სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

სახიფათოდ ახლოს    

ფილმის დაწყებიდან ნახევარი საათი რომ გავიდა, მივხვდი – ჩემი შიში არ გამართლდებოდა და ხელთ სოციალური დრამა არ შემრჩებოდა. მართალია, ავტორს უმნიშვნელოდ სულაც არ ეჩვენებოდა განსხვავება კლასებსა და საწყის პირობებს შორის, რომლებსაც სამყარო მოზარდებს სთავაზობს, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მეორეხარისხოვანი იყო, ფილმი დამთრგუნველ უთანასწორობაზე არ გადაეღო. ფრანგი რეჟისორის, სემუელ ტაისის ნამუშევარი უფრო იმის კვლევაა, რა ხდება გზაგასაყარზე, რას ხედავს ყოველდღიურობის გაუგებარი მოთხოვნებითა და თავისივე სურვილების სიუცხოვით თავგზააბნეული ბავშვი.

ფილმის სახელი „Petite nature“ ჩვენს ენაზე „ფაქიზ ბუნებად“ თარგმნეს, რაც ბევრს არაფერს გვეუბნება. რომელი სიტყვა გააერთიანებდა სუსტს, მშიშარას, მორცხვს, გულჩვილსა და ადვილად დასაბრიყვებელს? განცდა მაქვს, რომ წამიც და გამახსენდება.

მთავარი გმირი ათი წლის ჯონია, რომელიც აღმოსავლეთ საფრანგეთის საზღვრისპირა ქალაქ ფორბაკში ცხოვრობს დედასთან, უფროს ძმასა და უმცროს დასთან ერთად. ანგელოზს ჰგავს, გრძელი ქერა თმითა და ლამაზი სახით. გამორჩეულად მგრძნობიარეა, ძალადობას ყოველმხრივ გაურბის და ხვდება, რომ დანარჩენებისგან კიდევ რაღაც მნიშვნელოვანი განასხვავებს. მაინც რა? – ეს აუცილებლად უნდა გაარკვიოს, თავისი ადგილი უნდა მოძებნოს იმ სამყაროში, რომელიც საშიშადაც მოჩანს და საინტერესოდაც. ბილიკი ბევრია. ვინ იცის, სად შეიძლება წაიყვანოს თითოეულმა…

ფილმს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი გმირი ჰყავს – მასწავლებელი, გვარად ადამსკი, რომელიც ლიონიდან ჩამოდის პატარა ქალაქში. ბავშვების გულის მოსაგებად განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს – უბრალოდ, ისეთია, როგორცაა: მათ გვერდით ზის გაკვეთილზე, მათი ენა ესმის, მათიანია. ადვილი მისახვედრია, წარმოსახვით რა სიმაღლეზე აიყვანენ ასეთ კაცს, რომლის მსგავსადაც არავინ დალაპარაკებიათ, რა თვისებებს აღარ მიაწერენ.

ახალი მასწავლებელი ჯონის ცხოვრებას მთლიანად ცვლის. ბიჭის ერთადერთი ამოცანა მასთან ახლოს ყოფნა, მის გვერდით დიდხანს დარჩენა ხდება და ამის მისაღწევად არაფერს ერიდება. სახე, გამოხედვა ისევ ანგელოზური აქვს, თუმცა მაყურებელს უფრო და უფრო უძლიერდება ეჭვი: რა უდევს პატარა გულში? რამდენად აცნობიერებს თავისი გადაწყვეტილებების სახიფათოობას? აქა-იქ მინიშნებებიც გვხვდება: „ლოლიტას სათვალე“, რომელსაც სულ ერთი წამით მოირგებს სავაჭრო ფარდულში, მაგრამ მაინც… ფილმის მეორე ნაწილში განგებ გვაბნევენ, თავგზას გვირევენ. შემთხვევით მოხმობილი არც ბლეზ სანდრარის ლექსია – „კუნძულები“, რომლებსაც მოსწავლეები გაკვეთილზე იმეორებენ. მიუწვდომელი კუნძულები. იდუმალების ნისლში გახვეული კუნძულები.

„ფაქიზი ბუნების“ ერთი თავისებურება ისიცაა, რომ უარყოფითი გმირი არ ჰყავს – ვიღაც ისეთი, ვისზეც ჯოხს გადატეხდი. მართალია, ჯონის დედა ყოველდღე რაღაცას აშავებს, მაგრამ მცირეა ეს დანაშაულები – ზედმეტის დალევა, ერთი-ორი სიტყვის უკმეხად თქმა… სხვანაირად ვერც იცხოვრებს იმ დროში, იმ ადგილას, თავისი ცოდნით, გამოცდილებით, სამყაროს შესახებ შექმნილი წარმოდგენით. მესიე ადამსკი კი ფრანგული კინოს იდეალურ მასწავლებელთა სიაშია შესაყვანი – შესაშურად სწრაფად პოულობს სწორ სიტყვებს, სწორ გამოსავალს; ვერც ყურადღების მოდუნებას უსაყვედურებ და ვერც ზედმეტ მზრუნველობას მოზარდებზე, მათი ფანტაზიის გაუმართლებლად გაღიზიანებას.

ვხვდები, საკმარისზე მეტი ვთქვი სემუელ ტაისის ფილმზე, რომლის მოძებნაც ცნობისმოყვარე მაყურებელს, წესით, არ უნდა გაუძნელდეს*. ის ინტერვიუებიც მრავლადაა, სადაც გამბედაობით გამორჩეული ავტორი თავის ჩანაფიქრზე ჰყვება. წერილს სწორედ მისი სიტყვებით დავამთავრებ: „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ფილმში უფროსები სამაგალითოდ მოქცეულიყვნენ. ბავშვი მკვლევარია, ამ ასაკში ბუნებრივია იმის ძებნა, სად არის ჩვენი საზღვრები, ბუნებრივია ექსპერიმენტებით გატაცება. ბავშვი ყოველთვის ზედმეტად შორს მიდის. და იქნებ ამ გზით – გამონაგონით – შევძელი, რომ ყველაფერი სწორ ადგილას დამებრუნებინა?“

 

* 14 თებერვლამდე ფილმის ნახვა „ჩემი ფრანგული კინოფესტივალის“ ვებგვერდზე შეგიძლიათ:

https://www.myfrenchfilmfestival.com/content/softie

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“