სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

მთავარია, გული არ გქონდეს ცივი

I don’t have any particular destination. I’m always on the road. You can meet a lot of interesting people on the road. There is so much to see. One by one, the horizons sink behind me and new ones rise ahead of me[1].

Nieh Hualing, „Mulberry and Peach: Two Women of China“

ბავშვობაში სულ მინდოდა, რომელიმე დიდი ადამიანის შთამომავალი ვყოფილიყავი ან პირადად მაინც გამეცნო ვინმე ასეთი. ეს ჩემი პირველი ოცნება იყო.

მეორე ოცნება უკვე მოზრდილობაში გამიჩნდა – ამერიკაში სასწავლებლად მინდოდა წასვლა.

ამ რამდენიმე თვის წინ ისე მოხდა, რომ ორივე ოცნება ამიხდა, ოღონდ თავისებურად: ამერიკაში სტუდენტად კი არა, მწერლად ჩავედი და ლექციების მოსმენის ნაცვლად იქით ვიყავი მომხსენებელი. და დიდი ადამიანიც გავიცანი: საერთაშორისო სამწერლო პროგრამის (International Writing Program) თანადამაარსებელი, ნი ჰუალინი.

აიოვის უნივერსიტეტი, რომელიც ამ პროგრამას მასპინძლობს, შემოქმედებითი წერის ცენტრად ითვლება ამერიკაში. აიოვა სითი იუნესკოს ლიტერატურის ქალაქთაგანია. აქ ყველაფერი ლიტერატურით სუნთქავს: აეროპორტში აპარატები დგას, შეგიძლია, ადგილობრივი ან უცხოელი მწერლის მოთხრობა ამობეჭდო და სანამ შენი გამგზავრების დრო მოვა, კითხვით შეიქციო თავი. ქუჩები და შენობების კედლები სავსეა ლექსებიდან ამონარიდებით. რაც მთავარია, წერის შესასწავლად მთელი ამერიკიდან და, შეიძლება, ითქვას, მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან აქ: აიოვის მწერალთა ვორკშოპი (სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა შემოქმედებითი წერის მიმართულებით) ხომ საქვეყნოდ ცნობილია. შესაბამისად, ძალზე კონკურენტულიც: ყოველ წელს მხოლოდ ათ სტუდენტს იღებენ. ყველა მიმართულებით შეგიძლია დახელოვნება: მხატვრულ პროზაში, პოეზიაში, დოკუმენტურ პროზაში, დრამატურგიაში, თარგმანში.

სწორედ აიოვის მწერალთა ვორკშოპს დირექტორობდა ამერიკელი პოეტი პოლ ენგლი, როცა ჩინელი და ტაივანელი ემიგრანტების პირველ ტალღას ამერიკაში ნი ჰუალინი ჩამოჰყვა.

ნი ჰუალინი ჰუბეიში დაიბადა 1925 წელს. ღარიბი ოჯახიდან იყო, ამიტომ იძულებული გახდა, ოჯახს მოსწყვეტოდა და ჰუბეიდან წასულიყო, რომ სხვა ქალაქში სკოლა დაემთავრებინა. გამოიარა ჩინეთის სამოქალაქო ომი და იაპონური ოკუპაციის უმძიმესი წლები. მერე კი ოჯახთან ერთად ამერიკაში ჩავიდა. მეუღლეს მალევე გაშორდა. როგორც ენჯი ჩენის დოკუმენტურ ფილმში „ერთი ხე სამი ცხოვრება“ („One Tree Three Lives“) ჰყვება, ერთმანეთს ვეღარ უგებდნენ. მაგრამ ნამდვილი თავგადასავალი თურმე ჯერ კიდევ წინ ჰქონდა: აიოვა სითიში პოლ ენგლი გაიცნო. ერთმანეთი შეუყვარდათ და იქორწინეს.

„ადვილი როდი იყო, – იხსენებს, – პოლი ამერიკელი პოეტი გახლდათ, მე კიდევ ჩინელი მწერალი ვარ. ჩვენი ურთიერთობა პინგ-პონგის თამაშს ჰგავდა. სიყვარული – კი, მაგრამ მოთმინება და ამტანობაც დიდი გჭირდება. ერთხელ რაღაცაზე ვიჩხუბეთ. წამოვაძახე, შენ უცხოელი ხარ და ჩინეთის პრობლემები არ გესმის-მეთქი. პოლი შეცბა, ერთხანს ვერაფერი მითხრა, მერე კი გაოცებულს აღმოხდა, როგორ, ჩემს მშობლიურ აიოვაში უცხოელს მიწოდებო?! მაშინ გავიაზრე, რომ უცხოელი აქ მე ვარ და არა – ის“.

ემიგრაციის სირთულეებზე ნი ჰუალინი თავის ბრწყინვალე რომანში „მწვანე თუთა, წითელი ატამი“[2] გვიამბობს. რომანი ჩინელ ქალზეა, რომელიც, ჰუალინის მსგავსად, ჩინეთის სამოქალაქო ომს გამოექცევა ამერიკაში, მაგრამ ეს საბოლოოდ ამსხვრევს მის იდენტობას. თუთას (ასე ითარგმნება ჩინურიდან მისი სახელი; სრულად – „მწვანე თუთა“) ვეღარ გაუგია, ვინ არის და სადა აქვს სახლი. ეს ჭკუიდან შლის, მისი პიროვნება ორად იხლიჩება და იბადება ატამი, თუთას სრული ანტიპოდი. რომანში ამ ორი სხვადასხვა პიროვნების ხმა გვესმის, ორი პიროვნების, რომლებიც სინამდვილეში, ერთი და იგივე ქალია.

ცოცხალი პერსონაჟები, პოეტურობა, დინამიკურობა – თუ ომსა და ემიგრაციაზე წერა გადაგიწყვეტია, სწორედ ასე უნდა წერო. რომანი-წრე – თხრობა იწყება იმ დროიდან, როცა თუთა უკვე ჩაანაცვლა ატამმა, მერე კი თუთას გზას მივყვებით: მთლიანობიდან დაშლამდე, სახლიდან გზამდე, ომიდან მშვიდობამდე, თინეიჯერობიდან ქალობამდე, მგზავრობიდან ავარიამდე. ტექსტი იმდროინდელი ჩინეთის ღირებულებათა სისტემასაც აირეკლავს, მკაცრად პატრიარქალურს, ფარისევლურს. ამ სისტემისადმი თუთას დამოკიდებულება ისეთივე ამბივალენტურია, როგორიც თავისი სხეულისადმი, რომლის შეცნობაზეც, დიონისურ საწყისთან დაახლოებაზე, აგრეთვე, არის ეს რომანი. ალბათ, ამიტომაცაა „მწვანე თუთა, წითელი ატამი“ ნი ჰუალინის შემოქმედებაში გამორჩეული ტექსტი. ის ხუთ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის, რასაკვირველია, ინგლისურადაც[3].

საერთაშორისო სამწერლო პროგრამის ისტორია კი 1967 წელს იწყება, ნი ჰუალინის აიოვაში გადასახლებიდან სამი წლის შემდეგ: ერთ დღეს ნი ჰუალინმა პოლ ენგლს უთხრა, ამერიკელი მწერლებისთვის მწერალთა ვორკშოპი რომ გაქვთ, რამე უცხოელი მწერლებისთვისაც გავაკეთოთ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან რომ შეძლონ აქ ჩამოსვლა და წერაო.

„გიჟი ხარ-მეთქი, ვუთხარი, – იგონებს პოლ ენგლი, – ამდენ მწერალს აქ ვერ ჩამოვიყვანთ! მგზავრობის ხარჯებს ვინ დაფარავს? ან მათი აქ ყოფნის ხარჯებს? გიფიქრია, რას დამართებენ კამპუსს?! ერთმანეთს?!“

ნი ჰუალინს უბრალოდ უპასუხია: „ვცადოთ“.

სცადეს. და აი, უკვე 55 წელია, აიოვა სითიში ყოველ შემოდგომაზე 30-35 მწერალი ჩადის მთელი მსოფლიოდან (2021 წელი გამონაკლისი იყო – პანდემიის გამო ნაკადი ორად გაყვეს და 15 მწერალს გაზაფხულზე უმასპინძლეს).

ნი ჰუალინს პროგრამის დასაწყისისადმი მიძღვნილ წვეულებაზე შევხვდი. 97 წლისაა, აიოვა სითიში ცხოვრობს და საჯაროდ იშვიათადღა ჩნდება (განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში ფრთხილობდა). იმ მაგიდის გვერდითა მაგიდასთან იჯდა თავისი ეტლით, რომელთანაც მე და მწერლები ვისხედით: ნოა სუზანა მორაღი (ისრაელიდან), კრისტინა დაბროვსკა (პოლონეთიდან), ედსონ ინკოპტე (გვინეა ბისაუდან), დავიდ ანუარი (მექსიკიდან) და გაიათ ალმადუნი (სირიელ-პალესტინელი პოეტი, შვედეთის მოქალაქე, ამჟამად ბერლინში ცხოვრობს).

– არ შეიძლება, მივიდეთ და მადლობა მაინც ვუთხრათ? – წამოჭრა იდეა ნოამ.

კრისტინა აჰყვა. მეც გავყევი, თუმცა არ ვიცოდი, რა მეთქვა. დავიდიც შემოგვიერთდა.

მივედით. ნოამ მართლაც გადაუხადა მადლობა. მე მორცხვად ვიყავი იქვე ჩაცუცქული და თავს ვუქნევდი. ნი ჰუალინი ღიმილით გვიყურებდა.

– საიდან ხართ? – გვკითხა ბოლოს.

სათქმელს ისევ ვერ მოვაბი თავი, ამიტომ ჩემ ნაცვლადაც კრისტინამ იყოჩაღა და წარმადგინა. ნი ჰუალინმა გადმომხედა:

– ძალიან ახალგაზრდას კი ჰგავხარ! რამდენი წლისა ხარ? – და ხელი ჩამკიდა.

ოცდაშვიდის-მეთქი.

– მართლა რა ახალგაზრდა ყოფილხარ! – გაიცინა. – იცი, რომ მე, სულ მცირე, სამჯერ შენზე უფროსი ვიქნები? – ისევ სიცილი.

მეც გამეცინა.

– ვაი, რა ცივი ხელები გაქვს, გცივა? – შეწუხდა უცებ და მეორე ხელზეც ჩამკიდა ხელი.

არა, ხელები სულ ცივი მაქვს-მეთქი, – ვუთხარი.

და აქ ნი ჰუალინმა ეშმაკურად მოწკურა თვალები და მიპასუხა:

– იმედია, გულიც ეგეთი ცივი არა გაქვს! – და ისევ გაიცინა.

მწერლებმა იუარეს, არა, არაო. მეც სიცილით გავაქნიე თავი.

97 წლის ქალი. ცოცხალი ისტორია. ენამოსწრებული და ძველებურად გამჭრიახი. ჩინეთში ამერიკელი და ამერიკაში ჩინელი. ქალი, რომლის სახელიც ქმრის, პოლ ენგლის, სახელთან ერთად სააუკუნეებს დარჩება, რადგან ორივემ ფასდაუდებელი რამ შექმნა.

ახლა მეც ამ სიდიადის პატარა ნაწილი ვარ. ის ხუმრობა კი, მგონი, რჩევა უფროა – მთავარია, გული არ გქონდეს ცივი…

[1] „გეზი არსაითკენ მაქვს. სულ გზაში ვარ. გზაზე უამრავ საინტერესო ადამიანს შეხვდები. იმდენი რამეა სანახავი. ჰორიზონტები ერთიმეორის მიყოლებით იძირებიან ჩემს ზურგს უკან და ამოიმართებიან ჩემ თვალწინ“ (ნი ჰუალინი, „მწვანე თუთა, წითელი ატამი“) (თარგმანი ჩემია – ნ.ა.)

[2] ინგლისურ თარგმანში რომანს ჰქვია „Mulberry and Peach“ – „თუთა და ატამი“, თუმცა თუ ჩინურიდან სიტყვასიტყვით გადმოვთარგმნით, სათაური ასე იჟღერებს: „Mulberry Green, Peach Red“. პროგრამის თანამშრომლები ამ ვერსიას ამჯობინებენ და მეც ასე გაგაცანით.

[3] Mulberry and Peach: Two Women of China, Beacon Press, Boston, 1988.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი