს სოციალურ ქსელებში ვტვირთავდი. ყოველი ლაშქრობის, მოგზაურობის შემდეგ მოსწავლეები ხშირად მეკითხებიან „მას, რა ნახეთ საინტერესო? რითაა გამორჩეული კონკრეტული ადგილი თუ ქვეყანა?“ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დავიწყე ვიდეოების მონტაჟი მოსწავლეებისთვის.

ჩემი წერილი სწორედ საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს გადაღებული ვიდეო-რესურსების გაზიარებას დაეთმობა.

შენგენის ზონა

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. ამ მხრივ, მასწავლებლებს  და ზოგადად სკოლას საკუთარი პასუხისმგებლობა აკისრია.  2017 წლიდან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შენგენის ზონის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობს. რა არის შენგენის ზონა? როგორ კვეთენ მოქალაქეები სახმელეთო საზღვრებს? – ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად პოლონეთ-ჩეხეთის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთისას, საგანმანათლებლო დანიშნულების ვიდეო გადავიღე.

მიქცევა და მოქცევა

ბავშვობიდანვე მიქცევა და მოქცევა ჩემთვის იდუმალი გეოგრაფიული მოვლენა იყო. 2022 წლის აპრილში მქონდა ბედნიერება, საკუთარი თვალით მენახა და დამეფიქსირებინა ნორვეგიის ფიორდებზე მიქცევა-მოქცევის პროცესი. შემოთავაზებული ვიდეო შეგიძლიათ გამოიყენოთ გეოგრაფიის გაკვეთილზე და აჩვენოთ  მოსწავლეებს, როგორ გამოიყურება რეალურად იგი.

ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები

ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები ღრმა ბავშვობიდან მახსოვს მამაჩემისგან – მიხსნიდა ხოლმე, თუ როგორ შეიძლება შავი ზღვიდან გემით ოკეანეში მოხვედრა… ბოსფორი და დარდანელი მხოლოდ გეოგრაფიულ ობიექტებს არ წარმოადგენენ. ისინი უძველესი ცივილიზაციების შეხვედრის წერტილია.

ბოსფორის სრუტის, ძველი კონსტანტინოპოლისა და თანამედროვე სტამბოლის იდუმალების შესახებ ბევრი დაწერილა და თქმულა.

ბერლინის კედელი

ცივი ომი და რკინის ფარდა ჩვენი მოსწავლეებისთვის ნაცნობი ტერმინებია. ამ მოვლენის სიმბოლოდ ბერლინის კედელია მიჩნეული. ვიდეოში ვსაუბრობ, როგორ ყოფდა ორად ქალაქს ბერლინის კედელი და როგორაა შემონახული მისი საძირკველი ქალაქის უმეტეს ნაწილში.

ლითონის დამუშავების ძველი ტრადიცია ნორვეგიაში

საქართველოს ტერიტორიაზე, ისევე როგორც მთელ სამხრეთ კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში, ლითონის დამუშავება ქრისტესშობამდე VI-V ათასწლეულების მიჯნაზე იწყება. ამას არაერთი ისტორიული არტეფაქტი და არქეოლოგიური გათხრა მოწმობს. სამწუხაროდ, ვერსად ნახავთ საგანმანათლებლო დაწესებულებას თუ ღია მუზეუმს, სადაც ამ ტრადიციის გაცოცხლება ხდება.

ნორვეგიაში წარსულს ძალიან უფრთხილდებიან. როგორც საჯარო სკოლებში, ასევე ზოგადი განათლების მიღმა მყოფ სახალხო სკოლებში აქვთ, ისეთი პროგრამები, სადაც ასწავლიან ისტორიულ ხელსაქმეს, ქსოვას, ნავების გაკეთებას და ა.შ. აღნიშნულის ნათელი მაგალითია ფოსენის სახალხო სკოლის ღია საგაკვეთილო სივრცე, რომელიც მოწყობილია მუზეუმის ტერიტორიაზე. აქ მოსწავლეები, პედაგოგთან ერთად სწავლობენ ლითონის დამუშავებას უძველესი ტრადიციის გამოყენებით.

ჩვენი მოსწავლეებისთვის ლითონის დნობის ძველი ტექნოლოგიის ვიზუალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ქვემოთ შემოთავაზებულ ვიდეოში ახსნილი და ნაჩვენებია – თუ როგორ იღებდნენ რკინა-ლითონს ძველად ნორვეგიელები.

 

ვფიქრობ, ქვემოთ შემოთავაზებული ვიდეოები საინტერესო იქნება საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლებისთვის, ასევე  თქვენი მოსწავლეებისთვის. მომავალშიც, აუცილებლად გავაგრძელებ მოგზაურობის დროს შეგროვებული რესურსების გაზიარებას. ველოდები თქვენს მოსაზრებებს წარმოდგენილ ვიდეო-რესურსებთან დაკავშირებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი